"საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის საინტერესოა" - კვირის პალიტრა

"საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის საინტერესოა"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივას, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ეხმაურება.

ლევან კალანდაძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის საკრედიტო რესურსზე წვდომა და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა, ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება, ბუნებრივია მისასალმებელია.

"ჩვენ გულმოდგინედ გადავათვალიერეთ გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით ეკონომიკის სამინისტროს და ბატონი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ის მოდელი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, მაქსიმალური ჩართულობით მომზადდეს, მასში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესსექტორი.

"ჩვენი აპარატი გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ მოდელის მომზადების ყველა ეტაპზე ჩართულები ვიყოთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტის შემუშავებაში. საბოლოო ჯამში, თუ მივიღებთ ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსზე წვდომას გააუმჯობესებს, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ეს ინიციატივა საბოლოოდ როგორც ბიზნესგარემოს, ისე ბიზნესაქტივობის ზრდას ხელს შეუწყობს და ის თავად ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი წამახალისებელი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და დონორების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება.