საზამთროს ფასი წლეულს აღარ დაიწევს - კვირის პალიტრა

საზამთროს ფასი წლეულს აღარ დაიწევს

გაძნელდა "საზამთროს მეკობრეობა": მოძრავი სატვირთოებიდან ნაყოფის დატაცება შემცირდა

საზამთროს ფასი წლეულს აღარ დაიწევს, პირიქით, ის შესაძლოა გაძვირდეს კიდეც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. კახეთში საზამთროს მოსავალი ხარისხიანია, მაგრამ მცირე. ამას ისიც ემატება, რომ სატვირთო ავტომობილების ტვირთამწეობაზე კონტროლის გამკაცრებამ გადამზიდავებს ხარჯი გაუზარდა, რაც საზამთროს გასაყიდ ფასზეც აისახა. სამაგიეროდ, შემცირდა "საზამთროს მეკობრეობა", რაზეც "ეკოპალიტრას" კახეთის გზატკეცილის პირას ბითუმად მოვაჭრეები ესაუბრნენ.

ზაზა კობერიძე (გურჯაანის მკვიდრი): "წლეულს სეტყვამ ძალიან დაგვაზარალა, ამიტომ თუ დაგეგმილი მოსავლის 80%-ს მაინც ველოდით, 30%-იც ვერ ავიღეთ. ეგ არის, შარშანდელთან შედარებით საზამთროს ცოტა უკეთესი ფასი აქვს. მოსავალი მცირეა, მაგრამ გლეხი ფასით კმაყოფილია. ადგილზე ანუ კახეთში გლეხისგან კილოგრამ საზამთროს 25 თეთრად შეიძენ, ჩვენ 40 თეთრად ვყიდით, ქალაქის სხვადასხვა სავაჭრო წერტილში კი კიდევ უფრო ძვირია. ადრე კახეთში მეტი გადამყიდველი ჩამოდიოდა, საზამთროს ბითუმად, დიდი მოცულობით ყიდულობდნენ, წლეულს კი ადგილზე რეალიზაციამ იკლო.

საქმე ის არის, რომ ტვირთმზიდავი ავტომობილების კონტროლი გამკაცრდა. მართალია, კანონი ჯერ კიდევ შარშან მიიღეს, მაგრამ მაშინ სატვირთო ავტომობილებს თითქმის არავინ ამოწმებდა და ამ წესსაც არავინ იცავდა. ამიტომ იყო შემთხვევები, როცა სატვირთო მანქანებით, რომელთა ტვირთამწეობა სულ რაღაც 3-4 ტონაა, ორჯერ ან კიდევ უფრო მეტი წონის საზამთრო გადაჰქონდათ.

ეს გზასაც აფუჭებდა და ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირად ხდებოდა. ახლა კი ყოველ ზედმეტ კილოგრამზე ჯარიმა 50 თეთრია. საზამთროს კრეფის სეზონი ჯერ ერთი თვეა დაიწყო და უკვე იყო შემთხვევები, როცა გადამზიდავები ტვირთის გადაჭარბების გამო 5000 ლარითაც კი დააჯარიმეს. რადგან გადაზიდვის ხარჯი ასე ძალიან გაიზარდა, (რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც წესებს არ ემორჩილებოდა), ბევრმა უარი თქვა ამ ბიზნესზე.

დასავლეთ საქართველოდან ჩამოდიოდნენ და ასობით ტონა საზამთრო მიჰქონდათ სეზონზე... საზამთროს ბითუმად შესყიდვა შემცირდა, თუმცა იმის საფრთხე არ არსებობს, რომ მოსავალი გასაყიდი დარჩეს, რადგან მცირეა. თანაც ისეთი ხილია, თითქმის ყველა მიირთმევს. გაზაფხულზე გახშირებულ სეტყვას წვიმებიც დაერთო და გლეხები მიწას ვეღარ ამუშავებდნენ. ამ ყველაფერმა განაპირობა მცირე მოსავალი.

მე თავად არ მომყავს საზამთრო, ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობ და თბილისში ჩამომაქვს გასაყიდად. ერთ ჯერზე ბევრი ვერ მომაქვს, 2-3 ტონას ვეზიდები და ოთხ-ხუთ დღეში ვყიდი. ხარჯიც მაქვს, გადაზიდვის გარდა, ზოგი ნაყოფი ტრანსპორტირებისას ფუჭდება, ზოგიც მანამ, სანამ მთელ პროდუქციას გავყიდი. რომ დავითვალე, კილოგრამზე ხარჯი დაახლოებით 3 თეთრია, მოგება კი 10-12 თეთრი მრჩება.

წლეულს ძალიან ძვირია ნესვი. უბრალოდ, საზამთროს თუ ჰყიდი, ნესვიც უნდა გქონდეს. კილოგრამი ნესვის საბითუმო ფასი კახეთში დაახლოებით 70-80 თეთრია, აქ კი 1-1,20 ლარი ღირს. ტრანსპორტირების ხარჯებსაც თუ გავითვალისწინებთ, ნესვზე მოგება თითქმის არ გვრჩება. ერთი ეგ არის, აქ დგომისთვის არანაირ გადასახადს არ ვიხდით. მხოლოდ ნებართვა ავიღეთ გამგეობაში გარევაჭრობის უფლებაზე. დროდადრო საპატრული პოლიცია გვამოწმებს, გვაქვს თუ არა ნებართვა".

გიორგი უსინაშვილი (გურჯაანის მკვიდრი): "ერთ ჰექტარზე მქონდა დათესილი საზამთრო და მოსავალს ნამდვილად არ ვუჩივი. ხარისხიანი მოსავალიც მოვიწიე და ბარაქიანიც. სიცხემ და მზიანმა ამინდებმა შეუწყო ხელი და საზამთრო ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე შემოვიდა. შარშან გრილი ზაფხული იყო და მოსავალმაც არ ივარგა. დაახლოებით 50 ტონა საზამთრო მოვიწიე ერთ ჰექტარზე, შარშან კი 25-30 ტონა ძლივს დავკრიფე. თბილისში ჩემს საზამთროს კილოგრამს 50 თეთრად ვყიდი, გურჯაანში კი 27-28 თეთრი ღირს. უფრო იაფიც ღირს, მაგრამ ხარისხსაც გააჩნია.

მე საუკეთესო საზამთრო მაქვს, ამაზე უკეთესს გურჯაანში ვერ ნახავთ. შარშან საზამთრო რომ შემოვიდა, დაახლოებით იმავე ფასად იყიდებოდა, როგორიც წლეულსაა, მაგრამ მასობრივად რომ დაიწყო კახეთში კრეფა, ფასმაც დაიწია. გურჯაანის შემდეგ საგარეჯოს რაიონში შემოდის საზამთრო და ასე... სექტემბერში მოილევა. ყველაზე იაფი ახლაა, შემდეგ კიდევ გაძვირდება.

თბილისში წლეულს საზამთროს გასაყიდი ფასი 50 თეთრზე ნაკლები არ იქნება. მე რომ კარგი მოსავალი მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად მოსავალი კარგია. საზამთროს დასვენებული მიწა სჭირდება.

ერთ წელს რომ მოიყვან, მეორე წელს იმ ფართობზე ვერაფერს მოიწევ, თუ მიწა არ დაასვენე. არადა, გურჯაანი მცირემიწიანი რაიონია. მოსახლეობის 5%-ს თუ მოჰყავს საზამთრო. სხვათა შორის, ნესვის მოყვანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საზამთროსი, მაგრამ გლეხი იჭერს ნესვზე ფასს. დღემდე კახეთში კარგ ნესვს კილოგრამს 50 თეთრად იყიდდი, ახლა კი 80-ზე ნაკლებად ვერ იყიდი, თბილისში კი ლარი და ლარ-ნახევარი ღირს.

თბილისში დღეში დაახლოებით 500-600 კილოგრამ საზამთროს ვყიდი. გურჯაანში კი დღეში საშუალოდ 200 ტონა იკრიფება. არ არსებობს, საზამთრო მოიწიო და მოსავალი გაუყიდავი და გადასაყრელი გაგიხდეს. ეგ ადრე იყო, 10-15 წლის წინ, როცა გადასაყრელი ჰქონდათ და გლეხი, ოღონდ გაეყიდა, ხუთი წლით "პოსლეზე" ატანდა გადამყიდველს. მაშინ მიწოდება მოთხოვნას ჭარბობდა და საზამთროს საბითუმო ფასი 2 თეთრი იყო, საცალო ფასი კი კილოგრამზე 10-15 თეთრი.

საზამთროს მოყვანის მეთოდებიც დაიხვეწა და დროს მოერგო. ადრე ე.წ. მინაზოტის ჯიშის საზამთრო მოგვყავდა და გადავაჯიშეთ. ძალიან მსხვილი იზრდებოდა და მომგებიანი არ იყო. ერთ ძირი სამი-ოთხს ისხამდა მხოლოდ. ახლა კი ამერიკული ჯიშის საზამთროს მოგვყავს და თუ კარგად მოუარე, ერთი ძირი 15-20 ცალსაც დაისხამს. ქართული საზამთრო შემოსვლამდე ბაზარზე აზერბაიჯანული და თურქული საზამთრო იყიდება.

საზამთროს ერთ თვეზე მეტხანს ვერ შეინახავ. თუ გინდა, რომ მთელი წლის განმავლობაში გქონდეს, სათბურში უნდა ახარო. კახეთში კი საზამთროს სათბურები არ არსებობს. წლების წინ ჩვენი საზამთრო რუსეთში გადიოდა, ახლა მთელი მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

არის შემთხვევები, როცა საზამთროთი დატვირთულ ავტომობილებს გზად მძარცველები ხვდებიან. დატვირთული ავტომობილი, მით უფრო აღმართში, დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ფეხით მოსიარულეც კი დაეწევა. ასეთ დროს მძღოლმა რომ დაინახოს კიდეც მძარცველები, მანქანას მაინც ვერ გააჩერებს, რადგან შესაძლოა მერე ვეღარც დაძრას.

ამით სარგებლობენ და პროდუქტს იპარავენ. ერთი-ორი კაცი საბარგულზე ახტება და ქვემოთ მყოფ თანამზრახველებს უყრიან საზამთროს საბარგულიდან. რამდენიმე წუთში 10-20 საზამთროს ჩამოგდებას ასწრებენ... წლეულს მანქანის გადატვირთვაზე ჯარიმებია და ასეთი რამ შედარებით იშვიათად ხდება, რადგან ზომიერად დატვირთული ავტომობილები აღმართშიც უფრო თავისუფლად მოძრაობენ".

KvirisPalitra.Ge"დედალი-მამალი" -მღერის თუ არა საზამთრო?

რამდენიმე რჩევა საზამთროს შეძენისას

დღეს ბაზარზე საზამთრო ყველაზე მოთხოვნადი ხილია. სანამ მოილეოდეს, ყველა ცდილობს, მეტის დაგემოვნება მოასწროს. საზამთროს ყიდვისას ყველა თავის "წესებს" მისდევს, თუმცა მომხმარებელი ზოგჯერ ცდება. ის, რაც მადის აღმძვრელი ჩანს, შესაძლოა გაჭრის შემდეგ სულაც არ აღმოჩდნეს ასეთი. ფულიც რომ დაზოგოთ და ნერვებიც (უხეირო შენაძენს კარგ ხასიათზე ჯერ არავინ დაუყენებია), შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც კახელმა გლეხებმა გაგვიმხილეს, მათ შორის, გიორგი უსინაშვილმა.

"დედალი" თუ "მამალი"?! რა თქმა უნდა, "დედალი"! როგორც კახელები იტყვიან, "დედალი" საზამთრო უფრო ტკბილია, უფრო დიდი გული და ნაკლები კურკა აქვს. დედალ-მამალი საზამთრო ერთმანეთისგან ე.წ. ჭიპის ზომებით განსხვავდება. დედალს უფრო ფართო ჭიპი აქვს, მამალს კი უფრო ვიწრო. მოთხოვნაც უფრო დედალ საზამთროზეა.

1. საზამთროს შერჩევისას მის ფერსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნაყოფს, ასე ვთქვათ, დაწმენდილი ფერი უნდა ჰქონდეს.

2.შემოსულ, მწიფე საზამთროს ყუნწზე ბუსუსები არ უნდა ჰქონდეს. თუ ყუნწზე ბუსუსი აქვს, ის შემოუსვლელია.

3. საზამთროს, რომელსაც მწიფობა დასრულებული აქვს, ყუნწის ძირი ჩაბრუნებული უნდა ჰქონდეს. თუ ყუნწის ძირი ამობურცულია, ის საზამთრო მკვახეა.

-"მღერის" თუ არა საზამთრო? როგორც ირკვევა, კარგი საზამთრო დიახაც, "მღერის". ხელის დაკვრისას ხმა მკვრივი დოლისა უნდა ჰქონდეს. ხოლო ყურთან თუ მიიტან და ორივე ხელს მოუჭერ, ხრაშუნი უნდა გაიგონო.

KvirisPalitra.Ge4. ახალი დაკრეფილია საზამთრო, რომელსაც ნედლი ყუნწი აქვს. თუ საზამთროს კანი მზისგან დამწვარია და შეყვითლებული, ასეთი საზამთროს რბილობი დაჟეჟილივით, ან სულაც მთხლესავით იქნება.

5. რაც უფრო დიდია საზამთრო, მით მეტია შანსი, გემრიელი იქნეს.

კახელები ამბობენ, რომ საზამთროს ერთი მხარე მიწაზე დებისგან უფრო ღია შეფერილობისაა. ამიტომ გლეხმა არ უნდა დაიზაროს და ბაღჩაში ხშირად უნდა უცვალოს მხარი, რომ მზემ ყველამ მხრიდან დახედოს. ასე რომ, ზარმაცი გლეხის მოყვანილ საზამთროს ამ ნიშნითაც გამოარჩევთ. ხოლო თუ ამ რჩევების შემდეგაც გეეჭვებათ თქვენი არჩევანის სისწორისა, საზამთრო "გაჭრაზე" შეიძინეთ და გამყიდველთან ერთად დააგემოვნეთ.

არის ერთი პრობლემაც -სასწორი. სხვა პროდუქტის მსგავსად, საზამთროსაც უმეტესწილად ხელის, ზამბარიან, პრიმიტიულ სასწორებზე წონიან. ყველა მოვაჭრეს ნამდვილად არ დავაბრალებთ თაღლითობას, მაგრამ წონაში მეათედს ატყუებენ, მეხუთედს, თუ საერთოდ არ ატყუებენ -ამაზე მყიდველს მხოლოდ მარჩიელობა დარჩენია...