ვახტანგ რჩეულიშვილი: "მაგათი ფული ბეტონში დევს" - კვირის პალიტრა

ვახტანგ რჩეულიშვილი: "მაგათი ფული ბეტონში დევს"

მერიამ დეველოპერების დიდი ნაწილი ხელცარიელი დატოვა. მან "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის"მეორე ეტაპის ტენდერზე დაპირებული 200 მილიონ დოლარზე ბევრად ნაკლები, 46 მილიონი ლარი გამოიტანა. სამშენებლო კომპანიებს იმედები გაუცრუვდათ.

თანხა ვერ მიიღეს მსხვილმა დეველოპერებმა, მათ შორის "ცენტრ-პოინტმა", "აქსისმა", "ოლიმპიურმა ვარსკვლავმა". ბოლო იმედი ეწურებათ იმ კლიენტებსაც, რომლებიც მშენებარე კორპუსების დასრულებას წლების განმავლობაში ელოდებიან.

სამშენებლო კომპანიები დაფინანსებას "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის"პროექტის ფარგლებში დაწყებული მშენებლობების დასამთავრებლად ელოდებოდნენ. დეველოპერების უმრავლესობისთვის, რომლებსაც ბანკები აღარ ენდობიან და კრედიტებსაც აღარ აძლევენ, ეს ფული ბოლო ხსნა იყო. მაგრამ მეორე ეტაპზე იმ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომელთა შეთავაზებებიდან დაანგარიშებული ე.წ. დისკონტირებული ქულა 490-ზე ნაკლები გამოვიდა. დაფინანსებას სულ 34 დეველოპერი ითხოვდა, მაგრამ მათგან ბედმა მხოლოდ ცხრას - "არსს", "კიდ არქიტექტურას", "ბაგები სიტის", "კალასს", "კერა პლუსს", "სევენ სკაის", ამხანაგობებს - "გუნიას 22"-სა და "ქეთევან წამებულის 44"-ს გაუღიმა. მათ კრედიტს მერიის გარანტიით "თიბისი", "საქართველოს ბანკი", "ბაზისბანკი"და "კორ სტანდარტ ბანკი"მისცემენ (პროექტის პირველ ეტაპზე 11-მა კომპანიამ ჯამში 53 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო).

გოგა კაპანაძე ("აქსისის"დირექტორი): "თანხების მისაღებად ბანკებთან განვაგრძობთ მუშაობას. მართალია, მეორე ეტაპზე ჩვენმა კომპანიამ ფული ვერ მიიღო, მაგრამ ის მაინც კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი გამოცოცხლდება და გააქტიურდება. მესამე ეტაპი წლის ბოლოს გამოცხადდება და იმას დაველოდებით".

მშენებლობების გაგრძელებას ვეღარ ახერხებს "ცენტრ-პოინტი", რომელსაც ყველაზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობა აქვს. ასობით კლიენტს, რომლებსაც ჰაერი მიჰყიდეს და რომლებიც კომპანიას მშენებლობაში შეტანილ ფულს უკან სთხოვდა, "ცენტრ-პოინტში"ამ ტენდერით აჩერებდნენ. კომპანია ხელცარიელი რომ დარჩა, კლიენტებმა ჯერ არ იციან. ბევრი მათგანი თანხის უკან დაბრუნებას წლებია ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მათ კომპანიიდან უარით ისტუმრებენ. რამდენიმე მათგანმა დახმარებისთვის ჩვენც მოგვმართა.

დალი რაზმაძე: "დიდ დიღომში "ცენტრ-პოინტის"საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში 28 ათასი დოლარი შევიტანე. მშენებლობა გაჩერებულია, არადა ბინა 2008 წელს უნდა ჩაებარებინათ. რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად ავად გავხდი. სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. ჩემი ფულისთვის "ცენტრ-პოინტს"მივაკითხე, მაგრამ ოფისიდან უკმეხად გამომისტუმრეს, ფულს უკან ვერ გაიტანთო. ახლა სასწრაფო ოპერაცია მესაჭიროება, რომელსაც გერმანიაში აკეთებენ. დროულად თუ არ გავიკეთებ, ექიმები მეუბნებიან, რომ შესაძლოა სიარული ვეღარ შევძლო. პროცენტი დაიტოვონ თუ უნდათ და თანხის ნაწილი მაინც დამიბრუნონ, მკურნალობისთვის".

ასეთ დღეში ათასობით მოქალაქეა. უმრავლესობას სამშენებლო კომპანიებმა ჰაერი მიჰყიდეს. ზოგიერთს გაუმართლა - სახლი აშენებულია, თუმცა შიდა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია და სახლიც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, ამიტომ შესახლების უფლება არ აქვთ. მათ ნაწილს კომპანია რეგისტრაციისთვის დამატებით თანხას სთხოვს.

ლევან აბულაძე: "ცენტრ-პოინტის"მშენებლობაში "თაბუკაშვილის 7"-ში თანხა 2003 წელს შევიტანე. სულ 75 ათას დოლარამდე მაქვს გადახდილი. სახლი აშენებულია, მაგრამ შიდა ტერიტორიაა მოსაწესრიგებელი, კომუნიკაციები შესაყვანი, ამიტომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. რამდენჯერმე მივაკითხე კომპანიას და ყველა მისვლისას სხვადასხვა პასუხი მივიღე.

შარშან გვითხრეს, აგვისტომდე დავასრულებთო, მაგრამ მოგვატყუეს. მიზეზად ხან კრიზისს ასახელებენ, ხან რას. ფული არ არისო, სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას ველოდებითო. ახლა გვითხრეს, ამხანაგობის თავმჯდომარე, ვინც მშენებლობას ახორციელებდა, გაქცეულია და ვერ ვპოულობთო. ადვოკატი უკვე ავიყვანეთ და სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ვაპირებთ, ყველა ის ადამიანი, ვისაც თანხას არ გვიბრუნებენ, გავერთიანდეთ და ერთაინი ძალებით ვიბრძოლოთ".

ვახტანგ რჩეულიშვილი ("ცენტრ-პოინტის"დამფუძნებელი): "ორი წელია ველოდებით, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება, მაგრამ ამაოდ. ტენდერზე 540 დოლარი შევთავაზეთ მერიას. ასეთი მაღალი ფასი ბანკის პროცენტის გათვალისწინებით გამოვიდა, თორემ 400 დოლარად იმდენ სახლს ავუშენებ, რამდენიც უნდათ.

ჩვენი ბრალია, არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ჩემს კლიენტებს 50 მილიონი დოლარი აქვთ გადასახდელი. ეს თანხა რომ გადაიხადონ, ყველა მშენებლობას დავამთავრებთ. თუ კლიენტი აღიარებს, რამდენი აქვს გადასახდელი, დავიქირავებ აუდიტს, იურიდიულ ფირმას, აღრიცხავენ, რა ობიექტები გვაქვს და დასრულების ვალდებულებას აიღებს კომპანია, რომელთან მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ. საუბარია უცხოურ ებრაულ ბანკებზე, ასევე ამერიკელებზე. ახალ შემონატანებსა და მშენებლობის დასრულებასაც სადაზღვევო კომპანია დააზღვევს.

- რაც თქვენს მშენებარე სახლში შემოიტანეს, ბევრისთვის ბოლო კაპიკები იყო. თქვენმა ერთ-ერთმა კლიენტმა მეც მომმართა, რომელსაც თანხა სამკურნალოდ სჭირდება. ამ ადამიანებს თანხას არ დაუბრუნებთ?

- გამორიცხულია. მერე მე რა ვქნა? მეც სამკურნალო ვარ, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი. 10 ათას დოლარს ველოდები, მაგრამ ვერ ვშოულობ. ფული არ მაქვს.

დაბრუნების შანსი არ არის. მაგათი შემოტანილი ფული ბეტონში დევს, იქიდან როგორ ამოვიღო?

- ის ადამიანი მძიმე ავადმყოფია, შესაძლოა საერთოდ ფეხზე ვერ გაიაროს...

