გენერალური შარი - რით ვერ ეღირსა თბილისს გენგეგმა?!
გენერალური შარი - რით ვერ ეღირსა თბილისს გენგეგმა?!
"გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში ზოგიერთი კერძო საკუთრება შეიზღუდება, მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმები"

თბილისს რომ გენგეგმა ექნებოდა და ქალაქი ქაოსურად­ აღარ განვითარდებოდა, ამას ჯერ კიდევ ყოფილი მერი, დავით ნარმანია გვპირდებოდა წინასაარჩევნოდ.­ თბილისს უკვე ახალი მერი ჰყავს, თუმცა გენგეგმის­ ბედი კვლავაც გაურკვეველია. ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გენგეგმაზე მომუშავე კომპანია მერიამ კონკურსით გამოავლინა და დაახლოებით 3 მილიონი ლარიც გადაუხადა. დღეს კი ირკვევა,­ რომ თბილისის
ახალმა მთავრობამ გენგეგმაში ხარვეზები აღმოაჩინა, რჩეული კომპანია დააჯარიმა­ და ადგილობრივ ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება საერთოდ გააუქმონ. შესაბამისად, დიდია შანსი, თბილისი ისევ "კონსტიტუციის","განვითარების მთავარი სახელმძღვანელოს გარეშე დარჩეს, ბიუჯეტიდან გადახდილი 3 მილიონი კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.

მამუკა სალუქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის
"სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორი:
"მოგეხსენებათ, საჯარო განხილვები გაიმართა და დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ჩვენს თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას. მახსოვს,
თბილისის წინა მოწვევის საკრებულოში უმრავლესობამაც და ოპოზიციამაც გენგეგმის პრეზენტაციისას­ ერთხმად აღიარეს, - შესაძლებელი რომ იყოს, ახლავე დავამტკიცებდით ამ დოკუმენტსო.
მოკლედ, თითქოს ყველაფერი ნათელია - დოკუმენტის დაახლოებით 80% უკვე მიღებული და ჩაბარებულია დამკვეთისთვის­ (ვგულისხმობთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს) და ამაში­ გადახდილია თანხა, რომელიც ექსპერტების ხელფასებსა და კვლევებს მოხმარდა.

პროცესი თითქოს დასრულებულია, მაგრამ მიწურულს მოხდა რაღაც დიდი გაუგებრობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეა, ვიღაცისთვის კი შეიძლება­ გასაგებიც არის, რაც ხდება.
დავით ნარმანიას დროსაც, როცა გენგეგმის დოკუმენტი ჩავაბარეთ, მაშინაც გამოგვიგზავნეს შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა, მაგალითად, თემატურ რუკას, სხვადასხვა განმარტებას,­ მაგრამ ეს არ იყო კონცეპტუალური ხასიათის შენიშვნები. როცა შენობის პროექტს აბარებ­ არქიტექტურის სამსახურში, ისიც შეიძლება დაგიბრუნონ შენიშვნებით და მით უფრო, როცა მთელი ქალაქის დაგეგმარების პროექტს წარადგენ, არავის უნდა გაუკვირდეს შენიშვნების არსებობა. ტრაგიკული ამაში არაფერია, ასე ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როცა ასეთ მასშტაბურ დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა. აქ ერთი მნიშვნელოვანი­ გარემოებაა გასათვალისწინებელი - ამ პროცესში დამკვეთიც მხარეა და ჩვენც. ამიტომ თავის დროზე დამკვეთთან მოვილაპარაკეთ, რომ გენგეგმის ექსპერტიზას ჩაატარებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ნეიტრალური პირები, ამ საქმის სპეციალისტები და ჩვენ, ორივე მხარე, სწორედ მათ დასკვნას დავეყრდნობოდით.

მოხდა საოცარი რამ - როცა მერიის წინა ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დამოუკიდებელი ექსპერტების შენიშვნები, მათ პასუხი გავეცით. შემდეგ, უკვე ახალი ადგილობრივი ხელისუფლების დროს, გამოგვიგზავნეს დოკუმენტის სრულიად სხვა სახის შეფასება. მეტიც, ისიც კი არ ვიცით,­ მანამდე რაზეც გავეცით პასუხი, ის თუ იქნა ჯეროვნად მიჩნეული.­ არც ახალი შეკითხვები მიგვიღია ექსპერტების ხელმოწერით, რაზეც თავდაპირველად შევთანხმდით. როგორც აღმოჩნდა, საექსპერტო ჯგუფი აღარ არსებობს და მერიის არქიტექტურის სამსახურმა გვაცნობა, რომ თავად შეუძლია გენგეგმის ინსპექტირება და შენიშვნების სახით სრულიად ახალი გარემოებები გამოგვიგზავნეს, რაზეც, ბუნებრივია, მანამდე პასუხი არ გვქონდა გაცემული.

