როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

"დღეს ქვეყანაში 3,7 მილიონ კაცში პრობლემური მსესხებელი 800 ათასიდან მილიონამდეა"

ამომღები კომპანიის თანამშრომლებს ფსიქოლოგიური ტრენინგები უტარდებათ, ასწავლიან, როგორ მოიპოვონ ინფორმაცია, როგორ დაამყარონ მევალესთან კომუნიკაცია, როგორ უპოვონ მას სუსტი წერტილი. ამოიცნონ, რა არის მისთვის უფრო მტკივნეული და იმაზე გააკეთონ აქცენტი - აშანტაჟებენ, ოჯახს შევატყობინებთ! შენს სამსახურში დავრეკავთო!.. ამ ზარების შემდეგ ადამიანები მათთან კომუნიკაციას გაურბიან და საერთოდ აღარ პასუხობენ

სესხის დაფარვის პრობლემა არაერთ ოჯახს შეჰქმნია, ბევრი მათგანის გაშავება-არგაშავების საკითხი წამოჭრილა კონკრეტული ორგანიზაციის ბაზაში. როგორ მოქმედებენ სესხის ამომღები კომპანიები, რა სახის კანონდარღვევებს მიმართავენ ზოგჯერ და რატომ იქცა დღეს სესხის ამოღების ბიზნესი სარფიანად, ამის შესახებ გვესაუბრება პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციის პროექტების მართვისა და აუდიტის დეპარტამენტის მენეჯერი ალექსანდრე ადამაშვილი.

- დღეს ქვეყანაში სესხის ამომღები 4-5 მსხვილი და უამრავი მათი შვილობილი კომპანია მოქმედებს. ჩვენი ინფორმაციის წყარო მეტწილად მათი ყოფილი თანამშრომლები არიან. ისინი ადასტურებენ, რომ ამ კომპანიების უკან სინამდვილეში დგას ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა პატარ-პატარა ამომღებ კომპანიას აერთიანებს. დღეს ქვეყანაში 3,7 მილიონ კაცში პრობლემური მსესხებელი 800 ათასიდან მილიონამდეა.

- ბრძანეთ, რომ თქვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა და გაშიფრა სესხის ამომღები კომპანიების მუშაობის სპეციფიკა და მექანიზმები.

- ასეა. ფაქტია, რომ ამ კომპანიებს ხელი მიუწვდებათ ბაზებზე - ისეთ ინფორმაციას ფლობენ, რომელიც ხშირად არ არის საჯარო. მოპოვებულ ინფორმაციას საერთო ბაზაში ინიშნავენ.

პირველ ეტაპზე მათი მიზანი მოვალესთან კონტაქტის დამყარებაა. ის თავიდანვე თავს არიდებს, არ პასუხობს მათ ზარებს, კვირაში 10-15-ჯერ მაინც რომ შედის. თუ კონტაქტი დამყარდა, მოვალეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ამომღები კომპანიის თანამშრომლებს ფსიქოლოგიური ტრენინგები უტარდებათ, ასწავლიან, როგორ მოიპოვონ ინფორმაცია, როგორ დაამყარონ მევალესთან კომუნიკაცია, როგორ უპოვონ მას სუსტი წერტილი. ამოიცნონ, რა არის მისთვის უფრო მტკივნეული და იმაზე გააკეთონ აქცენტი - აშანტაჟებენ, ოჯახს შევატყობინებთ! შენს სამსახურში დავრეკავთო!.. ამ ზარების შემდეგ ადამიანები მათთან კომუნიკაციას გაურბიან და აღარ პასუხობენ...

