"სი-ტი პარკი" საჯარიმო მოედანზე - კვირის პალიტრა

"სი-ტი პარკი" საჯარიმო მოედანზე

"კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თუ მასში შესული ცვლილებების არაერთი პუნქტი აჩენს ეჭვს, რომ თავის დროზე ამ კომპანიას სასათბურე პირობები შეუქმნეს"

თბილისში პარკინგზე ათწლიანი მონოპოლიის შემდეგ, კომპანია "სი-ტი პარკს" წასვლა მოუწევს. თბილისის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო და მიზეზად "სი-ტი პარკის" მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კომპანიაში მერიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, კონტრაქტის გაწყვეტას უსაფუძვლოს უწოდებენ და კომპენსაციის მოთხოვნით სამართლებრივ დავას აპირებენ. მერიაში კი დარწმუნებული არიან, რომ კომპანიისთვის, რომელსაც თავის დროზე თბილისის მთავრობამ დედაქალაქში პარკირების რეგულირების უფლება 2024 წლამდე ექსკლუზიურად გადასცა, პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევთ.

"სი-ტი პარკთან" მოქალაქეებს ამ ათი წლის განმავლობაში არაერთი პრეტენზია დაუგროვდათ. ყველაზე გახმაურებულ და სკანდალურ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა კომპანიამ საჯარიმოზე მანქანა მძინარე ბავშვთან ერთად გადაიყვანა, მოქალაქეები, პარკირების საფასურის გადახდის მიუხედავად, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ პოულობდნენ, ამიტომ დამატებითი თანხის გადახდა ან "სტაიანშიკებისთვის" უწევდათ, ან კერძო ავტოსადგომის მომსახურებით სარგებლობდნენ. ამის გამო ბევრი პროტესტის ნიშნად აღარ იხდიდა პარკინგის საფასურს, რასაც შემდეგ 10-ლარიანი ჯარიმა, გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი 150 ლარამდე გაზრდა და ყადაღაც მოჰყვებოდა. "სი-ტი პარკში" აცხადებდნენ, რომ დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნა არა მათი, არამედ მერიის კომპეტენციაა და მათ მხოლოდ ავტომობილის გასაჩერებელი ადგილების მონიშვნა ევალებოდათ. სწორედ ამ და კიდევ სხვა პრეტენზიების არსებობის გამო, "სი-ტი პარკთან" კონტრაქტის გაწყვეტა მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებში ორგზის შევიდა. თუმცა დედაქალაქის წინა მთავრობამ ეს იმ საბაბით არ გააკეთა, რომ ბიუჯეტს კომპანიის სასარგებლოდ დაახლოებით 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა. ახლა მოუწევს თუ არა მერიას რამის გადახდა "სი-ტი პარკისთვის", ამას, ალბათ, სამართლებრივი დავა გადაწყვეტს, თუმცა ის, თუ როგორ შემოვიდა ეს კომპანია საქართველოში და რა პირობები შეუქმნეს თბილისის მაშინდელი მთავრობის წევრებმა გაფორმებული თუ არაერთგზის ჩასწორებული ხელშეკრულებით, ბევრ კითხვას ბადებს.

2007 წელს თბილისში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს "ამაგონისა" და შპს "შოჰარ პარკინგ სერვისის" კონსორციუმმა გაიმარჯვა. შემდეგ ამ კომპანიებმა შპს "სი-ტი პარკი" დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი თბილისის ტერიტორიაზე მანქანების პარკირებაში. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა და ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, რომელიც აწერს ხელს "სი-ტი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და მათმა მეგობარმა, დავით კეზერაშვილმა დააკავშირა ებრაელ ბიზნესმენებთან. სწორედ მისი ლობირებით გადასცეს ამ კომპანიას პარკირების სისტემის ოპერირების ექსკლუზიური უფლება.

დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, თბილისის მერიასა და "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი. მაგალითად, კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ხელშეკრულებისა და დანართების ათობით მუხლი და ქვეპუნქტი, დანართების დიდი ნაწილი და ხელშეკრულებაში შესული სამი ცვლილება. ამას გარდა, უცნობი იყო დეტალები იმ მინიმალური შემოსავლის შესახებ, რაც მერიას უნდა მიეღო "სი-ტი პარკისგან" ყოველწლიურად, კომპანიის შემოსავლიდან მისაღებ 60%-იან წილთან ერთად. მაგალითად, მერიას პირველ წელს უნდა მიეღო 1 მლნ ლარი, ოპერირების დანარჩენ წლებში კი მისი მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად გაიზრდებოდა. საინტერესოა, რომ მერიისთვის ყოველწლიურად მინიმალური თანხის გადახდა ორჯერ გადავადდა, რაც ასევე არ გახმაურებულა. პირველი, 2008 წლის 31 დეკემბრის ცვლილებით, თანხის ზრდამ ერთი წლით გადაიწია, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა და აგვისტოს ომი ფორსმაჟორულ სიტუაციად ჩაითვალა, რის გამოც კომპანიის საქმიანობის პირველ წლად განისაზღვრა 2009 და არა 2008 წელი. ხელშეკრულების მეორე, 2009 წლის 23 ივლისის ცვლილების თანახმად, 2009 წლის მინიმალური თანხის უდიდესი ნაწილის - 1 მლნ ლარიდან 900.000 ლარის გადახდამ - გადაიწია ათი წლით, 2019 წლისთვის. ამ ცვლილების მიზეზად დასახელდა 2009 წლის აპრილში რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციური გამოსვლები, ე. წ. საკნების პროტესტი. როგორც ცვლილების ტექსტშია ნათქვამი, "სი-ტი პარკს" ხელი შეუშალეს სრული მოცულობით თავისი საქმიანობისა და მომსახურების მოწოდებაში არა თავისი ბრალეული ქმედების შედეგად". კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თუ მასში შესული ცვლილებების არაერთი პუნქტი აჩენს ეჭვს, რომ თავის დროზე ამ კომპანიას სასათბურე პირობები შეუქმნეს.

