10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა - კვირის პალიტრა

10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა

წლის ბოლო შედეგების შეჯამების დროა. ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს ხელისუფლება და ოპოზიცია თავიანთი გადასახედიდან აფასებენ - პირველი მიღწეულით კმაყოფილია, მეორე მმართველ ძალას სწორედ ამ კმაყოფილების მიზეზის გამო აკრიტიკებს. მთავარი ინდიკატორი კი მაინც ხალხია, რომელმაც თავის ყოფასა და ჯიბეზე უნდა იგრძნოს ეკონომიკური სიკეთეცა და სიდუხჭირეც. ეკონომისტები ამბობენ, რომ წლევანდელი რეფორმები შედეგს განსაზღვრული დროის განმავლობაში იძლევა და დღეს თუ მათ სიკეთეს ვერ ვგრძნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება. 2017 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენის ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, თუ წლეულს შეჯამებული ჩამონათვალი გაისად ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება დადებითად.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: ბევრი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ 2017 წელი ჯამში წარმატებული იყო. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას მაკროეკონომიკური ანალიზიც იძლევა. მთავარია, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და განვითარება.

1. თავისი მასშტაბით, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, პირველი მოვლენა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა. ის კარგი ინსტრუმენტია სახელმწიფოსა და ბიზნესებისთვის, თუმცა ევროპასა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ბენეფიტების გამოყენება უკვე ჩვენს მარიფათსა და მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

2. უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ ბაზარზე 500 მილიონი მომხმარებელია და უვიზო რეჟიმი შესაძლოა კაპიტალის მიმოსვლის კარგი წინა პირობა გახდეს.

3. მეტად მნიშვნელოვანი საკითხია მთავრობის დაანონსებული ე.წ. ოთხპუნქტიანი გეგმა, განსაკუთრებით, სივრცითი განვითარების კონცეფციისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ოთხწლიანი ფაზის დაწყება. ეს პროექტი თუ კარგად და სწორად იქნა რეალიზებული, შესაძლებლობა გვეძლევა 2021 წლისთვის დავასრულოთ საუბარი ხარვეზიან, წუნდებულ და უხარისხო ინფრასტრუქტურაზე.

4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ტრენდულად დაგვიფიქსირდა. სამ კვარტალში დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს სასურველი მაჩვენებელია, მაგრამ ის წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2018-2021 წლებისთვის დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც ამ თვალსაზრისით კარგი ტენდენციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის და გვაქვს ყველა წინა პირობა, რომ 2007 წლის აქამდე სარეკორდო მაჩვენებელიც დავძლიოთ.

5. ტურიზმისგან წლევანდელი შემოსავალი, წინასწარი მონაცემებით, რეკორდული - 2,7 მილიარდი დოლარია. ეს სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ერთ-ერთი დამბალანსებელია და მეტად მნიშვნელოვანია მონეტარული და ფინანსური სტაბილურობისთვის.

6. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვანი ამოქმედების, ასევე უსაფრთხოების კომპონენტის გაზრდის თვალსაზრისითაც - ასეთი ტიპის პროექტებში ინვესტორები რისკების მინიმიზაციაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ.

7. ანაკლიის კონსორციუმის პროექტის დაწყება. ეს არის როგორც ანაკლიის პორტი, ასევე ანაკლია-სითი. ეს არ არის რიგითი პროექტი და მისი ეფექტიანად წარმართვის შემთხვევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვლება ეკონომიკური დღის წესრიგი და ბიზნესგარემო.

8. ვფიქრობ, საბიუჯეტო პროცესი როგორც შემოსავლების მობილიზების მხრივ, ისე ხარჯვითი პოლიტიკის ნაწილში, 2017 წელს სწორად და თანამიმდევრულად წარიმართა. ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია აქცენტი სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯზე ეკონომიის გაკეთებაზე, წლევანდელ ბიუჯეტში კი დაახლოებით 140 მილიონის (100 მილიონი სახელფასო და 40 მილიონი - კაპიტალური დანახარჯები) ეკონომია კეთდება. არსებითია, რომ შემდგომ წლებში ეს ეკონომია ინსტიტუციონალური გახდეს და ავსახოთ უკვე სისტემაში.

9. ფინანსთა მინისტრის დაანონსებული დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გარკვეულწილად, ჩვენ ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. რაც თავი მახსოვს, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო. ეს მეწარმეებს ფინანსური სახსრების ლიკვიდურობის გაზრდის საშუალებას მისცემს; ანუ მათ დღეს აქვთ ფული, რომელსაც ვერ იყენებენ და ამ ფულის გამოყენების საშუალება ექნებათ.

10. თითქოს არავინ მიაქცია ყურადღება წლეულს ზაფხულში სახაზინო ნაშთების დეპოზიტებზე განთავსების რეფორმას. სახელმწიფო ფულის კომერციულ ბანკებში განთავსება ამ თანხების ზრდას განაპირობებს, თანაც ეს ფული ეკონომიკაში მონაწილეობს და არ არის გაყინული სახაზინო ანგარიშებზე.

ბოლოს კი აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, პრობლემად რჩებოდა და სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც დარჩება მთავარი გამოწვევა ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის - ლარის კურსსა და ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ემა ტუხიაშვილი