ფიქსირებული გადასახადი ნაკლებ გადასახადს არ ნიშნავს - კვირის პალიტრა

ფიქსირებული გადასახადი ნაკლებ გადასახადს არ ნიშნავს

ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვას პარლამენტი შეუდგება. რამდენად მოახდენს ახალი დაბეგვრის სიტემა დანაპირებ "რევოლუციას" ბიზნესში, დრო გამოაჩენს. თუმცა თუ არსებული ხარვეზები დროულად არ გამოსწროდა, ეს კოდექსიც მალევე მისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს.

დოკუმენტის საბოლოო შეფასება ჯერ შეუძლებელია, თუმცა რაც დაწერილია, საკმაოდ ბევრ ხარვეზს შეიცავს. დამოუკიდებელმა აუდიტორებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რევოლუციურად წოდებული კოდექსის პროექტში 50-მდე შენიშვნა მოამზადეს. ფინანსთა სამინისტრო მათ დაჰპირდა, რომ კოდექსთან დაკავშირებით ყველა გონივრულ შენიშვნას გაითვალისწინებდნენ, თუმცა რას მიიჩნევენ გონივრულ შენიშვნად, საქმეც სწორედ ეს არის.

მთავრობის მხრიდან მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებების შემოტანა ეკონომიკის ექსპერტებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოთავაზებად მიაჩნიათ. იმ პირის საქმიანობა, ვისაც წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდე აქვს, მიკრობიზნესად ჩაითვლება.

ამ შემთხვევაში ერთი კალენდარული დღისთვის ბრუნვა ცოტათი აღემატება 80 ლარს. ეს ძირითადად იმ ადამიანებს ეხება, ვინც ქუჩაში დატარებით ვაჭრობს, ახალი კოდექსის თანახმად, მათ აღრიცხვის გამარტივებული ფორმა დაუმტკიცდებათ, აღარ ექნებათ სალარო აპარატების ვალდებულება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან. მაგრამ ეს ადამიანები არც აქამდე იხდიდნენ რამე გადასახადს, ახლა, უბრალოდ ამ ყველაფრის დაკანონება ხდება.

შეღავათი არც იმდენია, რამდენზეც ლაპარაკობენ

მცირე ბიზნესი არის წლიურად 200 ათას ლარამდე ბრუნვა, რაც დღეში 547,9 ლარია. ამ კატეგორიაში ძირითადად პატარა მაღაზიები, სადალაქოები, საცხობები მოხვდებიან. მათთვის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმა არ იწარმოებს.

იქნება სპეციალური ჟურნალი, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ფორმით იწარმოება აღრიცხვა. ეს ფინანსთა მინისტრმა უნდა დაადგინოს. მცირე ბიზნესი დაიბეგრება 5%-იანი და 3%-იანი განაკვეთებით. თუ საჟურნალო აღრიცხვის თანახმად აღმოჩნდა, რომ მეწარმის წლიური ბრუნვა 200 ათას ლარს გასცდა, მას მცირე ბიზნესის სტატუსი მოეხსნება, დღგ-ის გადამხდელი გახდება და ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში გადავა.

ფიქსირებული გადასახადი არ ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეებს მოქმედ საგადასახადო რეჟიმთან შედარებით უფრო ნაკლების გადახდა მოუწევთ. რიგ შემთხვევებში 20%-იანი მოგების გადასახადი, შესაძლოა, უფრო ნაკლებიც გამოვიდეს ჯამში, ვიდრე 5%-იანი ან 3%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ბრუნვიდან. ერთადერთი, რასაც სპეციალისტები კოდექსის ამ ნაწილში დადებითად მიიჩნევენ, გამარტივებული ბუღალტერიაა.

ახალი კოდექსით შემოდის საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. ის ზედამხედველობას გაუწევს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, დარღვევებს გამოავლენს და დარღვეული უფლებების აღდგენას ხელს შეუწყობს. თუმცა საკითხავია, რამდენად სწრაფად მოახდენს ის რეაგირებას დარღვევებზე (ჯერ ცნობილი არ არის, როგორ არის გაწერილი მისი უფლება- მოვალეობები).

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მეწარმეს უნდა შეეძლოს საგადასახადო ომბუდსმენის გამოძახება: როცა საგადასახადო მეწარმის უფლებას არღვევს, უკანონო ქმედება ადგილზევე უნდა აღკვეთოს.

საინტერესოა ისაა, რომ საგადასახადო ომბუდსმენს მთავრობა, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ხოლო საქმიანობას კვლავ მთავრობა, კონკრეტულად კი ფინანსთა მინისტრი განუსაზღვრავს. ომბუდსმენი, ფაქტობრივად, მთავრობის "სახურავის" ქვეშ აღმოჩნდება, და ამიტომ სინამდვილეში რამდენად გაუწევს ზედამხედველობას სახელმწიფო ფინანსურ უწყებას, ეს კიდევ საკითხავია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იქნებოდა, საგადასახადო ომბუდსმენი პარლამენტს დაქვემდებარებოდა. ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი იქნებოდა.

"მაიტა ნასოსი"

კიდევ ერთი სიახლე კოდექსში არის ნამეტი შემოსავლების დაბეგვრა. როცა იყიდება საკუთრებაში ორ წელიწადზე მეტი ხნით არსებული ქონება და მისი ნამეტი ღირებულება 30 ათას ლარზე მეტია, ოპერაცია 20%-იანი მოგების გადასახადით დაიბეგრება. ამჟამად მოქმედი კოდექსი კი უძრავი ქონების რეალიზაციას მხოლოდ მაშინ ბეგრავს ნამეტი შემოსავლიდან, თუ ის მფლობელობაში ორ წელიწადზე ნაკლები ვადით იყო. ანუ, ახალი კოდექსი დაბეგვრის არეალს ზრდის. ეს, ექსპერტების შეფასებით, უძრავ ქონებას გააძვირებს.

დაიბეგრება მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვაც კი. საინტერესო ის არის რომ პროექტის თანახმად, თუ პირმა ქონება უსასყიდლოდ მიიღო, გამოიანგარიშება ის საბაზრო ფასი, რომელიც იმ დროს იყო, და გაყიდვის მომენტისთვის სხვაობის 20% იქნება გადასახდელი. მაგრამ იმის დადგენა, რა იყო საბაზრო ფასი წლების წინ, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა საბჭოთა მანეთებშიც კი გამოისახებოდეს, "მეტისმეტ თავისუფლებას" შესძენს დაბეგვრის გაანგარიშებებს.

ახალი კოდექსი მტკიცების ტვირთს კვლავ მეწარმეს აკისრებს, როგორც მოქმედ კოდექსშია. ანუ გადასახადი სავალდებულოა მაშინაც კი, როცა სადავოა. საგადასახადო დაგაჯარიმებს, გადახდევინებს და შემდეგ უნდა იდავო და ამტკიცო, რომ უდანაშაულო ხარ. თუ მიაღწევ სიმართლეს, შენი ფულის უკან დაბრუნებას სამი თვე უნდა ელოდო, მეწარმე კი ვალდებულია, დაკისრებული ჯარიმა 20 დღეში გადაიხადოს... სხვა ქვეყნებში საგადასახადო ამტკიცებს, რომ მეწარმემ არასწორად გადაიხადა გადასახადი და ამის შემდეგ ხდება ეს გადასახადი გადასახდელად სავალდებულო.

კვლავ თვალში საცემია კოდექსში დეფინიციების სირთულე. მაგალითად, ბუნდოვანია ოჯახის საერთო მეურნეობის ცნება ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას. თუ ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს, ქონების გადასახადით იბეგრება, ოჯახის წევრად კი კოდექსის თანახმად მიიჩნევა ცოლი, შვილი, გერი და ყველა ის ადამიანი, ვინც საერთო მეურნეობას ეწევა... თუმცა კოდექსის ეს ნაწილი დამუშავების პროცესში, შესაძლოა, უფრო დაკონკრეტდეს.

საინტერესოა გადასახადის დამრგვალების ვალდებულება. თუ მეწარმეს ეკისრება გადასახადი 98,80 ლარი, აუცილებლად უნდა დაამრგვალოს 99 ლარამდე. ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, საწარმოს განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი იურიდიული პირი, მათ შორის მაგალითად NGO (არასამთავრობო ორგანიზაცია). კიდევ ერთ ხარვეზად ექსპერტებს ის მიაჩნიათ, რომ მიკრობიზნესისგან შეძენილ საქონელს მეწარმე ხარჯებში ვერ გამოქვითავს.

ახალი კოდექსით იზრდება აქციზი ყველა სპირტიან სასმელზე, ღვინის გარდა. მაგალითად, ადგილობრივი წარმოების არაყზე აქციზის გადასახადი 75 თეთრით იზრდება, ხოლო იმპორტირებულისთვის აქციზი მხოლოდ 15 თეთრით ძვირდება. ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპორტის წახალისება ადგილობრივი წარმოების ხარჯზე.

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე): "მთლიანად თუ შევაფასებთ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს, მოქმედ საგადასახადო კანომდებლობას გაცილებით ჯობია, თუმცა არის ნიუანსები, რომლების შეცვლა სასურველია. ერთი მხრივ, კარგია, რომ განისაზღვრება მიკრო და მცირე ბიზნესი, მაგრამ 30 ათას ლარიანი ზღვარი მიკრობიზნესისთვის მაინც მცირეა.

ამ განსაზღვრებაში ის ადამიანები მოხვდებიან, ვინც ისედაც, მოქმედი კოდექსითაც იყო გათავისუფლებული გადასახადებისგან, უბრალოდ ახლა ისინი ოფიციალურად დაარეგისტრირებენ ბიზნესს. თუ ხელისუფლებას რეალურად სურდა მიკრობიზნესისთვის შეღავათის დაწესება, კარგი იქნებოდა, ზღვარი ცოტა უფრო გაეზარდა.

აგრეთვე პროექტის თანახმად, საგადასახადოს თანამშრომელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მიკრობიზნესს სტატუსი შეუცვალოს და გადასახადის გადამხდელად დაარეგისტრიროს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე არ იქნება დაინტერესებული რეგისტრაციის გავლით და ყოველთვის ექნება ბრუნვის გაზრდის შიში.

ახალი კოდექსის თანახმად, დღგ კომპანიებს მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაუბრუნდება. მაგრამ იქვე ვკითხულობთ, რომ დღგ ცალკეულ შემთხვევებში მაშინვე დაუბრუნდება გადასახადის გადამხდელებს. ასე რომ, ბუნდოვანება და ორმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობა ახალ კოდექსშიც ბევრია.

თუ გვინდა, ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული კოდექსი გვექნეს, კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი ყველა დეტალი. კარგია, რომ გადასახადის გადახდის კვარტალური რეჟიმი შემოდის, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ის მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება".