Bitfury-მ, რომელიც ბიტკოინების რეკორდული გამომუშავებით გახდა ცნობილი, გლდანის დატაცენტრი გაყიდა - კვირის პალიტრა

Bitfury-მ, რომელიც ბიტკოინების რეკორდული გამომუშავებით გახდა ცნობილი, გლდანის დატაცენტრი გაყიდა

Bitfury ჯგუფმა რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ თბილისში, კერძოდ, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია.

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად.

"გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას აზიის ბაზარზე წარმატებული გაფართოვება გააგრძელოს“, - განაცხადა ვავილოვმა.

შეგახსენებთ, რომ Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი.

Chong Sing Holdings-ი კი ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ონლაინ ფინანსურ სერვისებს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.

Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ბლოკჩეინის ეკოსისტემაში ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული

პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ ბლოკჩეინის ქსელში აქტივების გადაადგილება.