"ომგამოვლილი" კოდექსი "თეთრი ლაქებით" - კვირის პალიტრა

"ომგამოვლილი" კოდექსი "თეთრი ლაქებით"

"ვინც იხმაურა, გადასახადები აღარ გაუზარდეს..."

საგადასახადო კოდექსის პროექტს თავდაპირველად აღფრთოვანებულმა ბიზნესმენებმა "რევოლუციური" უწოდეს, მაგრამ როცა კარგად გადაიკითხეს, მიხვდნენ, რომ ის "რევოლუციური" სულაც არ ყოფილა. მსხვილმა ბიზნესმა აღმოაჩინა, რომ მიკრობიზნესისთვის გაწეული შეღავათების ხარჯზე გადასახადს მას უმატებენ. გამოჩნდა ისიც, რომ ახალი კოდექსის დაწერის ძირითადი მიზანი ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა ყოფილა.

ეს ახალ გადასახადებსა და ჯარიმებში გამოიხატა. პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენამდე რამდენჯერმე ჩასწორდა. ფინანსთა სამინისტრო ბიზნესს შენიშვნების გათვალისწინებაზე ჯერ დათანხმდა, მაგრამ საბოლოოდ მცირე დათმობაზე წავიდა.

კოდექსის მესამე მოსმენით განხილვა შემოდგომისთვის გადაიდო. მანამდე ღიად დარჩა კოდექსის რამდენიმე მუხლი, რაზეც მთავრობა პარლამენტსა და ბიზნესთან ვერ შეთანხმდა. მათ შორის, 168-ე მუხლიც, რაც დამატებული ღირებულების გადასახადს ეხება... ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი უძრავი ქონების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის განზრახვამ გამოიწვია, თუ ის პირვანდელ ღირებულებაზე 30 ათასი ლარის ნამატით გაიყიდებოდა. მთავრობა წინააღმდეგობას წააწყდა და იძულებული გახდა, უარი ეთქვა.

ისე გამოვიდა, რომ ვინც ნაკლებად იხმაურა, გაზრდილი გადასახადები იმათ დაუტოვეს. მობილურ კომპანიებს ახალი გადასახადი ხმამაღლა არ გაუპროტესტებიათ და ამიტომ ბიუჯეტში ბრუნვის 10%-ს გადაიხდიან. გაორმაგებულ აქციზს გადაიხდიან ალკოჰოლური სასმელების (ღვინის გარდა) ადგილობრივი მწარმოებლებიცა და იმპორტიორებიც.

დაიბეგრება თუ არა დღგ-ით ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე მეტია, საბოლოოდ ჯერ ვერ გადაწყვიტეს. არადა, მთავრობა მეწარმეებს დასაბეგრი ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას ჰპირდებოდა.

ის კი გადაწყდა, რომ მსხვილი და საშუალო ბიზნესი საქონელსა და მომსახურებას თუ მცირე ბიზნესისგან შეისყიდის, ხარჯებს ვერ გამოქვითავს. როგორც აუდიტორები ამბობენ, მეწარმეებმა შესაძლოა სიახლით ისარგებლონ და გადასახადებს თავი კანონის დაურღვევლად აარიდონ. მაგალითად შპს, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე მეტია და დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი, მოქმედი კოდექსით იხდის საშემოსავლოს, მოგების გადასახადს და 5%-იან დივიდენდს.

ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ შპს-ს შეუძლია გახდეს ინდმეწარმე, დარეგისტრირდეს მცირე მეწარმედ, შეუწყვიტოს კონტრაქტი დაქირავებულ თანამშრომლებს და მათთან მომსახურების ხელშეკრულება გააფორმოს, რომლებიც თავის მხრივ დარეგისტრირდებიან, როგორც მიკრობიზნესები. ამ ხერხით შპს თავიდან აიცილებს სამ გადასახადს და ამის ნაცვლად ახალი კოდექსით მხოლოდ ბრუნვის 5%-ს გადაიხდის, როგორც მცირე ბიზნესი.

ქრონომეტრაჟს მხოლოდ რესტორნებსა და სასტუმროებს არ ჩაუტარებენ, მსგავსი შემოწმებით ნებისმიერ ობიექტში შევლენ, მათ შორის ბანკებშიც. თუ წინა წლის ან თვის შემოსავლებსა და საანგარიშო პერიოდის შემოსავლებში 10%-ზე მეტი სხვაობა გამოვლინდება, ბიზნესს დააჯარიმებენ. ისევ დაბეგრავენ ქონების იჯარიდან მიღებულ შემოსავალსაც. ახალი კოდექსით გამკაცრდება სალარო აპარატებზე მოთხოვნაც.

კოდექსში პოზიტიური ჩანაწერებიც გაჩნდა. მათ შორის გასწორდა ძველი შეცდომები, რაც ორმაგ ინტერპრეტირებას შეეხებოდა. ამის მიუხედავად, ბიზნესს ახალ საგადასახადო კოდექსთან შენიშვნები მაინც აქვს.

