ქართული ჩაი იმპორტთან გამკლავებას აპირებს - კვირის პალიტრა

ქართული ჩაი იმპორტთან გამკლავებას აპირებს

"მეჩაიეობის დარგი სინამდვილეში საკმაოდ მომგებიანია"

გურიაში ჩაის კრეფვის სეზონია. წარმოების საბჭოთადროინდელ მასშტაბებზე გურულებს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ, თუმცა გავერანებულ-გაპარტახებულ პლანტაციებს ალაგ-ალაგ უკვე გამოუჩნდა პატრონი.

როგორც წესი, აქამდე მეწარმეები, ძირითადად, ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებული და ქართული ჩაით, ემბარგომდე - რუსეთს, ასევე უკრაინას, ცენტრალურ აზიასა და ევროპასაც ამარაგებდნენ. სანამ ქართული ჩაი უცხოელ მომხმარებლამდე გზას ძნელად იკვალავდა, ადგილობრივი ბაზარი იაფფასიანმა თურქულმა და აზერბაიჯანულმა პროდუქციამ დაიპყრო.

ჩაის მწარმოებლებმა ამბიციური გეგმა დაისახეს - იმპორტირებული ჩაის მაქსიმალურად ჩანაცვლება საქართველოში მოყვანილი ჩაით. ექსპერტების გათვლებით, ქვეყანაში ყოველწლიურად $20 მლნ-ის ჩაი შემოდის იმპორტით, რაც ექსპორტს რამდენჯერმე აღემატება. სწორედ ამ გათვლებმა უბიძგათ ჩაის მწარმოებლებს, ნდობადაკარგული ქართული ჩაისთვის რეპუტაციის დაბრუნებასა და ახალი ბრენდების შექმნაზე ეზრუნათ.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი დღესთვის კომპანია "გეოპლანტია". ორწლიანი მუშაობისა და 2 მილიონი დოლარის ინვესტირების შემდეგ კომპანიამ წლეულს ჩაის გამოშვება "გურიელის" სახელწოდებით დაიწყო. ის დასავლეთ საქართველოში 1250 ჰა პლანტაციასა და ოზურგეთსა და ზუგდიდში ორ ქარხანას ფლობს. "გეოპლანტი" ყოველწლიურად ათასამდე ტონა ნედლეულს ცნობილ უცხოურ ბრენდებს, მათ შორის "ლიპტონს" აწვდის. თუმცა, როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ქართული ჩაის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება.

"ჩაი, რომელსაც ჩვენს პარტნიორს ვაწვდით, ესაა იაფფასიანი კომპონენტი "ლიპტონისთვის", რომელსაც 10-15%-ით ურევს თავის პროდუქციაში. ჩვენი ბრენდისთვის მხოლოდ სამფოთლიან დუყს გადავამუშავებთ, ეს იქნება უმაღლესი ხარისხის ჩაი, რომელსაც "ლიპტონს", თუ ძალიან არ შეგვეხვეწება, არ მივცემთ, ძვირადაც კი", - ამტკიცებენ "გეოპლანტში".

კომპანიამ ინვესტიცია, ძირითადად, გადაიარაღებისთვის დახარჯა და დასაფასოებელი ხაზი იტალიიდან ჩამოიტანა. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, პრიალა და მაღალხარისხიანი ქაღალდით შეფუთული ჩაი ქართველ მომხმარებელს თვალს განსაკუთრებულად ჭრის. ეს საკუთარ თავზე კომპანია "ორმა ნანამაც" გამოსცადა, რომელიც ჩაის "მწვანე ოქროს" ბრენდით უშვებს. ოზურგეთში მდებარე საწარმომ, რომელიც თავის დროზე ჩაის რუსეთში ყიდდა, ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება ორი წლის წინ ცადა.

"იაფი კრედიტის" პროგრამით სესხიც აიღო, თუმცა შესაბამისი დიზაინისა თუ რეკლამის უქონლობის გამო, მაღაზიის თაროებზე ადგილი მყარად მაინც ვერ დაიმკვიდრა. რეკლამისა და ბრენდის სწორი პოზიციის აუცილებლობას "გეოპლანტშიც" აცნობიერებენ. გიგანტ ინდურ მწარმოებელ "ტატა ჯგუფიდან" მარკეტინგის სპეციალისტი დაიქირავეს, საერთაშორისო სააგენტო "ოგულვის" ბრენდინგი შეუკვეთეს. ეს კომპანიას 100 ათასი დოლარი დაუჯდა.

გოჩა ძნელაძე ("გეოპლანტის" ხელმღვანელი): "როგორც კვლევამ აჩვენა, ქართული ჩაის ბაზარი ოთხ სეგმენტად იყოფა: პრემიუმი, საშუალო, დაბალი და შეუფუთავი, რომელსაც გლეხური მეურნეობები ყიდიან. ფასები კილოგრამზე 5 დოლარიდან იწყება და 60 დოლარს აღწევს. ყველა საფასო სეგმენტის დაკავებას ვგეგმავთ. პრემიუმ სეგმენტში ჩაის "ევერესტის" ბრენდით გამოვუშვებთ, რომელსაც სპეციალური, 50 ჰა ფართობის პლანტაციიდან ავიღებთ".

შედარებით დაბალფასიან სეგმენტზეა გათვლილი კიდევ ერთი კომპანიის, "ქობულეთი აგროს" პროდუქცია. კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 500 პლანტაციის შესყიდვა-რეაბილიტაცია, ასევე ქარხნის გადაიარაღება განახორციელა, რაც მილიონ-ნახევარი ლარი დაუჯდა. წლების განმავლობაში კომპანია დასაფასოებელ ნედლეულს რუსულ კომპანია "მაისკი ჩაის" აწვდიდა, ემბარგოს შემდეგ ახალი პარტნიორის მოძიებამ ევროპაში მოუწია. "ქობულეთი აგრო" პროდუქციას "სამაიას" ბრენდით უშვებს.

კომპანიას უცხოელი ექსპერტები არ დაუქირავებია, მაგრამ გარანტირებული დისტრიბუტორი უკვე მოიძია. პროდუქციას მინიმალური მოგებით მიაწვდის, სამაგიეროდ, ქსელში "სამაიას" ფასი გარანტირებულად დაბალი იქნება, ერთი კოლოფი ერთჯერადი ჩაი 1,80 ლარი ეღირება. შედარებისთვის, ქართული ჩაის რისხვა და კონკურენტი, აზერბაიჯანული "მარიამ ჩაი" 2-2,20 ლარი ღირს.

სიიაფე ქართული პროდუქციის რეალიზაციისთვის აუცილებელი პირობაა. წყალტუბოს ფაბრიკას, რომელიც "თერნალის" ბრენდით უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის ორი წელია აწარმოებს, ფასების შემცირება 100-გრამიან კოლოფზე 4,5 ლარიდან 3 ლარამდე მოუწია. კომპანია "წყალტუბოს ჩაის" მენეჯმენტი აცხადებს, რომ მასობრივი მომხმარებელი ქართულ ჩაიში ძვირის გადახდას ვერ ეგუება.

ალუ გამახარია ("წყალტუბოს ჩაის" მენეჯერი): "რეალურად ჩვენი სიმძლავრეები გაყიდვას ათჯერ აღემატება. ჩაის სმის კულტურა საქართველოში დაბალ დონეზეა. ვცდილობთ თვითღირებულების შემცირებას, მაგრამ იაფფასიან იმპორტს ფასებით კონკურენციას მაინც ვერ ვუწევთ".

მასობრივი წარმოებისგან განსხვავებით, "ბუტიკური" ჩაის მოხმარება საქართველოში მოდური ხდება. კომპანია "საქართველოს თაიგულის" ელიტური ჩაი, რომელიც რამდენიმე წელია ექსპორტზე უკრაინაში გადის, იანვრიდან "ჩაიმანიას" ქსელში გამოჩნდა. მისი ფასი კილოგრამზე 80 ლარს აღწევს და როგორც მეწარმე ილია ბასილაშვილი აცხადებს, ასე თუ ისე წარმატებით იყიდება. თუმცა კომპანია გასაღების ძირითად ბაზრად მაინც უკრაინას ხედავს. თავის უცვლელ პარტნიორ "უკრჩაიპრომს" წელიწადში 5 ტონა ჩაის გაცილებით დაბალ ფასად, კგ-ს 7 დოლარად აწვდის.

ილია ბასილაშვილი (მეწარმე): "პროდუქციის დასამზადებლად სახსრებს ისინი მაძლევენ. მზად არიან, ჩაი გაცილებით დიდი მოცულობით, 100 ტონამდე შეისყიდონ, თუმცა საკმარისი ნედლეულის ბაზა არ გამაჩნია. ჩემი პარტნიორი მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს პლანტაციების შესყიდვა-რეაბილიტაციის პროექტში.

მთავრობა ჩაის განვითარების პერსპექტივას საქართველოში ალმაცერად უყურებს, თუმცა რეალურად ეს დარგი საკმაოდ მომგებიანია. წარმოიდგინეთ, ერთი კილოგრამი ელიტური ჩაის წარმოება, რომელიც "ჩაიმანიაში" იყიდება, 10-12 ლარი ჯდება, გამოდის, 600%-იან მოგებას ტოვებს.

გარდა ამისა, ჩაის წარმოებას უზარმაზარი სოციალური მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის, სადაც ხალხის უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია. 7-8 ვეგეტაცია აქვს ფოთოლს, რაც ნიშნავს, რომ მკრეფავებს მაისიდან ნოემბრამდე პლანტაციებში სამუშაო არ გამოელევათ".

ციფრების ენით

- საქართველოში დაახლოებით 3000 ტონა ჩაი იწარმოება, რომლის 90% ექსპორტზე გადის.

- საქართველოს ჩაის პლანტაციები 30 ათას ჰექტარზე მეტია, ექსპლუატაციაში კი დაახლოებით 16 ათასი ჰექტარია.

- ჩაის გადამუშავებასა და რეალიზაციას ოცამდე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმო ახდენს.

ბელა ნოზაძე