ახალი საგადასახადო კოდექსი ფასებს გაზრდის და ცუდ ეფექტს მოიტანს - კვირის პალიტრა

ახალი საგადასახადო კოდექსი ფასებს გაზრდის და ცუდ ეფექტს მოიტანს

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს პირველი მოსმენით ბიზნესმენებმა "რევოლუციური" უწოდეს. მაგრამ ეიფორიამ თანდათან გაიარა და ახლა უკვე ისინიც და ექსპერტებიც აღიარებენ, რომ კოდექსს, ისევე, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს: კარგი და ცუდი. თუ ახალ კოდექსში ადმინისტრირების ნაწილი ლიბერალური გახდება, სამაგიეროდ, გადასახადები იმატებს.

მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ - ამ პრინციპით იხელმძღვანელა მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსის დაწერისას. მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის გაწეული შეღავათებით ბიუჯეტს რაც დააკლდება, მთავრობა მსხვილი ბიზნესისთვის გაზრდილი გადასახადებით აინაზღაურებს. ამჯერად ის ბიზნესები შეარჩიეს, რომლებიც, როგორც მთავრობაში ამბობენ, "ზემოგებაზე" მუშაობენ. ასეთებად კი ამჯერად მიიჩნიეს: უმაღლესი სასწავლებლები, მობილური კომპანიები, სპირტიანი სასმელების ბიზნესი და სამედიცინო აპარატურის იმპორტიორები.

კერძო უმაღლესი სასწავლებლები: კერძო უნივერსიტეტებს, სპორტულ სკოლებსა და მუსიკალურ სასწავლებლებს, რომლებსაც წელიწადში 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, ახალი კოდექსით 18%-იანი დღგ-ის გადახდა მოუწევთ. მოქმედი კოდექსის პირობებში კი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები შეღავათებით სარგებლობენ. უნივერსიტეტებში ამბობენ, რომ დღგ-ის დაკისრება მათთვის "კატასტროფა" იქნება.

ბევრი, განსაკუთრებით კი ის სასწავლებლები, რომლებსაც კარგი ფინანსური მდგომარეობა არ აქვთ და სახელმწიფო გრანტებსაც ნაკლებად იღებენ, ცუდ დღეში აღმოჩნდებიან. საგადასახადო ტვირთის გაზრდა თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელ კახა ბენდუქიძესაც არ მოსწონს და ამბობს, რომ ამით სწავლა გაძვირდება და განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება. უნივერსიტეტები, რომლებსაც ხარჯები გაეზრდებათ, ცხადია, სწავლის საფასურსაც გაზრდიან. ცვლილება საბოლოოდ სტუდენტების ოჯახების ჯიბეზე აისახება.

კატასტროფულს უწოდებენ სამედიცინო აპარატურის იმპორტის დღგ-თი დაბეგვრას სამედიცინო კლინიკების მფლობელებიც. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამას სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოჰყვება, რაც ისევ მოქალაქეების კისერზე გადაივლის.

აქციზის გადასახადი. ა) მობილური კომპანიები: აქციზის გადასახადით დაიბეგრება სატელეფონო ხმოვანი მომსახურება. მობილურ კომპანიებს სასაუბრო წუთებზე 10%-მდე გადასახადს დააკისრებენ. მთავრობაში ამბობენ, რომ მობილური კომპანიები დაბალ თვითღირებულებაზე მუშაობენ და ზემოგებას იღებენ, ამიტომ ბიუჯეტში მეტი უნდა შეიტანონ.

კომპანიები კომენტარისგან თავს იკავებენ და უკვე რამდენიმე დღეა, ფინანსთა სამინისტროსთან გაცხოველებულ კონსულტაციებს მართავენ. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიაში გადასახადი უსამართლოდ მიაჩნიათ. როგორც კომისიაში ამბობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც მობილურით საუბარი აქციზით დაიბეგრება. კომპანიები აქციზის გადასახადს ხარჯთაღრიცხვისას გაითვალისწინებენ და არ არის გამორიცხული, ამას ტარიფების ზრდა მოყვეს. გაზრდილი ხარჯების ანაზღაურებას კომპანიები, ბუნებრივია, აბონენტებისთვის საფასურის გაზრდით შეეცდებიან. ეს მაშინ, როცა ბაზარზე ტარიფების კლება დაიწყო და კომპანიები მობილურით საუბრის გაიაფებასაც გეგმავდნენ. ცხადია, ახალი კოდექსი კომპანიებს გეგმების შეცვლას აიძულებს.

