ვინ გაქრება სესხების ბაზრიდან - კვირის პალიტრა

ვინ გაქრება სესხების ბაზრიდან

"შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ"

კანონში "ეროვნული ბანკის შესახებ" შესული ცვლილებების თანახმად, მისი საზედამხედველო ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება. ბანკის რეგულირების სფეროში მოექცევა ყველა მსესხებელი თუ გამსესხებელი ორგანიზაცია, ვინც 20-ზე მეტი პირისგან იღებს ან გასცემს თანხას, მათ შორის აღმოჩნდება ე.წ. ფინანსური პირამიდები. ეროვნული ბანკის კონტროლს დაექვემდებარებიან სავალუტო ჯიხურები და ლომბარდები. მომავალში კი სებ-ი რეგულაციებს ქსელური მარკეტინგის პრინციპით მოქმედ კომპანიებსაც დაუწესებს. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, უკვე ეროვნული ბანკი იმუშავებს მათ ასახვაზე კანონქვემდებარე აქტებში. მიმდინარე წელს ეს ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სრულად შევა ძალაში.

მურთაზ კიკორია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: - მოსახლეობას ფინანსურ სექტორთან, ძირითადად, ორი სახის ურთიერთობა აქვს - შეაქვს თანხა და იღებს სესხს. კანონში შესული რეგულაციები სწორედ ამ ორი ძირითადი მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას გულისხმობს.

- კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეროვნული ბანკი აქამდეც უწევდა ზედამხედველობას, მომხმარებელს ყველაზე მეტ პრობლემას ე. წ. ფინანსური პირამიდის პრინციპით მოქმედი კომპანიები უქმნიდნენ. დაზარალდა ათასობით მოქალაქე. ამ მიმართულებით რა იცვლება?

- უპირველესად უნდა გამოვყოთ კანონში შესული რეგულაცია, რომ იკრძალება 20 პირზე მეტი პირისგან თანხის მოზიდვა, თუ არა ხარ ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საკრედიტო კავშირი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი.

იმ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, რომლებიც ახლა ისე საქმიანობენ, რომ არც ერთი ზემოთ ხსენებული ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი არა აქვთ და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული არ არიან, ვალდებული იქნებიან ან დარეგისტრირდნენ, ან საქმიანობა შეწყვიტონ.

რეგისტრაცია კი კაპიტალის, აქციონერების თუ დამფუძნებლებისთვის ითვალისწინებს სხვადასხვა პირობას - მათ მოეთხოვებათ გამჭვირვალობა, ფინანსური ანგარიშვალდებულება და ა.შ. რეგულაციების ამოქმედება გამოიწვევს ბაზრიდან იმ არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციების გაქრობას, რომლებიც ფინანსურ შუამავლობაში მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა რეგულირების სფეროში და ყველასთვის იქნება ნათელი და გასაგები, რა დაწესებულებას, ვის ანდობს ფულად სახსრებს. კანონის გვერდის ავლით ამგვარი საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

- რეგულაციები ქსელური მარკეტინგის პრინციპით მოქმედ კომპანიებს თუ შეეხება?

- ამ პრინციპით მოქმედ კომპანიებში არ იღებენ დასაბრუნებელ თანხებს და, როგორც წესი, სარგებელი პროდუქციის შეძენა-გაყიდვით მიიღება. ამ საკითხზე ცალკე ვმუშაობთ მთავრობასთან. ზოგიერთი მოსაზრება კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს. არ არის მარტივი საკითხი, რადგან ქსელურ მარკეტინგში ჩახლართული სამართლებრივი მექანიზმებია, თუმცა მათ რეგულირების შესახებ კონკრეტული წინადადებები მალე გვექნება.

- ონლაინსესხების გამცემი კომპანიებისთვის რა შეიცვლება?

- ვინც 20-ზე მეტ კაცს აძლევს სესხს, ეროვნულ ბანკში ყველა უნდა დარეგისტრირდეს - მAათ შორის, ონლაინსესხების კომპანია თუ ნებისმიერი სხვა შპს, და ეროვნულ ბანკს მათთვის მოთხოვნების დაწესების უფლება ექნება. მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ეს მოთხოვნები უკვე ვრცელდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ეს შეეხება ინფორმაციის გაცემას, რათა ვინც სესხს იღებს, იცოდეს, რამდენია ეფექტური განაკვეთი, მაქსიმალურად კარგად იცნობდეს ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს და სხვ. რეგულირებას ლომბარდებიც დაექვემდებარებიან.

იმ დაწესებულებებმა, რომლებიც სესხის გაცემას გადაწყვეტენ, უნდა გაითვალისწინონ მსესხებლის კრედიტუნარიანობა, აქვს თუ არა გადახდის უნარი, შემოსავალი.

- სავალუტო ჯიხურების საქმიანობა ნაწილობრივ შედიოდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სფეროში, რა შეიცვლება სიახლეთა ამოქმედების შემდეგ?

- სავალუტო ჯიხურებზე ზედამხედველობა შეზღუდული იყო და მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილზე ვრცელდებოდა. ამ ცვლილებებით კი ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, სავალუტო ჯიხურები ფინანსურ შუამავლად განიხილოს და მაღალი მოთხოვნები დაუწესოს. შარშAან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ. ახალი რეგულაცია საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ მომსახურების წესები მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. ასევე დავაწესებთ მოთხოვნებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებისთვის, მათ საქმიანობაზე, გამოცდილებაზე. ეს არ იქნება ისეთი სტანდარტები, როგორიც გვაქვს ბანკების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ფინანსური საქმიანობის წარმმართველი პირი ნასამართლევი რომ არ უნდა იყოს, ალბათ, ყველა დამეთანხმება.

კანონი მომხმარებელს უფლებას აძლევდა, დროის რაღაც მონაკვეთში სავალუტო ჯიხურისთვის თანხა დაებრუნებინა. დაახლოებით ამგვარი ნორმის კვლავ შემოტანაზე ვფიქრობთ.

- კიდევ ერთი ცვლილება ელის ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, რამაც ცოტა დააბნია მოსახლეობა. კანონში ჩაიწერა, რომ მათ საგადასახადო პროვაიდერებად დარეგისტრირება მოუწევთ. კონკრეტულად ვის ეხება ეს მოთხოვნა?

- მოსახლეობას ეს არ ეხება. ლაპარაკია იურიდიულ პირებზე, რომლებიც ფულადი გზავნილების ოპერაციებს ემსახურებიან, როგორიც არის, მაგალითად, "მანიგრამი", "ვესტერნ იუნიონი" და სხვ. მათ მოუწევთ ფინანსურ აგენტად ან პროვაიდერად დარეგისტრირება.

- 2015 წელს ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობა კანონით აეკრძალათ, თუმცა მათ გამოსავალი იპოვეს და სხვა ბიზნესები ჰოლდინგებად გააერთიანეს. შესაბამისად, რეალურად არაფერი შეცვლილა და დღესაც არათანაბარ კონკურენციაზეა ლაპარაკი, რომ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, მათთან აფილირებულ კომპანიებს დაკრედიტებისას უპირატესი მდგომარეობა შეუქმნან.

- ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც სამეტაპიან ამოცანას. პირველ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა წერილობითი მითითება გააკეთა, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივები უნდა გაემიჯნათ. ახლა არის მეორე ეტაპი, როცა ჩვენ ამ მოთხოვნას, რომ კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივი არ ჰქონდეთ, კანონმდებლობის სახე მივეცით. კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ბანკის მაკონტროლებელ პირებს - მსხვილ აქციონერებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, დირექტორებსა და ა.შ., ვისაც აქვთ წვდომა ღირებულ ინფორმაციაზე, მათ შორის, ბანკისა და რეალური სექტორის ურთიერთობაზე, ეკრძალებათ ამ ინფორმაციის გამოყენება სხვა საქმიანობისას უპირატესობის მისაღებად. რეფორმის მესამე ეტაპი უკვე გულისხმობს აკრძალვას, რომ თუ პირს ბანკში აქვს აქციები, რომელიმე სხვა კომპანიაში წილს არ უნდა ფლობდეს.

თუმცა ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე იქნება მისაღები, რადგან პირდაპირ უკავშირდება ინვესტიციებს. არსებობს მონახაზი, როგორ შეიძლება დარეგულირდეს კანონმდებლობით ეს საკითხი და მიმდინარე წელი სწორედ ფინანსურ სფეროში არაერთ ცვლილებას დაეთმობა.

ემა ტუხიაშვილი