მთავრობის ხელი მომხმარებლის ჯიბეში - კვირის პალიტრა

მთავრობის ხელი მომხმარებლის ჯიბეში

მობილური ტარიფების თითქოს დაწყებულ გაიაფებას საგადასახადო დარტყმა მიადგება

მობილურით საუბრის წუთობრივი ტარიფი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენციით კომპანიები ტარიფების ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებისკენ მიდიოდნენ. მართალია, საუბრის გაიაფება სამომხმარებლო აქციებს უკავშირდება, მაგრამ იყო განცხადებები, რომ შემოდგომისთვის ძირითადი ტარიფების შემცირებაც იგეგმება. ამ ვითარებაში მთავრობამ საშემოსავლო რეზერვი დაინახა და კომპანიების მხრიდან ტარიფების დაწევას, მათგან მეტი გადასახადის ამოღება ამჯობინა.

მთავრობის მტკიცებით, ახალმა საგადასახადო კოდექსმა ინვესტორების მოზიდვასა და სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას უნდა შეუწყოს ხელი. კოდექსი პირველი მოსმენითაა პარლამენტში დამტკიცებული. გაბედავენ თუ არა დეპუტატები პრინციპული ცვლილებების შეტანას, ძნელი სათქმელია.

პარლამენტში შეტანამდე კოდექსის სამუშაო ვერსიიდან ამოვარდა უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო აპარატურის დღგ-ით დაბეგვრის ინიციატივა, აღარც უძრავი ქონების გაყიდვა დაიბეგრება მოგების გადასახადით. მობილური კომპანიების დაბეგვრა კი კვლავ განხილვის საგანია. თანაც ფინანსთა მინისტრი კომპანიებს მოუწოდებს, დაბეგვრის მიუხედავად, წუთობრივი ტარიფი არ გაზარდონ.

ხელისუფლება ახალი კოდექსის პროექტს „რევოლუციურს“ უწოდებს და ახალი ინვესტორების მოზიდვის უებარ საშუალებად სახავს, თუმცა, თუ ზოგიერთ ექსპერტს დავუჯერებთ, ახალი ინვესტორის მოზიდვა კი არა, ზოგიერთ ბიზნესსექტორში ძველის შენარჩუნებაც შესაძლოა სანატრელი გახდეს.

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი კავშირგაბმულობაზე აქციზის დაწესების აუცილებლობას ბიუჯეტში თანხების მობილიზების საჭიროებით ხსნის. ახალი კოდექსი მიკრო და მცირე მეწარმეებს შეღავათებს უწესებს, ასევე დღგ-ის გადამხდელთა ქვედა ზღვარის 100 ათასიდან წლიურ 200 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. სანაცვლოდ ფინანსთა სამინისტრო სხვა სფეროების დაბეგვრას აპირებს, მცირე მეწარმეების შეღავათებით გამოწვეული დანაკლისი რომ აინაზღაუროს.

ნიშანდობლივია, რომ კოდექსის ავტორები ახალი გადასახადის შემოღებაზე არაფერს ამბობენ, ამ დროს კი მომსახურების აქციზით დაბეგვრა მთლიანად ცვლის ამ გადასახადის არსს. აქციზის გადამხდელთა ჩამონათვალში დამატებულია შემდეგი განსაზღვრება: "აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევას".

ექსპერტთა თქმით, აქციზის გადასახადი დღემდე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, ეხება მხოლოდ საქონელს და არავითარ შემთხვევაში მომსახურებას. დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით აქციზის გადამხდელია ის, ვინც აწარმოებს აქციზურ საქონელს, ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს ან იმპორტს. აქციზით იბეგრება ჯართი, ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ასევე ფუფუნების საგნები. რაც შეეხება კავშირგაბმულობის მომსახურებას, აქციზით მის დაბეგვრაზე არასდროს ყოფილა რამე ნორმა.

შარშან საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს "თავისუფლების აქტი" წარუდგინა, სადაც ერთ-ერთი ინიციატივა ისიც იყო, რომ ქვეყანაში ახალი გადასახადების შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის გადაწყვეტილებით ყოფილიყო შესაძლებელი. მართალია, „თავისუფლების აქტი“ პარლამენტს დღემდე არ დაუმტკიცებია და პრეზიდენტის ინიციატივა ინიციატივადვე რჩება, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობა ახალი გადასახადის შემოღებას მოერიდა, რასაც, მაგალითად, „კავშირგაბმულობის ხმოვანი მომსახურების გადასახადი“ დაერქმეოდა. სწორედ ეს ვითარება ქმნის, ფინანსისტების თქმით, აქციზის შეუსაბამობას გადასახადის არსთან.

რაც შეეხება უშუალოდ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს, ექსპერტების თქმით, საუბრის აქციზით დაბეგვრა მათ მდგომარეობას გაურთულებს. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე აცხადებს, რომ საქართველოში კავშირგაბმულობის მომსახურებაზე აქციზის დაწესება საერთაშორისო ინვესტორებს დააფრთხობს. მისი თქმით, საკომუნიკაციო კომპანიებმა წლების განმავლობაში არაერთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელეს. ახლა კი, როცა მოგებაზე გავიდნენ, მათთვის დამატებითი გადასახადის დაწესება, მით უმეტეს შუა წელიწადში, უარყოფითი მოვლენაა.

ჭირაქაძეს მაგალითად „ბილაინი“ მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით, ბაზარზე შედარებით მცირე ხანია ოპერირებს და მოგება დღემდე არ მიუღია. ახალი გადასახადის დაწესება კომპანიას მოგების მიღებას კიდევ მრავალი წლით გადაუდებს. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველო მაღალრისკიანი ქვეყანაა და თუ ინვესტორმა დიდი მოგების პერსპექტივა ვერ დაინახა, თავის კაპიტალს ევროპისა და ამერიკის გაცილებით დაბალრისკიან ქვეყნებში ჩადებს.

კავშირგაბმულობის მომსახურებაზე აქციზის შემოღებასთან დაკავშირებით „ჯეოსელში“ მიაჩნიათ, რომ ეს შეაფერხებს ინვესტიციებს, რომელიც ამ სფეროში ტექნოლოგიური პროცესების განვითარებისათვის იდება. მენეჯმენტის წარმომადგენელთა განცხადებით, დრო აჩვენებს, გააძვირებს თუ არა აქციზის გადასახადი სამომხმარებლო ტარიფს, თუმცა თავად კომპანიის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

მსგავსი პოზიცია აქვს "მაგთიკომის" გენერალურ დირექტორ დევიდ ლის, რომლის შეფასებით, გადასახადი რომ მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას ისახავს მიზნად, ეს მობილური ოპერატორების აშკარა დისკრიმინაციაა. ლის მტკიცებით, აქციზის შემოღების შემთხვევაში მობილურით საუბარზე დღევანდელი ტარიფის შენარჩუნება ნაკლებად მოსალოდნელია. „ბილაინის“ აქციების ნახევარზე მეტს საერთაშორისო ინვესტორები ფლობენ და კომპანიაში ფიქრობენ, რომ ამგვარი გადასახადის დაწესება მათთვის სავარაუდოდ მიუღებელი იქნება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტ მერაბ ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ აქციზის გადასახადის დაწესებას მობილური ოპერატორები სათავისოდ გამოიყენებენ და გამორიცხული არ არის, სასექტემბროდ დაგეგმილი ტარიფის შემცირება გადაიფიქრონ. აქციზის ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისათვის დაწესება მისთვისაც გაუგებარია, რადგან მსოფლიოში ასეთი სახის გადასახადით მობილური ოპერატორები არსად იბეგრებიან.

კოდექსის პარლამენტში მეორე მოსმენით მიღება 16 ივლისს არის დაგეგმილი. მესამე და საბოლოო დამტკიცებაც ივლისშია ნავარაუდები. გამოიწვევს თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსი "რევოლუციას" კავშირგაბმულობის ბაზარზე, მისი დამტკიცების შემდეგ გამოჩნდება.

თემურ იობაშვილი