საქართველოს ადგილი მსოფლიო ბიზნესის რუკაზე - კვირის პალიტრა

საქართველოს ადგილი მსოფლიო ბიზნესის რუკაზე

თბილისი ერთადერთი ადგილია ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სადაც "ერთი სარტყელი - ერთი გზის" თემატიკაზე ფორუმი გაიმართა

"ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია... ჩვენ არ ვართ ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა და არც საკმარისად განვითარებული მრეწველობა და აგროსექტორი გაგვაჩნია, მაგრამ გვაქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და უნიკალური ბუნება ტურიზმის განვითარებისთვის"

გასულ კვირას თბილისში დიდი სტუმრიანობა იყო. 28-29 ნოემბერს გაიმართა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა. ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ეწვია. მასში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბიზნესსექტორის წარმომადგენლები - ფორუმს 1100 ბიზნესმენი დაესწრო, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოურ კომპანიას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისი ერთადერთი ადგილია ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სადაც "ერთი სარტყელი - ერთი გზის" თემატიკაზე ფორუმი გაიმართა. იმ გამოხმაურების საფუძველზე, რომელიც ღონისძიებას მოჰყვა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორუმმა თავისი მისია შეასრულა - ის დამკვიდრდა, როგორც სადისკუსიო პლატფორმა, სადაც "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო თუ რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის გარდა, მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წევრებმა ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ერთად გამართეს, და B2B შეხვედრები, რომელთა დანიშვნაც კომპანიებს სპეციალური მობილური აპლიკაციით შეეძლოთ.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოაწერეს 10-მდე მემორანდუმს, საფინანსო შეთანხმებას, ფორუმის მაღალი ტრიბუნიდან კი გაკეთდა განცხადებები საქართველოში მილიონობით ინვესტიციის დაბანდების შესახებ.

თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასება მის ორგანიზატორს, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ვთხოვეთ.

- "აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე მეორედ გაიმართა. რა კონკრეტული შედეგები და სარგებლობა აქვს ფორუმს ქვეყნისთვის?

- წლეულს "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით მოეწყო.

ფორუმს ესწრებოდა ორი პრემიერ-მინისტრი - უკრაინისა და მოლდავეთის; ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები ყაზახეთიდან, სლოვენიიდან; ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩამოვიდა უამრავი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი.

ჩვენ უკვე გვაქვს ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება. რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), ევროპის საინვესტიციო ფონდსა (EIF) და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამ მიმართულებებით.

დაფუძნდა "საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი" ეს არის შანხაის უმსხვილესი ხუასინის ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი "საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი", რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისთვის.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმდა ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანია საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში.

სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილმა კომპანია "Gღ ლოგისტიკა და ტერმინალებმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის რკინიგზის შვილობილ საერთაშორისო სატრანსპორტო მულტიმოდალურ კომპანია CRIMT-თან და კომპანია Lianyungang New Silk Road International Container Development-თან. ლიანიუნგანი არის პორტი, საიდანაც კონტეინერები საქართველოს გავლით იგზავნება. ამ კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური დერეფნის მეშვეობით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით ტვირთნაკადების ზრდასა და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის სწრაფ განვითარებას.

აგრეთვე გამოვყოფდი მემორანდუმებს, რომლებიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გააფორმა სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმსხვილეს, ბაქოს საზღვაო ნავსადგურსა და ყაზახეთის კურიკის პორტთან. ანაკლია იქნება პირველი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში და პროექტს ქვეყნისთვის ისტორიული დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის წამყვანი საზღვაო ნავსადგურები და სატრანსპორტო კომპანიები დიდ ინტერესს გამოხატავენ პროექტის მიმართ და მემორანდუმების გაფორმებაც ამას მოწმობს.

როგორც იცით, ანაკლიის პორტს, სხვა მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად (საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარება), დიდი როლი აქვს ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის წარმატებით განხორციელების საქმეში.

ზემოთ დასახელებული შეთანხმებებისა და მემორანდუმების განხორციელება მოიტანს არა მხოლოდ მრავალმილიონიან ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, არამედ გაზრდის საქართველოს როგორც ლოგისტიკური, სამრეწველო, სავაჭრო, სატრანზიტო, ინვესტიციების, სერვისებისა და სხვ. ჰაბის ფუნქციას რეგიონის მასშტაბით.

