საგადასახადო თამაში ტოტალიზატორის ”ყანაში” - კვირის პალიტრა

საგადასახადო თამაში ტოტალიზატორის ”ყანაში”

დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოსავლების სამსახური თბილისის პრაქტიკულად ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად შევიდა. საგადასახადო ინსპექტირების ოფიციალურ მიზეზად ტოტალიზატორების მიერ შემოსავლების არასწორად აღრიცხვა, ანუ თანხის დამალვა დასახელდა.

არაოფიციალური ვერსიით კი მსოფლიო ჩემპიონატმა ბუკმეიკერებს დიდი მოგება მოუტანა და სათამაშო ბიზნესის დაჯარიმებით კარგი საბიუჯეტო შემოსავლის მიღების შანსი გაჩნდა.

ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან მოყოლებული, ბევრი მატჩი დასრულდა ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით, რასაც ტოტალიზატორებისთვის დიდი მოგება უნდა მოეტანა. ფინანსურ უწყებებს ეს გარემოება როგორ გამორჩებოდათ და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტოტალიზატორებში თავგადაკლულ მოთამაშეებად შენიღბული ორი-ორი თანამშრომელი შეაგზავნეს.

რა თქმა უნდა, დაუპატიჟებელი სტუმრები მალევე შენიშნეს და კოეფიციენტები დააგდეს, ბრუნვა რომ შეემცირებინათ. ამან კი ე.წ. "ხელზე გამაზვებს", ანუ არალეგალურ თამაშს შეუწყო ხელი. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურში გადაწყვიტეს, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობასთან ერთად, ყველა ტოტალიზატორის ფინანსური შემოწმება დაეწყოთ.

ჩემპიონატის დაწყებამდე კი, 8 ივნისს, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ტოტალიზატორ "ვივაროს" ესტუმრნენ და ინვენტარიზაციის საბაბით დაწესებულება დალუქეს. ის ორიოდე თვის გახსნილი იყო და მასშტაბური სარეკლამო კამპანიის ფონზე, კონკურენტებს ნერვიულობისთვის საბაბსაც აძლევდა. ამბობენ, სწორედ ამ მიზეზით ჩამოიცილეს დროებით კონკურენტი ბაზრიდან.

"ვივარო" სომხეთში ტოტალიზატორების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია. ამბობენ იმასაც, რომ ის შაქრო კალაშოვის სახელს უკავშირდება. ტოტალიზატორს დღემდე შემოსავლების სამსახურის ლუქი ადევს და მუშაობის გაგრძელებას უფლებას, სავარაუდოდ, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მისცემენ.

გიორგი ცხაკაია (შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი): "შემოსავლების სამსახურმა, კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, რისკები დაამუშავა. ტოტალიზატორები რისკის პროფილში მოხვდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე დაწესებულებამ (ახლა მათ ვერ დავასახელებ), გადასახადებს თავი აარიდა. ასე რომ, მიმდინარეობს ამ ობიექტების თემატურად შემოწმება, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

-რას ნიშნავს რისკის ჯგუფში მოხვედრა?

-რისკის რამდენიმე პროფილია შემუშავებული, რომლებიც კონკრეტული კომპანიისთვის დგინდება. მაგალითად, ადრე ბრმად მივდიოდით ობიექტის შესამოწმებლად და უმეტესწილად არ ვიცოდით, იქ დარღვევა დაგვხვდებოდა თუ არა. ამჟამად ახალ სისტემაზე გადავედით, რომლის მიხედვითაც პროგრამულად განვსაზღვრავთ გადასახადების დამალვის რისკებს. იმის რესურსი არ გვაქვს, ყველაფერი ერთდროულად შევამოწმოთ.

ჩვენ გადავედით სისტემაზე, რომელიც ნაცადია თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ის რისკების მართვის საშუალებას გვაძლევს, ვამოწმებთ იქ, სადაც რისკი მაღალია. მოცემულ ეტაპზე ტოტალიზატორებში გადასახადებისგან თავის არიდების, შემოსავლების დამალვის მაღალი რისკი განისაზღვრა და შემოწმებაც გადაწყდა. არც ერთი მათგანი დალუქული არ არის, ყველა თავისუფლად განაგრძობს მუშაობას.

-მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ინვენტარიზაციისთვის ტოტალიზატორი დაილუქა და თანამშრომლებს დღემდე არ აძლევენ მუშაობის განახლების უფლებას...

-ვერ გეტყვით, დალუქული რატომ არის... შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მიზეზით არც ერთი ასეთი ობიექტი არ დაკეტილა...

-ბატონო გიორგი, თავად გახლდით მისული და ვნახე, რომ "ვივაროს" შემოსავლების სამსახურის ლუქი ადევს...

-ლუქი შესაძლოა ადევს, რადგან საღამოს ობიექტი ილუქება, რომ ჩვენი თანამშრომლების გარეშე შენობაში არავინ შევიდეს და დილით ყველა ობიექტი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების თანხლებით იხსნება.

-დღის საათებში ვიყავი მისული და დალუქულია. ვერც თანამშრომლები ახერხებენ შენობაში შესვლას. შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ...

-მითხარით, რომელ კომპანიაზე საუბრობთ?

-ეს არის ტოტალიზატორი "ვივარო", რომელიც რუსთაველის 37-ში მდებარეობს...

-ეს ალბათ სხვა "კეისია" და მიმდინარე შემოწმებასთან საერთო არაფერი აქვს...

-თქვენი თემატური შემოწმება რატომღაც მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვა...

-რისკი სწავლობს ყველა თემას, ყველა ვითარებას და როცა უფრო მაღალი ბრუნვაა, გადახდები კი უფრო ნაკლები, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ რეაგირებაა საჭირო. ტოტალიზატორების ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ ბრუნვის პროპორციულად ბიუჯეტში გადახდებიც უნდა გაიზარდოს. შემოწმებისას ბევრი სხვა დარღვევაც გამოვლინდა, მათ შორის იქ დასაქმებულთა არასწორად აღრიცხვა, სალარო აპარატების გამოუყენებლობა და სხვ. ვფიქრობ, არავის აქვს განცდა, რომ რომელიმე ტოტალიზატორს ხელს აფარებენ ან რომელიმე დარჩა შემოწმების გარეშე".

ტოტალიზატორების მესვეურებს ახლა სხვა განსაცდელი უდგათ. მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა. აშკარაა, უკეთეს შემთხვევაში, მოგების "დიდი ლუკმის" დათმობა მოუწევთ და ის ბრუნვით განისაზღვრება. თუმცა შესაძლოა უარესიც მოხდეს და შემოსავლების სამსახურის წნეხის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე ბაზრიდან საერთოდ გაქრეს.

გოგა ესიაშვილი (ტოტალიზატორ "დელისის" მთავარი ოპერატორი): "ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მით უფრო მცირე ტოტალიზატორების შემთხვევაში. ყველაფერი ასახული გვაქვს საბუღალტრო დოკუმენტაციაში. არ უარვყოფთ, აქტიურობა მომატებულია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წლის სხვა დროსთან შედარებით გაორმაგებულია. მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას იყო თამაშები, რომელიც მოსალოდნელი, ლოგიკური შედეგებით დასრულდა და მოგება მომხმარებელმა წაიღო.

რიგით შემოწმებას შემოსავლების სამსახური კვარტალურად ახორციელებს, ახლა კი განსხვავებული რეიდია. მაგალითად, აინტერესებთ ყოველდღიური შემოსავალი, ყოველდღიური გასავალი და ფაქტობრივად ყველაფერს აღრიცხავენ. აშკარაა, ჩემპიონატის დროს დაინტერესება განსხვავებულია".

გიორგი ხორავა (ტოტალიზატორ "აჭარის" უფროსი ბუკმეიკერი): "მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომხმარებელთა ინტერესი იზრდება. ეს ისეთი მოვლენაა, რომელსაც ყველა ადევნებს თვალს. ისინიც კი, ვინც არ ინტერესდება ტოტალიზატორებით, ამ დროს თამაშში ერთვებიან. თუმცა სხვა დროს მეტი თამაში იმართება და არჩევანი უფრო მრავალფეროვანია, ბილეთი შესაძლოა სხვადასხვა რამეზე დაიდოს. მსოფლიო ჩემპიონატზე კი დღის განმავლობაში ორი თამაშია. ამიტომ ბილეთების რაოდენობის გაათმაგებაზე საუბარიც არ არის.

რაც შეეხება კოეფიციენტების სიდიდეს, ამას, როგორც ზოგადად ყველაფერს, მოთხოვნა განსაზღვრავს. გუნდზე, რომელზეც მოთხოვნა შედარებით მეტია, კოეფიციენტი ნაკლებია და პირიქით. კონკურენცია ბაზარზე ჯანსაღია. პროგრამები იხვეწება, მომსახურება უფრო მრავალფეროვანი ხდება, ახალი ტოტალიზატორები იხსნება, ზოგიც იხურება, ეს ჩვეულებრივი საქმიანი პროცესია. ეს არასტაბილური ბიზნესია, შესაძლოა ხან მოიგო, ხანაც წააგო.

-თუმცა ტოტალიზატორები მაინც მოგებული არიან, ასე რომ არ იყოს, ბიზნესის წარმოება აზრს დაკარგავდა...

-რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, მით უფრო ახლა, მსოფლიო ჩემპონატის მსვლელობისას, როცა ამბობენ. რომ "თამაშები გატყდა", ანუ არალოგიკური და თითქოს ტოტალიზატორებისთვის სასურველი შედეგებით დასრულდა. ასე რომ იყოს, ამდენი ტოტალიზატორი არ დაიხურებოდა. არის პერიოდები, როცა კლიენტების სასარგებლოდ მიდის საქმე და ამას უნდა გაუძლო".

ციფრების ენით

-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან 10 დღეში შვიდმა უმსხვილესმა საერთაშორისო ბუკმეიკერულმა ქსელმა $5 მლრდ მოიგო.

-მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტოტალიზატორების მუშაობას ინტერპოლი აკონტროლებს.

-მხოლოდ ჩინეთისა და მალაიზიის საბუკმეიკერო კანტორების წლიური შემოსავალი $80 მლრდ-ს აჭარბებს.

-ტოტალიზატორების შემოსავალმა "კოკა-კოლას" შემოსავლებს ათჯერ გადააჭარბა.