როგორ "პრავდებოდა" უნებართვო მშენებლობები - კვირის პალიტრა

როგორ "პრავდებოდა" უნებართვო მშენებლობები

"სანამ ბინის შეძენას გადაწყვეტთ, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაამოწმეთ, თქვენთვის საინტერესო ობიექტზე არის თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა"

მხოლოდ ბოლო ორ თვეში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ეხება სამშენებლო კომპანია "სვეტს", რომელიც მშენებლობის ნებართვის უქონლობის გამო ერთ-ერთ ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ვერ ახერხებს, არადა, ბინები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ მობინადრეებისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზი მთავრობის #41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებაა, რომელიც მეტწილად სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ეხება. თუმცა ამ ნორმის ამოქმედებისას ითქვა, რომ ახალი მოთხოვნები მხოლოდ 2017 წლიდან დაწყებულ მშენებლობებს შეეხებოდა, კომპანიას კი ამჟამად შეჩერებული პროექტები გაცილებით ადრე აქვს დაწყებული. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ კომპანია მშენებლობას უნებართვოდ და შესაბამისად, უკანონოდ აწარმოებდა, ახლა კი ახალ ნებართვას მანამ ვერ აიღებს, სანამ უკვე სანახევროდ აშენებულ კორპუსებს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.

"კვირის პალიტრამ" თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ინფორმაციისთვის მიმართა, საიდანაც გვაცნობეს, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით 160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება. აქედან 84 სუბიექტზე შედგა შემოწმების აქტი, ხოლო 43 სუბიექტზე მიღებულ იქნა დადგენილება. ამ დადგენილებებიდან 13 მიღებულია სუბიექტის დაჯარიმების, ხოლო 30 მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე. ჯამში ზემოაღნიშნულ პერიოდში 46 ობიექტი შეჩერდა.

თბილისის მერმა რამდენჯერმე აღნიშნა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთო.

როგორც ირკვევა, ზოგიერთი დეველოპერი მშენებლობას უნებართვოდ იწყებდა, რათა დრო არ დაეკარგა და ახალი შეკვეთების ფული აეღო - იმ იმედით, რომ ნებართვას მოგვიანებით აიღებდა და ყველაზე დიდი 8 ათასი ლარის ჯარიმას გადაიხდიდა.

ახალი მოთხოვნებით კი ეს აღარ გამოვა და სავარაუდოდ, თბილისში გაიზრდება კანონდამრღვევი სამშენებლო კომპანიებისა და შესაბამისად, შეჩერებული მშენებლობების რაოდენობა.

რა ბედი ეწევა ამ მშენებლობებში ბინების მომლოდინე მობინადრეებს, ერთხელ უკვე გადატანილი მასშტაბური სამშენებლო კრიზისისა და ათასობით დაზარალებულის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

თორნიკე აბულაძე, მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი, სამშენებლო კომპანია "არსის" დირექტორი: "2008 წლამდე სამშენებლო სექტორში არსებობდა სწორი ბიზნესმოდელის პრობლემები, რამაც კრიზისი გამოიწვია. ომი და ფინანსური კრიზისი რომც არ ყოფილიყო, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი მაინც დაიწყებოდა. იმავე პრობლემებს ვაწყდებით დღესაც და ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება. უნდა გაჩერდეს კიდეც! თუ კომპანიამ უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მშენებლობის შეჩერებას შესაძლოა დაზარალებული მობინადრეების ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს? როგორც კი სახელმწიფო ასეთ უკანონობაზე თვალს დახუჭავს, მე, კომპანია "არსის" დირექტორი, გპირდებით, რომ მეც დავიწყებ უკანონო მშენებლობას. თუ ეს ვინმეს გაუვა, მაშინ მეც გავაკეთებ ამას.