2015 წელს, როცა ჩვენ ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით პირველად გავმართეთ "აბრეშუმის გზის ფორუმი", ეს იყო ერთგვარი განაცხადი, რომ მხარს ვუჭერდით აბრეშუმის გზის ინიციატივას და მზად ვიყავით, აქტიური მონაწილეობა მიგვეღო ამ პროცესში. წლეულს თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე მეორედ გაიმართა, უფრო მეტი სტუმრითა და სადისკუსიო საკითხით.

ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ჩიან ქემინთან. ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის Belt and Road ფორუმი არის პირველი ფორუმი, რომელიც აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში იმართება ჩინეთის გარეთ, ხოლო მისი საქართველოში მოწყობა ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთი ძალიან მრავალრიცხოვანი დელეგაციით იყო ფორუმზე წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ ის უკუგება, რომელიც თბილისის ფორუმს ექნება, არ ჩაიკარგება დროსა და სივრცეში, არამედ ძალიან მალე აისახება კონკრეტულ პროექტებში.

- ინიციატივის "ერთი სარტყელი - ერთი გზა" მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარების სტრატეგიების გაერთიანებაა მონაწილე ქვეყნების უპირატესობების გამოყენებით. საქართველოს სტრატეგიულ უპირატესობად ტრადიციულად გეოპოლიტიკური მდებარეობა მოიაზრება. კიდევ რას ვთავაზობთ საერთაშორისო საზოგადოებას?

- ფორუმის სესიაზე "საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები" გამოსვლისას მთხოვეს, დამესახელებინა საქართველოში ყველაზე მომგებიანი სექტორები, სადაც შეიძლებოდა ინვესტიციების დაბანდება.

ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია, რაც განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ქვეყნის ინტეგრაციით საერთაშორისო სატრანზიტო სქემებში.

ჩვენ არა ვართ ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა და არც საკმარისად განვითარებული მრეწველობა და აგროსექტორი გვაქვს, მაგრამ გვაქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და უნიკალური ბუნება ტურიზმის განვითარებისთვის. ორივეს მიმართ თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გატარდეს.

ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და მინდა დავეთანხმო, რომ სინერგიის პრინციპის თანახმად, ჩვენი მიდგომა ყველა ჩართული მხარის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნების უპირატესობები გლობალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ 2017 წლიდან ინტენსიურად დავიწყეთ ქვეყნის სივრცითი განვითარების პროექტის განხორციელება. ეს მომავალში ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის. იმავდროულად, ვახორციელებთ საბაჟო რეფორმას შესაბამისი პროცედურების დაჩქარებისა და მათი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ წარვმართავთ რეფორმებს, რათა უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა გაჩნდეს ქვეყანაში და გაიზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა.

ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნა შევძელით. თუმცა სამუშაო ბევრია და რეფორმები ეკონომიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად გაგრძელდება.

ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს ძირითად სტრუქტურულ შეთავაზებებს. შემდეგი ეტაპი გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციასა და ბიზნესშესაძლებლობებზე ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა - ეს არის ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები, მმართველობის, სივრცითი მოწყობისა და განათლების სისტემის რეფორმები.

ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონული ცენტრი. გაზრდილი წარმოების მომგებიანობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიო ბაზრის გათვალისწინებით კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით საქართველო შედარებით მცირე ბაზარია, მაგრამ წარმოება ჩვენთან იძლევა გასასვლელს არა მარტო ადგილობრივ, არამედ 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარზე, რადგან საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები - მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან. ყოველივე ზემოთქმული საქართველოს უნიკალურ ქვეყნად აქცევს რეგიონის მასშტაბით.

ჩვენ ღია ვართ გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დაბალ ფასებსა და ბაზრის მარეგულირებელი ტვირთის სიმსუბუქეს, ასევე ბაზრის ფიზიკურ და ნორმატიულ ხელმისაწვდომობას. ისეთი ფორუმები, როგორიცაა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი", რომლებსაც მსოფლიო და რეგიონული ბიზნესის მსხვილი კომპანიები ესწრებიან, კარგ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს წარმატებული პრეზენტაციისა და საქმიანი წრეებისთვის ყველა იმ უპირატესობის გასაცნობად, რომლებითაც საქართველო გამოირჩევა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე დამსწრე ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობის ფორმამ, რომელიც საქართველოში გვაქვს. ლაპარაკია ინვესტორთა საბჭოზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა და მიზნად ისახავს დიალოგის წარმართვას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს,

დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს- და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. გადაწყვეტილების მიღებაში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ფორუმის სესიაზე გამოსვლისას, რომელიც საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობებს შეეხებოდა, მე მოვუწოდე საერთაშორისო ინვესტორებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მთავრობის მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერებში, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას შეეხება. ამისთვის მთავრობა ინვესტორს, შესაბამისად, მიწის ნაკვეთს გამოუყოფს. ვფიქრობ, დაინტერესება დიდი იქნება.

