2800 ლარის ეკონომია წელიწადში?! - რას ურჩევს ექსპერტი ქართველ მძღოლებს
2800 ლარის ეკონომია წელიწადში?! - რას ურჩევს ექსპერტი ქართველ მძღოლებს
ბუნებრივი აირი დღესდღეობით ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად არის მიჩნეული. იგი არ აბინძურებს ჰაერს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს 9-ჯერ ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ბენზინზე მომუშავეს

ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ავტომობილი არა მხოლოდ კომფორტთან და გადაადგილების საშუალებასთან, არამედ ხარჯთანაც ასოცირდება, მით უმეტეს, თბილისური საცობების გადამკიდე.
ინტერნეტში უამრავ მასალას ნახავთ, თუ როგორ გავხადოთ ავტომობილი უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური, თუმცა საკამათოა, რამდენად სანდოა ეს რჩევები. ამიტომ მივმართეთ ექსპერტ დავით ჩახტაურს:

- საწვავის ხარჯი ჩვენი თანამოქალაქეების
ჯიბეს სერიოზულად ურტყამს. ამიტომ, თუ ფულის დაზოგვა გვინდა, უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის საწვავი გვიჯობს. მძღოლებს ვურჩევ, ბუნებრივი აირის საწვავით ისარგებლონ.
ჩვენს ქვეყანაში სულ 180-მდე ბუნებრივი აირის გასამართი სადგურია. ავტომობილს, რომელიც 100 კმ-ზე საშუალოდ 10 ლიტრ ბენზინს წვავს, ამავე მანძილის დასაფარად დაახლოებით 12 ლიტრი თხევადი გაზი დასჭირდება,
ხოლო ბუნებრივი აირი კი მხოლოდ 9 მ3-ს; ანუ, თუ დღეს ბენზინით (1 ლიტრი - 2,20 ლ) ავტომობილი 100 კმ-ს 22 ლარით გაივლის, თხევადი გაზით იმავე მანძილის დასაფარად 14,50 ლარი დასჭირდება (1ლიტრი - 1,20 ლ), ხოლო ბუნებრივი აირით მხოლოდ 12,50 ლარი (1მ3 - 1,39 ლ). როგორც ხედავთ, ეკონომია ბენზინთან 9,5 ლარია და თუ მძღოლი თვეში საშუალოდ 2.500 კმ-ს გადის, ბუნებრივი აირით 237 ლარს დაზოგავს, ეს კი წელიწადში 2.800 ლარია.

- დღევანდელი ტარიფებით რა ჯდება ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?
- 1.000-დან 2.000 ლარამდე, ძრავის მოცულობისა და ავტომობილის მოდელის მიხედვით.

- ამბობენ, ბუნებრივი აირი ძრავას აფუჭებსო.
- პირიქით და ამას მარტივად ავხსნი: ვინაიდან ძრავაში ბუნებრივი აირი ბოლომდე იწვება, იგი დგუშებზე, სარქვლებსა და სანთლებზე ნამწვს არ ტოვებს. განსხვავებით თხევადი გაზისგან, რომელსაც კაუჩუკი მოჰყვება, და ბენზინისა, რომელსაც მოჰყვება ტყვია, გოგირდი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ძრავის ნაწილებს აბინძურებენ. ამით ძრავის გამძლეობა მცირდება, ხოლო სარემონტო ხარჯი იზრდება. გარდა ამისა, ბუნებრივი აირი გაცილებით თანაბრად იწვის. შესაბამისად, ძრავაც გაცილებით უხმაუროდ და უპრობლემოდ მუშაობს. ბუნებრივი აირი ასევე არ აუარესებს ძრავის ზეთის თვისებებს და ზეთი გაცილებით დიდხანს ძლებს. ეს კი, რა თქმა უნდა, მძღოლისთვის დამატებითი ეკონომიაა. რაც შეეხება ეკოლოგიას, ბუნებრივი აირი დღესდღეობით ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად ითვლება. იგი არ აბინძურებს ჰაერს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს 9-ჯერ ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ბენზინზე მომუშავეს. მისი გამონაბოლქვი არ შეიცავს არც გოგირდს და არც ტყვიას. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების პარკის გაზრდით, შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც დედაქალაქში ეკოლოგიურ სიტუაციას საგრძნობლად გამოასწორებს.
ბუნებრივი აირი ორჯერ მსუბუქია ჰაერზე. ამიტომ მანქანის გამართვისას ან ავტომანქანის საბარგულის ახდისას, ის მყისიერად იფანტება ჰაერში, რაც გამორიცხავს ფეთქებად, საფრთხის შემცველ ნაზავის წარმოქმნას, თხევადი გაზი კი ჰაერზე გაცილებით მძიმეა და საბარგულში გუბდება. ვინაიდან ბუნებრივი აირის აალების ტემპერატურა ბენზინისა და თხევადი გაზის აალების ტემპერატურაზე მაღალია, მას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, მე-4 კლასის მაჩვენებელი, მაშინ როცა ბენზინის უსაფრთხოების მაჩვენებელი 1 საფეხურით დაბლაა, ხოლო თხევადისა კი მთელი 2 საფეხურით.
ამ სფეროს განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე რუსეთში ამ დარგის განვითარებას ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, ევროკავშირში საავტომობილო ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთი 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე, ხოლო უკრაინასა და სომხეთში მასზე აქციზი საერთოდ არ არსებობს.
რუსეთში მიიღეს კანონი, სადაც ჩაიწერა, რომ საავტომობილო ბუნებრივი აირი ბენზინზე არსებული მინიმალური ფასის არა უმეტეს ნახევარი უნდა ღირდეს. ჩვენმა მთავრობამაც უნდა შეუწყოს ხელი ამ დარგის განვითარებას აქციზების უკეთ დარეგულირებით. თუ ფასი ბუნებრივ აირზე შემცირდება, სულ უფრო მეტი ავტომობილი დაიწყებს ამ საწვავით სარგებლობას. აღარ დაავადდება ამდენი ხალხი, შემცირდება ონკოლოგიურ პაციენტთა რიცხვი და დაიზოგება ბიუჯეტიდან ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები.

ნინა ბარათელი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?