"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია
"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია
საქსტატი ბრუნვის მიხედვით კომპანიების ტოპათეულს აქვეყნებს (2017 წლის მონაცემები). საგანგაშოა, რომ ათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია - შპს "მარსი" (Crystalbet), შპს "ჩემპიონები 111" (Europebet) და შპს "სუპერბეთი 2014" (Liderbet).

აი, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავ­ართ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 400 ათასზე მეტი ონლაინმოთამაშეა, ონლაინთამაშები არასრულწლოვნებისთვის ვერა და ვერ გახდა მიუწვდომელი და ახალგაზრდები თამაშს სწირ­ავენ ქონებას ან ხშირად სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. კანონპროექტი კი, რომელიც სათამაშო­ ბიზნესში რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, კვლავაც არ
დაუმტკიცებია პარლამენტს.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია:
- წარმოიდგინეთ, როდესაც ამხელა ბრუნვაა ონლაინსათამაშო სექტორში, ეს ფული ხომ ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებას აკლდება! გამოდის, ქვეყანა და ეკონომიკა ღირებულებებს კი არ ქმნის, ფლანგავს. აზარტულ თამაშებში, ძირითადად, ჩართულია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი - ახალგაზრდები­ 15-დან
40 წლამდე, ისინი, ვინც უნდა შექმნან ეკონომიკა. 400 ათასი ადამიანი დროს წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე კარგავს და ვინ უნდა შექმნას ეკონომიკა, ვინ უნდა იმუშაოს?!

- რატომ ჭიანურდება კანონის მიღება?

- ჩვენს ქვეყანაში ტრენდული გახდა მიდგომა - ეკონომიკისთვის ყველა ბიზნესი კარგია, რაც დიდი შეცდომაა. არ შეიძლება ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული ბიზნესი ისეთივე­ მდგომარეობაში ჩააყენო, როგორშიც გართობასა და ხალხის გაყვლეფაზე ორიენტირებული ბიზნესია. მეტ­იც, სათამაშო ბიზნესი წახალისებულიც კია - საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რადგან მათი დაბეგვრის რეჟიმი მხოლოდ მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. ხელისუფლება აზარტული თამაშების წახალისებით ხელს უწყობს უმუშევრობას. თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკაში გაიზრდება მსგავსი ორგანიზაციების წილი და შემცირდება ჯანსაღი ეკონომიკის შექმნაზე ორიენტირებული კომპანიების წილი. ღირებულებათა შექმნის შესაძლებლობა ჩაკვდება და წასაგებიც აღარავის აღარაფერი ექნება!

რუსლან ალექსიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" მთავარი იურისტი: -
მსოფლიოში არ არსებობს გაკოტრებული სათამაშო ბიზნესი, ყველგან ყვავის და მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება. დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მსხვილმა კაზინოებმა პირი შესაძლოა ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ და სათამაშოდ აღარ შეუშვან, მაგრამ ტექნოლოგიური ინოვაციების საუკუნეში იოლი გამოსავალი მოძებნეს - შემოიღეს ონლაინსათამაშო სისტემა, სადაც ე.წ. შავი სია არ მოქმედებს. ის ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის - 12-14 წლის ბავშვები აქტიურად არიან ჩართული. ეს დამღუპველია! ყველა ახერხებს, დაუკითხავად გამოიყენოს სხვისი პირადი მონაცემები და დარეგისტრირდეს.

როგორც ვიცი, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობს. კარგი კანონპროექტია, თუკი დღის შუქს იხილავს.

- ხელს რა უშლის, ამდენი ხანი რატომ ჭიანურდება მისი განხილვა-ამოქმედება?

- ალბათ, პოლიტიკური ნება არ არის. ლობისტები არიან ჩართული და ცდილ­ობენ, კანონპროექტი რაც შეიძლება გვიან ამო­ქმედდეს. მოქალაქეებს აინტერესებთ, არსებობს თუ არა საშუალება, რომ თამაში ვერ შეძლონ. ყველაზე მტკივნეულია,­ როცა ადამიანი გრძნობს, რომ თამაშზეა დამოკიდებული, გვთხოვს, დამეხმარეთო, იურისტებს კი არაფერი შეგვიძლია. სამოქალაქო კოდექსში გვაქვს მე-16 მუხლი, რომელიც ეხება მხოლოდ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებას, აზარტული თამაშების შესახებ კი შეზღუდვით ნაწილში რეგულაცია არ არსებობს. ამიტომ არის აუცილებელი კანონის სწრაფად მიღება.

"ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთა 59% ონლაინმოთამაშეა"


თამარ ჯაფარიძე, "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ": -
ყველასთვის ცხადია, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით რეგულაცია არ არსებობს. შთამბეჭდავი ბრუნვა აქვთ, მილიარდებზეა ლაპარაკი. ახლა გადაწყდა, შეიქმნას ბერკეტი, რომელიც გააკონტროლებს სათამაშო ბიზნესს. ჩვენი პოზიციაა, სახელმწიფომ იკისროს სათამაშო ბიზნესის მართვა. ევროპული გამოცდილებაც ასეთია. იქ შემოსავლების სამსახური ყველა მოთამაშის შემოსავლებს სწავლობს და მხოლოდ მდიდარ ადამიანს აძლევს თამაშის უფლებას.
ჩვენი მოძრაობა ამოწმებს ყველა სათამაშო ობიექტს, სადაც ხშირად ვხვდებით არასრულწლოვნებს. სტუდენტები და მოსწავლეები ტოტალიზატორებში სხედან იმ დროს, როცა ლექციებზე ან გაკვეთილებზე უნდა იყვნენ. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეთა 59% ონლაინმოთამაშეა.

ორიოდე სიტყვა ლომბარდებზეც უნდა ვთქვათ... მთელ ქვეყანაში რომ გაითიშოს ელექტროენერგია, პეკინის ქუჩაზე ჩამწკრივებული ლომბარდები გაგინათებთ სათამაშო ბიზნესისკენ მიმავალ გზას. რამდენად კანონიერად მუშაობენ, არავინ იცის. თვითონ ვარ მომსწრე, როგორ ჩაიბარა ელბაქიძის დაღმართზე ერთმა ლომბარდმა კომპიუტერი დოკუმენტაციის გარეშე. რომ ვიკითხე, რატომ იქცევით ასე-მეთქი, ჩვენი ძველი კლიენტიაო, მითხრეს. თურმე კლიენტებსაც ცნობენ...

ახლახან დაზარალებულმა დედამ მომმართა. მისი ვაჟის 10 წლით უმცროს არასრულწლოვან მეგობარ გოგონას დედამისისთვის ოქროს ნივთები მოუპარავს და ბიჭს 500 ლარად ლომბარდში ჩაუბარებია... აუცილებლად უნდა შეიზღუდოს სათამაშო ბიზნესის სარეკლამო სივრცე. ჩვენი მოთხოვნაა, ყველა მოთამაშის იდენტიფიცირება შემოსავლების მიხედვით. ასევე, ქალაქიდან უნდა გაიტანონ სათამაშო ობიექტები, ონლაინთამაშები და ტოტალიზატორები კი მიუწვდომელი გახდეს არასრულწლოვანთათვის. დედისთვის არ აქვს მნიშვნელობა, შვილს""ლურჯი ვეშაპი" მოუკლავს თუ ტოტალიზატორის ვალი!

ეკა სალაღაია
r-რუსიკო
21 მარტი 2018 12:29
მთავრობა წილშია ამ ბობოლებთან იმიტომ არ იგებს კანონს


Patriot
20 მარტი 2018 19:02
ეს ძაღლიშვილები ფულისთვის საკუთარ მშობელს გაყიდიან. იოლი ფულის კეთების მეტზე არაფერზე არ ფიქრობს ჩვენი "ხალხი".
...
20 მარტი 2018 14:03
ააყვავა ბიძინამ ქართული "ბიზნესი".
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები