ფასიანი "საჩუქარი" - კვირის პალიტრა

ფასიანი "საჩუქარი"

პროდუქციის შესარჩევად, ტესტერები მომხმარებელს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს, სწორედ ამ მიზნით ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების წარმომადგენლობები საქართველოში სარეალიზაციო ქსელებს ტესტერებს აწვდიან, თუმცა ჩვენთან ამ პროდუქციას ყიდიან... (?!)

დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტის შესახებ. კანონში წერია, რომ საქონლის გაყიდვისას ან მომსახურებისას გამყიდველი ვალდებულია, მომხმარებელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია გასაყიდ საქონელსა და მომსახურებაზე. ყალბი ინფორმაციის მიწოდებისთვის გამყიდველი პასუხს აგებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თუმცა, ჩვეულებისამებრ, ასეთი პასუხისმგებლობა არ დგება, რადგან მოტყუებულ მომხმარებელს ხშირად არ უღირს საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში დავა, რადგან მტკიცების ტვირთთან ერთად, მას სასამართლო ხარჯის გაღება და ხანგრძლივად ლოდინი მოუწევს.

"კვირის პალიტრის" ერთ-ერთ წინა ნომერში გიამბეთ, როგორ ატყუებენ მომხმარებელს, როცა თითქოს ფასდაკლებისა თუ წამახალისებელი აქციის საბაბით რეალიზატორები ვადაგასულ ან მოკლევადიან პროდუქციას სთავაზობენ. რადგან ქვეყანაში არ არსებობს ქმედითი მექანიზმი, მაკონტროლებელი უწყება, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს, არაკეთილსინდისიერი მეწარმისა თუ რეალიზატორისგან მომხმარებლის დაცვის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება მისი ინფორმირებულობაა.

მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკით, ჰიგიენური ან კოსმეტიკური პროდუქციის შეძენამდე მომხმარებელს შეუძლია, სასურველი პროდუქტი ტესტერის საშუალებით შეარჩიოს. კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი თითქმის ყველა ბრენდი სწორედ ამ მიზნით ამზადებს ტესტერებს, რომლებიც მომხმარებელს პროდუქციის შესარჩევად უსასყიდლოდ გადაეცემა. ამასთან, სწორედ ამ ტესტერების საშუალებით აცნობენ მომხმარებელს ახალ პროდუქციას, მის მახასიათებლებს. ამ მიზნით ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების წარმომადგენლობები საქართველოში სარეალიზაციო ქსელებს ნაცნობი თუ ახალი პროდუქციის ტესტერებს აწვდიან, თუმცა რეალიზატორები ამ პროდუქციას სულ სხვა დანიშნულებით იყენებენ - ისინი ხშირად ტესტერებს ყიდიან, არადა, უფასოდ უნდა გადაეცეს მომხმარებელს.

ზოგჯერ, თუ მომხმარებელი განსაზღვრული რაოდენობის ან ღირებულების სხვა პროდუქციას შეიძენს, მას ტესტერი ბონუსად გადაეცემა.

როგორც გავარკვიეთ, ასეთი "საჩუქარი" ხშირად იმ პროდუქციას მოჰყვება, რომლის გაყიდვასაც რეალიზატორი ჩქარობს, მათ შორის - მოკლევადიანს; ან ასეთი საჩუქრით ცდილობენ, დააინტერესონ მომხმარებელი, რომ სხვა პროდუქციაც გაყიდონ. ჩვენი ინფორმაციით, არის შემთხვევებიც, როდესაც ტესტერებს სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები ითვისებენ, ან საკუთარ თანამშრომლებს წაახალისებენ, ამიტომ ძალიან იშვიათად შეხვდებით ადგილობრივ ბაზარზე სავაჭრო ობიექტს, თუნდაც ბრენდულ მაღაზიათა ქსელს, სადაც ტესტერს დანიშნულებისამებრ იყენებენ. როგორც ჩანს, მომხმარებლის მოტყუების ხარჯზე შემოსავლის მიღება საქართველოს ბაზარზე მანამ გაგრძელდება, სანამ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ქმედითი მექანიზმი არ შეიქმნება, ან რომელიმე ცნობილი ბრენდი არ აღმოაჩენს, რომ მის მოწოდებულ უფასო ტესტერებს საქართველოში ბაზრობებზე ყიდიან.

მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე:

- ტესტერი არ არის გასაყიდი პროდუქტი და ამის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს. არ არსებობს კანონი, რომელიც ამას აკრძალავს და რეალიზატორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, გადასცემს მომხმარებელს საჩუქრად ტესტერს თუ გაყიდის. სავაჭრო ობიექტს შეუძლია, ვადაგასული პროდუქტიც გაყიდოს, მაგრამ მომხმარებელი ამის შესახებაც უნდა იყოს ინფორმირებული. მთავარია, მომხმარებელი არ მოატყუო და თუ საფრთხე არსებობს პროდუქციასთან დაკავშირებით, აცნობო. თუკი კომპანია მომხმარებელს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას პროდუქციის შესახებ, ის არღვევს მომხმარებელთა უფლებებს. ამასთან, ერთია მომხმარებელთა უფლებები და მეორე - ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია.

არის შემთხვევები, როცა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პროდუქციის ჩვენთან გაყიდვისას მომხმარებელს საჩუქრად გადასცემენ მეორე ბრენდის პროდუქციის ტესტერს, არადა, ნებისმიერი კომპანია სწორედ იმიტომ იღებს დამატებით ხარჯს და ამზადებს ტესტერებს, რომ საკუთარი პროდუქციით მომხმარებელი დააინტერესოს, ჩვენთან კი - პირიქით, ერთს თუ იყიდის, მეორეს ვითომ ვჩუქნით, ეს მეორე, საჩუქრად მიღებული პროდუქტი კი, შესაძლოა, პირველის კონკურენტიც იყოს.

ასეთი ფაქტების გახმაურება ცუდად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ტესტერის დანიშნულებაა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს კონკრეტული პროდუქციის შესახებ და, ცხადია, ის უფასოა, საქართველოში კი, სამწუხაროდ, მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ.

ემა ტუხიაშვილი