უახლოეს წლებში ჩვენ ქვეყნის ძირითად ინფრასტრუქტურაში 15 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ. 2018-2021 წლებში განსაზღვრული გვაქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიმართვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომლებმაც უნდა წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში. ამასთან, პროექტებს ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ეფექტები ექნება არა მხოლოდ მათი განხორციელების პერიოდში, არამედ მათი დასრულების შემდგომაც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა გზები, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონები, წყლის და ენერგოინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ., რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით.

მინდა გამოვეხმაურო შეიხ ნაჰაიანის განცხადებას საქართველოში ინვესტიციების გაორმაგების შესახებ. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმს" აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

შეიხ ნაჰაიანს საქართველოში განხორციელებული აქვს 150 მლნ-დან 200 მლნ დოლარამდე ინვესტიციები და ის ამ მოცულობის გაორმაგებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ შეიხის ბიზნესგაერთიანებიდან საქართველოს ეკონომიკაში 200 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. მას განზრახული აქვს საქართველოს რეგიონებში დააბანდოს ინვესტიცია - ლაპარაკია ლოგისტიკურ ცენტრზე ან აეროპორტის (არა თბილისის) განვითარებაზე.

გარდა ამისა, სესიაზე ინვესტორთა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს საფინანსო სექტორმა, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს.

- ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელებზე მაღალი რანგის სტუმრებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს მოიაზრებენ როგორც მნიშვნელოვან სამრეწველო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბს რეგიონში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პერსპექტივას, რა კონკრეტული პროექტები ხორციელდება ამისთვის?

- საქართველოზე გადის უმოკლესი გზა ჩინეთსა და ევროპას შორის. მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლას ამჟამად 10 დღეც არ სჭირდება, ხოლო საქართველოდან ევროპის ნებისმიერ პორტში შეგიძლიათ 5 დღეში ჩახვიდეთ.

დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ნებისმიერი ქვეყნისთვის უნიკალური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოცემულობა და შანსია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ეს ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებისთვის. ამისთვის საქართველო მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტირებას ახორციელებს, მათ შორის, საკუთარი სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის თანამედროვე სტანდარტებით გასამართად. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ პროექტებზე აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე.

ამასთან, ლოგისტიკური პოტენციალის გათვალისწინებით, მომგებიანია საქართველოში ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა, ისევე როგორც ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ზონების შექმნა-განვითარება.

ჩემი ბოლო ვიზიტისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ქვეყნის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ ჩინეთის მთავრობა წაახალისებს ჩინეთის კერძო სექტორსა და სახელმწიფო კომპანიებს, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები დააბანდონ და საწარმოო სიმძლავრეები გაზარდონ. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ერთობლივი ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები ბოლო ორი წელია აქტიურად ვითარდება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე რეკორდულად მოკლე დროში დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

ფორუმზე ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის: გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობასა და სამრეწველო კლასტერების გაძლიერებას.

შევთანხმდით, რომ წავახალისებთ და ხელს შევუწყობთ ჩინური საწარმოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ზონების მშენებლობას და თანამშრომლობას საწარმოო შესაძლებლობების სფეროში. ეკონომიკური ზონები მოიცავს ინდუსტრიულ ზონებს, ინდუსტრიულ პარკებს, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პარკებს, ინდუსტრიული კლასტერების პარკებს, სპეციალურ ეკონომიკურ და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს. ამასთან, ეკონომიკურ ზონებში სამრეწველო შესაძლებლობების თანამშრომლობის ძირითადი სფეროები მოიცავს (თუმცა მოყვანილი ჩამონათვალით არ არის შეზღუდული) შემდეგ მიმართულებებს: სამშენებლო მასალები, ელექტროენერგია, ქიმიკატები, ტექსტილი, ავტომექანიკა, კომუნიკაციები, სამანქანო დანადგარები, ხეტყე, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიური კვლევა და განვითარება, ვაჭრობის ლოგისტიკა და სხვა სფეროები, მხარეების შეთანხმებისამებრ.

სხვათა შორის, ფორუმზე გაიმართა სპეციალური ეკონომიკური ზონის პრეზენტაცია, რომელიც კომპანია "ანაკლია სიტიმ" წარადგინა. მათი პირველადი მიზანია განავითარონ ლოგისტიკური და ინდუსტრიული პარკები, რომელიც მთლიანობაში ინტეგრირებული იქნება ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან.

რაც შეეხება უშუალოდ პორტს, მისმა ადმინისტრაციამ ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ბაქოსა და ყაზახეთის კურიკის პორტებთან.

- ფორუმის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ჩინური კომპანია საქართველოში ეკო- და ჰიბრიდული მანქანების ამწყობი საწარმოს გადმოტანას გეგმავს. იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ ამ პროექტზე?

- მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი გახდეს ჩინეთიდან ცალკეული ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაცია. ჩინეთში უნდა მოიძებნოს მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც საქართველოში ორივე მხარისთვის იქნება ხელსაყრელი. განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებათა გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან.

რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, ჩვენ გავესაუბრეთ კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co.-ს წარმომადგენლებს. მათ მიერ გამოშვებული ავტომობილები დიდი მოწონებით სარგებლობს არა მხოლოდ ჩინეთში. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ მივესალმებით არა მარტო აღნიშნული კომპანიის, ასევე სხვა ბიზნესჯგუფების ინტერესს საქართველოს ბაზრის მიმართ.

- წლევანდელი ფორუმი 2015 წელთან შედარებით გაცილებით მასშტაბური და წარმომადგენლობითი იყო. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე საერთაშორისო ბრენდი გახდა?

- მეორე ფორუმი გაცილებით მასშტაბური იყო, მასში უფრო მეტი დელეგატი მონაწილეობდა, შესაბამისად, მოველით, რომ შედეგიც უკეთესი იქნება.

აგრეთვე მინდა, გამოვეხმაურო ევროპის საინვესტიციო ფონდის თანამშრომლობას ქართულ ბანკებთან, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოიყო ადგილობრივი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის ინოვაციური საწარმოებისთვის.

ფორუმზე კიდევ არაერთ მნიშვნელოვან მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელთა განხორციელებაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მოთამაშის როლს, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ღრმაწყლოვანი პორტები, მოდერნიზებული რკინიგზა, მაგისტრალები, რომელთა მეშვეობითაც ტვირთის ოთხივე მიმართულებით შეფერხებების გარეშე გადაადგილება იქნება შესაძლებელი, და თანამედროვე აეროპორტები, რომლებიც ასევე გამართულია სატვირთო გადაზიდვებისათვისაც.

ფორუმზე გამოთქმულ თუ გაფორმებულ დაპირებებს ახლა პროექტებად ქცევა ესაჭიროება, რისთვისაც როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე მთელი მთავრობა ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.

მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული შეფასებები, რომლებიც ფორუმზე საქართველოს მიმართ გაკეთდა, პირველ რიგში, განპირობებული იყო იმ მდგომარეობით, რაც საქართველოშია, და იმ რეფორმებით, რომელთა განხორციელების შემდეგ საქართველოში კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება ბიზნესის წარმოება.

ჩვენ საერთაშორისო ბიზნესისთვის ვართ ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს თანამიმდევრული და განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა.

2016 წლის მიწურულს, როცა ჩვენ 2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად 4% განვსაზღვრეთ და ისიც ვთქვით, რომ ზრდა უფრო მეტი იქნებოდა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა ეს ზედმეტ ოპტიმიზმად ჩაგვითვალეს.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,7%-ს შეადგენს. ხოლო 2017 წლის პირველი 10 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9% შეადგინა.

დღეს შედეგად გვაქვს ის, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, უკლებლივ ყველა, ზრდიან 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მათეულ მაჩვენებელს. მეტიც, ისინი ზრდიან პროგნოზს 2018 და შემდგომი წლებისთვისაც, რადგან ჩვენ შევძელით მათი დარწმუნება.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მიმდინარე რეფორმებისა, კიდევ უფრო გაზრდის ინვესტორთა ნდობას.

მათი მხარდაჭერა ნიშნავს, მეტ ინვესტიციას, მეტ საწარმოს, მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მეტ შემოსავალს როგორც ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ისე მისი თითოეული მოქალაქისთვის.

ემა ტუხიაშვილი