ნათია თურნავა (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორი): "შენიშვნები მაქვს ადმინისტრირებისა და კონტროლის ნაწილში. შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლის გამკაცრება მისაღები და გასაგებიც არის, მაგრამ ზოგიერთ ნაწილში ეს გაუმართლებელია, რადგან გადასახადების დამალვას უფრო გამოიწვევს, ვიდრე დადებით ფისკალურ ეფექტს. ასევე მატერიალური ფასეულობის ზედმეტობაზე გახუთმაგებული ჯარიმა დატოვეს, რაც დიდი გამკაცრებაა".

ლაშა პაპაშვილი (კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელი): "ფინანსთა სამინისტრო ჯერ არ ჩამოყალიბებულა, დაიბეგრება თუ არა წილის ან აქციის გასხვისება. ჩვენი ბიზნესის მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა, დარჩეს, როგორც მოქმედ კოდექსშია. გული მწყდება, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 12%-ით იბეგრებოდა, ახალი კოდექსით 20%-ით დაიბეგრება. ეს სოფლის განვითარებას ხელს არ შეუწყობს".

თემურ ჭყონია, რომელმაც ახალი კოდექსის პირველი მოსმენის შემდეგ თქვა, რომ "თავი სიზმარში ეგონა", ამბობს, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, იმედები არ გაცრუებია.

თემურ ჭყონია (ბიზნესმენი, "კოკა-კოლასა" და "მაკდონალდსის" მფლობელი): "იმედი არ გამცრუებია, რადგან ის საკითხები, რაც მე მაინტერესებდა და ჩემს ბიზნესს ეხებოდა, გასწორებულია. მომწონს საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაერთიანება, ის, რომ დღგ-ს კვარტალურად გადავიხდით. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია. ადრე დღგ-ს 15 რიცხვში თუ არ გადავიხდიდით, 16-ში უკვე ანგარიშებს ყადაღას ადებდნენ, ახლა ეს პრობლემა მოიხსნება. და კიდევ, მაგალითად, "მაკდონალდსში" პური, სალათის ფურცელი, სხვა პროდუქტები ახალი უნდა იყოს, თუ დროულად არ შემოვიდა, უკვე გადასაყრელია.

ამ პროდუქტს მეორე დღეს აღარ ვიყენებთ, ვერ ვაცხელებთ. მოქმედი კოდექსით ამ პროდუქტის ჩამოწერა არ შეგვიძლია. ახალი კოდექსით ამის საშუალება გვექნება. ამასთან, ზოგიერთი მუხლი ორმაგი, სამმაგი და ზოგჯერ ოთხმაგი ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, ეს გასწორებულია. სხვა არ ვიცი, არ წამიკითხავს თავიდან ბოლომდე და არც ვაპირებ. რა წამაკითხებს ამხელა კოდექსს. ჩემი იურისტები წაიკითხავენ. ზოგს არ მოსწონს, ზოგ შემთხვევაში სამართლიანადაც. ეს ბუნებრივია. შეუძლებელია, საგადასახადო კოდექსი ყველას მოსწონდეს. სრულყოფილი კოდექსი არ არსებობს.

ერთი თხოვნა მქონდა მთავრობასთან, ტურიზმის სფეროს გადასახადები შემცირებულიყო, როგორც მაგალითად, თურქეთშია. სასტუმროს თითო ნომერი იქ დღგ-ის 8%-იანი განაკვეთით იბეგრება. ჩვენთან ტურისტულ ობიექტებზე ქონების გადასახადი ძალიან მაღალია. რეგიონებში -ქობულეთში, სიღნაღში, ყვარელში, ამ განაკვეთს ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს. მათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირთ. ჩემი თხოვნის პასუხი ჯერ არ ვიცი. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ და ტურიზმის სფეროს გადასახადებს შეუმცირებენ".

საგადასახადო კოდექსის განხილვა პარლამენტში შემოდგომაზე განახლდება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განმარტავენ, მესამე მოსმენის დროს პროექტში სარედაქციო ხასიათის შენიშვნები შევა.

ცვლილებები არ შეეხება პრესას, რამდენიმე სხვა სექტორსაც. ისინი კვლავაც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

"რევოლუციური" კოდექსის სანაცვლოდ შეღავათიანი საგადასახადო კანონმდებლობის დამრღვევებისთვის ჯარიმა სოლიდური იქნება. აგრეთვე, მთავრობა აღარ შეამცირებს საშემოსავლო გადასახადს, რომელიც 2011 წლიდან 20-დან 18%-მდე უნდა ჩამოსულიყო. მიზეზად ის ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას ასახელებს.

ბიზნესს ცვლილებები ნაწილობრივ მოეწონა, მაგრამ ამბობს, რომ მთავარი ისაა, კოდექსში ბოლოს რას ჩაწერენ.

ნონა ქვლივიძე