თაღლითობა ფასდაკლებით - კვირის პალიტრა

თაღლითობა ფასდაკლებით

საქართველოში "სეილებით" თაღლითობა აპრობირებული მეთოდი ყოფილა და მომხმარებელს ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას დიდი ყურადღება მართებს

სეზონური ფასდაკლება, კოლექციის ლიკვიდაცია, სხვადასხვა სადღესასწაულო აქცია - მსგავსი საბაბით სავაჭრო ობიექტებში "სეილები" ხშირად ცხადდება. თუმცა მომხმარებელი ბევრჯერ გაწბილებულა, როცა პროდუქციის ეტიკეტზე, ქაღალდის რამდენიმე ფენის ქვეშ, საწყისი ფასი აღმოუჩენია, რომელიც დიდად არ განსხვავდება ვითომ შემცირებულისგან. მსგავსი "სეილებით" მომხმარებელს ხშირად ატყუებენ. თუმცა რეალიზატორები მეტი პროდუქციის გაყიდვის სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ უფრო შორს წავიდნენ და, ფაქტობრივად, "ახალი სიტყვა" თქვეს მარკეტინგში, რაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც აღმოჩნდა, ფასდაკლებული პროდუქციის ჩამონათვალში ხშირად ხვდება მოკლევადიანი ან სულაც ვადაგასული პროდუქცია. ამას მხოლოდ მას შემდეგ მივაქციე ყურადღება, რაც ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის ყოფილმა კონსულტანტმა იმ დირექტივების შესახებ მიამბო, რომელსაც პერსონალს სამსახურში აყვანისას აძლევენ.

მომხმარებელი თითქმის ყოველთვის აკვირდება ვარგისიანობის ვადას კვების პროდუქტების შეძენისას, თუმცა ასე არ იქცევა, როცა საქმე, მაგალითად, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებს ეხება. რეალიზატორი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მომხმარებლის ფსიქოლოგიას, მის ამ ქცევას სათავისოდ იყენებს და ვადაგასულ ან მოკლევადიან პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებს. თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ არ ხდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ კონკრეტული პროდუქცია ფასდაკლებულთა ჩამონათვალში სწორედ ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო მოხვდა. მეტიც, ჩვენი რესპონდენტის, ყოფილი კონსულტანტის თქმით, მათ აქვთ მიცემული დირექტივა, რომ მომხმარებელს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელი ბრენდის რა პროდუქციის ყიდვა სურს, პირველ რიგში ის პროდუქცია შესთავაზონ, რომელსაც ვადა გასული აქვს ან მალე გაუვა. ამ ხრიკით მოტყუებული ათი მომხმარებლიდან ერთი მაინც ბრუნდება უკან პრეტენზიით, რომ გაყიდული პროდუქცია უკან დაიბრუნონ. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მომხმარებელთან მუდმივი კონფლიქტი, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა უკმაყოფილო მომხმარებლის მოლოდინის გამო, მისი სამსახურიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

დამსაქმებლის ინსტრუქტაჟის თანახმად, მათ უნდა დაერწმუნებინათ სამართლიანად დაეჭვებული მომხმარებელი, რომ ცდება და არსებობს ვადაგასული პროდუქციის დამატებითი ვარგისიანობის ვადა - მაგალითად, გახსნიდან 6 თვე.

დამატებითი ვადა ზოგიერთ პროდუქტებზე ნამდვილად არის მითითებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელსაც, მაგალითად, ერთ თვეში გამოყენების ვადა გასდის, თუ გაიხსნება, კიდევ ექვს თვეს იქნება ვარგისი.

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში "სეილებით" თაღლითობა აპრობირებული მეთოდი ყოფილა და მომხმარებელს ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას დიდი ყურადღება მართებს. მით უფრო, რომ ზოგი პროდუქტი სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება და ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამების კოორდინატორი: "არ არსებობს სტატისტიკა, რამდენად ხშირად ირღვევა მომხმარებლის უფლებები, რადგან ჩვენთან ეს საკითხი კანონით არ რეგულირდება. ერთადერთი გზა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი უფლებების დასაცავად რჩება, სასამართლოა, მაგრამ თუ ძალიან არ დაზარალდა, იქ არ წავა. მეტიც, დიდი ზარალის შემთხვევაშიც ბევრი მაინც მოერიდება, რადგან სასამართლო დავა დიდ დროსა და ხარჯს მოითხოვს, თანაც, თუ დავა მომჩივანის სასარგებლოდ არ გადაწყდება, შესაძლოა სასამართლოს თუ მეწარმის ხარჯებიც დაეკისროს. ევროკავშირში მაკონტროლებელი ორგანოები მუდმივად ამოწმებენ ბაზარს, მხილებულ მეწარმეს სოლიდურ ჯარიმას აკისრებენ და საქმიანობის შეცვლასაც აიძულებენ.

მომხმარებლები ყველაზე ხშირად სურსათის გამო მოგვმართავენ. სურსათის სააგენტო დარღვევის აღმოჩენისას მეწარმეს სჯის, მაგრამ მომხმარებელი ამით ზარალს ვერ ინაზღაურებს. ხშირია მომართვა, რომ არ ხდება საგარანტიო ვადაში ნივთის დაბრუნება ან შეკეთება. საგარანტიო ხელშეკრულებაში ხშირად არის მითითებული, რომ მეწარმე იღებს ნივთის შეკეთების ვალდებულებას, მაგრამ არა აქვს მისი დაბრუნების, ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. არადა, ხშირად ნივთი ისე ფუჭდება, რომ აღარ შეკეთდება. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი სრულიად დაუცველია. გაფუჭებული პროდუქციის დაბრუნების საკითხიც მეწარმის სასარგებლოდ წყდება. მომხმარებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნივთი მან კი არ გააფუჭა, არამედ თავიდანვე იყო უხარისხო. მტკიცების ტვირთი მომხმარებელზეა და როცა მეწარმესთან ვერ თანხმდება, კვლავ მხოლოდ სასამართლო გზა რჩება.

როცა ვადაგასული ან მოკლევადიანი პროდუქციის გაყიდვით, რომელსაც ვარგისიანობის ვადა შესაძლოა მოხმარების პროცესში ამოეწუროს, ადამიანის ჯანმრთელობა მიზანმიმართულად დგება საფრთხის ქვეშ ან ზიანი ადგება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ ამაზე როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, როცა არც ერთი სახელმწიფო ორგანო ბიზნესის კეთილსინდისიერ საქმიანობას თვალყურს არ ადევნებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლის ნაწილში აქცენტი გაკეთებული აქვს ფალსიფიკაციაზე და არა ასეთი ტიპის სხვადასხვა ხრიკზე, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეაცდინოს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია მომხმარებლის უფლებების დასაცავად კანონმდებლობის რეფორმირება, თუმცა ეს მხოლოდ 2019 წელს მოხდება. ცალკე საკითხია, ეს კონტროლი რამდენად სწრაფად და ეფექტიანად ამოქმედდება. რეფორმა ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც დღეს ამ სფეროში არის - კერძოდ, სხვადასხვა ხრიკით მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა, იქნება ეს მოტყუება, გარკვეულწილად ზეწოლაც, მომხმარებლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოყენება, ზეგავლენა ბავშვებზე, მოხუცებზე, მომხმარებლებზე, ვისაც დამოუკიდებლად უჭირს გადაწყვეტილების მიღება. აუცილებელია მაკონტროლებელი ორგანოს შექმნაც, რომელიც ბაზრის ზედამხედველობას გაუწევს და მომხმარებელი მხოლოდ სასამართლოზე არ იქნება დამოკიდებული.

ქართველ მომხმარებლებს არ გვიყვარს პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა. არადა, იქ ძალიან ბევრ სასარგებლო ცნობას აღმოვაჩენთ. უცხოურ პროდუქციაზე ხშირად არის მითითება "ბესტ ბიფორ" (ბესტ ბეფორე), რაც ნიშნავს, რომ უმჯობესია პროდუქციის გამოყენება ამ ვადამდე. ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ პროდუქცია უვარგისი იქნება, მაგრამ შესაძლოა საუკეთესო თვისებები დაკარგოს.

როცა არც კანონი გვიცავს და არც მაკონტროლებელი, მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა. საზოგადოებამ პოლიტიკურ ელიტას უნდა მოსთხოვოს მომხმარებლის უფლებების დაცვის პრიორიტეტული საკითხების რანგში აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვიქნებით".

ემა ტუხიაშვილი