"ვისოლი" თელავის რაიონის კიდევ 5000-მდე ოჯახს ბუნებრივ გაზს მიაწვდის - კვირის პალიტრა

"ვისოლი" თელავის რაიონის კიდევ 5000-მდე ოჯახს ბუნებრივ გაზს მიაწვდის

27 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი ზაალ და რუიზან ბახბახაშვილები განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანია "ვისოლთან" და ჟურნალისტებთან ერთად ეწვივნენ ერთ-ერთ რიგით კახურ ოჯახს.

სტუმრობის მიზეზი განსაკუთრებული იყო. კომპანია "ვისოლმა", რომელიც თელავის რაიონის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის მფლობელია, ბახბახაშვილების თხოვნით, მათ ოჯახში წარმოადგინა "სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ერთ-ერთი წარმატებით განხორციელებული პროექტი. ვისოლმა თელავის რაიონის სოფლების - აკურას, გულგულას, ხოდაშენის, ვარდისუბნისა და კურდღელაურის 5000-მდე ოჯახს საშუალება მისცა ბუნებრივი გაზით ისარგებლონ.

ბახბახაშვილებთან ბუნებრივი აირის ცისფერი ალი სიმბოლურად, საზეიმოდ აანთეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, პარლამენტარმა გია არსენიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილმა და "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

რუიზან ბახბახაშვილი - "ალბათ გიკვირთ, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ქალაქის მოსახლეობისთვის ჩვენი ზეიმი ძნელად გასაგებია, რადგან თქვენ მხოლოდ ენერგეტიკული კრიზისის დროს არ გქონდათ ბუნებრივი აირი. ჩვენ კი მთელი ცხოვრება თხევადი გაზის ბალონებით და შეშით ვწვალობდით. ძალიან ადრე, სანამ თხევადი აირი იაფი ღირდა, არ გვაწვა მძიმე ტვირთად მისი ყიდვა, მაგრამ ბოლო წლებში, როდესაც გაძვირდა, იძულებული ვხდებოდით, გაზი ძალიან ეკონომიურად გამოგვეყენებინა. არადა, საწვავის ეკონომია სოფელში ძნელია.

ახლა 38 ლარი ღირს ერთი ბალონი, როდესაც მარტო ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ერთი ბალონი გვყოფნიდა, მაგრამ სტუმრები რომ მოგვივიდოდა, ხარჯი უკვე ორმაგდებოდა და ზოგჯერ მეტიც იყო. ამიტომაც ბუნებრივი აირის შემოყვანით ამოვისუნთქეთ. თვე და 20 დღე იყო დამონტაჟებიდან გასული, მრიცხველმა მხოლოდ 5 ლარი და 30 თეთრი რომ დაწერა. ხედავთ, როგორ შემცირდა ჩვენი ხარჯები? ახლა შვილმა მითხრა, გასათბობ ღუმელს დაგიმონტაჟებთ და ზამთარშიც გაზით გათბებითო. მაგას რა სჯობს, შეშისთვის ხე აღარ მოიჭრება, ტყესაც ეშველება."

აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირი ჯერ ყველა მომხმარებლის ოჯახში არ შესულა, მაგრამ მსურველების რიგი დგას. მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი გაზი 14 წელია არ ჰქონია, ნაწილს კი "ვისოლის" დახმარებით პირველად აქვს საშუალება ისარგებლოს ეკონომიური გაზით.

"საზოგადოებაზე ზრუნვა "ვისოლის" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ბუნებრივი გაზით სარგებლობა რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამასთანავე, გაზიფიცირება წარმოების განვითარებას უწყობს ხელს და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია," - აცხადებს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი - "ეს არ არის რიგითი საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება. ერთი წლის წინ ვარდისუბნელებს დავპირდით, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მოვაგვარებდით. მათ შორის, ერთ-ერთი ბუნებრივი აირის საკითხი იყო. ბატონ გია არსენიშვილისა და რაღა თქმა უნდა, კომპანია "ვისოლის" ერთობლივი ძალისხმევით, დაიწყო თელავის რაიონის გაზიფიცირების პროექტზე მუშაობა. დღეს მოხარული ვართ, რომ ამ ნაბიჯით ჩვენს თანამოქალაქეებს ცხოვრება შედარებით გავუუმჯობესეთ. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, რადგან ჩვენთვის მთავარი არის არამარტო გაზი და კეთილმოწყობა, არამედ სამუშაო ადგილების შექმნაც."

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის სისტემის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე "ვისოლმა" ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა და ამ მიმართულებითაც დაიწყო ხალხის დასაქმება. კომპანია თელავის რაიონს 2008 წლის მარტიდან აწვდის ბუნებრივ აირს. ამ ეტაპზე უკვე 10000-ზე მეტი აბონენტია გაზიფიცირებული. წლის ბოლომდე მათი რაოდენობა კიდევ ათასით გაიზრდება. კომპანიამ გაზიფიცირება უკვე 16 სოფელში დაასრულა. აგვისტოდან ეს პროცესი იყალთოში დაიწყება, რასაც მოუთმენლად ელის ადგილობრივი მოსახლეობა.

კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი - "თელავის რაიონში, ბევრ სოფელში, მათ შორის ვარდისუბანსა და იყალთოში არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი. ამიტომაც მოსახლეობისთვის აქ გაზის  მიწოდება, ეს არის სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში არ დაგვრჩება სოფელი, სადაც ბუნებრივი აირი არ იქნება.

გია არსენიშვილი - "გაზი დიდი სიკეთეა კახეთისთვის. ჯერ ერთი, ეს ქმნის იმის საშუალებას, რომ ცხოვრება განვითარდეს, ახალგაზრდები კომფორტულად გრძნობდნენ თავს. აბა, ნახეთ, რომელი სჯობს, გაზის ქურა თუ ცეცხლზე ზედადგარი და ზედ მოთუხთუხე ქვაბი, როდის უფრო იოლი საკეთებელია საჭმელი? მერე კიდევ ყველაზე დიდი სიკეთე ის იქნება, რომ ტყე ჩანაგდება და მას დავიცავთ საწვავად გამოყენებისგან. ტყე ყველაზე მეტად სწორედ იმ სოფლების ირგვლივ არის გაჩანაგებული, სადაც გაზი არ არის."

R