რა პირობებს შესთავაზებს მერია იმ კომპანიას ან კომპანიებს, რომლებიც დაარეგულირებენ თბილისში პარკირების სისტემას, ამას, ალბათ, ადრე თუ გვიან, გავიგებთ. ამ ეტაპზე მერიასა და "სი-ტი პარკს" შორის ტექნიკური გადაბარება მიმდინარეობს, ახალი კონკურსის გამოცხადებამდე საპარკინგე სისტემის ორგანიზებას კი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იკისრებს. როგორი იქნება პარკირების სისტემა, დაიყოფა თუ არა ქალაქი საპარკინგე სივრცის მიხედვით ზონებად, დაწესდება თუ არა საათობრივი გადასახადი - ამ და სხვა საკითხებზე ჯერ მხოლოდ მოსაზრებები არსებობს, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ პარკინგის გაძვირების გარეშე ეს სფერო ვერ მოწესრიგდება.

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი: "პარკირება გაძვირდება და მოსახლეობამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. "სი-ტი პარკი" არ იყო განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, ის მხოლოდ დაჯარიმებაზე იყო აქცენტირებული. ამიტომაც გვჭირდება სხვა, სიახლეზე ორიენტირებული კომპანია და პარკირების ახალი მოდელი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, თბილისში პარკირება გაძვირდება. სავარაუდოდ, ქალაქი ზონალურად დაიყოფა და ცენტრალურ უბნებში პარკირების საფასური უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პერიფერიებში. გარდა ამისა, შესაძლოა ზოგ ქუჩაზე პარკირების საათობრივი მოდელი შემოიღონ. თუმცა მხოლოდ ამ მიდგომებით ვერ გადავჭრით პარკირების პრობლემას, რადგან ქალაქის განაშენიანება იმ ტემპითა და მასშტაბით მიმდინარეობს, რომ აქ ნებისმიერ კომპანიას გაუჭირდება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნა. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა სწორი ურბანული დაგეგმვა, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თბილისის მერიის ყველა ხელმძღვანელობა უგულებელყოფდა. ერთიც უნდა ვიცოდეთ - ბოლო რეფორმების შედეგად ავტომობილის ფლობა ქვეყანაში გაძვირდა, ამიტომაც აუცილებლად უნდა მომრავლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი".

მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე: "პირველ ეტაპზე, გარდამავალ პერიოდში, აუცილებელია, სულ ცოტა, შევინარჩუნოთ არსებული ვითარება პარკირებაში, რათა არ მივიღოთ ქაოსი. ახალი სისტემის შემუშავებასა და დანერგვას ცოტა მეტი დრო სჭირდება. პარკირების გამართული მოდელი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ამიტომაც ეტაპობრივად უნდა დაინერგოს. საპარკინგე სისტემა მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და პარკირების სისტემის ახალი მოდელი მის ფარგლებში უნდა ამოქმედდეს. საპარკინგე ადგილების დახაზვა მხოლოდ ერთი მცირე კომპონენტია. მაგალითად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქციების ადმინისტრირების ნაწილი არ შეიძლება კომერციულად მიმზიდველი იყოს. მაგალითად, არ შეიძლება უბილეთო მგზავრობის ადმინისტრირების ნაწილი რომელიმე კერძო კომპანიას გადავცეთ, რადგან ამ დროს შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნას. მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, სანქციები და ჯარიმები არსად კომერციულ მოგებაზე არ არის მიბმული. რაც შეეხება პარკირების სისტემის მოწესრიგებას, შესაძლოა, რამდენიმე მოდელი განვიხილოთ და თბილისში პარკირების სისტემა რამდენიმე კომპანიამ მოაწესრიგოს. მათ შორის, თბილისის ზონების მიხედვით დაყოფა ერთ-ერთი მოდელია, რომელიც შესაძლოა ეტაპობრივად დაინერგოს. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან კონტექსტში განიხილება. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებამ და ახალი ბას-ლეინების გაჩენამ საპარკინგე ადგილები კიდევ დაგვაკარგვინოს, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხთან კომპლექსური მიდგომა. ჩვენ გვინდა უფრო მიმზიდველი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო თბილისის ზოგი ქუჩა - ფეხით გადაადგილებისთვის უფრო ხელსაყრელი".

ემა ტუხიაშვილი