როგორც მთავრობაში ამბობენ, 2011 წელს არ დაელოდებიან, როცა ახალი კოდექსი ძალაში უნდა შევიდეს და აქციზის გადასახადს აგვისტოშივე აამოქმედებენ.

ბ) ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები: აქციზის გადასახადს გაუორმაგებენ სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს (გარდა ღვინისა).

საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, ერთ ლიტრ არაყზე აქციზის გადასახადი 3 ლარი იქნება, ლიქიორზე - 4,6 ლარი, ხოლო ლუდის მწარმოებლებს აქციზი 20-დან 40 თეთრამდე გაეზრდებათ. სპირტიანი სასმელების ადგილობრივი მწარმოებლები "გომი" და "სარაჯიშვილი" ამბობენ, რომ ისინი ცუდ დღეში აღმოჩნდებიან და ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზრდებათ.

"ყაზბეგის" მფლობელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ აქციზის ზრდის გამო მას დღგ-ის სახითაც მეტი თანხის გადახდა მოუწევს. ამიტომ პროდუქციის თვითღირებულება თითქმის სამჯერ გაეზრდება. აქციზის გადასახადის გაორმაგება განსაკუთრებით ადგილობრივ მწარმოებელთა მდგომარეობას გააუარესებს, რადგან სპირტიან სასმელების იმპორტიორებს საბაჟო გადასახადს უმცირებენ.

კახა ბენდუქიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი): "ახალ კოდექსში ბევრი კარგი დებულებაა, მაგრამ არის ისეთები, რომლებსაც მე არ გავაკეთებდი. ამ სიტუაციაში გადასახადების გაზრდა და ახლის შემოღება არ მგონია კარგი აზრი იყოს. მობილურ საუბრებზე აქციზის გადასახადი არასწორია, ასევე დღგ უმაღლეს სასწავლებლებისთვის. ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი რომ საშემოსავლოთი დაიბეგრება, არ არის სწორი. ამოღებული თანხები დიდი არ იქნება, მაგრამ ეფექტი ცუდი მოჰყვება. ცუდია, რომ მთავრობა ამ გზით წავიდა. უკეთესი იქნებოდა, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე ეფიქრა".

კახა ბაინდურაშვილი (ფინანსთა მინისტრი): "ბიუჯეტს ერთ მხარეს ვაკლებთ დიდ გადასახადებს დღგ-ის ზღვარის გაორმაგების გამო, მცირე ბიზნესისკენ მიმართული შეღავათების გამო. ამის კომპენსირება რომ მოგვეხდინა, ავირჩიეთ რამდენიმე სექტორი, პირველ რიგში, ეს არის ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი, ასევე რამდენიმე სფერო, რომელიც ახლა დღგ-ისგან გათავისუფლებულია. მივიჩნიეთ, რომ ამ მიმართულებით გადასახადების გაზრდა ნაკლებად ავნებდა მოსახლეობასა და ეკონომიკას.

- დღგ-ს უმაღლეს სასწავლებლებსაც უზრდით, სადაც სწავლა ისედაც საკმაოდ ძვირია. ეს ბიზნესები ხომ, ბუნებრივია, გაზრდიან საფასურს, რაც ცხოვრებას ისევ მომხმარებელს გაუძვირებს?

- სწავლის საფასური არ უნდა გაიზარდოს. არსად წერია, რომ დღგ-ს თუ გაზრდი, ავტომატურად სწავლის ფასი უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება მათ, ვინც სახელმწიფოს ხარჯზე სწავლობს, აქ გაზრდილი ღირებულების დაფინანსების ავტომატურად გაზრდას ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც კომერციულ დაწესებულებებში სწავლობენ და ისედაც დიდ თანხას იხდიან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის მთავარია, მიიღოს ხარისხიანი განათლება.

თვითონ უნივერსიტეტს მოუწევს, გახდეს უფრო ეფექტიანი, რომ დღგ-ის ბაზაში მოხვედრა არ მოუწიოს. ამასთანავე უნივერსიტეტებს შორის არსებობს კონკურენცია და მათ სტუდენტები და საფასურის გადამხდელები ნაკლები საფასურით და მაღალი ხარისხით უნდა მიიზიდონ. ამას ჩვენ ხელს ვერ შევუშლით.

- ახალი გადასახადი სპირტიანი სასმელებისა და მობილურზე საუბარსაც ხომ გააძვირებს?

- კოდექსს შემოაქვს ნორმა, რომ აქციზით შეიძლება დაიბეგროს მობილური კომპანიები. ამის შემდეგ უკვე მთავრობის კომპეტენციაა, დააწესოს მობილური კომპანიების ბრუნვაზე აქციზის გადასახადი 10%-ის ფარგლებში. განაკვეთის ოდენობას მარეგულირებელთან კონსულტაციის შედეგად განვსაზღვრავთ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ტარიფი გაიზარდოს. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, აქციზის გაორმაგება მის საცალო ფასს დაახლოებით 50-70 თეთრით გააძვირებს".

ახალი კოდექსით საგადასახადო ტვირთი საშუალო ბიზნესსაც ეზრდება. საშუალო ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 200 ათას ლარზე მეტია, საქონლის მცირე მეწარმისგან შესყიდვის დროს დღგ-ს ვეღარ ჩაითვლის. მას ხარჯი გაეზრდება და 18-ის ნაცვლად დღგ-ის განაკვეთი, ფაქტობრივად, 36%-მდე გაეზრდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამით მცირე ბიზნესს მოესპობა მოტივაცია, გაიზარდოს და საშუალო ბიზნესად იქცეს.

15%-იანი განაკვეთით დაიბეგრება უძრავი ქონების იჯარა. გადასახადს იჯარით ამღები იურიდიული პირიც გადაიხდის, რასაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საგადასახადო კომისიამ, რომელმაც კოდექსის პროექტი შეისწავლა, გაუგებარი უწოდა. 2013 წლამდე საიჯარო გადასახადი 20% იქნება უცხოური საწარმოს ან ფიზიკური პირისთვის.

აღარ შემცირდება 18%-მდე საშემოსავლო გადასახადი, როგორც დაგეგმილი იყო და 20% დარჩება. ეს პრეზიდენტის ინიცირებულ თავისუფლების აქტს ეწინააღმდეგება. გაისად არც მიღებულ დივიდენდზე არსებული 5%-იანი გადასახადი დაიწევს. ის 2012 წლისთვის უნდა განულებულიყო. ახალი კოდექსით მიღებული დივიდენდები 2013 წლამდე დაიბეგრება 5%-ით.

იზრდება ჯარიმა საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციის შემთხვევებზე. დანაკლისის გამოვლენისას დარიცხული ჯარიმა ამჟამად არსებული საქონლის საბაზრო ფასის 100%-დან 110%-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება ლიბერალურ ნაწილს, როგორც კოდექსის ავტორები ირწმუნებიან, საგადასახადო ლოიალური გახდება კარგი გადამხდელის მიმართ. მას უნებლიე შეცდომას აპატიებენ და აღარ დააჯარიმებენ. კოდექსში გასწორდება ისეთი მუხლებიც, რომელიც ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა.

ციფრების ენით

- სატელეფონო ხმოვანი მომსახურების დაბეგვრიდან ხელისუფლება წელიწადში 80 მლნ ლარის შემოსავალს ელის.

- კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის ინფორმაციით, სექტორში 1 ლარის კაპიტალზე მოგება 22%-ია.

- სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო აპარატურის იმპორტი, შესაძლოა აღარ დაიბეგროს და გადასახადი დაწესდეს მხოლოდ იმ აპარატურაზე, რომელსაც სამედიცინო სასაქონლო კოდი აქვს მინიჭებული და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენება (ჯაკუზები, სკანერები).

ნონა ქვლივიძე