დასაქმებული ღარიბები
22-01-2018
დასაქმებული ღარიბები
"იზრდება ე.წ. დასაქმებული ღარიბების რიცხვი. ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობს, მაგრამ ამის მიუხედავად, იმდენად დაბალია მათი შემოსავალი, რომ სიღარიბეში ცხოვრობენ"

ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ოფიციალური სტატისტიკით, 11,8%-ია და 2009 წლის შემდეგ (16,9%) ყოველწლიურად მცირდება. სხვათა შორის, საქართველო ამ მაჩვენებლით ახლოს დგას თურქეთთან, იტალიასა და პორტუგალიასთან. ჩვენზე მაღალია უმუშევრობა მეზობელ სომხეთში, აგრეთვე ესპანეთსა და საბერძნეთში. არადა, NDI-ს საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 60% თავს
დაუსაქმებლად მიიჩნევს, გამოკითხულთა 54% კი უმნიშვნელოვანეს საკითხად მისთვის და მისი ოჯახისთვის სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს. რამდენად ჰგავს ოფიციალური სტატისტიკა არსებულ რეალობას? - ამ კითხვით ექსპერტებს მივმართეთ.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:
"არა მხოლოდ ეს, არამედ არაერთი ადრინდელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა სტაბილურად გვიჩვენებს ერთსა და იმავე შედეგს, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა კვლავაც უმუშევრობაა. ეს
საკითხი თავისი მნიშვნელობით გამოკითხვებში უსწრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხსაც კი, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში უმუშევრობის 54%-იანი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უსწრებს სიღარიბის 30%-იან მაჩვენებელს; ანუ მოსახლეობა ბევრად მწვავედ განიცდის თავის პროფესიულ უნარებთან, გამოცდილებასა თუ რეალურ პოტენციალთან შეუსაბამო მდგომარეობას და მიუხედავად იმისა, არის თუ არა დასაქმებული, მიიჩნევს, რომ გაცილებით უკეთეს დასაქმებას იმსახურებს.

ხელისუფლება უფრო მეტი სერიოზულობით რომ ეპყრობოდეს სტატისტიკას, მის შესაძლებლობასა და ინსტრუმენტებს, ბევრი პრობლემა გვექნებოდა მოხსნილი. იცით, როგორ იკვლევენ უმუშევრობას ევროკავშირის ქვეყნებში? იმის შესახებაც კი აქვთ ინფორმაცია, დასაქმებულთაგან რამდენის სამუშაო შეესაბამება პროფესიას, ცოდნასა და უნარებს. სტატისტიკურად თითქოს ყველაფერი კარგად არის: უმუშევრობის დონე ქალაქად 27-28%-ია, სოფლად - 8%, მაგრამ ქალაქში ფულადი შემოსავლები თითქმის 1,5-ჯერ მაღალია, ვიდრე სოფლად. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები მიახლოებითაც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ჯგუფის - 21%-ის განცხადებით, მათი ოჯახის წინა თვის შემოსავალი 301-500 ლარამდე იყო. ეს მიანიშნებს, რომ მიუხედავად ეკონომიკის განვითარებისა და წლიდან წლამდე, ასე თუ ისე, გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტისა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს; ანუ ამ ოჯახების ჩართულობა ეკონომიკურ ზრდაში ჯერჯერობით ძალიან სუსტია, ძალიან სუსტია კავშირი მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაუმჯობესებასა და თითოეული შინამეურნეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შორის. თუ იზრდება ეკონომიკა, მაგალითად, საფინანსო სექტორის, სასტუმროების ან ტურიზმის განვითარების ხარჯზე, ადამიანი, რომელსაც არა აქვს შეხება ამ სფეროებთან და დასაქმებულია, დავუშვათ, სოფლის მეურნეობაში, საკუთარ თავზე ძალიან სუსტად ან საერთოდ ვერ იგრძნობს ამ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაკროეკონომიკურ ინდიკატორების გაუმჯობესებასა და თითოეული ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესებას შორის კავშირი რაც შეიძლება მაღალი იყოს. ამ შედეგისკენ მიმავალი გზა კი არის დასაქმების ზრდა, რეალური და არა ნომინალური დასაქმება. ადამიანმა თავისი უნარების, შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაცია უნდა მოახდინოს სწორედ იმ სამუშაო ადგილზე, რომელიც შეესაბამება მის უნარს თუ ცოდნას. სხვა შემთხვევაში გვეყოლება ქვეყანაში ახალი "ღარიბების კასტა", რომელსაც სხვაგვარად დასაქმებულ ღარიბებსაც ვუწოდებთ".

ნოდარ კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი:
"სავსებით ბუნებრივია, რომ გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს და მხოლოდ 40%-ს მიაჩნია, რომ დასაქმებულია. რა თქმა უნდა, ეს მონაცემი დიდად აღემატება ოფიციალური სტატისტიკის უმუშევრობის მონაცემს, რომელიც 2016 წლის მაჩვენებლებით 11,8%-ის ფარგლებში იყო (2017 წლის მონაცემი საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია). თავის დროზე ჩვენ, რონდელის ფონდმა, კვლევა ჩავატარეთ, სადაც ნათქვამია, რომ, თუ ისე დავითვლით ქვეყანაში უმუშევრობას, როგორც ითვლის საქსტატი, ანუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებით, მაშინ უმუშევრობა ნამდვილად იმაზე მეტი არ გვექნება, ვიდრე სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მაგრამ, თუ უმუშევრობის სიღრმისეულ ანალიზს ჩავატარებთ, მათ შორის არასრულ დასაქმებას, ფარულ უმუშევრობასა და სტრუქტურულ უმუშევრობას შევაფასებთ, ანუ კვალიფიკაციასთან შეუსაბამო დასაქმებას, მაშინ უმუშევრობას ქვეყანაში ზუსტად 60%-ის ფარგლებში მივიღებთ. =თუნდაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დათვლილი 11,8%-იანი უმუშევრობა სულაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, პირიქით, ძალიან მაღალია.

უმუშევრობის სტატისტიკაზე მეტი პრობლემა კი ის გვაქვს, რომ ჩვენთან ე. წ. დასაქმებული ღარიბების რიცხვი იზრდება. ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობს, მაგრამ იმდენად დაბალია მათი შემოსავალი, რომ სიღარიბეში ცხოვრობენ. ჩვენ გვაქვს სისტემური შინაარსის პრობლემა, რომელიც სისტემურსავე მიდგომას საჭიროებს, რისი კატასტროფული დეფიციტიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვაქვს. მაგალითად, დავიწყებთ რაღაც დასაქმების პროგრამას, რომელსაც მხოლოდ მოკლევადიანი, ეპიზოდური ეფექტი აქვს და საბოლოოდ შედეგს ვერ ვიღებთ. უმუშევრობა მხოლოდ მაშინ დაიძლევა, როცა წარმოებაზე ორიენტირებული ბიზნესი განვითარდება და დასაქმებული მოქალაქეები შემოსავლების ოდენობით თავს ნამდვილად და არა ნომინალურად დასაქმებულად იგრძნობენ".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით