ევროს დაცემას უწინასწარმეტყველებენ - კვირის პალიტრა

ევროს დაცემას უწინასწარმეტყველებენ

...რისგანაც ის შეიძლება აზიურმა ბაზრებმა გადაარჩინონ

მსოფლიო ეკონომიკამ რეცესიას თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწია. წლის დასაწყისში ბევრი უცხოელი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ევროპაში კრიზისი შემობრუნდებოდა. ასეც მოხდა.

ამის მიზეზი ევროპული ქვეყნების გაუაზრებელი საბიუჯეტო პოლიტიკა გახდა. საბერძნეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, უნგრეთის მთავრობები ხარჯების შეკვეცას ვეღარ ახერხებენ. საბერძნეთს ვერც ევროპის მილიარდიანმა დახმარებამ უშველა და, კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ ქვეყანას უკვე ევროზონიდან გაძევებას უწინასწარმეტყველებენ. ევროპული ქვეყნების საბიუჯეტო დავალიანებებმა ევროს კურსზე დიდი გავლენა მოახდინა, წლეულს ერთიანი ევროპული ვალუტა დოლარის მიმართ უკვე 16%-ით დაეცა.

სწრაფი დაცემის შემდეგ (ევროვალუტა ივნისის დასაწყისში 2,5%-ით 4-წლიან მინიმუმამდე ჩამოვიდა), წინა კვირის ბოლოს ევრო დოლარის მიმართ მცირედით გამყარდა, მაგრამ დროებით. ის კვლავაც რყევებს განიცდის და არასტაბილურ ვალუტად რჩება. პროგნოზებიც კურსთან დაკავშირებით განსხვავებულია.

სავალუტო ბაზარზე იმდენად დიდი გაურკვევლობაა, კურსის წინასწარ გათვლა საერთაშორისო სპეციალისტებსაც უჭირთ. "გოლდმან საქსის" ექსპერტების პროგნოზით, ევრო კვლავაც დიდ დიაპაზონში იმოძრავებს და 7-წლიან მინიმუმამდე, 1,15 დოლარამდეც დაეცემა. სამი თვის შემდეგ ევრო დოლართან 1,2-ის ნიშნულზე იქნება, ერთი წლის თავზე კი 1,1-მდე ჩამოვა... ამ არცთუ დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, ანალიტიკოსების ნაწილი შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ევრო ადრე გადაფასებული იყო და თანდათან რეალურ, კანონზომიერ ფასს უბრუნდება.

ნაწილი კი ფიქრობს, რომ ევროს დაცემისთვის ობიექტური პირობა არ არსებობს, ის დროებითია და კურსის დასაცავად ევროპის ცენტრალურ ბანკს ევროს დაბეჭდვა მოუწევს. უფრო პესიმისტები კი იმასაც ამბობენ, რომ ევროს 2015 წლამდე მიღწევა გაუჭირდება. უმცირესობაში არიან ის ეკონომისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროზონა კრიზისს თავს დააღწევს.

ევროსთან ერთად, არასტაბილურია სხვა ევროპული ვალუტებიც. მათ შორის სტაბილურობით გამორჩეული შვეიცარიული ფრანკიც, მიუხედავად შვეიცარიის ბანკის მცდელობისა, რომელიც ევროს მიმართ საკუთარი ვალუტის სიმყარის შესანარჩუნებლდ მუდმივ ინტერვენციებს ახორციელებს და ამისთვის სავალუტო რეზერვებს იყენებს. ზრდის მიხედვით ავსტრალიური, ახალზელანდიური და კანადური დოლარები ლიდერობენ. სტაბილურობას ინარჩუნებენ აზიური ფონდები.

აზიაში საფონდო ინდექსები, იაპონიისა და ავსტრალიის დადებითი ეკონომიკური სტატისტიკის ხარჯზე გაიზარდა. იაპონიის ეკონომიკა პირველ კვარტალში 5%-ით გაიზარდა, რომელიც კანადის შემდეგ მსოფლიოში მშპ-ის ზრდის მეორე მაჩვენებელია. მსოფლიო ეკონომიკამ I კვარტალში წინასწარ პროგნოზებზე უარესი შედეგები აჩვენა. მოსალოდნელთან შედარებით გაუარესებული იყო სავაჭრო ბალანსის, უმუშევრობის მაჩვენებლები. შეკავებული ზრდა აღირიცხა აშშ-ის ეკონომიკაშიც. ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში მეორადი რეცესიის საფრთხე არსებობს. როგორც მსოფლიო ბანკში ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სახელმწიფოები ვალების შემცირებას ვერ მოახერხებენ.

არასტაბილური სიტუაციის მიუხედავად ეკონომისტები მაინც ამბობენ, რომ კრიზისის ყველაზე უარესი პერიოდი დასრულებულია. რეცესიის მიუხედავად, ექსპერტები 2010-11 წლებში მსოფლიო ეკონომიკის 3,3%-იან ზრდას ელიან. ხოლო განვითარებად ქვეყნებში ზრდა უფრო მეტი 5,5-6%-ის ფარგლებში იქნება.

ევროს კურსის დაცემა გლობალური ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება.

თუ გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირებისთვის ევროს ვარდნა თავის ტკივილია, ავიაგიგანტი "აირბასი", კომპანია "დაიმლერი" და სხვა ევროპელი ექსპორტიორები კონკურენტულად გაძლიერდნენ. ეკონომისტებმა გამოითვალეს, რომ ევროს 10%-ით დაცემა ევროპული კომპანიების შემოსავლებს საშუალოდ 3%-ით ზრდის. "აირბასის" საოპერაციო დირექტორს არ დაუმალავს, რომ ევროს კურსის ყოველი ათი ცენტით დაწევა მისი კომპანიისთვის დამატებით ერთი მილიარდის მიღებას ნიშნავს.

დღეს, როცა ჩინეთი მსოფლიო პროდუქციის მთავარი მომხმარებელი გახდა, სხვა აზიელ "მონსტრებთან" ერთად, აზიური სამომხმარებლო ბაზარი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება დანარჩენი მსოფლიოსთვის. მათი ყურადღებას ბუნებრივად იპყრობს ევროპული ვალუტის კურსის შემცირების წყალობით, ევროპაში წარმოებული საქონლის გაიაფება. სავარაუდოდ, აზიაში მოხმარების ზრდა გადაატანინებს ევროპას ამჟამინდელ სავალო კრიზისს.

ნონა ქვლივიძე