შემდეგ იწყება მეორე ეტაპი - საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება მესამე პირებთან. მესამე პირს საერთოდ არა აქვს კავშირი ამ სესხთან, არც თავდებშია, არც მსესხებლის საკონტაქტო ინფორმაციაშია მოხსენიებული. უკავშირდებიან მოგვარეს, მეზობელს, ნათესავს და ითხოვენ ინფორმაციის მიწოდებას პრობლემური მსესხებლის ადგილსამყოფელზე, ტელეფონის ნომერზე, სამსახურზე... თუ უარი მიიღეს, მუქარაზე გადადიან. ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი აღმოჩნდა მესამე პირის როლში და როცა გაიკვირვა, ამ ამბავთან რა შუაში ვარო, დაემუქრნენ: რესურსცენტრში გიჩივლებთ, იმიტომ, რომ საჯარო მოხელე ხარ და უფლება არა გაქვს, დაგვიმალო ინფორმაციაო!

მესამე ეტაპია წერილების დაგზავნა რეგიონული სასამართლოს სახელით. წერილს კი აწერია, რომ რეგიონული სასამართლოდანაა, მაგრამ არც სასამართლოს ნომერია მასზე მითითებული, არც სხვა დამამტკიცებელი ნიშანი.

წინასაახალწლოდ პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო შეტყობინებები დაგზავნეს, ამცნეს, თქვენი საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროშია გადაცემული და დეტალების გადამოწმებას ამავე ორგანიზაციის საიტზე გთავაზობთო. საიტის მისამართი ერთვოდა ინფორმაციას, რომელზეც დატანილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ლოგო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ვებგვერდი არავითარ კავშირში არ იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდთან. ზოგიერთ ჩვენს ბენეფიციარს სახლშიც მიადგნენ და აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელ ოფიცრად წარუდგნენ. შედეგად, ახალი წლიდან მოყოლებული, ბენეფიციარებისგან უამრავი შეტყობინება მოგვდიოდა. ჩვენ თითოეული ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანზე არ იყო დაწყებული არც სასამართლო დავა და არც აღსრულების განაჩენი იყო ჩაბარებული. ყოველივე ამომღები კომპანიების ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი გამოდგა.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კრედიტორმა მართლაც მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს?

- ბევრმა ბენეფიციარმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამ დროს. მათი უმრავლესობა არ იბარებს აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოგზავნილ წერილს, ან თუ იბარებს, გასაპროტესტებლად დაწესებულ 10-დღიან ვადას არ იყენებს. შედეგად, გადაწყვეტილება ცალმხრივი გამოდის. აღსრულების ბიუროსაც არა აქვს სხვა გზა, ეთანხმება იმ ერთ მხარეს, რომელმაც მიმართა.

მსესხებელი აუცილებლად უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, ახსნას თავისი პოზიცია და მოითხოვოს ჯარიმების გაუქმება. რაც ისესხა, იმ თანხას დაბრუნება უნდა, მაგრამ უნდა დაბრუნდეს სწორად და არა კანონის დარღვევით. კრედიტორსაც აქვს უფლება მოითხოვოს თანხა, რაც გაასესხა, მაგრამ თავის სესხზე 3-ჯერ მეტი რაოდენობის ჯარიმას რომ გიწესებს, პირგასამტეხლოებსა და ასე შემდეგ, ეს უკვე მსესხებლის უფლებების დარღვევაა, სხვის ხარჯზე გამდიდრება და კანონით ისჯება.

- გამსესხებლისა და სესხის ამომღების თანამშრომლობა როგორ ხდება?

- მარტივად, როცა რომელიმე ბანკში ან ონლაინორგანიზაციაში სესხი პრობლემური ხდება, ამოსაღებად თვითონ არ იწუხებენ თავს, აქტივს ყიდიან.

რაც მეტი "გაპრობლემებული" კლიენტი ეყოლებათ, აწყობთ, რადგან შესაძლოა ერთი ასეთი კლიენტისგან გასესხებულზე 3-ჯერ მეტი თანხა ამოიღონ. აქედან გამომდინარე, ძალიან იშვიათად მიდიან მსესხებელთან მოლაპარაკებაზე.

- ვთქვათ, ეკა პრობლემური მსესხებელია და ვალი ვერ დაფარა, როგორ უნდა მოიქცეს?

- ეკა უკავშირდება მსესხებელს და ეუბნება: იცით რა, ნასესხები ფული, ვთქვათ 300 ლარი რომ 700 ლარი გამიხადეთ, გთხოვთ გადამინაწილოთ თვეებზე. გამსესხებელი მხოლოდ 3 თვეზე უნაწილებს. არადა, ეკას თავის დროზე რომ შესძლებოდა 300 ლარის გადახდა, ხომ გადაიხდიდა?! ანუ ამომღები მხარე ისეთ პირობას უყენებს მსესხებელს, რომლის შესრულებაც ეკას არ შეუძლია... შემდეგშიც სასამართლოზე თავის სასარგებლოდ იყენებს ამომღები კომპანიის წარმომადგენელი ამ ბერკეტს და ამბობს: - იცით, ჩვენ ეკას ერთხელ უკვე მივეცით შანსი, თავისი ვალდებულება შეესრულებინა, მაგრამ მან, უკვე მეორედ, უხეშად დაარღვია ხელშეკრულება, ამით ორგანიზაციას ფინანსური ზარალი მიაყენა, რის სანაცვლოდაც 3.000 ლარს ვითხოვთო! სწორედ ეს არის გამსესხებლის მიზანი, რასაც ამომღები კომპანიის ხელით აღწევს. ასეთ შემთხვევაში ეკამ უნდა მოგვმართოს ჩვენ ან ნებისმიერ იურისტს. გაიმართება შესაგებელი სასამართლო პროცესი და ეკას საშუალება მიეცემა, გადავადებებსა და პროცენტებში გადახდილი თანხა მიეთვალოს ძირ (ანუ 300 ლარს) თანხას. თუ, მაგალითად, ნასესხები 300-დან, ვთქვათ, 180 ლარი გამოსდის შეტანილი, მხოლოდ დანარჩენი 120 ლარი დარჩება დასაფარი და ამას პლუს ჯარიმების მაქსიმუმ 10% ორგანიზაციისთვის მიყენებული ზარალისთვის, რაც დაახლოებით ერთი თვის საკომისიოს პროცენტს უდრის.

- ამომღები კომპანიები აუქციონის წესით ყიდულობენ აქტივებს? ცხადია, მათ მოგება რჩებათ, სხვა შემთხვევაში რატომ გაშლიდა ასე ფართოდ ფრთებს ეს ბიზნესი?

- როცა სასამართლო დავა წარმოიშობა და გამსესხებელი ხელს ჩაიქნევს, რაღაც პერიოდის შემდეგ ზოგჯერ მართლაც ყიდიან აქტივებს, მაგრამ ხშირად სარგებლობაში აძლევენ - თუ სესხის ამომღები ორგანიზაცია თანხას ამოიღებს, ძირი თანხა გამსესხებელს უბრუნდება, ხოლო პროცენტები და ჯარიმები ამომღებ კომპანიას რჩება. ეს არის ამომღები კომპანიის ძირითადი სარგებელი და შემოსავლის საკმაოდ მსხვილი წყარო - წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში ასეთ ორგანიზაციებში 200-300 თანამშრომელი ჰყავთ დაქირავებული - იურისტები, ქოლცენტრის ოპერატორები და ასე შემდეგ, ყოველ მათგანს უხდიან ხელფასს, აძლევენ პრემიებს, ბონუსებს, მოტივაციას უზრდიან, რომ მეტი თანხა ამოიღონ.

- თუ მსესხებელმა აიღო ვალდებულება, უნდა დაფაროს კიდეც, მაგრამ რა გამოდის, ვალდებულების არ (ვერ) შემსრულებელს კანონდარღვევით უსწორდებიან?

- თითქოს გვაქვს რეგულაციები, არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ამას უნდა აკონტროლებდნენ... ხოლო სახელმწიფო გერბით, დროშით ორგანიზაციის სახელის გამოყენება მესამე პირის მიერ დანაშაულია.

ჩვენ დაინტერესებული ვართ და უახლოეს მომავალში ვაპირებთ მივმართოთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი კანონდარღვევების აღსაკვეთად.

ეკა სალაღაია