დაუძლეველი სიღარიბის ეკონომიკა?! - კვირის პალიტრა

დაუძლეველი სიღარიბის ეკონომიკა?!

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად საქართველოში სიღარიბის მზარდი ტენდენცია დასახელდა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა საგანგაშო რაოდენობაზე არავინ დაობს, რადგან მათი რაოდენობა 3,7-მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონს აღწევს, სიღარიბით შეშფოთებულ უმრავლესობასთან მაინც ბევრი შეკითხვა გაჩნდა: მხოლოდ ახლა, გაეროს ბავშვთა კვლევით გაიგო ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, რომ სახელმწიფო შემწეობას (56 ლარს!) დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცი იღებს და კიდევ ამდენივე არასაკმარისი ქულების გამო წლიდან წლამდე ელოდება სახელმწიფოსგან გადმოგდებულ ლუკმას, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია; რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უთანასწორობა სოციალურ ფენებს შორის კიდევ უფრო იზრდება, ანუ მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.

ბავშვების 6,8% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს!

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას 2 წელიწადში ერთხელ ატარებს და ყველა კვლევაში საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე მიუთითებს. რომ არა პოლიტიკური ინტერესი და მიზანი, არავინ იცის, კვლევაში ასახული სიღარიბე ხელისუფალთა ყურადღებას თუ დაიმსახურებდა. არადა, კვლევის შედეგები მართლაც ყურადსაღებია, რადგან ირკვევა, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ღარიბდება. მაგალითად, კვლევაში წერია, რომ საქართველოში ოჯახების 4,3%, მოსახლეობის 5,0%, ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ. ამ ზღვრად მიჩნეულია 1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთი ზრდასრული პირისთვის თვეში 82,8 ლარს შეესაბამება. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2015-დან 2017 წლამდე უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობაც 4,3%-ით არის გაზრდილი. საქართველოში გაიზარდა ზოგადი სიღარიბის დონეც და თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16,4%-ს შეადგენდა, 2017 წელს 19,6% გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ისეთ შინამეურნეობაში, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია. კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპითა და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასულ 2 წელიწადში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობებისა და მოსახლეობის წილი 20,7%-დან 22,5%-მდე და 23,1%-დან 24,8%-მდე გაიზარდა. (ფარდობითი სიღარიბის ზღვარი დადგენილია საშუალო მოხმარების 60%-ზე, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 177,1 ლარს შეესაბამება). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26,8%-დან 31,6%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, 2015-დან 2017 წლამდე გაცილებით მეტი ოჯახი გაღარიბდა, ვიდრე სიღარიბეს დააღწია თავი.

კვლევის თანახმად, 2017 წელს რომელიმე სახის სოციალურ შემწეობას ოჯახების 67,5% იღებდა, ხოლო ზოგად სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტი ქრონიკულად ღარიბია. აქვე ნათქვამია, რომ ღარიბი მოქალაქეები საარსებო სახსრების უკმარისობის გამო ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის სესხს. მათ შორის, გაზრდილია საბანკო და სალომბარდო სესხების აღების დონე უღარიბეს მოსახლეობაში. UNICEF-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 43,2%-მა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა "გაუარესდა". მიზეზად, ძირითადად, გაზრდილი ფასები, სერიოზული ავადმყოფობა და ოჯახის შემოსავლის შემცირება სახელდება. შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სესხის აღება იყო, რაც შემდეგ ისევ მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას.

თინათინ ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამების ხელმძღვანელი: "ყველაზე საგანგაშო, რაც 2017 წლის კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ 2015 წლიდან დღემდე საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. ჩვენნაირ ქვეყანაში სიღარიბე იზომება მოხმარების ანუ ხარჯების დონის მიხედვით. 2017 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხი უფრო ცოტას მოიხმარს, 2015 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური შოკების ფონზე. აღსანიშნავია და ეს კვლევამაც ცხადყო, რომ ყველაზე მეტად სიღარიბე ბავშვიანი ოჯახების პრობლემაა. ქვეყანაში მოქმედებს მიზნობრივი სოციალური პროგრამები, მაგრამ მათი დაფარვა იმ ფინანსური რესურსით, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მთელი მოსახლეობის 10-12%-ის დონეზეა. ანუ ამ პროგრამების მიზანია, დაეხმაროს ყველაზე ღარიბებს ღარიბთა შორის, რაც, ბუნებრივია, არ კმარა. კვლევისას ჩვენ ვაფასებთ როგორც მონეტარულ, ისე არამონეტარულ სიღარიბეს, მათ შორის, სოციალურ გარიყულობას. მაგალითად, კვლევამ ცხადყო, რომ საბავშვო ბაღების არარსებობის გამო 14 ათასი ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის. სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია. ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი განათლებას აღარ იღებს. ყველაზე ღარიბ ოჯახებში 10 ბავშვიდან 6-ს არა აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე. კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სტრუქტურული პრობლემები, რასაც თანამიმდევრული მიდგომა სჭირდება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით. უფრო ნაკლები ადამიანი ამბობს, რომ ფინანსური ბარიერები ექმნება ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაში, რადგან შეიქმნა ბევრი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც მათ თანადაფინანსებისას ეხმარება. ამის მიუხედავად, მათი ხარჯები წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და ლომის წილი ამაში მედიკამენტებს აქვს, რადგან ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა".

