შეამოწმეთ ელექტროენერგიის ქვითარი, თორემ შესაძლოა, ზედმეტი გადაიხადოთ!
26-02-2018
შეამოწმეთ ელექტროენერგიის ქვითარი, თორემ შესაძლოა, ზედმეტი გადაიხადოთ!
"იმდენჯერ მომიწია გასარკვევად მისვლა, რომ მარეგულირებელში ვიხუმრე, ბარემ ხელფასი დამინიშნეთ-მეთქი"

საზოგადოების ზოგიერთი წარ­მომადგ­ენელი აცხადებს, რომ "თელასის" კომუნალური გადასახადის ქვითრებში, მოხმარებული ელექტროენერგიის გამოანგარიშებისას, ცდომილებებს აწყდება. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა და მისი არგუმენტები მოისმინა.

გ.რ.:
- ყოველთვის არა, მაგრამ პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები. შარშან "ფეისბუკზე" შემთხვევით ვნახე ქვითრის ფოტო და პოსტი,­ რომლის ავტორიც დარღვევებზე წერდა. მანამდე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ შემდეგ დავინტერესდი და როცა ჩემი ქვითარი გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ
მეც იგივე პრობლემა მქონია - გადასახადი არ იყო დაანგარიშებული დახარჯული კილოვატების შესაბამისი ტარიფით.

- რას გულისხმობთ?

- ხომ არის დაწესებული დახარჯული­ კილოვატების მიხედვით 3 სახის ტარიფი? ქვითრის უკანა მხარესაც დატანილია განმარტება წვრილი, ნაკლებად შესამჩნევი შრიფტით: "101 კვტსთ
-ის ჩათვლით - 12,98 თეთრი/კვტსთ; 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 16,992 თეთრი/კვტსთ; 301-დან და მეტი - 21,4760 თეთრი/კვტსთ". მე დახარჯული მქონდა 285 კვტსთ, ანუ მეორე კატეგორიის ტარიფის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა "თელასს" გადასახადი უმაღლესი ტარიფით ჰქონდა დაანგარიშებული. მიზეზის მოსასმენად კომპანიაში დავრეკე. მათ ამიხსნეს: მარეგულირებელს დადგენილი აქვს ტარიფი, 30 დღეში რამდენ ელექტროენერგიასაც დახარჯავთ, გადასახადი იმის მიხედვით უნდა დავიანგარიშოთო. ჩემს ქვითარზე 29 დღის ანათვალი იყო. ამიტომ, როგორც ჩანს, ზეპირად დაუმატეს, საკუთარი ვარაუდით, რომ 30-ე დღეს ჩემ მიერ დახარჯული კილოვატების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა დანახარჯის მაღალი ტარიფით დასათვლელად. რომ ვიკითხე, რატომ არ მოვიდა თქვენი წარმომადგენელი 30-ე დღეს მონაცემების ჩასაწერად-მეთქი, პასუხი არ გამცეს. მოკლედ, სამართლის ძიებაში თვე-ნახევრის განმავლობაში მომიწია ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარულმა "თელასსა" და მარეგულირებელ კომისიას შორის. საბოლოოდ მარეგულირებელმა, მართალი ხართო! დაახლოებით 15-ლარიანი ცდომილება მეორე თვის გადასახადში გაას­წორეს და შემდეგი თვის თანხა სამართლიანად გადამახდევინეს. ასე დასრულდა პირველი გაუგებრობა.