- მერია ამბობს, რომ თქვენს დოკუმენტს არგუმენტაცია აკლია,­ მაგალითად, არ არის დაკონკრეტებული ზონირების ცვლილების საკითხები და არც ის არის მით­ითებული, როგორ წარმოგიდგენიათ სატრანსპორტო კვანძების განტვირთვა.

- ზონირების ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები არის გენგეგმის ტექსტში და მივუთითეთ კიდეც მერიას დოკუმენტის კონკრეტულ გვერდებზე.
როგორ წარმოგიდგენიათ, ზონირების საკითხი გავშალეთ გენგეგმაში, მათ შორის ახალი ზონებიც შემოვიტანეთ ქალაქში და შესაბამისი არგუმენტაცია არ მოვიყვანეთ? ეს ინფორმაცია ტექსტში უნდა მოიძიონ და ამის შემდეგ, თუ კონკრეტული არგუმენტაცია არ აკმაყოფილებთ, შეიძლება კონკრეტული საკითხების განხილვა. ამიტომ ჯერ უნდა გავეცნოთ დოკუმენტს და შემდეგ გამოვთქვათ შენიშვნები.
სატრანსპორტო კვანძებზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისს სჭირდება სატრანსპორტო მოდელირება და მასტერპლანი. თბილისის გენგეგმა სატრანსპორტო კვანძებს არ განიხილავს, არ განიხილავს­ ქუჩებში მანქანების ნაკადების დათვლას და სხვ. ეს არის სხვა ეტაპის დამოუკიდებელი დოკუმენტი. გენგეგმა სტრატეგიული დოკუმენტია და ჩვენ სტრატეგიულად განვსაზღვრეთ მასში სატრანსპორტო მიმართულებაც. არც დეტალური ზონირებაა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფუნქცია. ეს კანონმდებლობაშიც წერია. ეს არის ზოგადი ზონირების დოკუმენტი და კონკრეტიკა ჩნდება უკვე ქალაქგეგმარების შემდგომ დოკუმენტებში.

ახალგამოგზავნილ შენიშვნებში იყო, მაგალითად, ასეთი სახის ჩანაწერი, რაც ხარვეზად ჩათვალეს - გამოყენებული გვაქვს ეკონომიკური ფორმულა და გვთხოვენ მის განმარტებას. არადა, ჩვენს ტექსტში განმარტება არის.
იყო, მაგალითად, ასეთი საკითხიც, როცა ეკონომიკური დეფიციტის ტერმინის მნიშვნელობის განმარტებას გვთხოვდნენ. რა თქმა უნდა, განვუმარტეთ და მათ ჩვენი პასუხი მიიღეს.
იყო შენიშვნები, რომ არ არის მითითებული გამწვანებასთან დაკავშირებული იერარქია, სტატუსები და ა.შ. ეს ყველაფერი განმარტებულია გენგეგმის ტექსტში, უბრალოდ, ამას მოძებნა უნდა.
იყო ტექნიკური სახის ხარვეზები, ძირითადად, შეეხებოდა ზონირების რუკას, რაც ჩავასწორეთ, თუმცა ზოგს ვეთანხმებით და ზოგს - არა.

- 140.000 ლარი ჯარიმად მერიამ რისთვის დაგაკისრათ და რატომ არ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

- როცა ერთი და იგივე შენიშვნა მეორდება და ის გამოსწორებული არ არის, ამ შემთხვევაში ხდება დაჯარიმება და არა იმ შემთხვევაში, სხვადასხვა სახის შენიშვნა თუნდაც 50-ჯერ რომ გამოგიგზავნონ. წერილი შეიძლება ბევრჯერ გამოგიგზავნონ, მაგრამ თუ მასში ახალ-ახალი გარემოებებია ასახული, ის საჯარიმო სანქციებს არ გულისხმობს. ჩვენ არ ვეთანხმებით საჯარიმო სანქციას და ვასაბუთებთ, რომ შენიშვნები არ არის განმეორებული.

- საინტერესოა, თუ დავით ნარმანიას, მის არქიტექტურის სამსახურს განგეგმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არ ჰქონია პრეტენზია გენგეგმასთან, მაგრამ გაუჩნდა ახალ ხელმძღვანელობას, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - ვინ მიუდგა საკითხს ზედაპირულად?

- შენიშვნები ძალიან საინტერესო ხასიათისაა და მათ შორის ეკონომიკის, სატრანსპორტო, ეკოლოგიის სფეროში, რომლებიც გავითვალისწინეთ და გენგეგმის ჩაბარების მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპზე დამკვეთმა მიიღო. ძველი საკითხების ამოტივტივება დაიწყეს და ამაზე მიდის მსჯელობა მაშინ, როცა ეს ყველაფერი მიღებული და ჩაბარებულია. როგორც გითხარით, პროექტის 80% უკვე ჩაბარებულია. რჩება მხოლოდ ბოლო ნაწილის ჩაბარება - ის ყველაფერი, რაც ჩვენ უკვე ჩაბარებული გვქონდა, აისახა ზონირების რუკაზე. კონცეფცია არსებობს, საყრდენი გეგმა არსებობს, შეზღუდვების საკითხი დარეგულირებულია და არსებობს. სხვათა შორის, თავად გვთხოვეს შეზღუდვებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული მასალების მიწოდება, მერიას უნდა მათი გამოყენება, რათა უკვე დღეს მიმდინარე უსამართლო პროცესები შეაჩეროს. ის ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტი, რასაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჰქვია, რაც შეგვიკვეთა თბილისის მერიამ და რაც ჩვენ ჩავაბარეთ, მზად არის. ახლა ლაპარაკია დეტალებზე, რომელთა გამოსწორება ყოველთვის შეიძლება და არ არის კონცეპტუალური, ეს იწვევს იმას, რომ გენგეგმის მიღების პროცესი ჩერდება. ჩვენ მწარედ ვიხუმრეთ კიდეც, გვეგონა, დაგვაჯილდოებდნენ და ამის მაგივრად, ჯარიმა გამოგვიწერეს. ახლა დროს ფუჭად ვკარგავთ. ფაქტია, რომ დოკუმენტი მზად არის და ქალაქში განაშენიანების ქაოსური პროცესები კვლავ გრძელდება.

რა ნებართვებია გაცემული და სად ამოყოფს კიდევ თავს მახ­ინჯი შენობები, კაცმა არ იცის. ამ პროცესების დარეგულირების ერთადერთი საშუალებაა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
ეს არის პირველი დოკუმენტი,­ სადაც საზოგადოებრივი ინტერესები შეგნებულად არის წინა პლანზე წამოწეული, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი უდიდესი დარღვევაა, როცა კერძო საკუთრებას მივეცით მაქსიმალური უფლებები და საჯარო ინტერესები უკანა პლანზე გადავიტანეთ. სხვათა შორის, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით გენგეგმაში ჩვენი ხედვა ავსახეთ.
ეს არის სასმელი წყლის რეზერვუარი და კანონმდებლობა იცავს მას როგორც შესაბამის ზონას, თუმცა მიმდებარედ გაყიდულია ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი, მის სანაპიროზე იგეგმება ეკოქალაქის მშენებლობა, რაც არ შეიძლება, დაუშვებელია და კანონმდებლობის დარღვევაა.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კერძო ინტერესებზე, მაგრამ ხომ ვთანხმდებით, რომ თბილისში ყველაფერი ნორმალურად არ ვითარდებოდა და ვითარდება, მერიამ ხომ სწორედ ამისთვის გამოაცხადა თავის დროზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსი. კიდევ უამრავი ასეთი ტერიტორიაა, სადაც ბუნებრივი რისკ-ფაქტორები არსებობს და ისინი სანიტარიული და სატყეო დაცვის ზონაში უნდა იყოს აუცილებლად.
გენგეგმაში შევიტანეთ ლანდშაფტური ზონებიც - საკმაოდ მკაცრი ზონა, სადაც მშენებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი უნდა გახდეს. ამ ზონებისა და გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში ზოგიერთი კერძო საკუთრება შეიზღუდება, მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმები.

- იქ, სადაც კერძო საკუთრების უფლების შესაძლო შეზღუდვა იკვეთება საჯარო ინტერესის სანაცვლოდ, დარწმუნებული ვარ, გენგეგმის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. საინტერესოა, ამ ნაწილში თუ აქვს შენიშვნები მერიას?

- ჩვენი მიზანი იყო, სწორი კონსულტაცია გაგვეწია დამკვეთისთვის. სწორად მიგვენიშნებინა იმ შეზღუდვებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ქალაქში არსებობს და განაშენიანების სწორი მიმართულება მიგვეცა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვის რა და როგორ მოუნდება, იმის მიხედვით ვერ დავაქუცმაცებთ და მოვარგებთ დოკუმენტს.

სანამ ჩვენ გენგეგმაზე ვმუშაობთ, მერიის არქიტექტურის სამსახურში ხუთი ხელმძღვანელი შეიცვალა და ყველას თავისი მოთხოვნა და ხედვა აქვს.
სხვათა შორის, თბილისის მერობის ბევრი კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები თითქოს თბილისის გენგეგმიდან იყო აღებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბოლო წლებში თბილისთან დაკავშირებული ყველაზე დიდი კვლევა სწორედ ჩვენ ჩავატარეთ. ამიტომ არ ვფიქრობ ცუდზე, მგონია, რომ ყველაფერი გაირკვევა და თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება.

- თუ განიხილავთ შესაძლებლობას, რომ მერიამ შეწყვიტოს თქვენთან ხელშეკრულება, აღარ გადაგიხადოთ დარჩენილი 800.000 ლარი და უკვე არსებული დოკუმენტის გადაკეთება სხვა კომპანიას დაუკვეთოს?

- ყველაფრის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ძალიან საწყენი იქნება, თუ განმეორდება იგივე, რაც 2009 წელს მოხდა. ამის სამწუხარო გამოცდილება ჩვენ გვაქვს, როცა უკვე ჩაბარებული დოკუმენტი კომპანია "ანი არქიტექტორს" ჩამოართვეს - ეს პროექტი ოპერატიული გენგეგმა იყო და 2-3 თვეში დოკუმენტის იგივე ვარიანტი ქალაქის მთავრობამ წარადგინა, როგორც სხვა კომპანიის შესრულებული".

P.S. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი "სითი ინსტიტუტ საქართველომ" თბილისის მერიაში უკვე წარადგინა. ეს ცვლილებები საბოლოო იქნება, რადგან მერია შესწორებებისთვის დამატებით დროს აღარ გამოყოფს. მერიაში წარდგენილ დოკუმენტზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე ქალაქის მთავრობაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

მერიის სამსახურები - ექსპერტების ჯგუფის ნაცვლად


ლევან ბერიძე, არქიტექტორი, გენგეგმაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრი:

"როცა გამოცხადდა ტენდერი გენგეგმის კონცეფციაზე, მასში 11 პრეტენდენტი მონაწილეობდა. სწორედ კონცეფციის მიხედვით შეირჩა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი. მაშინ, ქართული ჟიურის გარდა, გენგეგმის ავტორის შერჩევაში უცხოელებიც მონაწილეობდნენ, ცნობილი კომპანია "ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში" (მერიამ ამ კომპანიას კონსულტაციისთვის 470 ათასი დოლარი გადაუხადა. - ავტ.) და ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. შემდეგ გამარჯვებულმა ჯგუფმა მოწონებული კონცეფციის მიხედვით გენერალური გეგმა დაამუშავა, რომელიც ხუთ ეტაპად დაიყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა მათი განხილვა. ყოველი ეტაპის შემდეგ ჩვენ გვქონდა შენიშვნები, შემდეგ ისინი ასწორებდნენ ამ ხარვეზებს და ასე გადადიოდნენ მომდევნო ეტაპზე. იყო ამ პერიოდშიც ხარვეზები, რისთვისაც დაჯარიმდნენ კიდეც - როგორც 5.600, ასევე 140.000 ლარით. ახლა კიდევ წარედგინათ ამ მოცულობის ჯარიმა, მაგრამ ჩვენ უკვე საქმის კურსში აღარ ვართ.

საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - რამდენად მიესადაგება გენგეგმის კონცეფცია იმ ხედვას, რითაც ამ კომპანიამ თავდაპირველად გაიმარჯვა და იყო თუ არა ეს კონცეფცია სრულყოფილად დამუშავებული.
ხარვეზების გამოსწორების შემდეგ, მეოთხე ეტაპზე, გენგეგმის კონცეფცია მივიღეთ. ჩვენი, ექსპერტების მოვალეობა იყო, შეგვესწავლა, რამდენად პასუხობდა შესრულებული სამუშაო დასახულ დავალებას, მოთხოვნებს. იმ ეტაპზე, სანამ ჩვენ ვიყავით ჩართული, გენგეგმა დასმულ ამოცა­ნებს პასუხობდა.

ახლა დარჩენილია ბოლო ეტაპი, როცა ტექნიკური ნაწილია მისაღები, როცა გენგეგმის კონცეფცია კონკრეტულ პროექტში უნდა გამოისახოს. ბოლო ეტაპზეც ჩვენ გარკვეული შენიშვნები დავწერეთ, ამ დროს მერიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ჩვენთან თანამშრომლობა აღარ განაგრძეს. ამის შემდეგ გენგეგმა უკვე არქიტექტურის სამსახურმა და მერიის სხვა სამსახურებმა დაახარვეზეს და დაუბრუნეს შესასწორებლად ავტორებს. გენერალური გეგმა ახლა იდეალური ვერ იქნება და მერეც სულ იქნება შესწორებები შესატანი კონკრეტული ოპერირების დროს. გენერალურ გეგმაში განისაზღვრება ზოგადი ხედვა და პრინციპული საკითხები, დანარჩენი კი სხვა ეტაპების საქმეა, სხვა სამსახურები უნდა ჩაერთონ".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები