"პარიკმახერის გადასახადი"
"პარიკმახერის გადასახადი"
ქართველი გადამზიდავები უთანასწორო ომში

პრობლემა სარფშივე იწყება, სადაც თურქული მხარის გაჭიანურებული სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების გამო ქართველ გადამზიდავს 3-4 დღით გაჩერება უწევს, თურქ გადამზიდავს კი იმავე პროცედურისთვის საქართველოს საზღვარზე 3-4 საათი სჭირდება. თურქები პროცედურის გაჭიანურებას გაუმართავ კომპიუტერულ სისტემასა აბრალებენ. ქართველ გადამზიდავს უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სარფის სადგომზე, სადაც არ არის ელემენტარული ჰიგიენური პირობები, ამიტომ სჭირდება ღამის გასათევიც, რაც დამატებითი ხარჯია


ქართველ გადამზიდავებს საერთაშორისო გადაზიდვებისას კონკურენტებთან უთანასწორო ბრძოლა უწევთ. როგორც სატ­რანზიტო დერეფანი, უცხოელი
გადამზიდავებისთვის საქართველო "სამოთხეა", მათ მხოლოდ 200 ლარის გადახდა უწევთ, ქართველი გადამზიდავი კი თითქმის ყველა მიმართულებით დისკრიმინაციულ მოპყრობას აწყდება. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ღვინო, რომელიც­ საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის, ჩვენი ქვეყნიდან სომეხ გადამზიდავებს გააქვთ. გასაგებია, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და რუსეთში ტვირთის
შეტანა ბარიერების გარეშე შეუძ­ლია, თუმცა არც საქართველოში­ შემოსასვლელად და აქედან ტვირთის­ გასატანად უწევს დამატებითი ხარჯის გაღება მაშინ, როცა იმავეს­ სომხეთში შესვლისას ქართველი გადამზიდავი ნამდვილად ვერ იტყვის.

პაატა ცაგარეიშვილი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ექსპერტი: "ქართველი გადამზიდავები საერთაშორისო გადაზიდვებისას დიდ ბარი­ერებს აწყდებიან როგორც მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე რუსეთის, ირანისა და ევროპის მიმართულებით. ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი და მაღალი, მათ შორის, არაოფიციალური გადასახადების გადახდაც უწევთ. თუ დავიწყებთ თურქეთით, პრობლემა სარფშივე გვხვდება, სადაც თურქული მხარის გაჭიანურებული სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების გამო ქართველ გადამზიდავს 3-4 დღით გაჩერება უწევს, თურქ გადამზიდავს კი იმავე პროცედურისთვის საქართველოს საზღვარზე 3-4 საათი სჭირდება. თურქები პროცედურის გაჭიანურებას გაუმართავ კომპიუტერულ სისტემას აბრალებენ. ქართველ გადამზიდავს­ უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სარფის სადგომზე, სადაც არ არის ელემენტარული ჰიგიენური პირობები, ამიტომ სჭირდება ღამის გასათევიც, რაც დამატებითი ხარჯია. შემდეგი ნაბიჯია

ტვირთის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული შემოწმება, რაც 50-დან 100 ევრომდე ჯდება. საქართველოში შემოსული გადამზიდავი ცალკე ამ პროცედურებს არ გადის, რადგან ჩვენთან ეს გამარტივებულია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას ტვირთის შემოწმებაში ექიმი არ ერთვება. შემდეგ ტვირთი იწონება, რისი ფასიც დაახლოებით 25 ლირაა (დღევანდელი კურსით აღემატება 15 ლარს). საქართველოს საზღვარზე არც ამ პროცედურის გავლა უწევთ თურქ მძღოლებს, თურქული მხარე კი ორჯერ წონის და ევროპისკენ გადაზიდვისას ქართველი გადამზიდავი მის საფასურსაც ორჯერ იხდის - სარფსა და კალიკულეში (თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე). აწონის შემდეგ მოწმდება საწვავის ავზი, რადგან დაწესებული აქვთ შეზღუდვა - საწვავის ავზით მაქსიმუმ 550 ლიტრის შეტანა. ეს ავტომობილს ზუსტად უნდა ეყოს თურქეთის ტერიტორიის ტრანზიტით გასავლელად, მაგრამ თუ დამატება დასჭირდა? თურქეთის ტერიტორიაზე ლიტრი საწვავის ფასი შედარებით ძვირია (დაახლოებით 3 დოლარი). ეს მაშინ, როცა თურქი გადამზიდავები საწვავს განსხვავებული ფასით მათთვის განკუთვნილ თავისუფალ ზონებში იმარაგებენ. თუ საწვავის მოცულობა ზღვარს აღემატება, ქართველ გადამზიდავს აჯარიმებენ, საქართველო კი საწვავისთვის მეზობელ ქვეყანას არანაირ შეზღუდვას არ უწესებს.

ყველაზე დამამცირებელი გადასახადია ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის შემოწმება. იმ მოტივით, რომ თურქეთში აღურიცხავი საქონელი არ შევიდეს, სატრანსპორტო საშუალებას ხსნიან და თანამდევ დოკუმენტაციასთან შესადარებლად ტვირთს ითვლიან - ამ ოპერაციის ხარჯი 900 ლირა (დაახლოებით 547 ლარი) ქართველ მეწარმეს ეკისრება. ტვირთებს ამოწმებენ საქართველოს კანონმდებლობითაც, მაგრამ არა მეწარმის, არამედ სახელმწიფოს სახსრებით.

სასაზღვრო გასასვლელებზე აუცილებელი მოთხოვნაა მესამე პირის დაზღვევის შეძენა, რომლის ღირებულება სამთვიანი პერიოდისთვის 760 ლირას (462 ლარამდე) შეადგენს. ასეთივე დაზღვევა საქართველოს საზღვრებზე 2 თვეა, რაც ამოქმედდა და მისი ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია.

დაუსაბუთებლად მაღალია ტრანზიტის გადასახადი - 113 დოლარი, რომელსაც მხოლოდ ქართული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იხდიან თურქეთში. ამ გადასახადის დაწესება ქართული მხარის მიერ იყო ინსპირირებული - 2010 წელს საქართველოს გზებზე ტრანზიტულად მოძრავი მანქანებისთვის გზით სარგებლობის 200-ლარიანი გადასახადი დაწესდა. თურქულმა მხარემაც დოლარის მაშინდელი კურსით დააწესა ასეთივე გადასახადი, მაგრამ მაშინ თუ 113 დოლარი ქართველი გადამზიდავისთვის 200 ლარი გამოდიოდა, ახლა თითქმის 280 ლარია. რაც მთავარია, თურქეთში ტრანზიტის გადასახადს იმ შემთხვევაში ექნებოდა გამართლება, თუ ქართველი გადამზიდავი თურქეთის ტერიტორიაზე დამატებით აღარ გადაიხდიდა გზითა და ხიდებით სარგებლობის გადასახადს. თურქი გადამზიდავი საქართველოს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის გამოყენების 200-ლარიანი მოსაკრებლის გარდა, არანაირ დამატებით გადასახადს არ იხდის, ქართველ გადამზიდავ მეწარმეს კი უწევს თურქეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ხიდებით სარგებლობის გადასახადის გადახდა, რაც ერთი მიმართულებით 450 ლირას შეადგენს, ჯამში ორივე მიმართულებით კი 900 ლირას (547 ლარამდე). მათ შორის არის ბოსფორის ხიდით სარგებლობის გადასახადი, რომელიც 144-დან 156 ლირამდე გაიზა­რდა. ეს უკვე ძალიან ხარჯიანს ხდის ევრო­პის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებას. ამ ყოველივეს ემატება­ ტირპარკინგებზე (სპეციალური სადგომი) სავალდებულო გადასახადი - 25 ლირა სარფსა და კალიკულეში, ჯამში 50 ლირა (30 ლარი).

ქართული მხარე ახალამოქმედებული­ დაზღვევისა და გზით სარგებლობის 200-ლარიანი გადასახადის გარდა, არც თურქ და არც სხვა ქვეყნის გადამზიდავებს არანაირ დამატებით გადასახადს არ ახდევინებს. ცნობისთვის, ირანის ტერიტორიაზე თურქი გადამზიდავი იხდის­ იმდენს, რამდენსაც ირანელი გადამზიდავი თურქეთის ტერიტორიაზე. მართალია, ქართული მხარის ლიბერალურ თუ დამთმობ პოზიციას აქვს დადებითი ეფექტიც და ტვირთნაკადი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ეს ხდება უსაფრთხოების სტანდარტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარჯზე. აუცილებელი იქნება ამ მიმართულებით სახელმწიფოს გააქტიურება და უცხოეთში ქართველი გადამზიდავის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით განსაზღვრული "თანაბარი მიდგომის" პრინციპის ამოქ­მედება - "რამდენსაც მახდევინებ, იმდენს იხდი".

იმ პირობებში, როცა ქართველ გადამზიდავს მეზობელ ქვეყნებში უხდება არაადეკვატური, მათ შორის, არაოფიციალური გადასახადების გადახდა და გართულებული საბაჟო პროცედურების გავლა, ის ნაკლებად კონკურენტული ხდება საერთაშორისო ბაზარზე. იქიდან გამოდევნილი გადმოერთვება შიდა ბაზარზე, სადაც მწირი ეკონომიკური აქტივობის გამო შემდგომი პერსპექტივა საქმიანობის შეჩერებაა, საერთაშორისო გადაზიდვებში კი ქართველი გადამზიდავის ადგილს მყარად იკავებს თურქი გადამზიდავი.

ასეთივე მდგომარეობაშია ქართველი გადამზიდავი რუსეთის მიმართულებითაც. პროცედურა იწყება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც ელექტრონული დეკლარირებისთვის ქართველი გადამზიდავი ოფიციალურად იხდის 4500 რუბლს (177 ლარზე მეტს) და მერე საბაჟოზე შემოწმების პროცედურების დასაწყებად უწევს 3-დან 4000-მდე რუბლის არაოფიციალურად გადახდა. მძღოლები ამას "პარიკმახერის გადასახადს" ეძახიან. საბაჟოს შემდეგ, რუსეთში გავლილ ყოველ კილომეტრზე, გზით სარგებლობისთვის ქართველ გადამზიდავს უწევს 1,9 რუბლის გადახდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყოველ რეგიონში მანქანას სხვადასხვა­ მიზეზით აჩერებენ და ყოველი გაჩერებისას გადამზიდავი 500 რუბლს იხდის. იმავეს თქმა შემიძლია უკრაინის, ირანის მიმართულებებზეც. სახელმწიფო დროულად უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე, შექმნას სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტი და განსაზღვროს თანაბარი თამაშის წესები საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე, რათა ქართველმა გადამზიდავებმა კონკურენციის გაწევა შეძლონ".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?