„საქართველოს რკინიგზა“ ვალს ვალზე იღებს - კვირის პალიტრა

„საქართველოს რკინიგზა“ ვალს ვალზე იღებს

პირველ რიგში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისთვის, რომლის აუცილებლობაზე საუბარი ლამის მთელ მთავრობას მოვალეობად მიაჩნია. შპს „საქართველოს რკინიგზამ“ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული ტერიტორიის გენგეგმის შესამუშავებლად.

შემოვლითი ხაზის პირველი სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის ზაფხულის ბოლოსაა დაგეგმილი. რკინიგზაში ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრი ლიანდაგებისგან 2013 წლისთვის სრულად გათავისუფლდება. იმავდროულად, საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე "საქართველოს რკინიგზამ" ობლიგაციები წარადგინა.

ბაზრებზე მათ განთავსებაში Bank of America, Merrill Lynch-ი და JP Morgan-ი მონაწილეობდენ. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 9,875%-ია. ხუთი წლის შემდეგ "საქართველოს რკინიგზამ" ობლიგაციების თანხა, $250 მილიონი უნდა დაფაროს, თან ყოველწლიურად პროცენტები იხადოს. ობლიგაციები უკვე გაყიდულია და საქართველოს მთავრობისთვის მყიდველთა ვინაობა უცნობია, თუმცა განმარტავენ, რომ რადგან გაიყიდა ობლიგაციები და არ აქციები, კომპანია 100%-ით კვლავ სახელმწიფოს ეკუთვნის.

ექსპერტთა შეფასებით, ობლიგაციების განთავსება რისკსაც შეიცავს. თუ "საქართველოს რკინიგზა" ხუთი წლის შემდეგ სესხის დაბრუნებას ვერ შეძლებს, შესაძლოა დღის წესრიგში რკინიგზის გასხვისების საკითხიც დადგეს. მაგრამ მთავრობაში არ მალავენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე გავრცელებული პრაქტიკის იმედი აქვთ:

2015 წელს, როცა "საქართველოს რკინიგზამ" ობლიგაციები უნდა გამოისყიდოს, კომპანიამ შესაძლებელია ახალი ობლიგაციები გამოუშვას და თანხა ამ ახალი ობლიგაციებით დაფაროს. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ობლიგაციების თანხის გადაფარვა ახალი ობლიგაციების გამოშვებით ფინანსურ პირამიდას უფრო წააგავს. ეკონომიკის ექსპერტ პაატა შეშელიძეს კი სესხის ეფექტიანი გამოყენება აეჭვებს, რადგან კომპანია სახელმწიფო მენეჯმენტის ქვეშ იმყოფება.

დიმიტრი ქემოკლიძე (შპს "საქართველოს რკინიგზის" სტრატეგიული პროექტებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი): "თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობას ქართულ-ჩინური კონსორციუმი (China Raylway 23rd Bureau Group co., Ltd.) განახორციელებს. მისი წარმომადგენელი საქართველოში სს "ხიდმშენია". მშენებლობაში აქტიურად იქნება ჩართული "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიაც, რომელიც შეასრულებს ლიანდაგის დაგებისა და ელექტრომომარაგების სამუშაოებს.

-საბოლოოდ დაზუსტებული პროექტი თუ არსებობს?

-ამ მომენტისთვის არსებობს მხოლოდ წინასაპროექტო ვერსია, რომელიც მომზადებულია უკრაინული კომპანია "კიევგიპროტრანსის" მიერ. სამშენებლო პროექტს მშენებელი მოამზადებს.

-როგორ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, სადაც რკინიგზამ უნდა გაიაროს?

-განსახლების სამოქმედო გეგმას, რომელიც წლეულს ივნისიდან ამოქმედდა, შპს "გეოგრაფიკი" ასრულებს. გეგმის განხორციელება, სავარაუდოდ, წლევანდელი ნოემბრისთვის დამთავრდება.

-პროექტის ღირებულებად თავდაპირველად 170 მილიონი ევრო სახელდებოდა, შემდეგ -360 მილიონი ევრო... თუ არსებობს დაზუსტებული რიცხვი? ვინ აფინანსებს და როგორ უნდა გაისტუმროს რკინიგზამ სესხი?

-პროექტის ღირებულება 167 მილიონი ევროს შეადგენს, ოღონდ ამაში არ შედის რკინიგზის შვილობილი კომპანიის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება.

ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით "საქართველოს რკინიგზამ" ხელშეკრულება გააფორმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), 100 მილიონ ევროზე, შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტში. დანარჩენ ხარჯებს, მცირე დოტაციების გარდა, "საქართველოს რკინიგზა" დაფარავს. რაც შეეხება სესხს, რკინიგზა მას დაფარავს, ძირითადად, ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული ტერიტორიების გაყიდვისგან მიღებული თანხებით.

რაც შეეხება $250 მილიონის ობლიგაციების გამოშვებას, ეს ფული მომხმარდება მთლიანად "საქართველოს რკინიგზის" რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას. ამ თანხის ნაწილი შესაძლოა შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასაც მოხმარდეს. $250 მილიონს ხუთი წლის შემდეგ უშუალოდ რკინიგზა დაფარავს.

-არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა რკინიგზას სესხის გასტუმრების პრობლემა შეექმნას და ეს შემდეგ მისი გასხვისების მიზეზი გახდეს...

-რკინიგზის გასხვისებას საქართველოს მთავრობა არ აპირებს. ეს EBRD-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც წერია. რკინიგზის ყოფნა სახელმწიფოს საკუთრებაში შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორების სტრატეგიაშიც.

-თანხას სახელმწიფო მოიზიდავს თუ ეს მხოლოდ შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოზიდული თანხაა და დაბრუნებითაც მხოლოდ ის დააბრუნებს?

-რკინიგზამ სესხი სახელმწიფო გარანტიის გარეშე აიღო. შესაბამისად, სესხი მოზიდულია და დაიფარება რკინიგზის მიერ. ეს კომერციული სესხია.

-გარეუბანში რკინიგზის გადატანა შეუწყობს ხელს ტვირთნაკადის გაზრდას, თუ ამ პროექტს კომერციული დანიშნულება არც აქვს?

-პროექტის მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით. ეს ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვასა და განვითარებას.

-ვინ დასაქმდება მშენებლობაზე? როგორც ამბობენ, სამუშაო ძალა ძირითადად ჩინეთიდან შემოყვანილი იაფი მუშახელი იქნება.

-მშენებლებთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მშენებლობაზე ძირითადად ქართველი მოქალაქეები დასაქმდებიან".

"საქართველოს რკინიგზაში" საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა რამდენიმე სამსახური გაერთიანდეს, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 15 ათასიდან 10 ათასამდე შემცირდეს. რაც შეეხება "ხიდმშენს", შემოვლითი გზის პროექტზე აქ 2500 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.

თემურ იობაშვილი