"ლაპარაკი საზღვრების გარეშე" - კვირის პალიტრა

"ლაპარაკი საზღვრების გარეშე"

სატელეფონი ბაზარი დიდი ცვლილებების მოლოდინშია

მობილური ქსელის შეცვლა ნომრის გამოუცვლელად გახდება შესაძლებელი. საგაისოდ, თებერვლიდან, აბონენტებს ერთი მობილური ოპერატორიდან მეორეზე გადასართველად აღარ დასჭირდებათ ნომრის გამოცვლა, რაც ახალი სიმბარათის აღებასაც ნიშნავს. მომსახურე კომპანიის შეცვლას ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტებიც შეძლებენ. კომუნიკაციების კომისიამ სატელეფონო ნომრების პორტაბელურობა დებულებით დაამტკიცა და ფიქსირებულ ოპერატორებს ბოლო ვადად 15 ოქტომბერი, მობილურებს კი 2011 წლის 15 თებერვალი დაუდგინა.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, თავისი ქსელიდან სხვა ოპერატორზე გადართვისას, კომპანიებს აბონენტისთვის სატელეფონო ნომრის გატანებაც მოუწევთ. ამისთვის აბონენტს ტელეფონზე მარტივი კომბინაციის აკრეფა დასჭირდება. ამ პროცესს ტექნიკურ მომსახურებას ერთიანი ადმინისტრატორი გაუწევს, რომელსაც ტენდერით შეარჩევენ. ერთიან ოპერატორს, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სულ ცოტა, სამ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს. მომსახურების საფასურს ოპერატორს სატელეფონო კომპანიები გადაუხდიან. ქსელიდან ქსელში გადართვისთვის ფულის გადახდა აბონენტსაც მოუწევს, რისი განაკვეთიც ჯერ არ არის დადგენილი.

მას ოპერატორი კომპანია შემოიღებს. ცვლილებამ კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენცია უნდა გაზარდოს, რაც მობილურ კომპანიებს ტარიფების შემცირებისკენ უბიძგებს.

ეს ერთადერთი საბაბი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც მობილურ ოპერატორებს ტარიფების შემცირებას აფიქრებინებს. გაიაფების კიდევ ერთი მიზეზი ურთიერთჩართვის ტარიფის (საფასური, რასაც კავშირგაბმულობის კომპანიები ერთმანეთს აბონენტების მომსახურებისას უხდიან. მაგ., "მაგთი" მისი აბონენტის მომსახურებისთვის "ჯეოსელს" ამჟამად 14,8 თეთრს უხდის) 14,8-დან 8 თეთრამდე შემცირება უნდა ყოფილიყო, რაც კომისიის გადაწყვეტილებით აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს. კომპანიებიც მზად იყვნენ, მომსახურების საფასური დაეკლოთ, თუმცა... მათ ახალმა საგადასახადო კოდექსმა მოუსწრო.

მობილურ კომპანიებს ბრუნვას 10%-მდე განაკვეთით დაუბეგრავენ. თუ გავითვალისწინებთ მათ საკმაოდ დიდ ბრუნვას, საგადასახადო ტვირთი საგრძნობლად დამძიმდება.

ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია ბაზარზე ფასების კლებას მაინც ელოდება, რაკი აბონენტებს არჩევანის საშუალება ექნებათ. როგორც კომისიაში ამბობენ, ეს ერთადერთი ბერკეტია მათ ხელში, რითაც ფასებზე ზემოქმედება შეუძლიათ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აბონენტები იმ ქსელში ჩაერთვებიან, რომელსაც დაბალი ტარიფი ექნება.

ამჟამად მობილურ ქსელში ერთი სასაუბრო წუთის საბაზო ტარიფი 28,8 თეთრია, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში და 10 წელიწადზე მეტია უცვლელია. კომპანიები აბონენტების გადასაბირებლად სამომხმარებლო აქციებს მიმართავენ. 1-ელი აპრილის მდგომარეობით, მობილურ ბაზარზე წილები ასე ნაწილდება: აბონენტების რაოდენობით "ჯეოსელი" ლიდერობს 1,37 მილიონი აბონენტით (ბაზრის 44,5%), "მაგთის" ქსელში 1,34 მლნ მომხმარებელია ჩართული და მას ბაზრის 43,8% უკავია. მესამე, "ბილაინი" უკვე ბაზრის 11,6%-იან წილს იკავებს. იგივეა მოსალოდნელი ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზეც, ისინი ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სერვისის გაუმჯობესებაზე იფიქრებენ.

ნომრების პორტაბელურობა კიდევ ერთ ცვლილებას გამოიწვევს. შეიძლება ითქვას, აზრს დაკარგავს მობილურების შიდა ბრენდების არსებობა, როგორიცაა "ბანი", "ბალი". ისინი თვით კომპანიის კონკურენტები გახდებიან. სპეციალისტების ვარაუდით, პორტაბელურობის შემოღება ყველაზე მეტ აბონენტს "მაგთის" წაართმევს -"ძვირიანი" 899-სა და 895-ს აბონენტები იაფიანი "ბანისკენ" გადაინაცვლებენ. ეს ზრდის შანსს, რომ მობილურმა კომპანიებმა ტარიფები დააკლონ, თუმცა ერთი ქსელიდან მეორეზე აბონენტების დიდ ნაკადებად გადადინება, სავარაუდოდ, არ მოხდება. ამ შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ ქსელს საშუალოდ 10%-15% თუ შეიცვლის.

კომუნიკაციების ბაზარზე სხვა ცვლილებაც მზადდება. 2011 წლამდე ქვეყანა ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადავა. ფიქსირებულ სატელეფონო ნომრებს თბილისში წინ 2-იანი დაემატება და შვიდნიშნა გახდება. რეგიონებში ნომრები 6-ნიშნა გახდება. შეიცვლება საერთაშორისო ოპერატორების კოდებიც. 8-იანს 10-იანი ჩაანაცვლებს (მაგ., 8-07 გახდება 10-07), მობილურის კოდებში კი 8-იანი 5-იანით შეიცვლება, მაგ., 877 გახდება 577, 895 გახდება 595 და სხვ.

შეიცვლება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ნომრებზე დარეკვის წესიც. ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ნომერზე დარეკვისას აბონენტმა უნდა აკრიფოს 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი (მაგ., 0 251 XXXXXX), 0-ის აკრეფა საჭირო იქნება ქალაქის ტელეფონიდან მობილურზე დარეკვისას (მაგ. 0 599 XXXXXX). პოლიციის ნომერი შეიცვლება და გახდება 122, სასწრაფო -133, სახანძრო -111. მომავალში კი ყველა მათგანი გაერთიანდება 112-ში, რაც საერთაშორისო სტანდარტით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერია.

ნონა ქლივიძე