ვინ შეიძლება მოხვდეს "ფორბსის" რეიტინგში საქართველოდან, ბიძინა ივანიშვილის გარდა
ვინ შეიძლება მოხვდეს "ფორბსის" რეიტინგში საქართველოდან, ბიძინა ივანიშვილის გარდა
"საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველი მილიარდერების უმეტესობა რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხოვრობს და იქაური ავტორიტეტული გამოცემების მიერ მილიარდერებად არიან აღიარებული"

ფინანსური გამოცემა Forbes-ი 32 წელიწადია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. წლეულს ამ სიაში რეკორდული რაოდენობის - 2208 მილიარდერი მოხვდა (შარშანდელ რეიტინგში 2043 მილიარდერი იყო). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები 72 ქვეყანას წარმოადგენენ და მათი ჯამური კაპიტალი 9,1 ტრილიონი დოლარია, შარშანდელზე 18%-ით მეტი. მათ შორის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯამური ქონება 1,2
ტრილიონ დოლარს აღწევს; ანუ, თვით უმდიდრესთა სიის 1%-ზე ნაკლები ფლობს მსოფლიოს ყველა მილიარდერის საერთო ქონების 13%-ს.

რეიტინგში 585 მილიარდერით აშშ ლიდერობს, ჩინეთი კვლავ მეორეა 373 მილიარდერით. 4-წლიანი პირველობის შემდეგ ბილ გეიტსმა ადგილი დაუთმო "ამაზონის" დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, რომელიც 1 წელიწადში 39 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და
რეიტინგს სათავეში პირველად მოექცა. ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ბერნარ არნო, "ფეისბუკის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონება კი 542 მილიონი დოლარით შემცირდა. "დამარცხებულთა" შორის არის აგრეთვე აშშ-ის 71 წლის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც 400 მილიონით გაღარიბდა და "მხოლოდ" 3,1 მილიარდი დოლარი დარჩა.

სიაში 259 ახალი მილიარდერია, ხოლო რეიტინგი დატოვა 121-მა. საქართველოდან რეიტინგში კვლავ მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია 4,6-მილიარდიანი ქონებით (456-ე ადგილი). 2017 წლის რეიტინგში მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლა­რად იყო შეფასებული (367-ე­ ადგილი).

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია 21 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდერსენი. ის და მისი და კატერინა 1,4-1,4 მილიარდით 1650-ე ადგილს იყოფენ. დებმა ქონება ოჯახის კუთვნილი კომპანია Ferd-ის წილების გადანაწილებით მიიღეს. ალექსანდრა დაზე ერთი წლით უმცროსია და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსიც მას ერგო. მამაკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა ნორვეგიელი 24 წლის გუსტავ მაგნარ ვიტცო (1,9 მილიარდი). გუსტავი ფლობს თევზის მწარმოებელი მსხვილი კომპანია Salmar ASA-ს თითქმის ნახევარს.
ყველაზე ასაკოვანი მილიარდერია 99 წლის სინგაპურელი ჩან იუნ ჩანგი (1,9 მილიარდი; 1284-ე). მასზე ორი წლით უმცროსები არიან უძრავი ქონების კანადელი მაგნატი მარსელ ადამსი (1,7 მილიარდი) და ბრაზილიელი ბანკირი ალოიზიო დე ანდრადე ფარია (2,5 მილიარდი).

წლევანდელ რეიტინგში რეკორდული რაოდენობის - 256 ქალია და მათი საერთო ქონება 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს (+20%). უმეტესობამ ქონება მემკვიდრეობით მიიღო, დამოუკიდებლად კი 72-მა დააგროვა (შარშან - 56-მა). ყველაზე მდიდარი ქალი ელის უოლტონია, რომლის ქონება 33,8-დან 46 მილიარდამდე გაიზარდა. ჭალმარტ-ის დამფუძნებელ სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი "ფორბსის" საერთო რეიტინგში მე-16 ადგილზეა. კომპანიის აქციების 43%-იანი ზრდის წყალობით მან უმდიდრესი ქალის წოდება ჩამოართვა კომპანია L'Oreal-ის მფლობელ ლილიენ ბეტანკურს, რომელიც შარშან 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქალიშვილს, ფრანსუაზ ბეტანკურს 42,2 მილიარდი დაუტოვა.

გიორგი კაპანაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:
"დღეს ძნელია თქმა, გვყავს თუ არა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა მილიარდერი. საქართველოში არ არსებობს "ფორბსის" მსგავსი ფინანსური გამოცემა ან კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხს კვალიფიციურად შეისწავლიდა. გარდა ამისა, ქართველ მილიონერებს ფინანსების დიდი ნაწილი ოფშორებში აქვთ განთავსებული და მათი დათვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სახელისუფლებო ორგანოებში ან პარლამენტში მისვლის შემდგომ მილიონერების შევსებულ დეკლარაციებში მოცემული ციფრები კი, როგორც წესი, რეალობას საკმაოდ აცდენილია. შესაბამისად, სანამ საქართველოში მცხოვრები მულტიმილიონერებით თუ მილიარდერებით "ფორბსი" ან მისი მსგავსი გამოცემა არ დაინტერესდება და საკითხს არ შეისწავლის, რთული იქნება მათი ქონების დათვლა.

ყველაზე მეტად, ვინც შეიძლება საქართველოში მცხოვრებ მილიარდერთა შორის მოიაზრებოდეს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია. პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე მისი ქონება 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მის ოჯახს რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარზე მეტის აქტივები არ დარჩენოდა.

საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველი მილიარდერების უმეტესობა რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხოვრობს და იქაური ავტორიტეტული გამოცემების მიერ მილიარდერებად არიან აღიარებული. მაგალითად, ტარიელ ვასაძე, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია და მისი ქონება 5 მილიარდადაა შეფასებული. დავით იაკობაშვილი ფლობს ბიზნესებს რუსეთსა და საქართველოში, მის ქონებას რუსული გამოცემები ("ფინანსი", "კომერსანტი" და სხვ.) 3 მილიარდ დოლარად აფასებენ. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და რუსეთის ხელისუფლების კარზე მიღებული მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. რუსეთში ცხოვრობს ვიაჩესლავ მირილაშვილიც, სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს დამფუძნებელი, მისი ქონება დაახლოებით მილიარდ დოლარად ფასდება.

სხვადასხვა გამოცემის სიაში ხვდებიან რუსეთში მცხოვრები სხვა ქართველი ბიზნესმენებიც, მაგალითად, თენგიზ არშბა, ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით პანიკაშვილი. მათ რეალურად შეუძლიათ "ფორბსის" მილიარდერთა სიაში მოხვედრა. მათ შორის არის სოსო ორჯონიკიძე, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი, რომელიც აკონტროლებდა სათამაშო ბიზნესს, სასტუმროების ინდუსტრიას და სხვ. რუსულ გამოცემებს მის მილიარდერობაში ეჭვი არ ეპარებათ.
საზოგადოება მილიარდერთა კლუბის წევრობის კანდიდატებად სხვა ქართველ ბიზნესმენებსაც თვლის. ასეთებად მიიჩნევიან კახა ბენდუქიძის ოჯახი, ვანო ჩხარტიშვილი, გია ჯოხთაბერიძე, კახა ოქრიაშვილი, მამუკა ხაზარაძე და სხვ.

საქართველოში მცხოვრები მილიონერების შესახებ რომ ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს, ჩემი აზრით, იმის ბრალიც არის, რომ მდიდარი ადამიანების მიმართ დღემდე ანტაგონისტური დამოკიდებულებაა, ლამის კეთროვნებად შერაცხონ. ბევრი მათგანი ევროპაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მიდის. ქვეყნისთვის აჯობებს, თუ ეს ადამიანები ქვეყანაში დარჩებიან, თავიანთ ქონებასა და შესაძლებლობებს ქვეყნის ეკონომიკას მოახმარენ.

თუკი საზოგადოებაში მილიონერების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, მათი ფინანსების შესახებ ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე გახდება და ჩვენც დავინახავთ, რა რესურსებს ფლობენ რეალურად ქართველი მილიონერები".

იხილეთ ასევე: "ნულიდან დავიწყე და მილიონერი მოკლე დროში გავხდი" - ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი ქალბატონები?

ემა ტუხიაშვილი

bela
22 მარტი 2018 11:34
სტატიის ავტორს ვეთანხმები, ნუ გშურთ ამ ადამიანების ხელი და ტვინი ამუშავეთ და თქვენც გექნებათ!!!!! გეყოფათ ამდენი ტირილი და შური!!!!
bela
22 მარტი 2018 10:51
სტატიის ავტორს ვეთანხმები, ნუ გშურთ ამ ადამიანების ხელი და ტვინი ამუშავეთ და თქვენც გექნებათ!!!!! გეყოფათ ამდენი ტირილი და შური!!!!
...
18 მარტი 2018 17:52
შეინახეთ, შეინახეთ კარგად მშივრები არ დარჩეთ,.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები