სუპერმარკეტების ქსელებს ბაზრობები "დიდი ანგარიშით" უგებენ - კვირის პალიტრა

სუპერმარკეტების ქსელებს ბაზრობები "დიდი ანგარიშით" უგებენ

კომპანიები სუპერმარკეტებს საკუთარი პროდუქციის გასაყიდად ხსნიან

ეკონომიკური კრიზისისგან ყველაზე ადვილად თავი პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობამ გადაირჩინა. სუპერმარკეტებსა და მაღაზიებს მყიდველი მაშინაც მრავლად ჰყავდათ, როცა ტექნიკით, ავეჯითა და სხვა პროდუქციით მოვაჭრეები გაკოტრების ზღვარზე იყვნენ. ყველაზე რთული პერიოდი პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე 2009 წლის მაისში დაიწყო და წლეულს აპრილამდე ვაჭრობა შემცირებული იყო.

აპრილიდან გაყიდვებს გაუმჯობესება დაემჩნა. კრიზისი მიწყნარდა და ახლა თბილისში ისევ სუპერმერკეტების ბუმი იწყება. ბოლო ორ თვეში ამ ბაზარზე ერთდროულად ორი ახალი კომპანია გამოჩნდა.

სუპერმარკეტების ახალი ქსელი "ჯი მარტი" "გუდვილიდან" წამოსულმა ჯგუფმა გააკეთა. "ჯი მარტის" ერთი მაღაზია სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში", მეორე კი "თბილისი ცენტრალში" გაიხსნა. "ჯი მარტის" მენეჯმენტმა, რომელიც მანამდე "გუდვილში" მუშაობდა, თავდაპირველად განაცხადა, რომ მათ "გუდვილში" საკუთარი თავი ამოწურეს, წამოვიდნენ და ბიზნესის დამოუკიდებლად დაწყება გადაწყვიტეს.

მოგვიანებით კი თქვეს, რომ ისინი "გუდვილის" პარტნიორები არიან. სინამდვილეში ახალი ქსელის 100%-იანი წილის მფლობელი გოგი შევარდნაძეა, რომელიც "გუდვილის" დამფუძნებელი და მსხვილი მეწილეა. "ჯი მარტის" ხელმძღვანელების თქმით, ორივე ობიექტი 5 მილიონი დოლარი დაუჯდათ და ეს თანხა სესხად "თიბისი ბანკიდან" აიღეს. "ჯი მარტი" "გუდვილთან" შედარებით დაბალ საფასო სეგმენტზე იმუშავებს. ამის მიზეზი სუპერმარკეტების ადგილმდებარეობაა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას იაფიან ლოკალურ მარკეტებს ანიჭებს, ხოლო საკვირაო მარაგებისთვის ვაგზლის ბაზრობაზე ვაჭრობს. "ჯი მარტი" წლის ბოლომდე კიდევ ორი სუპერმარკეტის გახსნას გეგმავს.

კიდევ ერთ ახალ ქსელს კომპანია "კოდა" ქმნის. მან პირველი სუპერმარკეტი გამსახურდიას გამზირზე ივნისის დასაწყისში "ნატურალ პლუსის" სახელით გახსნა და წლის ბოლომდე მათ რიცხვს 12-მდე გაზრდის. სუპერმარკეტი კომპანიას მილიონი ლარი დაუჯდა. "კოდაში" არ მალავენ, რომ სუპერმარკეტებს ძირითადად საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციოდ აკეთებენ. კომპანიამ, რომელიც ადრე მხოლოდ ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი იყო, ცოტა ხნის წინ მეცხოველეობის საკუთარი ფერმა მოაწყო და რძის პროდუქტები "ნატურალ პლუსის" სახელით ჯერ იმ ქსელში შეიტანა, რომლებიც კონკურენტებს ნაკლებად ჰქონდათ ათვისებული. ამიერიდან კი საკუთარ ქსელში ქათმის ხორცთან ერთად საქონლის ხორცპროდუქტებსაც შეიტანს, რასაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, კონკურენტებზე იაფად გაყიდიან.

სუპერმარკეტების ქსელს აფართოებს "იოლიც", რომელმაც ქსელი სწორედ საკუთარი წარმოების ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის სარეალიზაციოდ გააკეთა (იმავე მიზნით გააკეთეს მაღაზიათა ქსელი "ნიკორამ" და "მითანამ". მაგრამ ეს უკანასკნელი სუპერმარკეტების ბაზრიდან გავიდა. "მითანამ" მაღაზიები წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო დახურა, რისი მიზეზიც არასწორი მენეჯმენტი გახდა).

მეხუთე ობიექტი "იოლმა" აღმაშენებელზე მაისში გახსნა. შემოდგომიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ რამდენიმე ახალი სუპერმარკეტი გამოჩნდება, მომავალი წლიდან კი კომპანია რეგიონების ათვისებას დაიწყებს.

ქსელის გაფართოება საგაისოდ გადადო კიდევ ერთმა ახალმა ქსელმა "აკვავიტემ", რომელიც თბილისში სამ მაღაზიას ფლობს. ქსელის მფლობელის თქმით, კრიზისმა კი გადაიარა, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საკმარისად ჯერ კიდევ არ გაზრდილა.

როლანდ ფევაძე (სუპერმერკეტების ქსელ "აკვავიტეს" მფლობელი): "კრიზისმა გაიარა, მაგრამ რეალიზაცია მაინც შემცირებულია. ადრე მყიდველი თუ შემოდიოდა და სამ ბოთლ "ბორჯომს" ან "კოკა-კოლას" ყიდულობდა, ახლა ერთს ყიდულობს. საშუალო მოხმარება, ჩვენი გათვლებით, ერთი ლარით დაეცა. მომხმარებლის მოზიდვას კარგი ხარისხით, აგრეთვე ფასდაკლებებითა და დაგროვების ბარათებით ვცდილობთ. ამ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია.

მაგალითად, მარჯანიშვილზე ჩვენ სუპერმარკეტთან ერთი კილომეტრის რადიუსში ბოლო 2-3 წელიწადში 15-20 სასურსათო მაღაზია გაიხსნა. თუ გვერდით სუპერმარკეტია, ჩვენს ფასებს მისი ფასების შესაბამისად ვარეგულირებთ. სუპერმარკეტები საინტერესო ბიზნესია, მაგრამ სამართავად რთულია. ბევრი დასახელების საქონელია, პროდუქტს ვადა რომ არ გაუვიდეს, დროულად რომ შეივსოს დახლი, ამას მუდმივი კონტროლი სჭირდება".

ახალ სუპერმარკეტებს ბაზრის მსხვილი მოთამაშეები კონკურენტებად არ მიიჩნევენ. "გუდვილში" აცხადებენ, რომ ისინი განსხვავებულ, ჰიპერმარკეტების სეგმენტში მუშაობენ და ახალი სუპერმარკეტების გამოჩენას მათ გაყიდვებზე არ უმოქმედია. როგორც "გუდვილში" ამბობენ, მათთან ის მომხმარებელი დადის, რომელიც შაბათ-კვირას მთელი კვირის შესყიდვებს აკეთებს. "გუდვილიც" ერთგული კლიენტის შენარჩუნებასა და ახლის მიზიდვას აქციებით და ბონუს-ბარათებით ცდილობს. "გუდვილი" ახალ სუპერმარკეტს ერთ თვეში ბათუმში გახსნის და როგორც ამბობენ, ეს ჯერჯერობით ერთადერთი ობიექტი იქნება რეგიონში.

თუმცა ნებისმიერი პატარა მაღაზიაც სუპერმარკეტების კონკურენტად ითვლება. "პოპულში", რომელიც სუპერმარკეტების ანუ ე.წ. ორგანიზებული ვაჭრობის ბაზრის ლიდერია, მიიჩნევენ, რომ ერთი მაღაზიის გახსნა ან დახურვა მათ შემოსავლებზე არ მოქმედებს. მაგრამ ქსელი, რომელსაც თბილისში 37 ობიექტი აქვს, აცხადებს, რომ მისი მთავარი კონკურენტი არაორგანიზებული ვაჭრობა, ანუ ბაზრობებია, რომლებიც ყველაზე მეტ კლიენტს ართმევს.

ამასთან კონკურენციას უწევს ნებისმიერი პატარა მაღაზიაც, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას სიიაფის გამო ანიჭებს. გამოკითხვამ, რომელიც "ჯი მარტმა" ბაზრის კვლევისას მოაწყო, აჩვენა, რომ ერთადერთი და მთავარი უპირატესობა მომხმარებლისთვის დაბალი ფასია. კლიენტთა უმრავლესობისთვის ფასს იმდენად გადამწყვეტი როლი აქვს რომ, ყურადღებას აღარ აქცევენ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებსაც კი, როგორიცაა ჰიგიენა, სერვისი, მოწესრიგებული გარემო და სხვ. და ბაზრობებზე ვაჭრობას ამჯობინებენ.

არჩილ მელიქიძე ("პოპულის" აღმასრულებელი დირექტორი): "სუპერმარკეტებს საკვები პროდუქტების ბაზრის დაახლოებით 10-11% უკავია. დანარჩენი არაორგანიზებული ბაზარია. სულ თბილისში 3 ათას სავაჭრო წერტილზე მეტია. მთლიან ბაზართან შედარებით ჩვენ მაინც ძალიან პატარები ვართ და ამჟამად მისი დაახლოებით 6-7% გვიკავია. ესეც მხოლოდ ჩვენი ვარაუდია, რადგან ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

ახალგახსნილი სუპერმარკეტები კონკურენციას ნაკლებად გვიწევენ. ჩვენ მათ უფრო მოკავშირეებად აღვიქვამთ, ვიდრე კონკურენტებად. რადგან არაორგანიზებული ვაჭრობა ჩვენი საერთო მოწინააღმდეგეა. რაც უფრო მეტი სუპერმარკეტი გაჩნდება და ეს ქსელი გაფართოვდება, მით უკეთესიაა. დროა, საკვები პროდუქტებით ვაჭრობამ ორგანიზებული სახე მიიღოს".

სუპერმარკეტების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მომწოდებლებისთვის ფულის გადახდა რჩება. კუთვნილ თანხას დისტრიბუტორებს კვლავ უგვიანებს "პოპული". ვალის გადაუხდელობის გამო მას მსხვილი იმპორტიორებიც გაუნაწყენდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს სუპერმარკეტების საერთო სენია. სხვა ქსელებიც აღიარებენ, რომ გადახდებში დაგვიანებები აქვთ. "გუდვილში" დაწნული ყველის შეტანა ამის გამო გადაიფიქრა "ლემშვანიერა 87"-მა და პატარა სასურსათო მაღაზიების მომარაგება ამჯობინა.

სირთულეების მიუხედავად ყველა აღიარებს, რომ საკვები პროდუქტებით ვაჭრობა კარგი ბიზნესია და ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ამიტომაც რამდენიმე თვის წინ მთავრობის ხელმძღვანელმაც განაცხადა, რომ ამ ბაზარზე უცხოური პოპულარული ბრენდის შემოყვანა სურს, რომელიც მომხმარებელს საერთაშორისო დონის სერვისს შესთავაზებს.

ნონა ქვლივიძე