რომან კაკულია - საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ცალსახად დადებითია
რომან კაკულია - საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ცალსახად დადებითია
საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ცალსახად დადებითია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა. მისი თქმით, სხვა ინსტრუმენტი განვითარებულ მსოფლიოს არ მოუგონია.

"ჩემი შეფასება ამ რეფორმასთან დაკავშირებით არის ცალსახად დადებითი. განსაკუთრებით უნდა შევხედოთ მცირე მეწარმეები რა გამოწვევების წინაშე დგანან. ისინი არიან ადამიანები, რომელთაც 10-მდე დასაქმებული შეიძლება ჰყავდეთ და უნდათ სამომავლოდ ბიზნესი წამოიწყონ. როგორც საბანკო სექტორთან კომუნიკაციების ბოლო პრაქტიკა გვაჩვენებს, საკმაოდ დიდია კომერციული წინადადების დაწუნების და
უარყოფის პრაქტიკა, რომელთა უარყოფაც ხდება მხოლოდ საგირავნო უზრუნველყოფის არქონის გამო. ამ სტატისტიკის მიხედვით, ეს არის ის ნიშა, სადაც სახელმწიფომ ზემოქმედება უნდა მოახდინოს ისე, რომ არ დააზიანოს საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, ანუ თანამშრომლობა ბანკსა და კლიენტს შორის უნდა იყოს აბსოლუტურად ისეთივე პრინციპებით, როგორც ამას მოითხოვს საბაზრო
ეკონომიკა. ბანკი აფასებს წინადადების კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას, მიუხედავად იმისა, მცირე ბიზნესისგან მოდის თუ მსხვილი ბიზნესისგან და შემდეგ აქედან გამომდინარე აფინანსებს მას. თუ მას ბარიერი აქვს გირავნობის არ არსებობით, აქ შეუძლია თავისი როლი ითამაშოს სახელმწიფომ. ცალსახად დადებითი რეფორმაა, რადგან სხვა ინსტრუმენტი განვითარებულ მსოფლიოს არ მოუგონია“, - განაცხადა კაკულიამ.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში შესწავლილია არაერთი ქვეყნის მაგალითი. მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მათ მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია - ესაა უზრუნველყოფის წვდომა.

"აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად წყვეტს. პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია და ძალიან კარგი შედეგი აქვს, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მექანიზმია. ფონდის ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულ ბანკში მიდის სესხის ასაღებად, კომერციულ ბანკს საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიზნესს წვდომა ძალიან უადვილდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 9 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით მოიწვია.

"შარშან თურქეთს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ ზრდაში 2 % სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დამსახურება იყო - თურქეთში დღეს საკრედიტო-საგარანტიო სქემას 225 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა, თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მექანიზმი მუშაობს - ასეთი ინსტრუმენტი მხოლოდ ევროპის მასშტაბით 26 ქვეყანაშია დანერგილი, რაც ძალიან ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში მთავრობას ძალიან აქტიური კონსულტაციები ექნება ყველა დაინტერესებულ პირთან.

"სწორედ ამიტომ არიან ჩართულები სამუშაო პროცესში ეროვნული და კომერციული ბანკები, ახლა ვმუშაობთ ფონდის დიზაინზე. როგორც ვფიქრობთ, ფონდის დიზაინის მიხედვით - ერთი მესამედი უნდა იყოს სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ერთი მესამედი - ბანკების, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირი, რათა გვქონდეს ფონდის საუკეთესო მართვა, შესაბამისად მივიღოთ საუკეთესო შედეგი და ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირშია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ფონდის ბიუჯეტს, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობას უფრო დაზუსტებული ხედვები, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი და სახელმწიფომ რისკის რა თანაგაზიარება უნდა გააკეთოს.

"მთავარი ის არის, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კრედიტის აღებაში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?