სატენდერო "ქსელური მარკეტინგი" - კვირის პალიტრა

სატენდერო "ქსელური მარკეტინგი"

ტენდერებში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიები ბიუჯეტის ფულს ძმურად იყოფენ?!

სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური ლობირების შესახებ არაერთხელ გვსმენია, თუმცა პრობლემა კიდევ უფრო ღრმა და მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო შესყიდვებში ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ქვეკონტრაქტორის "ტყავში გახვეული" ინტერესთა კონფლიქტები, კორუფციული გარიგებები და პოლიტიკოსების ლობირებული სახელმწიფო შესყიდვები რთულად ამოსაცნობია.

ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "ქვეკონტრაქტორი არის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე კომპანია, რომელსაც უშუალოდ არ მოუგია ტენდერი, მაგრამ მოგებულმა კომპანიამ დაიქირავა ის სამუშაოს შესასრულებლად, ან საქონლისა და მომსახურების მისაწოდებლად. ხშირად ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოს მთლიანად ან დიდწილად ქვეკონტრაქტორები ასრულებენ. სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობისთვის აუცილებელია ამ პროცესის გამჭვირვალობა. საქართველოში ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით შესაძლოა ბევრად წინ ვართ, მაგრამ ქვეკონტრაქტორების თემა რჩება ცუდ გამონაკლისად, ჩავარდნად, რომელიც სხვა პოზიტივსა და წინსვლას წითელ ხაზს უსვამს. მაგალითად,

შესაძლოა სახელმწიფო შესყიდვის მთელი პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს - გამოცხადდეს ტენდერი ყველა პროცედურის დაცვით, გაიმართოს აუქციონი, გაიმარჯვოს საუკეთესო პრეტენდენტმა, მაგრამ ამის მიღმა რა ხდება, ფაქტობრივად, არავინ იცის.

- კონკრეტულად, რა რისკებს შეიცავს სახელმწიფო შესყიდვებში ქვეკონტრაქტორების არსებობა?

- შესაძლოა სწორედ ქვეკონტრაქტორი კომპანია იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ფიგურასთან, საჯარო მოხელესთან ან მათთან დაკავშირებულ ბიზნესებთან. შესაძლოა ეს იყოს კომპანია, რომელიც გამორჩეულია მმართველი პარტიისთვის შეწირულობებით. კონკრეტული ფაქტების გარეშე რთულია ვინმეს რამეში დადანაშაულება, მაგრამ ის, რომ ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია გაუმჭვირვალეა, და ისიც, რომ ასეთი მასშტაბით მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, ანუ რეალურად ისინი ასრულებენ სახელმწიფო შეკვეთებს ტენდერში მონაწილე კომპანიების შუამავლობით, ბევრ ეჭვს ბადებს.

ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობს, რომ ტენდერის მონაწილე არც ერთ მხარეს არა აქვს ვალდებულება, სატენდერო დოკუმენტაციაში მიუთითოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ძალზე ძნელია ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენა, რადგან ეს ტენდერების დახურული მხარეა. კვლევაში რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ, ესეც ბევრი ძიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად. არის ფაქტები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. თუ ამ გზებით არ გამჟღავნდა კონკრეტული ფაქტი, ქვეკონტრაქტორების მიკვლევა ტენდერებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როცა მოგება და წაგება ტყუპი ძმაა

- ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული შემთხვევა ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოააშკარავა. რომ არა მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევა, ამ შემთხვევის შესახებ, ალბათ, ვერაფერს გავიგებდით. მოგეხსენებათ, "ვარკეთილის" ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 მოქალაქე დაშავდა. მეტროსადგურის სარემონტო სამუშაო შპს "ყვარელრემმშენმა" 2017 წელს ჩაატარა. ამ სახელმწიფო შესყიდვის შესწავლისას IDFI-მ საინტერესო ფაქტს მიაკვლია, რომელიც სწორედ ქვეკონტრაქტორების საკითხს უკავშირდება. "ყვარელრემმშენმა" მეტრო "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოს ტენდერის გარდა, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა, რომელიც "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერამდე 1 კვირით ადრე გამოცხადდა. ამ ტენდერში "ყვარელრემმშენს" ერთი კონკურენტი - შპს "დამბა" ჰყავდა. "ყვარელრემმშენმა" ტენდერში სამუშაოს შესრულების ფასად 447.728 ლარი დაასახელა, ხოლო "დამბამ" - 523.215 ლარი. კომპანიებს ტენდერის აუქციონებში ფასი არ შეუცვლიათ, შესაბამისად, "ყვარელრემმშენმა" გაიმარჯვა დაბალი ფასის გამო. თუმცა "ყვარელრემმშენის" სატენდერო განაცხადსა და დოკუმენტაციაში რამდენიმე ხარვეზი აღმოჩნდა. კომპანიამ ხარვეზები გამოასწორა, მაგრამ სატენდერო კომისიამ შემდეგ სხვა ხარვეზები იპ[ოვა. რადგან ხელმეორედ დაზუსტების უფლება კანონმდებლობით არ არის დაშვებული, "ყვარელრემმშენმა" დისკვალიფიკაცია მიიღო. შედეგად, ტენდერში "დამბამ" გაიმარჯვა 523.215-ლარიანი შეთავაზებით. "დამბამ" თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წლის 12 დეკემბერს. იმავე დღეს ამ კომპანიამ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულება "ყვარელრემმშენთან" გააფორმა, როგორც ქვეკონტრაქტორთან. კონტრაქტის მიხედვით, "ყვარელრემმშენი" ქვეკონტრაქტორობიდან მიიღებდა 491.822 ლარს, მის მიერ თავდაპირველად წარდგენილ თანხაზე მეტს. ეს არის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით, როცა ტენდერში კონკურენცია მოჩვენებითია: კონკურენტი წარუდგენს შემსყიდველს ისეთ წინადადებას, რომელიც საგანგებოდ შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც ცნობილია, რომ შემსყიდველისთვის მიუღებელი იქნება. შეთანხმებული კომპანიები შემდგომ ხელოვნურად გაზრდილ თანხას იყოფენ და ხშირ შემთხვევაში ეს ქვეკონტრაქტორთან შეთანხმებით კეთდება. სამართალდამცავები თუ ამ კონკრეტული შემთხვევით აქამდე არ დაინტერესებულან, ახლა მაინც უნდა შეისწავლონ.

მუშაობა სხვისი გამოცდილების იმედად

- არის შემთხვევები, როცა კომპანიები კვალიფიკაციაში იწერენ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს რკინიგზა" სამუშაოების შესყიდვისას ითხოვდა პრეტენდენტების ან ქვეკონტრაქტორების გამოცდილების მითითებას. ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ქვეკონტრაქტორების გამოცდილება, რის შედეგადაც იმარჯვებდნენ პრეტენდენტები. საბოლოოდ, კონტრაქტორები სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებას სატენდერო კომისიის წინაშე ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე ითვლიდნენ - შესაძლოა მათ დამოუკიდებლად არც შეუძლიათ აღნიშნული სამუშაოს შესრულება, მაგრამ გამოცდილების ნაწილში თავისუფლად აკმაყოფილებენ ტენდერის პირობებს.

არის შემთხვევები, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მთლიანად ქვეკონტრაქტორის იმედად არიან. 2015 წლის 6 აგვისტოს ისნის გამგეობამ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს "ჯი-ბი-ეს ჯგუფთან". თბილისის საკრებულოს თანხმობით, პირდაპირი შესყიდვის წინა პირობად გადაუდებელი აუცილებლობა დასახელდა. ამასთან, ისნის გამგეობამ "ჯი-ბი-ეს ჯგუფს" ისე გაუფორმა ხელშეკრულება, რომ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 20 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. საექსპერტო დასკვნის დაგვიანებისა და მოსახლეობის სხვა ტერიტორიაზე გაყვანის შეფერხების გამო კომპანიამ დროულად ვერ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც ამ პერიოდში გასამაგრებელი შენობის მდგომარეობა დამძიმდა და ჩამონგრევის საფრთხის გამო ქვეკონტრაქტორებმა კომპანიას უარი უთხრეს სამუშაოების შესრულებაზე. ამ მიზეზით ეს ხელშეკრულება არ შესრულდა. ეს შემთხვევა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელმა კომპანიამ ვალდებულებები აიღო ქვეკონტრაქტორების გამოცდილების იმედად, რაც იმით დასრულდა, რომ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტი შეწყდა.

ქვეკონტრაქტორებთან თანამშრომლობის გაუმჭვირვალობის გამო, ძნელი დასადგენია სამუშაოს დაწყების დაგვიანების მიზეზი, რამდენად იყვნენ ქვეკონტრაქტორები მზად მუშაობის დასაწყებად. ასევე არ ვიცით, რა დრო დასჭირდა "ჯი-ბი-ეს ჯგუფს" ქვეკონტრაქტორების მოსაძებნად და მათთან შესათანხმებლად. თუმცა ოფიციალური დოკუმენტებიდან ცხადია, რომ მშენებლობაზე უარი სწორედ ქვეკონტრაქტორებმა თქვეს.

ჯამი არც ქვეკონტრაქტორების გადაადგილებით იცვლება?!

ქვეკონტრაქტორების გამოყენების გაუმჭვირვალობის კიდევ ერთი პრობლემური შემთხვევა გამოავლინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც თავის ანგარიშშიც ასახა. ანგარიშის მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და შპს "დაგი+"-ს შორის ქალაქის 4 ქუჩის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება 749,3 ათას ლარს შეადგენდა, მიმწოდებელს არ ჰქონდა ქვეკონტრაქტორის მომსახურებით სარგებლობის უფლება. მიუხედავად ამისა, "დაგი+"-მა ხელშეკრულება გააფორმა შპს "ლატექსთან" და 412,3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულებინა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით "დაგი+"-მა სამუშაოები, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

ანალოგიური დარღვევა გამოვლინდა 2013 წელს: გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევით, მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად, შპს "ლატექსმა" გზების რეაბილიტაციის 2,635 მლნ ლარის სამუშაოებიდან ქვეკონტრაქტორს შეასრულებინა 889,7 ათასი ლარის სამუშაო. ამ შემთხვევაში "ლატექსმა" ქვეკონტრაქტორად შპს "დაგი" აიყვანა.

ასეთი შემთხვევები შემცირდება, თუ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგინდება ქვეკონტრაქტორის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. შესაბამისი რეგულაციები ასეთ შემთხვევებს მარტივად ხილვადს გახდიდა შესყიდვების მონიტორინგში ჩართული ყველა მხარისთვის, რაც ხელს შეუწყობდა კონტრაქტის კეთილსინდისიერად შესრულებასა და კორუფციის რისკების შემცირებას. ყველა ეს შემთხვევა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მკაცრად უნდა აღირიცხებოდეს, ვინ არიან ქვეკონტრაქტორები, შემსყიდველმა უნდა მოსთხოვოს ტენდერში მონაწილე კომპანიებს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ.

ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც იყენებენ ქვეკონტრაქტორებს, რადგან ეს არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში. ჩვენ გამჭვირვალობის გაზრდას ვითხოვთ, რაც საერთოდ არ უშლის ხელს ქვეკონტრაქტორების არსებობას. თუ, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ და ამ გზით სახელმწიფო შესყიდვებში რეალურად მონაწილე კომპანია და მის უკან მდგომი პირები არ იჩქმალებიან. შესაბამისად, თუ კომპანია ქვეკონტრაქტორით ასრულებს სახელმწიფო შესყიდვას, ეს უნდა ჩანდეს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე. ეს პროცესი გარდაუვალია და ევროდირექტივა გვთხოვს, რომ 2019 წლამდე შემუშავდეს ქვეკონტრაქტის გაფორმების წესები. თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, რადგან

ქვეკონტრაქტორისა და ქვე-ქვეკონტრაქტორების, ანუ ორეტაპიანი ქვეკონტრაქტორების გამოყენებამ უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო. ეს ყველაფერი ჩვენთან უკვე ქსელურ მარკეტინგს დაემსგავსა.

ემა ტუხიაშვილი