"ვისოლმა" სამტრედიაში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა - კვირის პალიტრა

"ვისოლმა" სამტრედიაში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

15 ივნისს კომპანია "ვისოლმა" კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურით გაზარდა საქართველოში ისედაც ყველაზე ფართო ქსელი. ახალი ობიექტი სამტრედიაში რესპუბლიკის ქუჩის # 8-ში გაიხსნა.

პრეზენტაციას "ვისოლის" დამფუძნებლებთან ერთად პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიაც დაესწრო.

ავტოგასამართი სადგურის საზეიმოდ გახსნამდე ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრე. მათი უმრავლესობა ვისოლის მიერ ახალ ობიექტზე დასაქმებულთა ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ. მათი თქმით, ქალაქში, სადაც დიდი ხანია სამუშაო ადგილები იშვიათობად იქცა, "ვისოლის" გახსნა ნამდვილი ზეიმია, რადგან 20 დასაქმებული კაცის ოჯახში და მათ ახლობლებში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების იმედი ჩნდება. ამიტომაც სამტრედიაში ვისოლი მომავლის იმედთანაც ასოცირდება. ხალხის ასეთი დამოკიდებულების გამო კმაყოფილებას გამოთქვამენ ვისოლელებიც.

"ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე - "თითოეული ასეთი სადგურის მშენებლობაში ძალიან დიდი შრომა დევს და ამიტომაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ხალხი კმაყოფილებას გამოხატავს ჩვენი შრომის შედეგის გამო. ამჯერად მორიგი ოცი ადამიანი დასაქმდება. მიმაჩნია, რომ დღეს, როდესაც უმუშევრობის დონე სამწუხაროდ ისევ მაღალია, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გააკეთებს უკეთეს საქმეს, ვიდრე თუნდაც ერთი კაცის დასაქმებაა. სასიამოვნოა, როდესაც ახალი "ვისოლელის" ოჯახში მომავლის იმედი ისადგურებს და ამაში ჩვენს წვლილს ვგრძნობთ."

სამტრედიის ცენტრალურ ნაწილში, იქ, სადაც ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა, წლების განმავლობაში იყო ნაგავსაყრელი. ეს ფაქტი უამრავი ადამიანის უკმაყოფილების მიზეზი იყო, თუმცა, პრობლემა მანამ არ მოგვარდა, სანამ ვისოლმა არ გადაწყვიტა სამტრედიაშიც დამკვიდრება. აღსანიშნავია, რომ ახალი ავტოგასამართი სადგური ცენტრალურ ავტომაგისტრალზე კი არა, შუაგულ სამტრედიაში მდებარეობს, რაც კიდევ ერთხელ უფრო თვალსაჩინოს ხდის "ვისოლის" ხელმძღვანელობის განზრახვას, რომ ახალი ობიექტი უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურების მიზნით გაიხსნა.

სოსო ფხაკაძე - "სამტრედიაში ეს არის პირველი ობიექტი. დიდი ხანია გვინდოდა აქ შემოსვლა, რადგან  სამტრედიის რაიონში გვაქვს ძალიან დიდი ტერმინალი. ეს არის ყველაზე დიდი სახმელეთო ნავთობტერმინალი საქართველოში. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ პროექტზე. ვფიქრობ, რომ ამ ობიექტის ამუშავებით კიდევ ერთ აგურს ვდებთ სამტრედიის  ეკონომიკის განვითარებაში. ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებით არის აგებული და აღჭურვილი.

სარეზერვუარო პარკი, საწვავგამანაწილებელი სვეტები, ყველაფერი უსაფრთხოების ევროპული სტანდარტებით შეიქმნა."

იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ "ვისოლის" სამტრედიაში შემოსვლა მნიშვნელოვან და განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენად შეაფასა.

ლაშა მაქაცარია - "ამ ერთი ობიექტის გახსნით დასაქმდა 20 ადგილობრივი მოსახლე, მაგრამ ეს მხოლოდ 20 კაცის დასაქმებას კი არა, 20 ოჯახის პრობლემის სრულად თუ არა, ნაწილობრივ მოგვარებას ნიშნავს. ამიტომაც განსაკუთრებით მივესალმები ყველა ასეთ წამოწყებას და პროექტს ნებისმიერი ორგანიზაციისგან. ამასთან, "ვისოლი" მხოლოდ ბიზნესპროექტებს არ აკეთებს, კულტურული და სპორტული პროექტების დიდი მხარდამჭერია. ახლახან საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედოც" შეიძინეს, სადაც დიდი ინვესტიციები ჩაიდება და კიდევ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება მომავალში."

ახალ ავტოგასამართ სადგურზე "ვისოლი" მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. სხვა პროდუქტებთან  ერთად ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება.

სადგურის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში სუპერმარკეტი და ავტოტექმომსახურების ცენტრი გაიხსნება.

"ვისოლს" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე "ვისოლის" ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.

R