მილიარდები მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე!
მილიარდები მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე!
არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს პასუხი, რატომ "გაიჭედა" პარლამენტში კანონპროექტი

გასულ წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, სახელმწიფო ბიუჯეტს კი აქედან მხოლოდ 332 მილიონი, ანუ ბრუნვის მხოლოდ 5,8% ერგო. ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ დაპირებული, მაგრამ აუმოქმედებელი რეგულაციების პირობებში აზარტული ბიზნესი ფრთებს ფართოდ შლის და მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე სულ უფრო მეტ მილიარდს შოულობს. მაგალითად, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი
ნახტომი გააკეთა. უფრო შთამბეჭდავია ბოლო 11 წლის მონაცემები, რომელთა თანახმად, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი!

ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გიორგი კვირიკაშვილი მაშინ დაგვპირდა, როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტს სამთავრობო პროგრამას აცნობდა. დაახლოებით ერთი წლის წინ ფინანსთა სამინისტრომ კანონპროექტი შეიმუშავა, კონკრეტული რეგულაციები გაწერა და პარლამენტში ამ
საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯგუფს წარუდგინა. მას შემდეგ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში თაროზე დევს და ელოდება, როდის დაიმსახურებს ყურადღებას. ახლა დეპუტატებისთვის იმის გარკვევა უფრო მნიშვნელოვანია, ვინ "მაუგლის" პერსონაჟია და ვინ - "ნეგატივის განსახიერება", ამასობაში კი ფსონად ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლები, მათი ოჯახების კეთილდღეობა, მომავალი და ქვეყნის განვითარება დევს.

სამწუხაროდ, არ არსებობს სტატისტიკა, რა თანხა წააგო მოსახლეობამ შარშან აზარტულ თამაშებში, თუმცა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის მიერ მიღებული ფსონების ჯამი ყოველთვიურად 80-დან 100 მილიონ ლარამდე მერყეობს, წელიწადში კი მოსახლეობის მიერ ფსონად დადებული თანხა მილიარდს აჭარბებს.

2010 წელს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა არ ითვალისწინებს გადამხდელთა ერთობლივი შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მითითებას. შესაბამისად, არც სათამაშო ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შესახებ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი. თუმცა, საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ამ ბიზნესში მოგების მინიმალური მარჟა 50-60%-ია. ამ მონაცემებითაც კარგად ჩანს, ვინ უფრო მოგებულია ამ თამაშში - სათამაშო ბიზნესი თუ მოთამაშე. მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით მილიარდით ღატაკდება.

ანდრია გვიდიანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი: "ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი აზარტული თამაშების ბრუნვის მილიარდიანი ზრდა, რადგან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ქვეყანაში ქმედითი პოლიტიკა არ გატარებულა. შესაბამისად, ჩვენი პრეტენზიებისა და შეკითხვების ადრესატი ხელისუფლებაა და თუ ის დროულად არ მოიმოქმედებს რამეს, მომდევნო წელს უფრო სავალალო სურათი გვექნება - ველური ბაზარი, რომელიც დღეს არსებობს სათამაშო ბიზნესის სახით, უფრო გაიზრდება. რბილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი ის ტემპი, რა ტემპითაც ხელისუფლება რეგულაციებზე მუშაობს. მათგან უკვე ხუთი წელიწადია გვესმის, რომ მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ საქმე წინ არ წასულა.

არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არა აქვს პასუხი, რატომ "გაიჭედა" პარლამენტში კანონპროექტი. ვფიქრობ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და უკომპრომისო მიდგომის შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებას წინ არაფერი უდგას.
ევროპის ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიმართა რეგულაციებს ამ სფეროში, რადგან ეს ბიზნესი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული როგორც ფისკალური, ასევე სხვა - მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ბიუჯეტში ამ ბიზნესის შენატანი მათ ბრუნვასთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ამ ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებით ბიუჯეტი შემოსავლებს დაკარგავს, სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, რამდენადაც შეიზღუდება სათამაშო ბიზნესის შემოსავლები, ეს თანხა ეროვნულ დანაზოგში გადავა და საბოლოოდ, ეროვნული ინვესტიციების სახით, დაბანდდება ეკონომიკის რეალურ სექტორში.

შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, შეზღუდვა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე თავის ნებაზე მიშვებული სათამაშო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ვერავის დავადანაშაულებ და ვერ ვიტყვი, რომ რეგულაციების მიღების გაჭიანურება უკავშირდება კორუფციულ გარიგებებს, ლობისტური კავშირების გამოყენებას, თუმცა ჩნდება ლოგიკური ეჭვი - აქამდე რატომ არ არის მიღებული შესაბამისი კანონი, მით უფრო, რომ ხელისუფლების მხრიდან ამის გასამართლებელი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ".

რეგულაციების მიხედვით...

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სათამაშო ბიზნესის სფეროში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

რეგულაციების მიხედვით, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის უფლება (გარდა ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშებისა) შეეზღუდებათ 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს; ონლაინთამაშები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებული მოთამაშეებისათვის; შეიქმნება ე.წ. შავი სია და მასში პირის შეყვანა შესაძლებელი იქნება პირადი ან ოჯახის წევრის მოთხოვნით 1 წლის ვადით;

ონლაინთამაშებში მოგებული თანხის გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სათამაშოდ დაშვებული პირის საბანკო ანგარიშიდან/ბარათიდან და აიკრძალება მოგებული თანხის გამოტანა სხვა ფორმით. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, საბოლოო დოკუმენტმა მაღალი სტანდარტებით დაიცვას ადამიანის უფლებები, ამავე დროს, შეზღუდოს არასრულწლოვანთა მონაწილეობა სათამაშო ბიზნესში.

სათამაშო ბიზნესმა 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა!


აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვა (მილიონი ლარი)

2006 წელი - 30,1
2007 წელი - 64,9
2008 წელი - 70,7
2009 წელი - 74,3
2010 წელს - 112,7
2011 წელი - 366,3
2012 წელი - 996
2013 წელი - 1.213
2014 წელი - 2.032
2015 წელი - 3.890
2016 წელი - 4.036
2017 წელი - 5.649
napoleoni
25 მაისი 2018 00:28
ერთერთი უმსხვილესი ოპერატორის მფლობელი პარლამენტში ზის საძმოსთან ერთად. . .ქოცნებიდან მინიმუმ 30 კაცი ყავს მაგ კაცს და რომელ რეგულაცია შეზღუდვაზეა ბაასი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?