"ჩვენ ვიცით, რა უნდა დამკვეთს დღეს და რას მოინდომებს ხვალ!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვიცით, რა უნდა დამკვეთს დღეს და რას მოინდომებს ხვალ!"

რა სიახლეებს სთავაზობს "ედლაინი" მარკეტერებს

თითქმის 10-წლიანი გამოცდილება, 1400-ზე მეტი დამკვეთი როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში და მუდმივად ინოვაციებზე ორიენტირებული შეთავაზებები - ეს ის არის, რაც მოკლედ შეგიძლია თქვა სარეკლამო კომპანია "ედლაინის" შესახებ, სხვა დანარჩენს კი მათ ნაცვლად საქმე ამბობს.

კარგ რეკლამას ყოველთვის ჰყავს მყიდველი, მაგრამ ის, რაც გუშინ იყო ეფექტიანი, დღეს უკვე აღარ მუშაობს. ტექნოლოგიების განვითარება სარეკლამო პროდუქციის, მისი გამოყენების, აუდიტორიამდე მიტანის ინსტრუმენტების დანერგვასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. "ედლაინში" ეს კარგად იციან და ამიტომ ცდილობენ ერთი ნაბიჯით გაუსწრონ დროს. ამიტომაც არის, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების ეპოქაში კომპანია დამკვეთს ინტერნეტმარკეტინგის ფართო, სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ირინა შარვაშიძე, სარეკლამო კომპანია "ედლაინის" დირექტორი: - დღეს რთულია გააოცო სარეკლამო პროდუქციით მომხმარებელი, მაგრამ ინოვაციები და კონკრეტულ მოთხოვნაზე ზუსტად მორგებული შეთავაზება ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. ჩვენი პრიორიტეტი იყო და არის ინტერნეტრეკლამა, რადგან ეს ბაზარი დღეს ყველაზე მზარდი და მოთხოვნადია. სარეკლამო ბაზარი ტრანსფორმაციას განიცდის - ტრადიციული მედიიდან სარეკლამო შემოსავლები ონლაინმედიაში გადადის, ამიტომაც მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ.

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ადგილობრივ სარეკლამო ბაზარზე განსხვავებული, კრეატიული სარეკლამო ბანერები დავნერგეთ - ე. წ. რიჩ მედია ბანერები და ამით საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტრეკლამის ახალი ტრენდი დავამკვიდრეთ.

პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში ინტერნეტრეკლამის ლიცენზირებული მთვლელი დანერგა, რომელიც დამკვეთს აწვდის სრულ სტატისტიკურ ინფორმაციას მის მიერ განთავსებული სარეკლამო ბანერების ეფექტურობის, კონკრეტულ, მიზნობრივ აუდიტორიამდე მიღწევადობის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელში რეკლამა დღეს ძალიან პოპულარულია. მის პოპულარობას ისიც განსაზღვრავს, რომ დამკვეთს შეუძლია მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროს მიზნობრივი აუდიტორია კონკრეტული სარეკლამო გზავნილისთვის. "ედლაინმა" გადაწყვიტა რეკლამის გაყიდვების უფრო ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული ფორმა შესთავაზოს დამკვეთს და ე. წ. კლიკების თუ ჩვენებების რაოდენობის მიხედვით გაყიდვები შევთავაზეთ დამკვეთებს. ასეთი სტატისტიკით დამკვეთისთვის ხელშესახები ხდება შედეგი, უკუგება, რომელიც მან რეკლამის განთავსებით უნდა მიიღოს.

კიდევ ერთი სიახლე, რაც ადგილობრივ სარეკლამო ბაზარს შევთავაზეთ, კონტენტური რეკლამაა. კონტენტმარკეტინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სარეკლამო მიმართულებაა.

კონტენტმარკეტინგი ქმნის და ავრცელებს ღირებულ, დროულ, საჭირო ინფორმაციას განსაზღვრული სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად, შთაბეჭდილების მოსახდენად და შედეგად, ქცევის ჩამოსაყალიბებლად.

ინტერნეტრეკლამაზე ბევრი ვისაუბრე, თუმცა "ედლაინი" წარმატებულია სხვა, ტრადიციული სარეკლამო პლატფორმების მიმართულებითაც.

ჩვენ ვმუშაობთ როგორც გარე, ისე სატელევიზიო, რადიო და ბეჭდური სარეკლამო მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რა უნდა დამკვეთს დღეს და ისიც ვიცით, რას მოინდომებს ის ხვალ!

- ბოლო დროს "ნაციონალების" ლიდერმა მელიამ "ედლაინის" მიმართ ბრალდება გააჟღერა, თითქოს სასათბურე პირობებს გიქმნიან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას, რომ სახელმწიფო კომპანიებმა "ედლაინთან" პირდაპირი შესყიდვის გზით 53 კონტრაქტი გააფორმა...

- ბატონმა მელიამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით გვაიძულა სასამართლოსთვის მიგვემართა. დარწმუნებული ვარ, მას მოუწევს სიმართლის აღიარება და საკუთარი სიტყვების უკან წაღება. სახელმწიფო შესყიდვებში 2010 წლიდან ვმონაწილეობთ. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა შესყიდვების ელექტრონული სისტემა. მახსოვს, ჩვენი პირველი დამკვეთი ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო. სიმართლე გითხრათ, ბატონი მელიას ე. წ. ბრალდება 53 გამარტივებულ შესყიდვაზე კურიოზულად გამოიყურება, რადგან მის მიერ ნახსენები 53 კონტრაქტიდან საკმაოდ ბევრი სწორედ "ნაციონალების" მმართველობისას, 2011-12 წლებში გავაფორმეთ(!). მეტიც, 2013 წელს თავად "ნაციონალური მოძრაობაც" იყო ჩვენი დამკვეთი.

სიამაყით მინდა გითხრათ, რომ კომპანიის არსებობის პერიოდში საერთაშორისო სტატუსის მქონე ორგანიზაციებიც გვყოლია დამკვეთებს შორის, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ, არასამთავრობო და მით უმეტეს, კომერციულ ორგანიზაციებზე.

ჩვენ თანამშრომლობის მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესორგანიზაციასთან საქართველოში, ამიტომ ჩვენი მრავალჯერადი მონაწილეობა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს.

და კიდევ, სარეკლამო კომპანია "ედლაინი" შედის "პალიტრამედიის" შემადგენლობაში, შესაბამისად, მას აქვს როგორც ვიდეო, აუდიო, ბეჭდური თუ ვებ-მასალების წარმოების საკუთარი საშუალებები, ჰყავს მრავალრიცხოვანი პროფესიონალი კადრები, ასევე ინფორმაციის განთავსების სხვადასხვა მედიაპლატფორმა. რაც მთავარია, "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შედის მაღალი რეიტინგითა და მაღალი ნდობით გამორჩეული არაერთი მედიასაშუალება, სწორედ ამიტომ არის მაღალი მოთხოვნა ჩვენთან რეკლამის განთავსებაზე.

სარეკლამო ბაზარი მაღალი კონკურენციით გამოირჩევა და შესაბამისად, ჩვენი მიზანია წარმატება, ისევე როგორც კარგი რეკლამაა ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატების გარანტი.

ემა ტუხიაშვილი