რას გულისხმობს ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი? - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი?

”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე.

კანონი ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს.

კანონი ასევე განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კანონით განისაზღვრა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"