ხმაური და გადასახადები - კვირის პალიტრა

ხმაური და გადასახადები

რა ცვლილებები შედის გზადაგზა საგადასახადო კოდექსის პროექტში

ხელისუფლებამ რაღაცები დათმო, ჯერ პრესის დაბეგვრა გადათქვა, შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები და სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ-სგან გაათავისუფლა. გამოვიდა, რომ ვინც ხმაური ატეხა, თავისიც გაიტანა. აქციზის გადასახადი რჩებათ სპირტიანი სასმელების მწარმოებლებსა და მობილურ კომპანიებს. მთავრობა არც გაზრდილი ჯარიმების შემსუბუქებას აპირებს. სამაგიეროდ, ქონების რეალიზატორები მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრებიან.

პარლამენტი საგადასახადო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს, რათა გაზრდილი გადასახადების ნაწილის ამოქმედება უკვე აგვისტოში მოესწროს.

საგადასახადო შეღავათების მოხსნის გამო ხმაური ჯერ პრესამ, შემდეგ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებმა ატეხეს. პირველის პასუხად ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ "კოპი პეისტში" უზუსტობა გაიპარა და პრესის დაბეგვრას არ აპირებდა. დანარჩენები კი დაამშვიდა, რომ საგადასახადო ტვირთს იმ მოტივით აღარ გაუზრდის, განვითარებაში ხელი რომ არ შეეშალოთ.

ფინანსთა მინისტრი თავდაპირველად ამბობდა, რომ გადასახადის გაზრდა უმაღლეს სასწავლებლებს შორის კონკურენციას გაზრდიდა. მერე პოზიცია შეცვალა. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების დაბეგვრით სწავლის ხარისხი და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდებოდა.

დღგ-სგან გათავისუფლების სანაცვლოდ უმაღლეს სასწავლებლებს "ენდაუმენტის ფონდების" შექმნა დაევალებათ. ფონდმა სასწავლო პროცესში ინოვაციები უნდა შეიტანოს, მატერიალურ-ტექნიკური მხარის გაუმჯობესებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე უნდა იზრუნოს.

ხელისუფლებამ ამჯობინა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი მგრძნობიარე სფეროსთვის, ჯანდაცვისთვისაც ხელი აღარ ეხლო. საგადასახადო შეღავათით ისევ ისარგებლებს სამედიცინო აპარატურის იმპორტი, ოღონდ აპარატურას გააჩნია. დღგ-ით დაბეგრავენ ესთეტიკური მედიცინის აპარატურას, სოლარიუმებისთვის განკუთვნილ ტექნიკას, გამაჯანსაღებელ მოწყობილობებს, მაგალითად, ჯაკუზის.

კახა ბაინდურაშვილის თქმით, სამედიცინო აპარატურა ძირითადად ახალი სამედიცინო კლინიკების აღიჭურვისთვის შემოდის და სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი რომ დარჩეს, გადასახადი აღარ გაიზრდება.

კოდექსის პროექტში ექსპერტების რჩევით სხვა შესწორებებიც შევიდა. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები ამბობენ, მთვარობა სხვა დათმობებზეც წავიდა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები გაითვალისწინა. კოდექსის სამუშაო ვარიანტში ორაზროვანი ჩანაწერები ჩაასწორეს. გადასახადების განაკვეთები კი უცვლელად დარჩა. კვლავ რჩებათ აქციზის გაზრდილი განაკვეთი სპირტიანი სასმელების მწარმოებლებსა და მობილურ ოპერატორებს. ისინი საგადასახადო ტვირთის ზრდას უხმაუროდ აპროტესტებენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას საზოგადოების რეაქციის შესაბამისადაც იღებს, ალბათ ამ სფეროებს გაზრდილი განაკვეთით დაბეგრავს. დღგ-ის გადასახადს ავანსებიდანაც გამოქვითავენ. ალბათ კვლავაც ხელუხლებლად დარჩება გაზრდილი ჯარიმების ნაწილიც. საქონლის ზედდებულის გარეშე ტრანსპორტირებისთვის ჯარიმა ხუთჯერ იზრდება.

კოდექსის პრინციპი ის უნდა ყოფილიყო, რომ მცირე და მიკრო ბიზნესისთვის შეღავათები მოეტანა, მაგრამ რეალურად სხვა რამ ხდება. ამ კატეგორიის საწარმოებიდან საქონლის შესყიდვისას საშუალო და მსხვილი ბიზნესი დღგ-ს ვეღარ ჩაითვლის. შესაბამისად, საგადასახადო ტვირთი მყიდველის მხარეს გადაინაცვლებს. ამიტომ ის ეცდება, მცირე საწარმოდან შესყიდვისგან თავი შეიკავოს.

მიკრო ბიზნესის სტატუსი იურიდიულ პირებს არ მიენიჭებათ, რაც ექსპერტებისთვის გაუგებარია. საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება არ შეეხებათ პირებს, რომლებიც დაქირავებით მუშაობენ. შეღავათი არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და ყველა ფიზიკურ პირზე უნდა გავრცელდეს, იმის მიუხედავად, როგორ აქვს მას ეს შემოსავალი მიღებული.

ექსპერტებისა და მთავრობის წარმომადგენლებისგან შექმნილი ჯგუფი საგადასახადო კოდექსზე მუშაობას განაგრძობს. საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტი პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს რამდენიმე დღეში ხელახლა უნდა გააცნოს.

ნონა ქლივიძე