საქართველოს ავტოპარკის გენერალური დათვალიერება
საქართველოს ავტოპარკის გენერალური დათვალიერება
უკვე ცნობილია, რომ ავტოსატრანსპორტო­ საშუალებების პერიო­დული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან და­იწყება. ტექდათვალიერების გავლა ეტაპობრივად, სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებისთვის იქნება­ სავალდებულო. შესაბამისად, მომდევნო 2 წელიწადში სავალდებულო ინსპექტირებ­ას დაახლოებით 900 ათასი ავტომობილი გაივლის. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1,2 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება მხოლოდ იმ ავტომობილებს ექნება, რომლებიც გზებსა და მაგისტრალებზე გამოდიან.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით
მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; უარყოფითი ზემოქმედება - გამონაბოლქვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნორმასთან შესაბამისობაში არ იქნება, მძღოლს ერთი თვე ექნება ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ ვადაში, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, მძღოლი განმეორებით უფასოდ გაივლის ტექდათვალიერებას.

ტექდათვალიერების ვალდებულება
პირველ ეტაპზე შეეხება იმ მანქანებს, რომლებიც დღესაც ექვემდებარებიან სავალდებულო შემოწმებას, თუმცა მათი ინსპექტირებაცა და ადმინისტრირებაც იმდენად არა­ეფექტიანი იყო (10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა), რომ კანონს თითქმის არავინ ემორჩილებოდა. კერძოდ, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება ექნებათ სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებს. შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი მსუბუქი მანქანები. 1-ლი ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 კუბ/სმ) ძრავის მქონე ავტომობილები, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან წლის ბოლომდე კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, ვის როდის ექნება ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა?
გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით.
რეფორმის ავტორების განმარტებით, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს საკმარის დროს მისცემს, რათა ტექ­დათვალიერებისთვის მოემზადოს და ასევე, თავიდან ააცილებს ინსპექტირების ცენტრებს რიგების წარმოქმნას. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად,
თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, ამ მანქანისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადა ინსპექტირების დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

აღსანიშნავია, რომ 4 წელზე ნაკლები ხნის წინ წარმოებული ავტომობილებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 8 წლამდე ავტომობილებს ეს ვალდებულება ორ წელიწადში ერთხელ ექნებათ. რაც შეეხება 8 წელზე მეტი ხნის მანქანებს, მათთვის ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება ყოველწლიურია.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება. რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ისინიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა ინსპექტირების დაწყების შემდეგ საჭის გადატანა აიკრძალება.

რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმალურად დასაშვები ნორმა, რომელიც გამართული წვის სისტემის მქონე მანქანამ უნდა დააკმაყოფილოს.
სად უნდა გაიარონ ავტომობილებმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება? საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 37 ხაზი. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება, მინიმუმ გაორმაგდება, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრების რაოდენობა. ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეინახება. ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მათ შორის, გადახდის ტერმინალების, საბანკო ანგარიშზე შეტანისა და სხვა ელექტრონული საშუალებებით, მაგრამ არა ნაღდი ფულით.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი. აღსანიშნავია, რომ მკაცრდება საჯარიმო სანქციები ინსპექტირების მოწმობის უქონლობისთვის: ფიზიკური პირი, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირის გარდა, დამატებით 50 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ასეთ ავტომობილს მართავს.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება არ შეეხება მოპედებს, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 25 კილომეტრს საათში, და 700-დან 3500 კილოგრამამდე ტვირთამწეობის მისაბმელებს.

მძღოლების საყურადღებოდ


სანამ ტექდათვალიერების ცენტრს მიმართავთ, დარწმუნდით, რომ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი ელემენტებით:

მგზავრთა გადასაყვანი და ტვირთის გადასატანი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი ცეცხლსაქრობით, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განთავსებული მძღოლის კაბინაში, ხოლო მეორე - სამგზავრო სალონში (ძარაში);

ამრეკლავი სამკუთხედით (საავარიო გაჩერების ნიშანი);

სამედიცინო სააფთიაქო ყუთით;

ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობით;

საექსპლუატაციო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღვედებით, დამაგრების სამი წერტილით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

სპიდომეტრით;

ოდომეტრით;

ტაქოგრაფით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

თავის მისაყუდებლით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

დამატებითი სამუხრუჭო შუქებით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

ავარიული სიგნალიზაციით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

უსაფრთხოების ბალიშებით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);

მგზავრთა და ტვირთის გადასატანი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ორი უკუგორვის საწინაღო საბჯენით;

ჩამკეტებითა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით;

მგზავრთა და ტვირთის გადასატანად განკუთვნილი მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს მინის გამტეხი ჩაქუჩების კომპლექტით;

გასასვლელი კარის ავარიული გაღების მექანიზმით; ავარიული გასასვლელების გამოყენების შესახებ საინფორმაციო წარწერებით;

დაუშვებელია უსაფრთხოების ღვედების ექსპლუატაცია შემდეგი უწესივრობებით:

საკეტის დაზიანებები აღმოჩენილია შეუიარაღებელი თვალით;

საკეტი გაუმართავია (არ იხსნება თავისუფლად და არ აფიქსირებს ჩაკეტილ მდგომარეობას);

გაუმართავია უსაფრთხოების ღვედის დამჭიმავი მოწყობილობა;

უსაფრთხოების ღვედი მკვეთრი მოძრაობისას არ ბლოკირდება.

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები