"გამოდით, უნდა დაგთვალოთ" - კვირის პალიტრა

"გამოდით, უნდა დაგთვალოთ"

"ნებართვის არქონის შემთხვევაში ტაქსის მძღოლს საჯარიმო სანქციას დაუწესებენ. მონიტორინგს საპატრულო პოლიცია წარმართავს, ხოლო დეტალები საჯარიმო სანქციის შესახებ ასევე რეგისტრაციის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი"

თბილისის მერია ტაქსებს ახალ რეგულაციებს უწესებს. პირველ ეტაპზე ტაქსები აღირიცხება. მძღოლებს ნებართვისა და ტრაფარეტის ასაღებად სავალდებულო რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. შემდეგ ეტაპზე ტაქსის მძღოლებისთვის საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვის გასაახლებლად განიხილება გადასახადის გადახდა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, მარჯვენასაჭიან ტაქსებს ეხება - მას შემდეგ, რაც მარჯვენასაჭიან ტაქსებს დაითვლიან, არ არის გამორიცხული, მათ განსაზღვრულ რაოდენობას სატაქსო საქმიანობა შეუზღუდონ.

ტაქსების ლიცენზირების საკითხზე თბილისის ყოფილი მთავრობაც მუშაობდა. 2016 წლის ბიუჯეტში ტაქსების კვლევისთვის 40 ათასი ლარიც იყო გათვალისწინებული, თუმცა აღარ ჩატარებულა, სავარაუდოდ, 2017 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გამო, ტაქსებისთვის რეგულირების დაწესება არაპოპულარულ ნაბიჯად ჩაითვალა.

მანამდე კი, 2014 წელს, მიიღეს ტაქსების ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმად, ტაქსი ეკიპირებული უნდა იყოს: ტაქსის ამოსაცნობი ნიშნით; მძღოლის ფოტოსურათის, სახელისა და გვარის, გადამზიდავის დასახელების, მისამართისა და ტელეფონის ნომრის შემცველი ინფორმაციით, რომელიც უნდა განთავსდეს ტაქსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილას. ამავე ტექნიკური რეგლამენტით, აკრძალულია მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა კარიდან და სხვ... რა თქმა უნდა, ტექნიკური რეგლამენტის შესრულება ამ უკონტროლო ბიზნესისთვის აქამდე არავის მოუთხოვია, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი ტაქსის მძღოლებს, ალბათ, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაც მოუწევთ.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ტაქსებს, ჯერ კიდევ წინა ადგილობრივი მთავრობის დროს, იდეის დონეზე, დედაქალაქში ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსების მოძრაობის შესაძლო აკრძალვა განიხილებოდა.

მამუკა მუმლაძე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი: "სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისობაში მოყვანა და გამკაცრება იქნება შემდგომი ეტაპი, რომელიც დადგება ერთი წლის, წელიწად-ნახევრის შემდეგ. თუმცა იმასაც, თუ როგორი იქნება ეს რეგულაციები, მსჯელობისთვის გამოვიტანთ.

პირველ ეტაპზე განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება და ტაქსი, როგორც პირველი კატეგორიის ტრანსპორტი, სანებართვო გახდება - ანუ ვისაც ტაქსით მგზავრი გადაჰყავს, შესაბამისი ნებართვაც უნდა მიიღოს. ამისთვის დასჭირდება მისი გამარტივებული ფორმით აღება პირადობის მოწმობის, ავტომობილის ტექნიკური პასპორტისა და მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. გამარტივებულად ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი მერიის ერთ-ერთი სამსახური იქნება. ნებართვის არქონის შემთხვევაში ტაქსის მძღოლს საჯარიმო სანქციას დაუწესებენ. მონიტორინგს საპატრულო პოლიცია წარმართავს, ხოლო დეტალები საჯარიმო სანქციის შესახებ რეგისტრაციის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი".

ზურაბ ბეჟაშვილი, საავტომობილო ექსპერტი: "ძალიან ცუდია, როცა მიზეზს არ ვეძებთ და შედეგს ვებრძვით. რა თქმა უნდა, ტაქსების სფერო უნდა დარეგულირდეს, მეტიც, დიდი ხნის წინ უნდა დარეგულირებულიყო და მივესალმები ამ წამოწყებას, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ მხოლოდ ლიცენზიის აღება იქნება საჭირო და სხვა არაფერი, ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. ტექნიკურად თუ არ არის გამართული ავტომობილი, აკლია ბამპერი, "დასკოჩილი" აქვს მინა და ა.შ., მის პატრონ მძღოლსაც მისცემენ ნებართვას? ანუ მხოლოდ დავთვლით, რამდენი ავტომობილი ტაქსაობს, რეგისტრაცია მოხდება და სხვა არაფერი? აზრი აქვს, რა თქმა უნდა, აღრიცხვასაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა ვიცოდეთ მძღოლის კვალიფიკაცია და ამის გაკეთება ძალიან ადვილია, ელემენტარული რომბერგის მეთოდით (ნევროლოგიური ტესტი) მაინც.

შესაძლოა ადამიანს აქვს მართვის მოწმობა, მაგრამ კოორდინაცია აქვს დარღვეული. კომუნისტებიც კი ყოველ დილით წნევას უსინჯავდნენ ტაქსის მძღოლს, ამოწმებდნენ, ნაბახუსევი არ ყოფილიყო. დიდი ქალაქებიდან მაინც უნდა დავიწყოთ ამის გაკეთება.

როგორ შეიძლება, ტაქსიმ და ჩვეულებრივმა ავტომობილმა ერთი სიხშირით გაიარონ ტექდათვალიერება, როცა ტაქსი დღის განმავლობაში 400-500 კილომეტრს გადის და ათჯერ ნაკლებს - ჩვეულებრივი ავტომობილი.

მაგალითად, ამერიკის ბევრ შტატში, კომერციით თუ არ არის დაკავებული, მსუბუქი ავტომობილები არ გადიან ტექდათვალიერებას. ყველაზე ცუდი ამ პროცესში ის არის, რომ, ფაქტობრივად, დარგის სპეციალისტების გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს".

ვასო ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელი: "ამ ინიციატივის შესახებ დავით ნარმანიას მერობის პერიოდშიც გვესმოდა, თუმცა არც მაშინ და არც ახლა ამის მიღმა არანაირი კონკრეტული გეგმა არ არსებობდა. ერთადერთი გარღვევა აქვს ახლანდელ თბილისის მერიას - მიხვდნენ, რომ მხოლოდ თბილისში შეუძლებელია ტაქსების ლიცენზირება და ახლა დაიწყეს საუბარი საქართველოს მასშტაბით სატაქსო გადამყვანების ლიცენზირებაზე, რაც სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ტაქსები საქალაქთაშორისო რეისებსაც ასრულებენ. თუმცა მიდგომა და დამოკიდებულება საკითხის მიმართ არასწორია. ჯერ უნდა ვიკითხოთ, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს ეს სფერო - დადიან ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები, არის ჰიგიენის, ენის ცოდნისა და კომუნიკაციის დამყარების პრობლემები. თუმცა რამდენად შესაძლებელია დღეს ამ ყველაფრის რეგულაციით მოგვარება, მთავარი შეკითხვაც ეს არის. ტაქსების ლიცენზირება განვითარებულმა ქვეყნებმა 60-70-იან წლებში დაიწყეს. გამოცდილება, რომელიც არსებობს მსოფლიოში, ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს.

XXI საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ბევრ ქვეყანაში, სადაც ტაქსებზე უმკაცრესი რეგულაციები მოქმედებდა (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი), უკვე დაიწყეს დერეგულაციაზე ფიქრი, რადგან გაჩნდა ალტერნატიული, მძღოლის ერთჯერადი მომსახურების სერვისები, როგორიც არის "იუბერი", "იანდექსი".

გაჩნდა ალტერნატიული სატაქსო მომსახურების სერვისები, რომლებიც არანაირ რეგულაციაში არ ექცევა და აპლიკაციებით იმართება. ისინი რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში და მათ ვერც ფინანსურ რეგულაციებში ვერ აქცევენ. შესაბამისად, თუ საქართველოში რეგულაციების გზით წავალთ, საბოლოოდ იმას მივიღებთ, რომ მძღოლების უმრავლესობა, ვისაც დღეს ინდივიდუალურად, კომპანიის გარეშე გადაჰყავს მგზავრები, მოხსნიან მანქანას ტრაფარეტს და მგზავრთან სწორედ ასეთი აპლიკაციებით კომუნიკაციაზე გადავლენ.

ეს უკვე იქნება არა ტაქსი, არამედ მძღოლის ერთჯერადი მომსახურების სერვისი. ფინანსურადაც, ორ ფიზიკურ პირს შორის ერთჯერადი მომსახურება, თუ თანხა არ აღემატება 45 ლარს, არანაირ რეგულაციებში არ ექცევა.

სფერო საჭიროებს არა ამ ფორმით რეგულირებას, არამედ განვითარებას და ამისთვის არაერთი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ბაზარზე დღეს, ერთეული შემთხვევის გარდა, თითქმის არ არსებობს ტაქსოკომპანიები, რომლებსაც აქვთ გამართული ავტოპარკი, ჰყავთ გადამზადებული მძღოლები და ა.შ., რადგან ისინი ვერ უწევენ კონკურენციას ინდივიდუალურად დასაქმებულ მძღოლებს. დღეს ტაქსობაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა. ბევრი კომპანია გაიხსნა და დაიხურა სწორედ იმიტომ, რომ თვითდასაქმებულებს კონკურენცია ვერ გაუწიეს.

შესაბამისად, თუ სფეროს განვითარება გვინდა, რეგულაციების ნაცვლად უნდა შევიმუშაოთ ტაქსოკომპანიებისა და ამ სფეროს განვითარების ხედვა და სტრატეგია. ტაქსოკომპანიები საქართველოს მასშტაბით უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან და ამავე დროს სტანდარტები დავუწესოთ.

საქართველო ტურისტულ ქვეყნად ყალიბდება და ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია".

ემა ტუხიაშვილი