საბანკო სექტორი კრიზისიდან საბოლოოდ ბიზნესსექტორმა უნდა გამოიყვანოს - კვირის პალიტრა

საბანკო სექტორი კრიზისიდან საბოლოოდ ბიზნესსექტორმა უნდა გამოიყვანოს

ბანკების აქტივების, გაცემული სესხებისა და დეპოზიტების ზრდა, აგრეთვე ისიც, რომ საბანკო სექტორი უკვე მეექვსე თვეა მოგებაზე გადის, ამ სფეროს კრიზისიდან გამოსვლაზე მიუთითებს.

თუმცა მოგება სექტორს ლიდერი ბანკების ხარჯზე აღერიცხა, რადგან 19-დან 7-მა ბანკმა წლის პირველი ნახევარი წაგებით დაასრულა. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბანკები შეზღუდული რაოდენობით გასცემენ კრედიტებს, რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ისინი მაინც ფრთხილობენ და უმეტესად იმ მომხმარებლებს ენდობიან, რომლებსაც შემოსავლები ბანკებში ერიცხებათ.

კრედიტების გაცემა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე წარსულს ჩაჰბარდა. სესხების გაცემის ამ ფორმას ბანკები კარგა ხანს აღარ დაუბრუნდებიან, რადგან საკრედიტო ბუმისას მწარე გაკვეთილი მიიღეს. მათ ასეულობით ათასი ლარის პრობლემური სესხი დაუგროვდათ, ”კრედიტ-ინფოს” ბაზაში უარყოფითი ჩანაწერების ე.წ. შავი სიის მოცულობამ 2009 წლის ბოლოს 300 ათასსაც მიაღწია. ზოგიერთ ბანკს მსესხებლები უმნიშვნელო დარღვევისთვის განგებ შეჰყავდა არასანდოთა სიაში, მათთვის კონკურენტი ბანკისკენ გზა რომ მოეჭრა.

”კრედიტ-ინფოს” ბაზაში უარყოფითი ციფრები იმდენად საგანგაშო გახდა, რომ ბოლოს ამ ორგანიზაციამ ”შავი სიის” გამოქვეყნება შეწყვიტა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ახალი პროგრამა შეიძინეს, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ სესხების საერთო ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ, ხოლო ბანკებს კლიენტზე ინფორმაციის გადამოწმება გაუადვილდებათ.

როცა ფინანსური კრიზისის გამო ბანკებში სესხის მსურველთა რიცხვმა იკლო და ფული უქმად ედოთ, ბანკების ნაწილმა კლიენტების მისაზიდად განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიას ბრმად არ ენდობოდა. თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და მომხმარებლები, რომლებიც ”კრედიტ-ინფოს” უარყოფით ბაზაში მხოლოდ რამდენიმედღიანი დაგვიანების გამო აღმოჩნდნენ, უარით გამოისტუმრეს. მათ შორის ისეთებიც, ვისაც კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და სესხის გასტუმრებაც შეეძლოთ. ამ შემთხვევაში ბანკებმა ”შავი სიით” ბრმად იხელმძღვანელეს.

შესაძლოა, ბანკები სესხის გაცემისას უფრო ლოიალური გახდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი მოგებაზე მუშაობას ვერ მოახერხებენ, მათთვის სარგებელი გასესხებულ ფულს მოაქვს. ამიტომაც ივნისისთვის მომგებიანი მხოლოდ 12 ბანკი აღმოჩნდა. მათ შორის ლიდერობენ ”საქართველოს ბანკი”, ”თიბისი” და ”პროკრედიტბანკი” (ზარალიანი აღმოჩნდა ”ბითიეი”, ”რესპუბლიკა”, ”ეიჩ-ეს-ბი-სი”, ”ვითიბი ბანკი”, ”ტაოპრივატბანკი”, ”ჰალიკ ბანკი”, ისინი, რომლებსაც სესხებზე ყველაზე დიდი შეზღუდვები აქვთ).

სწორედ ამ სამი მომგებიანი ბანკის საკრედიტო რეიტინგს გადახედავს მალე სარეიტინგო კომპანია ”ფიჩ რეიტინგზი” და მაჩვენებელს ერთი პოზიციით გაუზრდის. ”ფიჩის” ექსპერტები თბილისში ივლისის დასაწყისში იმყოფებოდნენ და საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელ ჯეიმს უოტსონის თქმით, საქართველოს საბანკო სექტორში 2009 წლის II ნახევრიდან დაწყებული ზრდა წლეულსაც გაგრძელდა და რისკებმაც მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა სრულად არ გამქრალა. პოლიტიკურის გარდა, საბანკო სექტორს პრობლემას ის უქმნის, რომ სესხების 77%-ზე მეტი დოლარშია გაცემული. ბანკებს რჩებათ პრობლემური სესხებიც. თუმცა, სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საბანკო სექტორში მომავალში ნაკლები რისკია მოსალოდნელი, ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტომდე იყო.

საბანკო სექტორი კრიზისიდან საბოლოოდ ბიზნესსექტორმა უნდა გამოიყვანოს, რომელიც კრედიტების აღებისგან თავს იკავებს.