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი­ ზუსტად იგივე განმეორდა. ისევ 29 დღის ანათვალი ჰქონდა აღებული "თელასის" წარმომადგენელს. დახარჯული მქონდა 295 კვტსთ და მიანგარიშეს მესამე ტარიფით (301 კილოვატიდან ზემოთ). დავრეკე კვლავ კომპანიაში და მარეგულირებელში გადამამის­ამართეს, კვლავ ვიარე წინ და უკან. საბოლოოდ ისევ მითხრეს, მართალი ხართო. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ არჩევანი შემომთავაზეს - თუ გნებავთ, კომუნალურის გადახდა დააგვიანეთ, "თელასს" ჩვენ ვაცნობებთ, რომ ზედმეტი თანხა გამოგდით გადახდილი და დენი არ ჩაგიჭრანო. პირველად თუ თვე-ნახევარი დამჭირდა, ამჯერად მალევე ვიპოვე სამართალი. თუმცა მალევე, 2017 წლის დეკემბერ-2018 წლის იანვრის ქვითარი რომ მომივიდა, ისევ ცდომილება აღმოვაჩინე. ამჯერად 34 დღეზე იყო თანხა დაანგარიშებული, შესაბამისად, დანახარჯი მეტი გამოდიოდა - უმაღლესი ტარიფის შესაბამისი. ისევ დავრეკე "თელასში"... თუმცა ამ ქვითარმა სხვა შეკითხვაც გააჩინა.

- კერძოდ?

- როგორც ვიცით, 1-ლი იანვრიდან მომატებული ტარიფი ამოქმედდა. დავინტერესდი, როგორ გამოითვალეს 2017 წლის დეკემბერ-2018 წლის იანვარში დახარჯული­ კილოვატების გადასახადი. ლოგიკურად ხომ ასეა - 31 დეკემბერს უნდა აეღ­ოთ ანათვალი. რაც მექნებოდა 31 დეკემბრის ჩათვლით დახარჯული, ძველი ტარიფით უნდა დაეანგარიშებინათ, დანარჩენი - ახლით. "თელასში" რომ ვიკითხე, როგორ დაიანგარიშეთ-მეთქი, მარტივად, საშუალო არითმეტიკულით გამოვიყვანეთო, - მიპასუხეს. მარეგულირებელს არც ერთი კანონი არა აქვს მიღებული, რომელიც დაადასტურებს, რომ საშუალო არითმეტიკულით გადაანგარიშების უფლება აქვს "თელასს". მარეგულირებელ კომისიაში ვიკითხე, ასეთი დათვლის მეთოდი საიდან მოიტანეთ-მეთქი და პასუხად მხრები აიჩეჩეს.
ახლა ველოდები, ამ 35-დღიან ანათვალს როდის გადმომიტანენ მეორე ტარიფზე.

მოკლედ, იმდენჯერ მომიწია გასარკვევად მისვლამ, რომ მარეგულირებელში ვიხუმრე, ბარემ ხელფასი დამინიშნეთ-მეთქი.­ რა ვალდებული ვარ, ყოველთვე ვიარო იქ, ვრეკო და ვიანგარიშო?!
ყველა კომუნალურ ქვითარს აქვს გრაფები თარიღისთვის, ჩვენების ტიპისთვის, ჩვენებისთვის, კოეფიციენტისთვის, კილოვატსაათისა და თანხისთვის, მაგრამ კოეფიციენტს, რომლითაც უნდა დაიანგარიშონ გადასახადი, აღარ წერენ. ნებისმიერი ქვითარი რომ აიღოთ, კოეფიციენტის გრაფა ყველგან ცარიელია.

- რას ამბობენ, რატომო?

- ბავშვური მიზეზები მოიგონეს, პროგრამაო... მაგრამ, როგორც ჩანს, "თელასს" არ აწყობს, რომ ტარიფი თვალსაჩინოდ ეწეროს, უფრო მეტი აბონენტი გადაიანგარიშებს და ნაკლები მოტყუვდება... მას შემდეგ ყოველთვის ვამოწმებ ელექტროენერგიის ქვითარს. ვიცი, ბევრი არ ამოწმებს, ეს ჩემთანაც წამოსცდა "თელასის" პატივცემულ წარმომადგენელს - მთელი თბილისი ასეა, არავინ ამოწმებსო. მართალია! ბევრი ჩემი ახლობელი ვიცი, პირდაპირ ხელფასიდან ეჭრება კომუნალური გადასახადები ისე, რომ ქვითარში არც იხედება. ბედნიერებს, სჯერათ, რომ გადამოწმება აუცილებელი არ არის. რომ არა უცნობის პოსტი, არც მე გადავამოწმებდი.

ვალერი ფანცულაია, "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:


- "თელასის" აბონენტების ქვითრებზე არ არის მითითებული კოეფიციენტი. ეს გრაფა ყოველთვის ცარიელია, არადა, საჭირო რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც შეიტანდნენ ქვითარში.

- თუ აბონენტის მრიცხველი არის პირდაპირი ჩართვის, და ასეა მიერთებული მოსახლეობა, მაშინ არ მიეთითება კოეფიციენტები. თუ მრიცხველი არაპირდაპირ არის ჩართული, მაშინ მითითებულია დენის ტრანსფორმატორის კოეფიციენტი. ასეთია, ძირითადად, საწარმოები, ქარხნები და მეწარმეები.

- როგორ მოხდა სააბონენტო გადასახადის გამოთვლა 2017 წლის დეკემბერ-2018 წლის იანვრის პერიოდში გაცემულ ქვითრებში? თქვენ ბრძანეთ, რომ "ჩვეულებრივ", დეკემბრის ბოლომდე - ძველი ტარიფით, შემდეგ - ახლით. თუმცა ამ მეთოდით დაანგარიშებისთვის საჭირო იქნებოდა 2017 წლის 31 დეკემბრის საღამოს 12 საათის ჩვენებები. რაკი ისინი არ არსებობს, შესაბამისად, გადასახადი სხვაგვარად არის დაანგარიშებული. სწორედ ეს მაინტერესებს, რა მეთოდით დაანგარიშდა?

- მოქმედი საფეხურებრივი ტარიფით, გადასახადი დაიანგარიშება 30 კალენდარული დღის მოხმარების მიხედვით. მრიცხველების ჩვენებას იღებენ ეტაპობრივად, ქალაქის უბნების მიხედვით. ამ შემთხვევაში, როცა იანვარში ახალი ტარიფი შევიდა ძალაში და დეკემბერში კი ძველი ტარიფი მოქმედებდა, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად: დეკემბერში ჩვენების აღების შემდეგ თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე მომხმარებელს საფასური დაერიცხა დეკემბერში მოქმედი ძველი ტარიფით, ხოლო იანვრის დღეების ხარჯი დაანგარიშდა ახალი, მომატებული ტარიფით. კერძოდ, ჯერ იანგარიშეს 1 დღის საშუალო მოხმარება, რომელიც მიიღება თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაყოფით 30 დღეზე. შემდეგ, 1 დღის საშუალო მოხმარება, გამრავლებული დეკემბრის დღეების რაოდენობასა და დეკემბრის ტარიფზე, პლუს 1 დღის მოხმარება, გამრავლებული იანვრის დღეების რაოდენობასა და იანვარში მოქმედ ტარიფზე, შეადგენს მომხმარებლის გადასახადს.

- რა მეთოდიც უნდა გამოეყენებინათ გადასახადის დაანგარიშებისთვის, იყო თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული მარეგულირებელი კომისია?

- ჩვენი კომერციული აღრიცხვის ციკლი და პროცედურები შეთანხმებულია სემეკთან.

- მსგავს სიტუაციებში, როცა ტარიფი იცვლება, მარეგულირებელი კომისია ტარიფის შეცვლის დადგენილებას თუ ურთავს ინსტრუქციას, როგორ უნდა მოხდეს სააბონენტო გადასახადის გამოთვლა ამ გარდამავალი "ორტარიფიანი" პერიოდისთვის?

- ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის საფასური, როგორც მოგახსენეთ, დაიანგარიშება კომპანიაში მოქმედი წესების შესაბამისად, რომელიც სემეკთან შეთანხმებულია.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით