როგორი იქნება პურის "კურსი" - კვირის პალიტრა

როგორი იქნება პურის "კურსი"

ლარის დაბალმა კურსმა წისქვილკომბინატებისა და მთავრობის პირობა ჩაშალა

ლარის დევალვაციის გამო, ტომარა ფქვილის ფასი ერთი კვირაა 5 ლარით (15%-ით) გაიზარდა და 34 ლარი შეადგინა. წისქვილკომბინატებში ამბობენ, რომ დიდი კონკურენციის გამო პროდუქციის გაძვირებისგან თავს იკავებდნენ და მინიმალურ მოგებაზე მუშაობდნენ, მაგრამ ახალი რეალობის გათვალისწინება მაინც მოუხდათ.

შარშან, როცა გლობალურმა მოუსავლიანობამ ხორბალი თითქმის ორჯერ გააძვირა, მათ პოზიციების დათმობა რუსული და უკრანული კომპანიების სასარგებლოდ მოუწიათ. მეზობელი ქვეყნები არა მარტო ფქვილს, არამედ ნედლეულსაც აწარმოებენ, შესაბამისად, ფასებსაც პირველად პროდუქტზე რეგიონში თავად აკანონებენ. რეალიზაციის შემცირებისა და ფინანსური კრიზისის გამო (უკლებლივ ყველა წისქვილკომბინატი საბანკო სესხებით მუშაობს) უმეტესობას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მაგალითად, "ბეგი და კომპანია", სადაც უახლესი გერმანული "ბიულერის" ტექნოლოგიური ხაზი შარშან დამონტაჟდა (გადაიარაღება, საერთო ჯამში, 7 მილიონი დოლარი დაჯდა) დღეს გაკოტრებულია და მყიდველს ამაოდ ელოდება; საკრედიტო ვალდებულებებს ვერ ფარავს "ალაფიც", რომლის მეპატრონე ინვესტორს ან კლიენტს ასევე კარგა ხანია, უშედეგოდ ეძებს.

ადგილობრივი წარმოების დასაცავად მთავრობამ შარშან იაფფასიანი ფქვილის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან მკვეთრად შეზღუდა, სამაგიეროდ, ქართულმა წისქვილკომბინატებმა პირობა დადეს, რომ პროდუქციას არ გააძვირებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 30 ლარს არ ასცდენია, თუმცა ლარის გაუფასურების გამო ამ პირობის დარღვევამ მოუწიათ...

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ფქვილი გაუმართლებლად გაძვირდა, კურსის სხვაობა მხოლოდ 6% იყო, ამასთან, ბოლო დროს ხორბალი საკმაოდ გაიაფდა და ტონაზე 173-დან 164 დოლარამდე შემცირდა (ამ თანხაში არ შედის დღგ). "ჩემი გათვლებით, ტომარა ფქვილის ფასი 32 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ვფიქრობ, წისქვილკომპაბინატებმა თავი დაიზღვიეს ლარის კურსის შემდგომი გაუფასურების შიშით", -აცხადებს ექსპერტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ფქვილის გაძვირებამ თავსატეხი პურის მცხობელებსაც გაუჩინა. წისქვილკომბინატების მსგავსად, ეს ბაზარიც საკმაოდ გაჯერებულია, ამიტომ პროდუქციის გაძვირებისგან ქარხნებმა ჯერჯერობით თავი შეიკავეს. როგორც მწარმოებლები აცხადებენ, მაღალი კონკურენციის შიშით ერთმანეთს ელოდებიან, თუმცა მოგების შემცირების ხარჯზე მუშაობას დიდხანს ვეღარ შეძლებენ.

"უამრავი წვრილ-წვრილი საცხობია, ზოგი რეგისტრირებულიც არ არის. მათი ხარჯები ჩვენსას მკვეთრად ჩამოუვარდება. მარტო ბიუჯეტში თვეში 55 ათასი ლარი შემაქვს. ნახევარკილოგრამიან პურს ჯერ კიდევ 50 თეთრად ვყიდით, თუმცა წესით 60 თეთრი უნდა ღირდეს", -ამბობენ კომპანია "კოლხში".

პურის საცხობები წისქვილკომბინატებისგან ფასების დაწევას ელიან. თუ ფქვილი არ გაიაფდა, მომავალ კვირას მოსახლეობას პური დახლებზე უკვე გაძვირებული დახვდება.

ბელა ნოზაძე