კოდექსის რამდენიმე მუხლი 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა - კვირის პალიტრა

კოდექსის რამდენიმე მუხლი 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა

თუ შემოდგომიდან მიწის გადაცემას დღგ-ით დაბეგრავენ, ეს უძრავი ქონების ბაზარზე ვითარებას დაამძიმებს

ახალი საგადასახადო კოდექსის რამდენიმე მუხლი, რომელიც პარლამენტმა ბოლო სხდომაზე სასწრაფო წესით დაამტკიცა, 1-ელი აგვისტოდან შევიდა ძალაში. გაზრდილი განაკვეთით მოუწევთ აქციზის გადახდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს.

ადგილობრივი მწარმოებლებისთვის აქციზი თითქმის 3-ჯერ, ხოლო იმპორტიორებისთვის 2-ჯერ გაიზარდა. 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა ქრონომეტრაჟის ახალი სისტემაც. როგორც ცნობილია, შემოსავლების სამსახური ქრონომეტრაჟს ამიერიდან მომსახურების ყველა ობიექტს ჩაუტარებს.

აქამდე ამ ტიპის კონტროლი მხოლოდ რესტორნებსა და სასტუმროებს შეეხებოდა. საგადასახადო სამსახური აპირებს, ყოველთვიური შემოსავლები დაუთვალოს მომსახურების ისეთ სახეობებსაც, როგორიცაა მაგალითად, სკუტერები, საბაგირო გზები და სხვ. რომელთა ზუსტი ბრუნვა აქამდე არ განისაზღვრებოდა.

ბიზნესებს მიმდინარე თვის შემოსავლებს წინა წლის ანალოგიური პერიოდისას შეუდარებენ და თუ გადაცდომა 10%-ზე მეტი იქნება, დააჯარიმებენ. თუმცა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ბუცხრიკიძე ამბობს, ამ შემთხვევაში კოდექსი უფრო ლიბერალური გახდა და ჯარიმის ოდენობა 15-20-ჯერ შემცირებულია.

სექტემბრიდან ბრუნვის 10%-ის გადახდა მოუწევთ მობილურ კომპანიებსაც. კოდექსის ამ მუხლის სასწრაფოდ ამოქმედება მთავრობას ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მისაღებად სჭირდება. ბიუჯეტს ფული სჭირდება, ამიტომ ახალი კოდექსის ამოქმედებას, რომლის განხილვაც შემოდგომისთვის გადაიდო, ვეღარ დაელოდნენ.

აგვისტოდან სხვა მუხლებიც ამოქმედდა. მათ შორის გამარტივებულიც, კერძოდ, ცვლილება სალარო აპარატებთან დაკავშირებით. სალარო აპარატების უქონლობის, გამოუყენებლობის ან სხვა დარღვევის პირველივე შემთხვევის დროს მეწარმეს აღარ დააჯარიმებენ და გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. არ გაზრდილა დასაბეგრი ბაზა. სალარო აპარატების გამოყენებას ისევ იმ კატეგორიის მეწარმეებს მოსთხოვენ, ვისაც მოეთხოვებოდა. სალარო აპარატები არ მოეთხოვებათ პრესის ჯიხურებს, აგრეთვე მოვაჭრეებს ბაზრობებზე.

ღიადაა დარჩენილი კოდექსის 168-ე მუხლი, რაც დღგ-ის განაკვეთს ეხება. დღგ-ის საკითხზე ბიზნესი, პარლამენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება შემოდგომისთვის გადაიდო. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა განაკვეთით დაიბეგრება მიწის გადაცემა, მათ შორის, მიწის გადაცემა შენობა-ნაგებობებით. ბიზნესწრეებს აქვთ წინასწარი ინფორმაცია, რომ მიწის გადაცემა საბოლოოდ შესაძლოა მაინც დაიბეგროს დღგ-ით. თუ ასე მოხდა, ეს უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითად აისახება.

ახალი კოდექსით მეწარმეს საშუალება მიეცემა, ქონების აფასება დამოუკიდებელ აუდიტორს გააკეთებინოს. ბიზნესს მთავრობა თვითონ შესთავაზებს რამდენიმე აუდიტორულ კომპანიას, რომლებსაც სანდოდ მიიჩნევს. ანუ მეწარმეს არჩევანის საშუალება მიეცემა - ქონების გადასახადი შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული აფასების შესაბამისად გადაიხადოს, ან აფასება სანდო აუდიტორს გააკეთებინოს. ქონების აფასების ახალი სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა.

აფასების კოეფიციენტები გაიზარდა და შესაბამისად 1,5; 2,5 და 3,5 გახდა. კოეფიციენტი ტექნიკის, დანადგარების ან სხვა ტექნიკის სიძველის შესაბამისად იზრდება. ამიტომ გადასახადი გაეზრდებათ იმ საწარმოებს, რომლებიც ძველი დანადგარებით მუშაობენ. ბიზნესმა ქონების გადასახადი ახალი განაკვეთით უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს მომავალი წლის მარტისა.

ნონა ქვლივიძე