სოციალური შემწეობა ყოველწლიურად 1 ლარით იზრდება!

გაეროს ბავშვთა კვლევამდე რამდენიმე კვირით ადრე ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის მონაცემების შესწავლის შედეგები გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მოქალაქიდან 1 მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით ნახევარ მილიონ კაცზე მეტი - 500 833 პირი სარგებლობს. 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 975 236 პირი, 2016 წელს - 1 171 151 პირი, 2015 წელს - 1 542 545 პირი, ხოლო 2014 წელს - 1 627 278 პირი. დარეგისტრირებული პირების შესწავლის შედეგად სახელმწიფო საარსებო შემწეობას გასცემდა 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით - 500 833 პირზე, 2016 წელს - 549 457 პირზე, 2015 წელს - 468 932 პირზე, ხოლო 2014 წელს - 462 004 პირზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, იკლებს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა იმატებს. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც საერთო ჯამში საკმაოდ მაღალია. 2014-2017 წლებში სხვადასხვა მიზეზით სოციალური დახმარების მიღებაზე საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი. მიზეზი, ძირითადად, ხდება შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგო ქულა, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებსა და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა. 2014-2017 წლებში სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი 260 შემთხვევაში ოჯახის წევრის პატიმრობა გახდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ პერიოდში სოციალური დახმარება შეუწყდა 333 939 პირს.

ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ პირებზე გაცემული სოციალური დახმარების ოდენობა, რამაც 2014-2017 წლებში 1 062 723 938 ლარი შეადგინა. ერთ პირზე გაცემული თანხის ოდენობა კი საანგარიშო პერიოდში ყოველწლიურად 1 ლარით იმატებდა. ერთი პირისთვის ყოველთვიურად გასაცემი თანხა 2014 წელს იყო 54 ლარი, 2015 წელს - 54 ლარი, 2016 წელს - 55 ლარი, 2017 წელს - 56 ლარი. ეს თანხა "საქსტატის" მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია.

გიორგი ზოიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი: "შესაცვლელია სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა. ასამოქმედებელია სოციალურად დაუცველ პირთათვის დასაქმებისა და შრომის ღირსეული პირობების შექმნის ეროვნული სტრატეგია. შესაცვლელია სოციალურად დაუცველ პირად მიჩნევისთვის შეფასების სისტემა, რაც უნდა დაეფუძნოს შეფასების სამართლიან პრინციპს. საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემოღება უთანასწორობისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ხშირად სრულიად გაუგონარი და გაუგებარი მიზეზით უწყდებათ მოქალაქეებს სოციალური დახმარება. აუხსნელია, რატომ არის სოციალური შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ოჯახის წევრის დაპატიმრება ან გარდაცვალება. არც ერთ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაიზარდა, თუმცა მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ მყისიერად უნდა შეწყდეს ასეთ შემთხვევაში შემწეობის გაცემა. საინტერესოა, რომ 2014 წელს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 1,6 მილიონი მოქალაქე, დღეს კი 975 ათასია, ანუ ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდებოდა. თუმცა გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. შესაბამისად, რეგისტრირებულთა რაოდენობა არ შემცირებულა ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირების მიზეზით, არამედ სოციალური სააგენტოს, კანონმდებლობისა და ზოგადად, ამ სისტემის მკაცრი, ხისტი მიდგომით არის გამოწვეული".

უთანაბრობა იზრდება

"საქსტატის" მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41 ნიშნულს მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა გაზრდილია. ცნობისათვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეს ის განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი - უთანასწოროს. ეს ფორმულა, ძირითადად, ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ჩვენთან შემოსავლების უთანაბრობა განსაკუთრებით მწვავედ იმის გამო აღიქმება, რომ შემოსავლების სიდიდეა მეტად მცირე. ჯინის კოეფიციენტი აშშ-ში უფრო მაღალია, მაგრამ იქ ათჯერ მეტია 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი. ამიტომ იქ ღარიბებსაც იმაზე მეტი ხვდებათ, რამდენიც ჩვენთან არათუ ღარიბებს, არამედ შედარებით უფრო მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ქვეყანაში რომ სოციალური სტაბილურობა გვქონდეს, ანუ შემოსავლების მხრივ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ამხელა განსხვავება არ იყოს, ეს კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 28-32-ს. ჯერჯერობით კი ქვეყანაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან".

ემა ტუხიაშვილი