რა და რატომ შეემთხვა ლარს - კვირის პალიტრა

რა და რატომ შეემთხვა ლარს

სანამ იმპორტი ოთხჯერ მეტია ექსპორტზე...

საბედისწერო 4 ივნისის შემდეგ, როცა ლარი დოლართან შედარებით ერთბაშად დაეცა, სავალუტო ბაზარი თანდათან ჩაცხრა. მართალია, ლარის გაუფასურება მთელი კვირა გრძელდებოდა, მაგრამ შედარებით ნელი ტემპით, და წინა კვირის ბოლოს ის დოლარის მიმართ 4 პუნქტით გამყარდა კიდეც, რასაც უფრო სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. საბოლოოდ ლარის დოლართან შესაბამისობის ოფიციალური კურსი 1.8872-იან ნიშნულზე გაჩერდა. უფრო "ცუდი" კურსი ჰქონდა ლარს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სადაც დოლარი 1,890-95 ლარადაც იყიდებოდა.

დოლარის პანიკა "რუხ პარასკევს", 4 ივნისს ეროვნულ ბანკში გამართული სავალუტო აუქციონის შემდეგ დაიწყო, როცა სებ-მა გასაყიდად მხოლოდ 7 მილიონი დოლარი გამოიტანა. ბანკები კი გაცილებით მეტს, როგორც შემდეგ კულუარებში ამბობდნენ, 86 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ბანკები პანიკაში ჩაცვივდნენ.

დოლარზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი საღამომდე გაქრა. ბანკებში კურსი წუთებში იცვლებოდა და დოლარის ფასი ნახევარ საათში 1,82-დან 1,91 ლარამდეც ავარდა... პანიკა შაბათ დილითაც გაგრძელდა. შემდეგ აჟიოტაჟი ცოტა ჩაცხრა და კურსმაც ოდნავ დაიწია.

კომერციული ბანკების დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის პასუხად სებ-ი იძულებული გახდა, მორიგი სავალუტო აუქციონი სამშაბათის ნაცვლად ორშაბათისთვის გადაეტანა. მან აუქციონზე ბანკებს 15 მილიონი დოლარი მიჰყიდა. ამის მიუხედავად, ლარი დოლარის მიმართ მაინც დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დაწყებული აჟიოტაჟის მიზეზად ევროსა და სხვა ვალუტების მიმართ დოლარის გამყარება დაასახელა. დოლარის გამო ატეხილი პანიკა სხვაგვარად ახსნეს ბანკებმა და ექსპერტებმა. კომერციული ბანკების ვერსიით, რომლებიც ამ აჟიოტაჟის ეპიცენტრში მოექცნენ, არჩევნების შემდეგ ბიზნესმენებს სტაბილურობის შეგრძნება გაუჩნდათ და დიდი შესყიდვები გააკეთეს, ანუ იმპორტისთვის უცხოეთში დოლარი დიდი მოცულობით გადარიცხეს.

მეორე მიზეზად ისინი ევროს კურსის დაცემის გამო დაწყებულ სპეკულაციურ გარიგებებს ასახელებენ. "სპეკულანტებმა", კურსის მერყეობის ხარჯზე მოგება რომ მიეღოთ, ლარით დოლარის შესყიდვა და შემდეგ ევროში გადაცვლა დაიწყეს. სწორედ ამ სპეკულაციური გარიგებების შიშით ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად მხოლოდ მცირე ოდენობის დოლარი გამოიტანა.

ექსპერტების შეფასება ბანკებისას ნაწილობრივ დაემთხვა. მათი ვერსიით, ამერიკული ვალუტის დეფიციტის მიზეზი ქვეყნიდან დოლარის გადინება გახდა. ამჟამად იმპორტი თითქმის ოთხჯერ აღემატება ექსპორტს. ანუ ოთხჯერ მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. გარდა ამისა, ლარის კურსის სიმყარეს უცხოური ინვესტიციები და გრანტები განაპირობებდა. ბოლო თვეებში კი ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებამ იკლო. ლარის კურსზე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების კლებამაც იმოქმედა.

დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ აჟიოტაჟი განიმუხტა, ლარმა წონასწორობა შეინარჩუნა. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ნაწილობრივ მოახერხა. პარასკევს კი რეფინანსირების სესხების აუქციონზე რეკორდიც მოიხსნა და ბანკებმა 180 მილიონი ლარის სესხი აიღეს. პარალელურად 20 მილიონი ლარი მათ სავალუტო აუქციონზე შეისყიდეს.

რა მოხდება მომავალში? პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ექსპერტებს განსხვავებული ვერსიები აქვთ: ნაწილი ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დაღმავალი იქნება. ნაწილი კი ლარს დოლართან გამყარებას უწინასწარმეტყველებს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ლარის კურსს ბაზარი განსაზღვრავს და მომავალში ის სავალუტო ბაზრის მოლოდინებსა და ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

მოკლევადიან პერიოდში ლარის დოლართან დაცემას ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარდნერი, რომელიც გვირჩევს, გაცვლითი კურსი განვიხილოთ არა მხოლოდ დოლარის, არამედ ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტების მიმართ. გარდნერის თქმით, სავალუტო ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა შესაძლოა კვლავ მაღალი იყოს, რაც ლარის შემდგომ გაუფასურებას განაპირობებს, თუმცა, უცნობია, რამდენია ბანკების მოთხოვნა დოლარზე, რის საფუძველზეც შეიძლება გარკვევა, რა ვითარებაა ბაზარზე. სებ-მა ბანკების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გაასაიდუმლოვა.

კურსის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები მაისშივე დაიწყო. ექსპერტები ამას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ, როცა სებ-ი მოსახლეობაში პანიკას მოერიდა და კურსი სტაბილურად შეინარჩუნა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე დიდი მოცულობით სესხების გაცემა მაისიდან დაიწყო, 6 მაისს ერთბაშად 120 მილიონი ლარის სესხი გასცა, რაც ავისმომასწავებელი იყო. ბანკები მაინც მეტს ითხოვდნენ და რეფინანსირების სესხის მოცულობაც იმატებდა, 10 ივნისს კი 180 მილიონ ლარამდეც ავიდა.

შოთა მურღულია (ექსპერტი, სტრატეგიული კვლევების ცენტრი): "ლარის კურსი აქამდე მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით გამყარებული იყო. დოლარის მიმართ 1,6-1,7-ის ნიშნულზეც არ შეესაბამებოდა მის რეალურ ფასს. ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერას არჩევნებს უკავშირებენ.

არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს წინასაარჩევნო პერიოდში ბაზარზე კარგი ან ცუდი ძვრები. ამიტომ არის ვერსია, რომ სებ-ი არჩევნების ჩავლას ელოდებოდა და ლარი ამის შემდეგ გაუშვა. მას ახლა შეუძლია, დოლარის კურსი 1,5 ლარის ნიშნულზეც გააჩეროს, ამის რეზერვი აქვს. ახლა კურსი დასტაბილურდა, მაგრამ გაუფასურების შიში მაინც რჩება. 1,9 ლარი რეალური ნიშნულია და ვფიქრობ, კურსის ხელოვნურად შენარჩუნება აღარ მოხდება.

ლარის გაუფასურების პარალელურად, დანაზოგები ნელ-ნელა დოლარში გადავიდა. ბინის, ავტომანქანის სავაჭრო ოპერაციები ადრეც დოლარში ხდებოდა, ახლა კი ლარიზაციამ თანდათან აზრი დაკარგა.

მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დაცემამ ფასები გაზარდა. ფასებმა თითქმის ყველაფერზე მოიმატა. თუ მყიდველი არ გამოუჩნდება, ბუნებრივია, ფასები დაიწევს, რადგან მოსახლეობას შემოსავალი არ გაზრდია.

ფულის მოზიდვა ინვესტიციების სახით უნდა მოხდეს. ვალუტა პრივატიზების შედეგად უნდა შემოვიდეს, ამან ეკონომიკის ზრდა უნდა გამოიწვიოს, რასაც ლარის კურსის სტაბილურობაც მოჰყვება".

ლარის გაუფასურების კვალობაზე, აზრს კარგავს დანაზოგის ეროვნულ ვალუტაში შენახვა. თუმცა იმავდროულად უფრო მომგებიანი ხდება კრედიტის ლარით გამოტანა (ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ლარში დაკრედიტების მოცულობა ბოლო დროს 20%-ით არის მომატებული), ხოლო მათ, ვისაც სესხი დოლარით აქვს აღებული, კრედიტი გაუძვირდათ.

ნონა ქვლივიძე