"ჩამოასხი, ერთიც უნდა შევსანსლო!" - კვირის პალიტრა

"ჩამოასხი, ერთიც უნდა შევსანსლო!"

ნაყინის ბიზნესის წვრილმანები

როგორ დავიწყოთ ბიზნესი? - ჩვენს ახალ რუბრიკაში დასმული ეს უბრალო კითხვა ყოველ დროში აქტუალურია. ველოსიპედის ხელახლა გამოგონება შეუძლებელია, მაგრამ გონივრული ბიზნესგეგმით ძველი იდეისგან მომგებიანი საქმის წარმართვა შეიძლება.

ამ დროს საუკეთესო მასწავლებელი სხვისი გამოცდილებაა. ვინც ერთხელ უკვე გაკვალა გზა კონკრეტულ ბიზნესში, მისი სუსტი მხარეც იცის და ძლიერიც. დიდი ბიზნესის წამოწყებას დიდი ფულიც უნდა და რისკიც მაღალია, ამიტომ ჯერ მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ რჩევებს გაგიზიარებთ, შემდეგში კი, თუ ხელი მოგემართათ, თავად უამბეთ "ეკოპალიტრას", როგორ გახდით მილიონერი.

ამ პაპანაქება სიცხისთვის ცივი და ნუგბარი ბიზნესი შევარჩიეთ. მცირეც არის და როგორც ამბობენ, მომგებიანიც. მართალია, ჩამოსასხმელი ნაყინის წარმოება სეზონური საქმეა, მაგრამ შედარებით იოლი და ნაკლებად სარისკო.

ვალერი ბერუაშვილი (ინდმეწარმე): "მცირე დანაზოგი მქონდა და გადავწყვიტე, ჩამოსასხმელი ნაყინის ბიზნესი წამომეწყო. თავიდან საგადასახადოში ინდმეწარმედ დავრეგისტრირდი, რაშიც 20 ლარი გადავიხადე. შემდეგ 300 ლარად სალარო აპარატი შევიძინე და იმ მისამართზე დავარეგისტრირე, სადაც საქმის წარმოებას ვაპირებდი. იმდენი თანხა არ მქონდა, რომ იტალიური წარმოების ნაყინის ჩამოსასხმელი აპარატი მეყიდა, 12 ათასი ევრო ღირს, ამიტომ ჩინური, 6-ათასდოლარიანი ვიყიდე. თბილისის რამდენიმე მაღაზიაში სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ნაყინის აპარატებით ვაჭრობენ და სურვილის შემთხვევაში უცხოეთიდან გამოწერაც შესაძლებელია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური აპარატი ბევრად სჯობს ჩინურს და უფრო მომგებიანია. იტალიური აპარატი ნაყინის დასამზადებლად საჭირო ნაზავს ისე აფუებს, რომ მეტი პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი. მართალია, წონაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩინური აპარატიდან ჩამოსხმული ნაყინი, მაგრამ ხარჯი ნაკლები აქვს, მოგება კი დაახლოებით 30%-ით მეტი.

აპარატის განთავსება ადრე არანაირი პრობლემა არ იყო, შეგეძლო მერიიდან გარევაჭრობის ნებართვა აგეღო და ნაყინის ჩამოსასხმელი აპარატი ქუჩაში დაგედგა. ახლა კი, მაგალითად იმ პერიმეტრზე, სადაც პრეზიდენტის ესკორტი მოძრაობს, დანადგარების განთავსება იკრძალება, ამიტომ ზოგჯერ იძულებული ხარ, აპარატი ან მეორეხარისხოვან ქუჩაზე დადგა, ან მისთვის საგანგებოდ ფართი იქირავო.

როცა აპარატიც გაქვს და ადგილიც შერჩეულია, ნედლეულზე იწყებ ზრუნვას. "სპეციების" შეძენა რძის პროდუქტების რამდენიმე კომპანიაშია შესაძლებელი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დისტრიბუტორები ნაყინის სითხესა და ვაფლის ჭიქებს ადგილზე მოგიტანენ. ერთი ლიტრი ნაყინის სითხიდან ჩინური აპარატით 8-9 ნაყინი მზადდება. აპარატი ყოველდღე ირეცხება.

გაითვალისწინეთ - გარეცხვისას, სულ მცირე, ერთი ლიტრი ნაყინის სითხე მაინც იკარგება. გამყიდველი უნდა დაიქირავო და მისი ყოველდღიური ჯამაგირი საშუალოდ 10 ლარის ფარგლებში უნდა იანგარიშო. ხარჯში გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღის განმავლობაში ნაყინის ჩამოსხმისას გამყიდველს შესაძლოა რამდენიმე ნაყინი გაუფუჭდეს - ან სითხე არ იყოს კარგად გაყინული, ან უბრალოდ ვერ ჩამოასხას და მომხმარებელმა დაიწუნოს.

აპარატმა თუ გამართულად იმუშავა და თვის განმავლობაში შეკეთება არ დასჭირდა, ჩამოთვლილ ხარჯებს მხოლოდ ელექტროენერგიისა ემატება. ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ჭიქა ნაყინს 60 თეთრად გაყიდი, 20 თეთრი მოგება დაგრჩება, დანარჩენი ხარჯია.

ეგ არის, რომ გადასახადებს არ იხდი, ერთადერთი, შესაძლოა, შემოსავლების სამსახურმა სალარო აპარატის გამოყენებისთვის შეგამოწმოს. ნაყინის ჩამოსხმას არც სანიტარიული სამსახური აკონტროლებს (მგონი, არც არსებობს ქვეყანაში ასეთი უწყება) და არც სურსათის უვნებლობის სამსახური შეგაწუხებს რეიდებით. ოღონდ ბაზარზეა დიდი კონკურენცია. ამიტომ მომხმარებელი კარგი მომსახურებითა და ხარისხიანი პროდუქციით უნდა მოიზიდო.

თუ ნაყინის აპარატის ხალხმრავალ ადგილას დადგმას მოახერხებ, დღეში 800 ნაყინსაც კი გაყიდი. შედარებით მყუდრო ადგილას 500 ცალი მაინც გაიყიდება დღის განმავლობაში. ახლა თბილისი ლამის დაცლილია, მაგრამ დღეში 300 ნაყინს მაინც ვყიდი. აუცილებლად გასათვალისწინებელია: თუ ნაყინის აპარატი ქუჩაში დგას, დაახლოებით ორჯერ მეტი გაიყიდება, ვიდრე შენობაში განთავსებულიდან.

ჩამოსასხმელი ნაყინის ბიზნესი სეზონურია. ნაყინზე მოთხოვნა მაისში იწყება და სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ყველაზე მეტი სექტემბერში იყიდება, როცა ქალაქი ხალხით ივსება და ჯერ კიდევ ცხელი ამინდებია.

ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ: ყველაზე ძლიერი კონკურენტები ნაყინის მწარმოებელი კომპანიებია. იტალიური აპარატებიც სწორედ მათ აქვთ უდგათ თბილისის ქუჩებში".