რა გადაარჩენს მთავარობას არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან - კვირის პალიტრა

რა გადაარჩენს მთავარობას არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან

რამდენიმეწლიანი სიჩუმის შემდეგ, გაზის მაგისტრალური მილსადენის თემა ისევ გაიხსენეს. ამის მიზეზი გაზსადენის იმ სახელმწიფო ობიექტების ნუსხიდან ამოღება გახდა, რომლებიც "სტრატეგიულად" არის მიჩნეული და პრივატიზებას არ ექვემდებარება. ჩრდილოეთი-სამხრეთის გაზსადენი, რომლის რეაბილიტაციაში ამერიკის მთავრობამ მილიონები ჩადო, საპრივატიზაციო ნუსხაში ჯერ შეტანილი არც იყო, როცა ხელისუფლების წევრები ამბობდნენ, რომ მომავალში ის შესაძლებელია გაიყიდოს.

ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, გაზსადენის პრივატიზებაზე საუბარმა კვლავაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, და არა მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა შორის. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა "გაზპრომის" ავისმომასწავებელი განზრახვის შესახებაც, რომელმაც ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე გაზის ყველა მსხვილ პროექტს ოფიციალურად დაადგა თვალი და დაინტერესება გამოხატა.

ჩრდილოეთი-სამხრეთის გაზსადენის დასაკუთრების მისი სურვილი კი ისედაც კარგად იყო ცნობილი. მთავრობამ ორ ეტაპად დაიხია უკან: თავდაპირველად ითქვა, რომ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, მაგისტრალზე კონტროლს სახელმწიფო არასოდეს დათმობსო. თითქოს საფრთხემ ჩაიარა, მაგრამ ალბათ ასე მიაჩნდათ მაშინაც, როცა გაზსადენის გაყიდვა მთავრობას პირველად გადააფიქრებინეს... კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოების მხრიდან მთავრობის მუდმივი კონტროლი აუცილებელია.

"სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ობიექტის "სტრატეგიულობაზე" საუბარი მოძველებული მიდგომაა და თავის დროზე "თელასი" ან მსგავსი ენერგოობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში რომ დარჩენილიყო, ქვეყანას დენი და გაზი არ ექნებოდა და ენერგოპრობლემები სწორედ მათი პრივატიზების შემდეგ მოგვარდა.

მთავრობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლეს, რომ საწარმოს სახელმწიფოზე უკეთ კერძო მფლობელი მართავს. და ეს განცხადება მაშინ კეთდება, როცა ორიოდე დღის წინ კერძო მესაკუთრე პანტიკო თორდიას "თბილავიამშენი", ფაქტობრივად, ჩამოართვეს და თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენით რუსული გაზი საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის და მისი დიდი ნაწილი სომხეთში ტრანზიტით გადის. საქართველოს ტრანსპორტირების საფასურად გატარებული გაზის 10% ოფიციალურად რჩება (მტკიცების მიუხედავად, რომ რუსული გაზი აღარ გვჭირდება, "გაზპრომის" გაზი მაინც შემოდის და ის მსხვილ საწარმოებს მიეწოდება). გაზსადენის გაყიდვაზე საუბარი პირველმა ეკონომიკის მინისტრობის დროს კახა ბენდუქიძემ დაიწყო. აგრესიული პრივატიზაციის ხელმძღვანელმა სწორედ მაშინ თქვა, რომ სტრატეგიული ობიექტი არ არსებობს და "ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს, ნამუსის გარდა".

ახლაც მთავრობის წევრები იმავეს იმეორებდნენ, რასაც თავის დროზე კახა ბენდუქიძე ამბობდა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ფლობს მილსადენს. თუ გადაკეტვა უნდა, გაზს საერთოდ აღარ შემოიტანს". გაზსადენის მიყიდვაზე მაშინ ბენდუქიძე რუსებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. "გაზპრომი" მილსადენის სანაცვლოდ ქართულ მხარეს 2005 წელს ჰპირდებოდა, რომ გაზს მომდევნო ათი წლის განმავლობაში არ გაუძვირებდა. იგი მზად იყო, მილსადენში, სულ ცოტა, 250 მილიონი დოლარი გადაეხადა (მილსადენის რეალური ღირებულება დღესაც არ არის განსაზღვრული).

გაყიდვამდე საქმე აშშ-ის ჩარევის გამო ვეღარ მივიდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის განზრახვაზე ხელი რომ აეღებინებინა, მაშინ თბილისში ჯერ შეერთებული შტატების დიდმოხელეები ჩამოვიდნენ, შემდეგ კი ამერიკის მთავრობამ "ათასწლეულის ფონდის" მეშვეობით ასეულობით მილიონი დოლარი გამოყო, მათ შორის გაზსადენის რეაბილიტაციისთვის - მისი გაყიდვის აუცილებლობას საქართველოში მისი ცუდი ტექნიკური მდგომარეობით ხსნიდნენ, რის გამოსწორებასაც ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდებოდა.

წლების წინაც და ახლაც ექსპერტები ამბობენ, რომ მაგისტრალური გაზსადენის მიმართ ინტერესი, ერთადერთი, რუსეთს შეიძლება ჰქონდეს, სხვას ამ მილის მიმართ კომერციული ინტერესი არ ექნება - რუსეთი, როგორც ევროპაში, ისევე კავკასიაში, ზეგავლენის მოპოვებას "გაზპრომის" მეშვეობით ცდილობს. თუ მილსადენი მის ხელში აღმოჩნდება, ევროპა გაზის ალტერნატიულ პროექტებს, რომლებმაც საქართველოზე უნდა გაიარონ, უნდა დაემშვიდობოს.

"გაზპრომი", რომლის დიდი ხნის სურვილია საქართველოს გავლით ირანული გაზის ევროპაში გატანა, ამ გაზსადენით შუა აზიასა და ირანის აირს საკუთარი გაზის ინფრასტრუქტურაში მოაქცევს და ერთადერთ მონოპოლისტად იქცევა. ამით რუსეთი შეძლებს, პოლიტიკური დიქტატი დაამყაროს მთელ ევროპაზე, შუა აზიასა და დსთ-ის ქვეყნებზე.

ამასთან, მილსადენის მფლობელმა რომ მოინდომოს, შეუძლია აზერბაიჯანს შაჰდენიზიდან გაზის თბილისის მიმართულებით გატარებაზე უარი უთხრას - შაჰდენიზის მილსადენი მაგისტრალურს 300 მეტრიანი მილით გარდაბანთან უკავშირდება.

მილსადენის გაყიდვაზე საუბრის ხელახლა დაწყება, ექსპერტთა აზრით, უფრო პოლიტიკური შანტაჟია, რასაც საქართველოს ხელისუფლება დროდადრო უწინაც მიმართავდა. ექსპერტებისა და პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვა დასავლური კურსიდან გადახვევის ტოლფასი იქნება, რასაც აშშ-ის მთავრობა არ მოიწონებს.

არც ისაა გამორიცხული, რომ დეფიციტში მყოფ ბიუჯეტს თანხები სჭირდებოდეს და მის მოზიდვას მთავრობა სწორედ მსხვილი ობიექტების გაყიდვით ცდილობდეს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში ჯერ კიდევ შემორჩა.

მოგვიანებით მთავრობამ სცადა, საკითხის სიმწვავე შეერბილებინა. ითქვა, რომ გაზსადენის ბედი ჯერ თურმე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ყოფილა და კანონპროექტი პარლამენტმა შემოდგომით უნდა განიხილოს. ბოლოს განმარტება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა, რომ სახელმწიფო მაგისტრალური გაზსადენის მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტს არასოდეს გაყიდის. შესაძლოა გასხვისდეს გაზსადენის მფლობელი კომპანიის აქციათა 10-15%, ისიც მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ციფრების ენით

- რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია "გაზპრომი", ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ყველა მსხვილი გაზის პროექტით დაინტერესდა. „გაზპრომი" British Petroleum-ისგან (BP) აზერბაიჯანის კასპიის პროექტში, შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე წილის შესყიდვით არის დაინტერესებული. საბადოს მარაგი 1,2 ტრილიონი კუბური მეტრია. BP თავისი 25,5%-იანი წილით პროექტის ტექნიკური ოპერატორია. იგივე წილი პროექტში შტატოილ-საც გააჩნია.

ნონა ქვლივიძე