ფინანსური კრიზისის შედეგად ბიზნესს შემოსავლები შეუმცირდა, ზოგი ვალებში ჩავარდა, ამიტომ დამატებითი ვალების აღება, ბუნებრივია, აღარ სურთ. სესხების აღებისა და გააქტიურებისკენ ბიზნესს ჯერ პრემიერმა მოუწოდა, უცხოური ბანკებისგან დაბალპროცენტიანი კრედიტის აღება ბიზნესს პრეზიდენტმაც ურჩია. მისი თქმით, ”შავი ზღვის ბანკი” მზადაა, ქართულ კომპანიებს ფული წლიურ 8%-ად ასესხოს.

ქართველი ბანკირები ამბობენ, რომ 8%-იანი განაკვეთი საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის, მაგრამ რამდენიმემილიონიანი კრედიტისთვის, რასაც უცხოური ბანკები გასცემენ, მცირე და საშუალო ბიზნესი ფულის სასესხებლად ”შავი ზღვის ბანკში” არ წავა. დიდ ბიზნესს კი ფულის სესხებაში დახმარება არ სჭირდება, შეღავათიან რესურსზე მათ ხელი ისედაც მიუწვდებათ.

სამაგიეროდ ძვირია რესურსი ქართულ ბანკებში. საქართველოში 8%-იანი სესხის მოპოვებაზე ბიზნესს მხოლოდ ოცნება შეუძლია. შარშან, წლის II ნახევარში, ბანკებმა გამოაცხადეს, რომ კრედიტები 1-2%-ით გააიაფეს, მაგრამ წლიური პროცენტი მაინც საკმაოდ მაღალია და 13-17%-ის შუალედში მერყეობს. კიდევ უფრო მაღალია სამომხმარებლო სესხის განაკვეთი, საშუალოდ 20-25%-იან შუალედში. სესხების გაიაფებასთან ერთად, ბანკებმა სარგებელი დეპოზიტებს დააკლეს.

ისინი მეანაბრეებს ორი წლის წინანდელზე საშუალოდ 2-3%-ით ნაკლებს უხდიან. შემცირების კიდევ ერთმა ტალღამ ბანკების ნაწილს 1-ელ ივლისსაც გადაუარა. ”თიბისი ბანკმა” ერთწლიან ვადიან ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით შეამცირა.

კიდევ ერთი შენიშვნა, რაც ”ფიჩ რეიტინგზის” ექსპერტებს ქართული საბანკო სექტორის მიმართ ჰქონდათ, ის არის, რომ დაკრედიტება დივერსიფიცირებული არაა. 2010 წლის ივნისის მდგომარეობით, ბიზნესის დაკრედიტებაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სფეროს უკავია (46,4%), შემდეგ მრეწველობა და სამშენებლო სექტორი მოდის. ყველაზე ნაკლებად ბანკები განათლებასა და სოფლის მეურნეობას აკრედიტებენ.

გიგი ღლონტი (KშB-ის გენერალური დირექტორი): ”საბანკო ბაზარი ამჟამად სტაბილურია. ის უარყოფითი განწყობა, რომელიც ბიზნესშიცა და მოსახლეობაშიც არსებობდა, გადავლილია. მართალია მცირედი, მაგრამ წინსვლა მაინც იგრძნობა. სესხების განაკვეთების შემცირება ძალიან მძაფრი კონკურენციით არის განპირობებული და არა იმით, რომ რესურსის ღირებულება შეიცვალა. ახლა საპროცენტო განაკვეთები დასტაბილურდა.

ჩვენ დეპოზიტებზე საშუალოზე ცოტა მაღალი განაკვეთი გვაქვს და ვცდილობთ, ეს განაკვეთი შევინარჩუნოთ. სესხებზეც შესაბამისად, საშუალოზე მაღალი პროცენტები გვაქვს. ეს იმის გამო, რომ ძირითადად საბრუნავ კაპიტალს ვაფინანსებთ. ამჟამად სესხებზე მაინცდამაინც მაღალი მოთხოვნა არ არის. უფრო მეტად ვაჭრობა იღებს კრედიტებს, რასაც წარმოებაზე ვერ ვიტყოდი, რომელიც ჯერჯერობით გაჩერებულია”.

დავით კაკაბაძე (”ბაზისბანკის” დირექტორი): ”მსესხებელთა რიცხვმა ბანკებში კრიზისის შედეგად მართლაც იკლო, მაგრამ ბოლო დროს გაცემულ კრედიტებში ზრდა შეიმჩნევა. დატვირთვა უმეტესად ინფრასტრუქტურულ კრედიტებზე მოდის. ეს ის სფეროებია, რომლებსაც მთავრობის მხარდაჭერა აქვს. გაიზარდა მოთხოვნა იმ სფეროებიდან, რომლებიც უშუალოდ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მოიმატა ვაჭრობაში გაცემულმა სესხებმა. მცირეა მოთხოვნა მრეწველობის სფეროდან, სოფლის მეურნობიდან”.

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები ივნისში 407 მილიონი ლარით გაიზარდა და 1-ელი ივლისისთვის 9,125 მილიარდი ლარი შეადგინა. აქტივების წლიური ზრდის ტემპი 19%-ია.

ნონა ქვლივიძე