"ეროვნული ბანკის მიზანი არც კურსის მერყეობაა და არც მისი გამყარება" - კვირის პალიტრა

"ეროვნული ბანკის მიზანი არც კურსის მერყეობაა და არც მისი გამყარება"

ცოტა ხნის წინ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი კიდევ ერთხელ საგრძნობლად შეიცვალა. ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა, დახლებზე პროდუქცია გაძვირდა და გაჩნდა არასტაბილურობის განცდა. მით უფრო, რომ ექსპერტები შემოდგომისთვის ლარის კურსის ვარდნას კიდევ პროგნოზირებენ...

არჩილ მესტვირიშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი): "ვალუტის კურსის ისეთი მერყეობა, როგორიც მსოფლიომ ბოლო ორი წლის განმავლობაში იხილა, თუნდაც მაგალითად ევრო/დოლარის, ძალიან იშვიათია. გლობალიზაციამ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა უფრო მერყევი გახადა. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა და თავისუფალია ვალუტის კურსი, მით უფრო მერყევია სხვადასხვა ფულის ერთეულის მიმართ.

ასევეა საქართველოში: რაც უფრო აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გვექნება სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც უფრო განვითარდება ფინანსური ბაზრები, მით უფრო განვითარებული ეკონომიკა გვექნება და შესაძლებელია, კურსის მოკლევადიანი რყევები მომავალშიც აღინიშნოს, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა.

საქართველოში სხვადასხვა გარემოების გამო, მიუჩვეველი ვიყავით ლარის კურსის მერყეობას დოლარის მიმართ და ბუნებრივია, რომ ამას მოსახლეობა არაერთგვაროვნად აღიქვამს. სხვა ქვეყნებს თუ გადახედავთ, მაგალითად, შედარებით განვითარებული ეკონომიკის მქონე მეზობელ თურქეთს, მათი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ მაღალი მერყეობით ხასიათდება იმავე დოლარის მიმართ.

იმავეს თქმა შეიძლება პოლონურ და ჩეხურ ვალუტაზეც, მაგრამ ეს არავის უკვირს. მოკლევადიანი რყევები კურსის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა, ანუ მას შეუძლია თავის თავზე აიღოს გარე შოკები. კურსი რომ ფიქსირებული გვქონდეს, მაშინ ის შოკი, ზოგი დადებითი და ზოგი უარყოფითი, ეკონომიკურ ზრდაზე, უმუშევრობაზე, ფასებზე აისახება.

ეს კი კურსის ცვალებადობაზე უფრო მტკივნეული იქნებოდა. ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც კურსი ფიქსირებულია და ვალუტა არ მერყეობს, ჩვენზე მეტად განვითარებული ეკონომიკის მიუხედავად, გაცილებით უფრო დიდ პრობლემებთან უწევთ გამკლავება. ფიქსირებული (არამერყევი) კურსის ნაკლოვანებების ნათელი მაგალითია ასევე საბერძნეთი.

- შესაძლოა ბაზარზე დოლარის მასა განზრახ შეიზღუდოს, რაც მის ფასს ზრდის და კურსის გამყარებას იწვევს.

- მოდით დავსვათ კითხვა: ვინ არის ვალდებული, ბაზარზე იმდენი დოლარი გამოიტანოს, რამდენის ყიდვაც იმ დღეს კონკრეტულ კომპანიას სურს? ან ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში დაიწყო მკვეთრი ეკონომიკური ზრდა და ბაზრის მსხვილმა მონაწილეებმა ერთდროულად გადაწყვიტეს მარაგების გაზრდა და დოლარის შეძენა დაიწყეს. ვინ არის ვალდებული, რომ მათი ეს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს?

- სავალუტო აუქციონი, ანუ ყოფილი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა. ასე არ არის?

- საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ყველაზე ოპტიმალურია მსგავსი ეკონომიკის ქვეყანაში მაღალი და სტაბილური ეკონომიური ზრდისთვის. შესაბამისად ეროვნული ბანკის მიზანი არ გახლავთ და ვერც იქნება ვალუტაზე ამგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ანუ რეზერვების ხარჯზე იმპორტის სუბსიდირება. ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ბაზარმა და არა ეროვნულმა ბანკმა.

შესაბამისად თუ მოთხოვნა/მიწოდების შორის დისბალანსს აქვს არადროებითი საფუძველი, ვალუტის ფასი უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც ხდება სხვა საქონლის შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ კურსის შემთხვევაში ეს უფრო სწრაფად ხდება. ჩვენ მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები მაკრეკონომიკური სტაბილურობის მიზანს ემსახურება.

უფრო გასაგები რომ იყოს, საკითხს სხვაგვარად მივუდგეთ. რა მოხდება, თუ ყველას იმდენ დოლარს მივაწვდით, რამდენის შეძენასაც მოისურვებენ და ამას ბაზარი ვერ აკმაყოფილებს (ანუ ეს ნიშნავს, რომ კურსი უნდა გაუფასურებულიყო, მაგრამ ჩვენ ის ხელოვნურად დავიჭირეთ)? არ იფიქროთ, რომ ამით ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდება, პირიქით, სულ უფრო გაიზრდება და საბოლოოდ, უკეთეს შემთხვევაში, სავალუტო კრიზისს მივიღებთ. ასე რომ, კურსის არც მერყეობა, არც გამყარება ან გაუფასურება ეროვნული ბანკის მიზანი არ არის. ასევე ვერ იქნება და არც არის ეს ჩვენგან მართული პროცესი.

- ასეა თუ ისე, გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელ ცვალებადობას შედეგებიც მოჰყვა. არა მხოლოდ მომხმარებლებში ატყდა პანიკა, არამედ მსხვილმა კომპანიებმაც უმალ გაზარდეს ფასები. ეროვნულმა ბანკმა ურჩია კიდეც მათ მაკროეკონომიკის სპეციალისტების აიყვანა, რათა აჟიოტაჟს აღარ აჰყვნენ. რატომ დასჭირდა თქვენი რჩევა მსხვილ კომპანიებს?

- მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ჩვენ გვქონდა ფიქსირებული, ხოლო შემდეგ მკაცრად მართული გაცვლითი კურსი, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო ოპტიმალური არჩევანი. თავისუფალ გაცვლით კურსზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მომავალი სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის, ბოლო წლებში გადავდივართ. ჩვენი დამოუკიდებელი ვალუტის შემოღების შემდეგ ლარის მასა დაახლოებით 200-300 მილიონი იყო, ასევე ძალიან ცოტა იყო ბანკებში ლარის დეპოზიტები.

2002-2003 წლებში, როდესაც პირველად დავიწყე ეროვნულ ბანკში მუშაობა, ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე 30-40 მილიონი ლარი იყო და 60 მილიონამდე გაზრდაც კი უკვე საფრთხეს უქმნიდა კურსის გაუფასურებას. დღეს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე, როგორც წესი, 200 მილიონ ლარზე მეტია და იყო შემთხვევები როდესაც 500 მილიონს აჭარბებდა კიდეც, ანუ ქვეყანაში ლარის მასა იყო მინიმალური, რამდენიც ტრანზაქციებისთვის იყო საჭირო.

ლარი თუ არ არსებობდა, შესაბამისად, კურსიც სტაბილური იყო. ეკონომიკა მოკრძალებული ტემპით იზრდებოდა, რასაც არსებული ფულის მასა უზრუნველყოფდა. არ იყო ინვესტიციების შემოდინება, ქართული ბანკები და კომპანიები ვერ სესხულობდნენ ფულს საერთაშორისო ბაზრებიდან, საერთაშორისო ვაჭრობა იყო კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყანასთან, სესხების ზრდა იყო დაბალი და შესაბამისად, როცა არაფერი გაქვს, მისი დაკარგვის საფრთხეც არ გემუქრება.

რაც უფრო ვითარდება ეკონომიკა და გლობალური ხდება, იზრდება სავაჭრო და საფინანსო ურთიერთობები, კურსის როლიცა და მისი მერყეობაც იმატებს. ამიტომ ბიზნესის მიმართ ჩვენი გზავნილია, რომ გაცვლითი კურსის რისკს სათანადო ყურადღება მიაქციონ. დარწმუნებული ვარ, მსხვილი კომპანიების უმეტესობას ისედაც ჰყავს მაკროეკონომიკის სპეციალისტები.

- იყო საუბარი, რომ შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა ტრენინგებიც კი ჩაუტაროს მსხვილ კომპანიებს. რატომ გახდა საჭირო ამის გაკეთება?

- ბოლო დროს გაცვლითი კურსის ცვალებადობამ დაგვანახვა, რომ ბაზარზე ერთგვარი აჟიოტაჟი შეიქმნა, რამაც კურსის გადაჭარბებით გაზრდა გამოიწვია. შემდეგ კი ვნახეთ, რომ ლარი კვლავ გამყარდა რამდენიმე პუნქტით. ერთი რამ ცხადი იყო: აჟიოტაჟი მოსახლეობისგან არ მოდიოდა და მხოლოდ ბიზნესს ჰქონდა ასეთი რეაქცია.

ჩვენი აზრით, ასეთი გადაჭარბებული რეაქციის საფუძველი არ ჰქონდათ. ნებისმიერი ფასის ზედმეტად ზრდა ან ვალუტის საბაზროზე მაღალი კურსით გადახურდავება და გაუფასურების შიში, პირველ რიგში, თვით ბიზნესს აზარალებს. ამჯერადაც იზარალა ბიზნესმა და არა მოსახლეობამ. პირიქით, მოსახლეობა დოლარს აწვდიდა მაღალი კურსით და ბიზნესი ყიდულობდა.

- სხვადასხვაგვარი პროგნოზი კეთდება შემოდგომისთვის. ამბობენ, რომ შესაძლოა გაცვლითი კურსის კიდევ ერთი მკვეთრი ცვლილება გვექნეს. ეროვნული ბანკის პროგნოზი როგორია?

- ბევრჯერ გვითქვამს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია. ვისაც არ ესმის, რატომ არის შეუძლებელი, მაშინ შეგვიძლია ევრო-დოლარის მაგალითი მოვუყვანოთ. შეუძლია ვინმეს ევრო-დოლარის კურსის პროგნოზირება? სამწუხაროდ არა. მართალია, არიან სავალუტო ბაზრის მონაწილეები, ვინც ევრო-დოლარის პროგნოზს აკეთებენ, ზოგი აწევისა და ზოგი დაწევის მიმართულებით.

მათგან ნახევარი ყოველთვის მცდარია, ნახევარიც მართლდება. ბლუმბერგის ახალ ამბებს რომ გადახედოთ, ევრო-დოლარის კურსის პროგნოზს აკეთებს რომელიმე ბაზრის მონაწილე, რომელიც მაგალითად მართავს 100 მილიონ დოლარს. რაც მეტი თანხის მფლობელია ან აქციონერებმა ანდეს სამართავად, მის ნათქვამსაც მეტი წონა აქვს.

თუ ვინმე აკეთებს პროგნოზსს, რომ შემოდგომაზე კურსი დაიკლებს ან მოიმატებს, უნდა დაასაბუთოს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ამ განცხადებს და თუ მართლაც აქვს საფუძველი და მისი მსჯელობა სანდოა, მაშინ ბუნებრივი რეაქცია იქნება, რომ ყველამ დღესვე გადავახურდავოთ ჩვენი ლარები უცხოურ ვალუტაზე ან პირიქით. ანუ ყველა ინფორმაცია, რაც კურსის დინამიკაზე ახდენს გავლენას, უკვე არის დღევანდელ კურსში ასახული და პროგნოზსაც აზრი ეკარგება.

- როგორი იყო ინფლაციის წლევანდელი მაჩვენებელი და როგორი ჯობდა ყოფილიყო?

- ჩვენთვის სასურველი ინფლაცია, სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, 6%-ია. ანუ ჩვენი მიზანია, ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე, საშუალოვადიან პერიოდში, წლიური 6%-იანი ინფლაცია შევინარჩუნოთ. თუ მოველით, რომ 6%-ს გადააჭარბებს, მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ და პირიქით. გასული ერთი წლის მაჩვენებელს თუ ავიღებთ და გასულ თვესთან შევადარებთ, ინფლაციამ 4% შეადგინა.

მიუხედავად დაბალი მაჩვენებლისა, ჩვენი პროგნოზით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაციას საშუალოვადიან პერიოდში 6%-ისთვის გადაეჭარბებინა. ამ პროცესისთვის ხელი რომ შეგვეშალა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 16 ივნისის სხდომაზე ჩვენ ავწიეთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ანუ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა.

- ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მისი ძირითადი ამოცანა სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. არადა, თქვენივე მონაცემებით, შარშან, მაგალითად, განათლების ღირებულება მთელი 47%-ით გაიზარდა, ამან ინფლაციაზეც კი იქონია გავლენა...

- ჩვენ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების 100-200%-იანი ფასის ზრდაც გვქონია. ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, ეს, რა თქმა უნდა, კარგი ფაქტი არ არის, მაგრამ არც ტრაგედიაა. ფასების მსგავსი ზრდა შესაძლებელია ხდებოდეს, მაგალითად, სტრუქტურული ცვლილებების დროს. ჩვენი მიზანია, არ იცვლებოდეს ფასების საშუალო დონე - ანუ ინფლაცია იყოს დაბალი, რაც სამომხმარებლო კალათის ინდექსის ცვლილების საფუძველია.

თუ ერთი საქონლის ან მომსახურების ფასი გაიზარდა და სხვა საქონლის ფასი შემცირდა, ამით საშუალო დონე არ იცვლება. ამ შემთხვევაში ფასები სტაბილურად ითვლება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყურადღებას აქცევს ფასების საშუალო დონის ზრდას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკის ზრდისთვის. ცალკეული საქონლის ან მომსახურების ფასების ცვლილებას ეროვნული ბანკი ასევე აქცევს ყურადღებას, თუმცა მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეს ცვლილება გავლენას ახდენს ინფლაციურ მოლოდინზე ან ფასებზე მოქმედ სხვა ძირეულ ფაქტორებზე.

ციფრების ენით

- 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 90,2 მლნ ლარით, ანუ 1,0%-ით გაიზარდა და 8807,5 მლნ ლარი შეადგინა.

- საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტები 2010 წლის 1-ელი ივნისისათვის 3,7 მლრდ ლარია. ეს 0,3%-ით (10,9 მლნ ლარით) მეტია 1-ელი მაისის მაჩვენებელზე.

- კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1-ელი ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა და 5,6 მლრდ ლარს მიაღწია.