- მშენებლობის დამთავრებას უნდა დაელოდოს. სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ სურთ, მშენებლობა დასრულდეს, დანარჩენი თანხაც უნდა შემოიტანონ. აღარც მე მაქვს ხალხის ნდობა და არც იმათ ჩემი. ამიტომ "ცენტრ-პოინტი"საერთოდ გამოდის ამ პროექტებიდან. თუ სურთ, თვითონ დაამთავრონ მშენებლობა, თუ სურთ, სამშენებლო კომპანიასაც ჩვენ თვითონ შევთავაზებთ და სადაზღვევო კომპანიასაც".

მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას უდგას. მათ წინააღმდეგ სასამართლოებში 1200-ზე მეტი ასეთი სარჩელია შეტანილი. მომჩივანთა რაოდენობამ ბოლო დროს იმატა.

დიმიტრი გაბუნია (ადვოკატი): "რამდენიმე დღეა, რაც მერიამ ტენდერის შედეგები გამოაცხადა და სარჩელებმა უკვე იმატა. ახლა უამრავი სარჩელი გადაწყვეტილების, აღსრულების ფაზაში შედის. დეველოპერებმა დროულად უნდა მიხედონ ამ საქმეებს, თორემ ვალდებულებების შესასრულებლად ძალიან ცოტა დრო რჩებათ. აღმასრულებელი მივა, დაუყადაღებს ქონებას და აუქციონზე გამოიტანს.

პირველ ეტაპზე ბანკებმა დაასრულეს პროცესები, გადაიფორმეს დეველოპერების ქონება. მალე დაიწყება მეორე ტალღა, კერძო პირების სარჩელებს ხანდაზმულობის ვადა ეწურება და თუ დეველოპერები ერთ-ორ თვეში არ გაისტუმრებენ ვალებს, ეს ბაზარი თუ არ დალაგდება, მათი ქონების დაყადაღება და აუქციონზე გატანა დაიწყება. ეს გარდაუვალი იქნება. ეს მძიმე სოციალური პრობლემაა და შემოდგომაზე უფრო მწვავედ დადგება. საშიშია, ამან სოციალური აფეთქება არ გამოიწვიოს.

დეველოპერები კლიენტებს ამხანაგობებში აწევრებდნენ და შემდეგ იწყებდნენ მშენებლობებს. ხშირად ხელშეკრულებები კლიენტის საზიანოდ იყო შედგენილი, მას ბევრი არც კითხულობდა და ამიტომ მათთვის საქმის მოგება რთულია. რამდენიმე წელიწადს შეიძლება გაიწელოს და თანხა ვერ მიიღონ. თუმცა მაინც არის რეალური შანსები, დეველოპერს, რომელიც ამხანაგობის უკან დგას, ვალდებულებების აღსრულება მოსთხოვონ. გამოსავალი ასეთი მექანიზმით შეიძლება მოიძებნოს: ნეიტრალური სუბიექტის, ბანკის ანგარიშზე დაიდოს თანხა, რომლითაც მშენებლობა დასრულდება".

გამოსავლის ძიებაში

- დეველოპერული კომპანია „ცენტრ-პოინტი ჯგუფი"წილის მიყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ისრაელის ბანკთან აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორთან მოლაპარაკებები ერთ თვეში დასრულდება. ბანკის წარმომადგენლები კომპანიაში აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებენ. საუბარია კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის აქტივების გაყიდვაზე. მიღებული თანხით კომპანია შეჩერებულ მშენებლობებს დაასრულებს, ხოლო ისრაელის ბანკი შეძენილ მიწის ნაკვეთებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თავად იზრუნებს.

- „ცენტრ-პოინტი ჯგუფი"მოლაპარაკებებს თბილისის მერიასთანაც მართავს მშენებარე ობიექტების, კერძოდ, სააკაძის მოედანსა და ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსების მიყიდვის შესახებ. აქედან მიღებული თანხითაც კომპანია სხვა შეჩერებული მშენებლობების დასრულებას გეგმავს.

ნონა ქვლივიძე