"ბანკი სტაბილურია, ხალხი კი გაყვლეფილი" - რა "გაათეთრებს" "შავ სიას"?! - კვირის პალიტრა

"ბანკი სტაბილურია, ხალხი კი გაყვლეფილი" - რა "გაათეთრებს" "შავ სიას"?!

"ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას გააკეთა. ახალი პრემიერი ფიქრობს, რომ ჭარბვალიანობაა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, რადგან, ერთი მხრივ, ის ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, ხოლო, მეორე მხრივ, ვალში ჩავარდნილი ადამიანები ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დასახელდა მონაცემი, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო და "კრედიტინფოს" საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიუწოდებია - დღეს ე.წ. შავ სიაში 630 ათასი მოქალაქეა. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში 19-დან 70 წლამდე ასაკის 2,6 მლნ კაცი ცხოვრობს, მათი დაახლოებით მეოთხედი ეკონომიკურად უმოქმედოა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე? პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მიზეზად უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემას ასახელებს. სწორედ სესხებზე ხელმისაწვდომობა ახალისებს ლუდომანიას, დამოკიდებულებას აზარტული თამაშების მიმართ. ასე რომ, სათამაშო ბიზნესი 5-მილიარდიანი ბრუნვით ერთ-ერთი ხვრელია, სადაც ბანკებიდან თუ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხად აღებული თანხები მიედინება და იმედია, ახალი სამთავრობო გუნდი ამ საკითხითაც დაინტერესდება. მანამდე კი საინტერესოა, როგორ აპირებს მთავრობა სავალო ორმოდან 630 ათასი კაცის ამოყვანას და დაეხმარება თუ არა მას სხვა ქვეყნების გამოცდილება.

ლაშა ბაღათურია, "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების მენეჯერი: - "შავი სია" არ არსებობს, ეს არის ნეგატიური საკრედიტო ჩანაწერები. 630 ათას კაცს, სულ მცირე, ერთი ნეგატიური საკრედიტო ჩანაწერი მაინც აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი "შავ სიაში" არიან. შესაძლოა ერთ პირს ათი სესხი ჰქონდეს, მაგრამ იქიდან მხოლოდ ერთი იყოს პრობლემური.

ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, რადგან ძველი სესხები ბევრია, მათ შორის, ჩამოწერილი და შესაბამისად, მზარდია ნეგატიური ჩანაწერების დინამიკა. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - საკრედიტო ბიურო იმისთვის არსებობს, რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობა აღმოიფხვრას. ყველა ორგანიზაცია, ვინც ჩვენი კლიენტია, სიმეტრიულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. კრიტერიუმებს ჩვენ არ ვადგენთ, ჩვენ მხოლოდ ვფლობთ ინფორმაციას, რომელსაც ორგანიზაციებს ვაწვდით და კრიტერიუმებს ისინი თავად ადგენენ. მაგალითად, 10 წლის წინ "ტაო ბანკში", რომელიც აღარ არსებობს, ავიღე "მარწყვი ბარათი" და 50-ლარიანი საკრედიტო ბარათის გადაუხდელობის გამო "გაშავებული" ვარ. ფინანსური ორგანიზაცია ამ ინფორმაციას იღებს "კრედიტინფოსგან", თუმცა ის არ აძლევს რამე მინიშნებას, გასცეს თუ არა სესხი. თუ ამგვარი ინფორმაცია ორგანიზაციებს არ მივაწოდეთ, მაშინ სესხის გაცემის რისკები გაიზრდება. შესაძლოა განსაზღვრული კორექტირება მისაღები იყოს, მაგალითად, დღეს არსებული 30 დღე სესხის ვადაგადაცილებიდან აღარ იყოს ადამიანის საკრედიტო ისტორიაში ნეგატიური ჩანაწერის შეტანის საფუძველი და ეს ვადა გაიზარდოს; ან შეთანხმდნენ და ხუთი წლის წინ აღებული დავალიანებები აპატიონ ხალხს. ამ 630 ათასი ჩანაწერიდან ბევრია ხანდაზმული დავალიანება და შესაძლებელია ამ მონაცემების დეტალური შესწავლა დაიწყოს. როცა მოქალაქე მოგვმართავს, რომ მისი სესხი ხანდაზმულია ან სრულად დაფარა ვადაგადაცილებული დავალიანება და ამის შესახებ ინფორმაციას სესხის გამცემი ორგანიზაციაც გვიდასტურებს, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ წაიშლება მის შესახებ ნეგატიური ჩანაწერი.

