ზაფხულის სკოლა ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის - კვირის პალიტრა

ზაფხულის სკოლა ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის

კომპანია "ბორჯომი" ეროვნული პროექტის მხარდამჭერი

"საერთაშორისო ქართულ სკოლაში" კომპანია "ბორჯომისა" და "ბილაინის" მხარდაჭერით იწყება ეროვნული პროექტი - "ზაფხულის სკოლა ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის", რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დროებით მცხოვრებ ფერეიდნელებს ან მას, ვინც უკვე გადაწყვიტა და მოისურვა ისტორიულ სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და სჭირდება ფიზიკური და მორალური მხარდაჭერა, ახალ გარემოსთან ადაპტირება და საქართველოს ისტორიასა და მშობლიურ ენაში ცოდნის სრულყოფა.

"საერთაშორისო ქართული სკოლის" სწორი და დროული გადაწყვეტილებით ფერეიდნელებისათვის, რომელთა წინაპრებმა ქარცეცხლში გამოატარეს თავიანთი ქართველობა და მშობლიური ენაც შეინარჩუნეს, ჩატარდება ლექციების კურსი სხვადასხვა მიმართულებით. ფერეიდნელები ივლიან საქართველოს კუთხეებში, გაიცნობენ სამშობლოს, ნაცნობ გარემოში კი უკეთ შეძლებენ თავიანთი მომავლის მოწყობასა და უზრუნველყოფას.

ასეთ ეროვნულ საქმეში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს და ასეც მოხდა. გვერდიგვერდ დადგნენ საქართველოს საპატრიარქო, დიასპორების საკითხში სახელმწიფო მინისტრების აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი", "კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი", სტუდია "ჩვენებურები", კომპანია "ბორჯომი". ეს უწყებები უმასპინძლებენ ფერეიდნიდან ჩამოსულ სისხლსა და ხორცს - ყველაზე დიდი სიყვარულით გულანთებულ ქართველებს.

ქეთევან დოჩანაშვილი, "საერთაშორისო ქართული სკოლის" დირექტორი: - ეს პროექტი მიზნად ისახავს ფერეიდნიდან ჩამოსული ქართველების მეტად ინტეგრირებას საქართველოში. ჩვენთან ისინი მოისმენენ ლექციების კურსს საქართველოსა და კულტურის ისტორიაში, ქართულ ენაში. ვიმოგზაურებთ რეგიონებშიც, რომ უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა და ტრადიციები.

ამ პროექტის ინიციატორი და ავტორი ჩვენი სკოლაა. საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ ფერეიდნელები ჩამოდიან და ცხოვრობენ ჩვენ გვერდით. წარმოიდგინეთ, რა ღირსეული შვილები ჰყავს საქართველოს ირანში, რომ თურმე ირანელი ბავშვებიც კი ხშირად იბრალებენ, ქართველები ვართო, ეს მათთვის საამაყო სახელია - ქართველები თავიანთი ცხოვრების წესით, ღირსებით ქმნიან ამ იმიჯს. ეს ყველაფერი საოცარია და დასაფასებელი. გვინდა, ხელი შევუწყოთ ფერეიდნელებს, რომ ბევრი რამ გაიგონ საქართველოს შესახებ და საქართველომაც გაიგოს მათ შესახებ. ეს ადამიანები დასაქმდნენ და საქართველოს ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცნენ. კვირის განმავლობაში ოთხი დღე ეკითხებათ საგნები, მეხუთე დღეს კი გასვლითი ღონისძიებები გვაქვს.

- რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი?

- გვინდა, სულ გაგრძელდეს, ჯერჯერობით აგვისტოს ბოლომდე იმუშავებს საზაფხულო სკოლა. სექტემბერში, თუკი სპონსორი გამოჩნდა, გვინდა ფშავში წავიყვანოთ ფერეიდნელები და ცოტა ხნით იქ ცხოვრების საშუალება მივცეთ.

- რამდენი მსმენელი ჰყავს თქვენს სკოლას?

- ოცამდე, ზოგი მათგანი დასაქმებულია და ვერ ახერხებს ყველა ლექციაზე დასწრებას. გვინდა ეს პრობლემაც მოვაგვაროთ და მათ დამსაქმებლებს ვთხოვოთ, საშუალება მისცენ საზაფხულო სკოლის სრული კურსის გავლისა.

მირზა (პაპუნა) დავითაია, სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში: - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ფერეიდნის საკითხი განსაკუთრებით გვაქვს გამოყოფილი ქართულ დიასპორათა საკითხებს შორის. მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რომ ადამიანებმა 400 წელი იცხოვრეს უცხო ენობრივ და კულტურულ გარემოში და შეინარჩუნეს თავიანთი ენა, კულტურა, ტრადიციები. კულტურა საუკეთესო დესპანია ქვეყანათა შორის ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მოვეფეროთ ფერეიდნელებს, შევუქმნათ პირობები საქართველოს უკეთ გასაცნობად. ეს პროექტი დააახლოებს ფერეიდნელებს საქართველოსთან, ისტორიულ სამშობლოსთან.

მიხარია და მეამაყება, რომ ეს ხალხი ირანშიც წარჩინებული და საპატიო მოქალაქეები არიან. მათი ღვაწლი მნიშვნელოვანია ირანისთვისაც. ეს კიდევ ერთ მეგობრობის ხიდს აგებს ჩვენს ქვეყნებს შორის.

ლევან ბაღდავაძე, კომპანია "ბორჯომის" გენერალური დირექტორის მოადგილე: - ჩვენ ბევრ პროექტში ვმონაწილეობთ. დახმარებას ვუწევთ მრავალ მიმართულებას საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის საგანმანათლებლო მიმართულება. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა საქმე ეხება ფერეიდნელი ქართველებისათვის დაგეგმილ ღონისძიებას.

ამერიკაში სწავლისას ვნახე საზაფხულო სკოლა სომეხი დიასპორისათვის, მას მერე ხშირად მიფიქრია, რა ბედნიერება იქნებოდა, ასეთი სკოლა ქართული დიასპორისთვისაც რომ გახსნილიყო, გული მწყდებოდა, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებდით. და აი, გავიგეთ, რომ ასეთი საზაფხულო სკოლა შეიქმნა, ცხადია, მათ გვერდით დავდექით, ვინც ამას აკეთებს ფერეიდანში მცხოვრები მართლაც ღირსეული მამულიშვილებისათვის. ამათთვის ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართული სიტყვა, ქართულ კულტურასთან ინტეგრაცია.

ჩვენ ვმონაწილეობთ პროექტში როგორც ერთ-ერთი სპონსორი. გვინდა ამით ჩვენი მამულიშვილური ვალი შევასრულოთ.

ძალიან მინდა მივიწვიო ბორჯომში ფერეიდნელები, დავათვალიერებინო ჩვენი საწარმო, ვაჩვენო სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები ამ კუთხეში.

- ბორჯომის მინერალურ წყალს იცნობენ ფერეიდნელები?

- სამწუხაროდ, არა. ჩვენ ირანში ვერ ვახერხებთ პროდუქციის მიწოდებას, მაგრამ ალბათ ყველაფერი მოგვარდება და ფერეიდნელ ქართველებსაც და მთელი ირანის მოსახლეობასაც საშუალება მიეცემა, ეს უნიკალური მინერალური წყალი დააგემოვნონ.

R