დღეს გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე - ერთია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამშენებლო ობიექტებზე, რასაც, ფაქტობრივად, არავინ იცავდა მოქმედი სტანდარტებით. შესაბამისად, ჯარიმების გამკაცრების შემდეგ მივიღებთ ბევრ მშენებლობას, რომლებიც შემოწმების შემდეგ გაჩერდება. ვფიქრობ, დაახლოებით სამი თვე დასჭირდებათ ასეთ კომპანიებს, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ სამშენებლო უსაფრთხოება და მშენებლობა განაგრძონ. რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს და ამაში ვგულისხმობ უნებართვო მშენებლობებს, ახლა მათ გამოავლენენ და შეაჩერებენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს - მოგეხსენებათ, ძალაში შევიდა ახალი ნორმა სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ, რომლებიც უკვე პროექტირებისას უნდა აისახოს. ვისაც უნებართვოდ ჰქონდა დაწყებული მშენებლობა იმ იმედით, რომ შემდგომში მას მერიაში შეათანხმებდა, კანონის გამკაცრებამ მოუსწრო. დაწყებული პროექტები მოთხოვნებს აღარ პასუხობს. ეს უკვე დიდი პრობლემაა, რადგან ასეთი სახლები ვეღარ "გაპრავდება", როგორც ადრე, მხოლოდ 8-ათასლარიანი ჯარიმის გადახდით.

ახლა უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარია, განმეორებით შემთხვევაში კი - 50 ათასი.

არადა, ქვეყანაში ახლა სამშენებლო ბუმია. 2014 წლის შემდეგ დღემდე, ყოველ წელს, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ახალ მშენებლობებში უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი. ერთადერთი გამონაკლისი 2015 წელი იყო, როცა 9%-იანი ვარდნა გვქონდა, რადგან ლარი-დოლარის კურსის რყევა სწორედ მაშინ დაიწყო. ესეც მეტყველებს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია და მიწოდებაც შესაბამისი. ყოველივე ამის გათვალისწინებით გვექნება მძიმე შემთხვევები, როცა კონკრეტული დეველოპერები და შესაბამისად, მოსახლეობა, რომელსაც თანხები აქვს შეტანილი სამშენებლო პროექტებში, სადღაც "გაიჭედებიან". თუმცა კრიზისს ეს არ გამოიწვევს, რადგან ბევრად მეტია დეველოპერი, ვინც კეთილსინდისიერად აშენებს.

რაც შეეხება მშენებლობის ხარისხს, დღეს ეს საკითხი კანონით არ რეგულირდება. მენაშენეთა ასოციაცია უახლოეს მომავალში აპირებს გამოვიდეს წინადადებით, რომ ეს საკითხებიც დარეგულირდეს კანონში ნორმების შეტანით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3-4 წელიწადში მშენებლობის ხარისხი, მანამდე არსებულთან შედარებით, გაუმჯობესდა და ეს მომხმარებლის მოთხოვნებმა განაპირობა".

დავით მუმლაძე, ადვოკატი: "თუ მერია ერთხელ მაინც დახუჭავს თვალს სამშენებლო კომპანიების უკანონო ქმედებებზე, უბრალოდ, კანონი აღარ აღსრულდება. რაც შეეხება იმ მენაშენეებს, რომლებიც შესაძლოა ამის გამო დაზარალდნენ, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს კანონისმიერი შეთანხმება დეველოპერსა და კლიენტს შორის. კომპანიას უნდა ჰქონდეს აქტივი, რომლითაც შემდგომში დაზარალებულებს დააკმაყოფილებს. ამის გარეშე ეს ადამიანები დაზარალდებიან.

ერთია ზედამხედველობის სამსახურის კონტროლი, მეორე კი დეველოპერის კეთილსინდისიერება, მაგრამ უძრავი ქონების შეძენის მსურველთა პასუხისმგებლობაზეც უნდა ვისაუბროთ. მათ შეუძლიათ მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაამოწმონ, არის თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა მათთვის საინტერესო ობიექტზე. გარდა ამისა, კარგი იქნება პროცესში იურისტის ჩართვა, რადგან ხშირად დეველოპერების შემოთავაზებული ხელშეკრულებები მხოლოდ კომპანიების ინტერესებზეა მორგებული. საჭიროა უფლება-მოვალეობების დაბალანსება მყიდველსა და მშენებელს შორის, მყიდველი უნდა დაინტერესდეს კონკრეტული კომპანიის უკვე დასრულებული პროექტებით. ამ შემთხვევაში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს მეტი გარანტია ექნებათ, რომ არ დაზარალდებიან".

ემა ტუხიაშვილი