ლია ელიავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: - "შავ სიაში" შესული მოქალაქეების დასახსნელად ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს მათი საკრედიტო დავალიანების გადახდა, მაგრამ მე ეს კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია. დავიწყოთ იმით, რომ ეს ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ხელისუფლების ამ ნაბიჯს მორალურ-ეთიკური დატვირთვაც ექნება - გამოდის, სახელმწიფომ ვალები უნდა დაუფაროს იმ მოქალაქეებს, ვინც ბანკიდან სესხად აღებული ფული უკვე მოიხმარა, მაშინ როცა მთავრობა სოციალურ გასაცემლებზე დამატებით თანხებს არ ხარჯავს. ამის ნიადაგზე შესაძლებელია მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას შორის კონფლიქტი წარმოიქმნას. ერთადერთი შემთხვევა აშშ-ის მაგალითზე მახსენდება - მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც იპოთეკური სესხი ჰქონდა, უბინაოდ დარჩა და მინდვრებში გაშალეს კარვები. მაშინ შტატების მთავრობამ ამ ხალხის ვალის ნაწილი ბანკებს გადაუხადა, ხოლო ნაწილი თანხისა გამოყო მათთვის სესხის ასაღებად, რათა მათ სახლები ეყიდათ, კაცზე საშუალოდ 50-150 ათასი დოლარი. სხვა შემთხვევა, რომ ხელისუფლება დახმარებოდა ბანკების მევალეებს, არ მახსენდება. თუმცა ბევრი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როცა სახელმწიფო ბანკების უიმედო სესხებს ყიდულობდა და ამით კომერციულ ბანკებს ეხმარებოდა. დაახლოებით ასეთი რამ მოხდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოშიც. მაშინდელმა ხელისუფლებამ, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, საბანკო არდადეგები გამოაცხადა. მოსახლეობამ დაინახა, რომ ბანკები აღარ მუშაობდნენ, შეზღუდეს ბანკომატებიდან ფულის გატანა, ბანკებთან წარმოიშვა რიგები, რადგან მოსახლეობამ დაიწყო სასწრაფოდ დეპოზიტების გატანა. მაშინ ეროვნულმა ბანკმა გასცა ბრძანება, კომერციულ ბანკებს ყველა დეპოზიტარის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ხოლო ის თანხა, რომელსაც კომერციული ბანკები გასცემდნენ, ეროვნულმა ბანკმა აანაზღაურა უცხოეთში სესხის აღების გზით.

თუ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი არ აღიარებენ, რომ მოსახლეობის ნაწილი საქართველოში გადახდისუუნაროა იმ კაბალური პირობების გამო, რომელთაც მათ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი სთავაზობს, ამ ადამიანებს მდგომარეობას ვერაფერი შეუმსუბუქებს. მეტსაც გეტყვით, ასეთი დავალიანებები წარმოეშვათ იმის გამო, რომ თავის დროზე ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა შემუშავებული სპეციალური რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომელთა შესრულებასაც ახლა ცდილობს. გარდა ამისა, როგორც იქნა, ეროვნულმა ბანკმა თავის თავზე აიღო საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების რეგულირება. შარშან, დეკემბერში, ორგანულ კანონში "ეროვნული ბანკის შესახებ" შევიდა ცვლილება, რომ უნდა მოხდეს "კრედიტინფოს" რეგულირება, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა. არადა, საკრედიტო ბიუროების რეგულირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეროვნულმა ბანკმა უნდა ჩამოაყალიბოს მათი საქმიანობის წესი და ამით უნდა ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის, კომერციული ბანკები. მაგალითად, უნდა მოხვდეს თუ არა "შავ სიაში" მოქალაქე, რომელმაც სესხის გადახდა ერთი ან ორი თვით გადააცილა? მიდგომები დიფერენცირებული უნდა იყოს. ამ სიაში იქნებიან ისეთებიც, ვინც სამსახური დაკარგა და ვეღარ შეძლო საკრედიტო ვალდებულების გადახდა. ხდება ისეც, რომ ბიზნესი ფინანსური სირთულეების გამო ვეღარ იხდის საკრედიტო ვალდებულებას და საკრედიტო ისტორია ამის გამო უფუჭდება. დღეს პრობლემაა არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ ბიზნესსესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც. ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისას თვითღირებულების ლომის წილი კრედიტის პროცენტის მომსახურებაზე მოდის, რაც პროდუქციას აძვირებს და იმპორტირებულს კონკურენციას ვეღარ უწევს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მოვალეთა "შავ სიაში" ისეთი მოქალაქეებიც არიან, ვინც უპასუხისმგებლოდ მოიქცა სესხის აღებისას და მათი ხელშეწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და ეროვნული ბანკის მიერ ნორმატიული აქტების დროულად მიღება, რათა რეგულირდებოდეს საკრედიტო ბიუროების საქმიანობა და ხელის ერთი მოსმით ყველა "შავ სიაში" არ ხვდებოდეს.

დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - "შავ სიაში" ბევრი გაუცნობიერებლად მოხვდა. თავდებობის გამო არიან გახვეული შარში. არც ფული აუღიათ და არც ის იცოდნენ, რა ვალდებულებები ეკისრებოდათ თავდებობის შემთხვევაში. ბევრი კრიტერიუმი შეიძლება შეიცვალოს საკრედიტო ინფორმაციის შედგენისას და ბევრი ადამიანი შეიძლება ამოვიდეს ამ სიიდან და ეკონომიკისთვის ისევ ღირებული გახდეს. წლის ბოლოსთვის უნდა დარეგულირდეს ეს ყველაფერი. სულ გვესმის, რომ ბანკი სტაბილური უნდა იყოს. არადა, მივიღეთ რეალობა, როცა ბანკი სტაბილურია, ხალხი კი გაყვლეფილი. ხალხს ფსიქიკა აქვს უკვე მოშლილი, რადგან წლიდან წლამდე სულ უფრო დიდ ვალში ეფლობიან. 9 მილიარდ ლარამდე სამომხმარებლო სესხია ქვეყანაში გაცემული. ჯერ უნდა გავაჩეროთ ეს პროცესი და ამისკენ არის მიმართული მთელი რიგი რეგულაციებისა, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება ფინანსური სექტორისთვის და მერე ვიფიქროთ, როგორ გამოვძვრეთ ამ ვითარებიდან.

ემა ტუხიაშვილი