"სასესხო პირამიდა აუცილებლად ჩამოიშლება"
"სასესხო პირამიდა აუცილებლად ჩამოიშლება"
კომერციულ ბანკებს აქვთ ბევრი ფული, ხოლო ამ ფულს სჭირდება "დასაქმება". დამტკიცებულ სესხებს სთავაზობენ მოსახლეობას, მათ შორის მათაც, ვისაც მანამდე პრობლემები ჰქონდა ბანკებთან ურთიერთობისას. ეს კი ცუდი და სახიფათო ტენდენციაა

ბოლო დროს ბანკები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს სწრაფ და ძალიან სწრაფ სესხს, რომლის მისაღებად ბანკში მისვლაც არ არის საჭირო და სატელეფონო შეტყობინებით თუ ინტერნეტბანკინგით 1 წუთში შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული თანხის გააქტიურება. ასეთი სესხების საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია და თითქმის არ
ჩამოუვარდება ონლაინ­საკრედიტო ორგანიზაციების შემოთავაზებებს. ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწრაფი სესხების სეგმენტში ბანკების გააქტიურება ონლაინსაკრედიტო კომპანიების ნაწილის ბაზრიდან გასვლამ გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში დღეს რაც ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც სასესხო პირამიდა, ის კი სადღაც აუცილებლად ჩამოიშლება.

ირაკლი ბერძენაძე, ფინანსისტი:
"ბანკების აქტივები დიდ ადგილს იკავებს ქვეყნის
ეკონომიკაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური სექტორის გარდა, სხვა დარგები არც არის განვითარებული და ეკონომიკა მონო­პოლიზებული აქვს საბანკო სექტორს.

ბოლო დროს ბანკები მოკლევადიან დაკრედიტებაზე გადავიდნენ - შეავსეს ონლაინსესხებისგან გამოთავისუფლებული სივრცე, რომელიც ბოლო 1 წელიწადში რეგულაციების დაწესების შემდეგ გაჩნდა.
მაღალი საპროცენტო განა­კვეთის გამო, სწრაფი და მოკლევადიანი სესხები ძალ­იან მომგებიანი პროდუქ­ტია ბანკისთვის, თანაც მათ ია­ფი ფულის მეტი რესურსი­ აქვთ.
საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია (50%-დან 99%-მდე), რომ მასში თავიდანვე არის გათვალისწინებული გადახდისუუნარობის რისკი. ასეთი პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება საბანკო პრაქტიკას სცილდება და არასაბანკო სექტორის ნაწილში გადადის. შესაბამისად, დღეს რომ მკითხოთ, რა განსხვავებაა ონლაინკომპანიებსა და ბანკებს შორის, მოკლევადიანი, მაღალპროცენტიანი დაკრედიტებისას, გეტყვით, რომ ფაქტობრივად არანაირი.

ამ ყველაფერმა სხვა სამწუხარო ტენდენციასაც მისცა დასაბამი - ადრე თუ ბანკები გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს ხელსაყრელი პროცენტით გასცემდნენ, ახლა იპოთეკურის გარდა, გრძელვადიან სესხებს თითქმის აღარ გასცემენ. მოსახლეობის სავალო ტვირთი კი იზრდება, იკლებს გადახდისუნარიანობა, რაზეც "კრედიტინფოს" ჩანაწერებიც მეტყველებს. არადა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, კომერციული ბანკი მომდევნო ეტაპია, სადაც შედარებით დაბალი პროცენტით შეგიძლია ფულის სესხება. მხოლოდ მას შემდეგ, თუ ბანკი უარს გეტყვის კრედიტზე, მიმართავ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას, ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით.

როცა საბანკო და არასაბანკო დაწესებულების პირობები გათანაბრებულია, ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორში არაჯანსაღი კონკურენციაა. ბანკების სიძლიერე ქვეყანაში გადახდისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობითაც განისაზღვრება. სამწუხაროდ, ჩვენთან მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. საქართველოში დღეს რაც ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც სასესხო პირამიდა - როცა ერთ ბანკში აღებული სესხის გასტუმრება გვიჭირს, ამისთვის სხვა ბანკში კიდევ სესხს ვიღებთ, შემდეგ მესამე ბანკს მივმართავთ წინა ორის გადასაფარავად. ამ გზით ვალდებულებები სულ უფრო იზრდება. სასესხო პირამიდა კი სადღაც აუცილებლად ჩამოიშლება და ჭარბვალიანობა მოქალაქეებს ბანკროტობამდე მიიყვანს. ეს ბანკებისთვისაც დიდი რისკია".

ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში:
"როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობისთვის იბრძვის, ბანკების კოლოსალური მოგება უკმაყოფილებას იწვევს და ბევრ კითხვას აჩენს. ამის თავიდან ასარიდებლად, ბანკები, ჩემი ვარაუდით, მოგების რეალურ მაჩვენებლებს არ ამჟღავნებენ. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მოგება ძალიან მცირეა, მიზერულია აქტივებთან შედარებით. დღეს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი მშპ-ის დაახლოებით 60%-ია. ამის კვალობაზე, მათი მოგება უნდა იყოს დაახლოებით ხუთჯერ მეტი, ვიდრე ნაჩვენები აქვთ. ეს ეჭვი დიდი ხნის წინ გამიჩნდა, როცა ვადარებდი მათ შემოსავალს სესხის პროცენტებიდან, ჯარიმა-საურავებიდან, გაწეულ ხარჯებს და სხვ. ბანკის მფლობელის ერთადერთი კანონიერი შემოსავალი შეიძლება იყოს განაწილებული მოგება, მიღებული დივიდენდის სახით, ბანკების უმეტესობა კი დივიდენდებს არ ანაწილებს, შესაბამისად, რისთვის მუშაობენ ეს კომერციული ბანკები, ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, ფაქტობრივად, გაურკვეველია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ბანკები არასრულად ასახავენ საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს. ამის დამადასტურებელი საბუთი შესაძლებელია გამოჩნდეს და ამოტივტივდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის შემოწმებისას.

ეროვნული ბანკის ბოლო შემაჯამებელი ანგარიშგება კომერციული ბანკების შესახებ გვეუბნება, რომ სავალო ტვირთი 1 კაცზე შეადგენს მისი განკარგვადი შემოსავლის 10%-ს. დაიჯერებთ, რომ მოქალაქე, რომელსაც აქვს ხელფასი თვეში 1000 ლარი, საშემოსავლოს გადახდის შემდეგ დარჩენილი 800 ლარიდან საბანკო ვალდებულებებს მხოლოდ 80 ლარით ემსახურება?
ქვეყნის ეკონომიკა დეფორმირებულია, მეტწილად განვითარებულია მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით, საფინანსო სექტორი და არა რეალური სექტორი. გონივრული საკანონმდებლო ბაზისა და საბანკო ზედამხედველობის პირობებში, კომერციული ბანკები შესაძლოა გახდნენ ქვეყნის რეალური სექტორის განვითარების ლოკომოტივი. სწრაფი და ძვირი სესხების გაცემით კი მოსახლეობის სავალო ტვირთი იზრდება და აგრეთვე, ხდება სავაჭრო სფეროს წახალისება.

გახსოვთ, ალბათ, 2008 წელს საბანკო სექტორში კრიზისს წინ საკრედიტო ბუმი უსწრებდა. საკრედიტო ოფიცრები მეტროში, სავაჭრო ობიექტებში, ქუჩაში ხვდებოდნენ მომხმარებლებს და პირადობის მოწმობით ურიგებდნენ საკრედიტო ბარათებს. ახლა, ფაქტობრივად, იმავე მდგომარეობაში ვართ და კვლავ საკრედიტო ბუმისკენ მივდივართ.
კომერციულ ბანკებს აქვთ ბევრი ფული და მას "დასაქმება" სჭირდება. დამტკიცებულ სესხებს სთავაზობენ მოსახლეობას, მათ შორის, მასაც, ვისაც მანამდე პრობლემები ჰქონდა ბანკებთან. ეს სახიფათო ტენდენციაა, რამაც ვშიშობ, ისევ სავალალო შედეგებამდე არ მიგვიყვანოს".

239 224 გადახდისუუნარო!

- შარშან საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ საქართველოში 869 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი მოგება "საქართველოს ბანკმა" მიიღო (371,75 მლნ ლარი), მას მოსდევენ თიბისი ბანკი (295,67) და ლიბერთი ბანკი (52,34).
- სესხებზე დაკისრებული ჯარიმა-საურავებიდან 2017 წელს კომერციულმა ბანკებმა ჯამში 77,14 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი (21,44 მლნ ლარი) ლიბერთი ბანკს ერგო, მას მოსდევენ თიბისი ბანკი (19,56) და "საქართველოს ბანკი" (14,99).
- 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 209,2 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს.
- 2017 წელს ბანკებში იპოთეკით 15 მლრდ ლარის უძრავი ქონება დაიტვირთა.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში ამჟამად 239 224 ჩანაწერია. ეს პირები "გადახდისუუნაროდ" მიიჩნევიან და მათ სახელზე რეგისტრირებული ანგარიშები და ქონება დაყადაღებას ექვემდებარება.
vvs
26 თებერვალი 2018 21:28
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში,სადაც მხოლოდ ბანკი,აფთიაქი და დიპლომების საბეჭდი სტამბა მუშაობს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები